“წითელი ეშმაკუნები” “ნაციონალებზე” ნადირობას იწყებენ!

“წითელი ეშმაკუნები” “ნაციონალებზე” ნადირობას იწყებენ!

პოეტი, პროზაიკოსი და, როგორც თავად ამბობს, სულით ანარქისტი ირაკლი კაკაბაძე ფუნის სროლას აღარ სჯერდება და ,,ნაციონალებისსახლების წითლად შეღებვის მიზნით, ორგანიზაცია ,,წითელ ეშმაკუნებსქმნის.

 

- ირაკლი, ჭარბი ემოციების ადამიანად მიგიჩნევენ - ბოლო ოცი წლის განმავლობაში ბევრი სიგიჟე ჩაიდინეთ...

- უემოციო ადამიანი საშიშია.

- შესაძლოა, მასეცაა... ისე, რამდენიმე დღის წინ, ,,ნაციონალებისოფისთან ჩატარებული თქვენი აქცია როგორ დამთავრდა?

- არაფერი დამთავრებულა, ყველაფერი ახლა იწყება. ისე, არაფერი ხდებოდა - ცხენები იყვნენ, ძოვდნენ.

- რისი გეშინიათ?

- სიმაღლის, ბოყინის, სლოკინის - როცა ადამიანი გაზებს უშვებს და თამარ ჩერგოლეიშვილის.

- ჩორგოლეიშვილის რატომ გეშინიათ?

- მაგაზე ამბობენ, ადამიანი შეუძლია, პირდაპირ ჭიპლარით მოკლასო... იმასაც ამბობენ, ძლიერია ჭიდაობაშიო.

- ხომ არსად გადაიკვეთა თქვენი გზები, თუნდაც აშშ-სკენ მიმავალ თვითმფრინავში?

- არა, თორემ შიშისგან სადმე შევძვრებოდი.

- გიგა ბოკერიასიც გეშინიათ?

- ბოკერიას აქეთ ეშინია ჩვენი, იცის, რომ ფუნას ვაჭმევთ.

- ფუნის თემა ჩრდილში გადავიდა - ბრძოლის ამ მეთოდზე ხელი აიღეთ?

- ყველა მეთოდი მისაღებია. ფუნა მხოლოდ პროპაგანდის სიმბოლოა. ამ შემთხვევაში, მკვლელობებზეა საუბარი და ამჯერად სისხლის ფერი უფრო მნიშვნელოვანია. სისხლის და, საერთოდ, წითელი ფერი ისტორიულად მრავლისმთქმელია. ქართველებს გვაქვს დალოცვილი უძველესი ანარქიული ტრადიციები. 1905 წელს მსოფლიოში პირველი ანარქისტული სახელმწიფო გურიაში შეიქმნა, რომლის მთავრობის თავმჯდომარე ბენია ჩხიკვიშვილი გახლდათ. სამი თვე იარსება გურიის ანარქიულმა რესპუბლიკამ და მაშინდელ მსოფლიოში ყველაზე დიდ იმპერიას, დიდ ბრიტანეთს ომი გამოუცხადა.

- ფიქრობთ, რომ ანარქისტული იდეებისთვის დღევანდელ საქართველოშიც ნოყიერი ნიადაგია?

- რა თქმა უნდა, ჩვენ ვიზიარებთ ბენია ჩხიკვიშვილის იდეებს, სულისკვეთებას და მსოფლიოში ყველანაირ იმპერიალიზმს ომს ვუცხადებთ.

- “ყველანაირ იმპერიალიზმში”, ალბათ, რუსეთსაც გულისხმობთ, არა?

- ყველაფერი, რასაც რუსეთი საქართველოსა და ჩეჩნეთში აკეთებს, დასაგმობია.

- რუსეთი ოკუპანტია?

- რა თქმა უნდა, როგორც იმპერიული სახელმწიფო, ოკუპანტია. რუსეთი დასაბამიდან სხვის მიწებს იტაცებს, ვინმეს ჰგონია, რომ თათრეთის რესპუბლიკა, ან ციმბირი რუსეთის მიწაა? ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას რუსეთთან ბრძოლაში და იმედი გვაქვს, რომ დაიპყრობს რუსეთს, უფრო მეტსაც გეტყვით, - საქართველოსაც. ჩინელები თუ გამოგვასწორებენ, თორემ მეტი არაფერი გვიშველის.

- რას გულისხმობთ?

- შეუგნებელი ხალხი ვართ, კაცო. მთელი სიცოცხლეა სხვადასხვა იმპერიას ვემსახურებით.

- ჩინელებისგან რას უნდა ველოდოთ?

- ვლოცულობთ, რომ ჩინელებმა თავიანთი კონფუციური იდეები მოიტანონ.

- ვინ ლოცულობს?

- ჩვენი ჯგუფის წევრები.

- მხედველობაში ,,წითელი ეშმაკუნებიგაქვთ?

- არა მარტო.

- ეს სახელწოდება საიდან მოიტანეთ? - ბოლშევიზმის ასოციაციას იწვევს.

- ჩვენ დისოცირებას ვაკეთებთ. რატომ ბოლშევიკური? წითელი ფერი პარიზის კომუნის ფერია. ჩვენ სხვა ფერებსაც პატივს ვცემთ - მწვანეს, მწვანე-ყავისფერს და სხვას.

- ცისფერიც?

- ცისფერი მარტო ანგელოზების ფერია, ის ეშმაკუნების არაა!

- თქვენი ორგანიზაცია როდის ჩამოყალიბდა?

- ორგანიზაციის წევრები - დონარა კინწურაშვილი, ირმა სოხაძე, ჯულიეტა ვაშაყმაძე აქამდე იატაკქვეშეთში იყვნენ. შეუძლებელია ამდენი კოჰაბიტაცია. ,,წითელი ეშმაკუნები” ,,ნაციონალების” პარტიას დააწიოკებენ ქართული შეძახილით: ,,ტიტუუუ!” ბრძოლის ეს ხერხი მესამე სამყაროს, ანუ გლობალური სამხრეთის ლიდერმა იოზეფ ბროზ ტიტომ გლობალური ჩრდილოეთის  იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მოიგონა.

- განაცხადეთ, წითელი საღებავით შევღებავთნაციონალებისსახლ-კარსო.

- ეს პროცესი ჯერ არ დაწყებულა. რა არის გასაკვირი? სულ ახლახანს, 15-20 წლის წინ, ქალაქ ტირანას მერმა მთლიანად გადაღება თავისი ქალაქი. ,,წითელი ეშმაკუნები” თბილისის პარალიზებულ მერიას ქმედით დახმარებას გაუწევენ და საქართველოს ანარქისტულ ფერებში გამოაწყობენ.

- ისე, თბილისს ახსოვს ზურაბ ჭიაბერაშვილის ფერები...

- ჭიაბერაშვილი დაბალი ლიბერალიზმის წარმომადგენელია. კარლ მარქსი ამბობდა, ლიბერალიზმი დამპალი კაპიტალიზმის, იმპერიალიზმის წყობააო. ფრიდრიხ ენგელსმა კი, 1890 წელს დაწერა ნაშრომი სახელმწიფოს, ოჯახის და კერძო საკუთრების შესახებ და ეს ინსტიტუტები დამპალ ინსტიტუტებად გამოაცხადა. დღევანდელი ბურჟუა, ჰეტერო-ნორმატიული აზროვნებაც დამპალია, რასაც უნდა დავუპირისპიროთ ახლებური, ნამდვილი ფუტურისტული საზოგადოების შექმნა, რაზეც ოცნებობდნენ ქართველი სიმბოლისტები.

- ერთგან წერთ, ბევრს სჭირდება ,,შემოლაწუნებაო”. ვის გულისხმობთ?

- მთელ ამ “ქაქში” ჩაფლულ საზოგადოებას, რომელიც მათ ამართლებს, ვინც იძახის, გვამები მომიტანეთო...

- ეს ხომ ისტორიას ჩაბარებული, გადამდგარი მთავრობაა...

- აბა, დამანახეთ, როგორ და ვინ ჩაბარდა ისტორიას? სულში გვაფურთხებენ - ციხიდან ,,კამანდრობს” კაცი...

U- ესე იგი, ამ ეტაპზე სახლების შეღებვით იქნებით დაკავებულნი, არა?

- არა მარტო სახლების, ადამიანებსაც შევღებავთ.

- არ გეშინიათ, რომ ხულიგნობის მუხლით გაგასამართლონ?

- ციხეში ყოფნა ისე საშიში არ არის, როგორც “ქაქის” სუნში ჩახრჩობა.

- რაღაც არარეალურად მეჩვენება, რომ ამ საქმიანობით ქალბატონები დაკავდნენ. ორგანიზაციაში თქვენ რა სტატუსი გაქვთ?

- არანაირი სტატუსი არ მაქვს. დამლაგებელი ვარ ისევე, როგორც ჩემი მეგობარი მელორ ვაჩნაძე. ჩვენთან მატრიარქატია - მამაკაცები ბრძანებას ვასრულებთ.

- რა საერთო გაქვთ პოლიტპატიმრებთან?

- ისინი ჩვენი თანამებრძოლები არიან. უბრალოდ, ჩვენ მემარცხენე იდეოლოგიის წარმომადგენლები ვართ.

- მედიისადმი საკმაოდ კრიტიკული დამოკიდებულება გაქვთ, არა? ბოლოს, ,,რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს მიაყენეთ, თურმე, სიტყვიერი შეურაცხყოფა...

- ყველა მედიასაშუალება დამკვეთის ინტერესებს აკმაყოფილებს, ობიექტური არავინაა და ვერც იქნება, მათ შორის, ვერც - “საზოგადოებრივი მაუწყებელი”. როცა ბანკი ხელფასს გიხდის, მასზე ცუდს არ იტყვი, როცა კერძო მესაკუთრე გიკვეთავს, გააშუქო საწარმოში მუშების საპროტესტო აქცია, ან ნებისმიერი სხვა თემა, როგორ მოიქცევა ჟურნალისტი? მუსიკას ვინც უკვეთავს, ის ცეკვავს. დღეს ბორდელებში მომუშავე უფრო პატიოსანია, ვიდრე - ,,ტელებორდელების” წარმომადგენელი. ერთ შემთხვევაში, სხეულს ყიდიან, მაგრამ ამაზე უარესი სულის გაყიდვაა.

- დამაინტერესა თქვენმა ნათქვამმა, მატერიალიზმის დრო მოვიდაო...

- დიახ, დღევანდელ მსოფლიოს ბურგერული მატერიალიზმი დაეუფლა. ეს ყველას და ყველაფრის მიმართ მომხმარებლურ დამოკიდებულებას ნიშნავს.

- გეგულებათ ქვეყანა, რომელიც არაა ამ იდეით დაავადებული?

- კოსტა-რიკა, ტაივანი, ურუგვაი, სადაც პრეზიდენტი ფეხით დადის. ზოგადად, დასავლეთ ევროპაში სოციალურად სამართლიანი ქვეყნები არსებობს.  სოციალური სამართლიანობის იდეების მქონე ქვეყნებში ბავშვი შიმშილით არ უნდა მოკვდეს. სიწუწკე არ უნდა იყოს მთავარი ღირებულება. მაგალითად, ნორვეგიაში შეჭირვებულთა და უსახლკაროთა საკითხი მოგვარებული იმიტომ კი არაა, რომ მდიდარი ქვეყანაა. ჩვენთან არც ბავშვის და არც შეზღუდული შესაძლებლობების ღირებულებაა დაცული, მათ სადმე შესვლა არ შეუძლიათ. ამაზეც ვიწყებთ დიდ რევოლუციას, სასწრაფოდ პანდუსები უნდა აშენდეს  ყველა შენობაში. ყველაფერი დაიძირა საქართველოში და ამაში დამნაშავე ნეოლიბერალური იდეოლოგიაა. თუ არ შევჩერდით, უფსკრულისკენ მივემართებით. მხოლოდ სოციალური სამართლიანობისა და სიყვარულის დამკვიდრება გადაგვარჩენს.

- ირაკლი, გიორგი მარგველაშვილი, თურმე, თქვენი თანაკლასელია. მიულოცეთ გაპრეზიდენტება?

- რა თქმა უნდა.

- რა უსურვეთ?

- ბედნიერება და კარგად ყოფნა.

- როგორი უნდა იყოს ბედნიერი იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც უფსკრულისკენ მიექანება?

- სოციალური დემოკრატიის დამმკვიდრებელი. იმედი მაქვს, ახალი ხელისუფლება, ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით, ამას გააკეთებს, თუ არადა, ხალხი გააკეთებს.

- ნიკა რურუა თქვენზე ამბობდა, ორჯერ გაიტაცა საკუთარი თავი, ერთხელ - ვაშინგტონში, მეორედ - პანკისშიო.

- მამხიარულებს ნიკა რურუას ისტორიები. მას თავად უყვარდა გატაცებები, ისეთმა ბანდიტმა, რომელიც სხვებს იტაცებდა, ასახიჩრებდა და აუთოებდა, სხვებზე არ უნდა ილაპარაკოს. კარგად ვიცი მისი ბიოგრაფია. უნდა გასამართლდეს არა მხოლოდ ნიკა რურუა და მისნაირები, არამედ, მთელი ,,ნაციონალური მოძრაობა” ისევე, როგორც ნაცისტების პარტია გასამართლდა გერმანიაში.

- უნდა გკითხოთ თქვენს დაზე, ნინია კაკაბაძეზეც, რომელიც ,,ნაციონალებისიდეებს იზიარებს - ნინიასთან იდეური დაპირისპირება გაქვთ?

- მას ვთხოვე, რომ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ბორდში ადგილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირისთვის დაეთმო. შეზღუდული ჭკუის მქონე იქ ბევრია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე კი, - არც ერთი.

- აშშ-ის მოქალაქე ხართ. თუ თქვენმა პროტესტმა შედეგი არ გამოიღო, უკან დაბრუნდებით?

- ყველანი უფლის ხელში ვართ, დაველოდები მის ბრძანებას.