სკანდალი - სააკაშვილის გარემოცვა ფარული ჩანაწერების ასლებს რუსულ სპეცსამსახურებს უგზავნიდა!

სკანდალი - სააკაშვილის გარემოცვა ფარული ჩანაწერების ასლებს რუსულ სპეცსამსახურებს უგზავნიდა!

ნაციონალურიხელისუფლების დროს გაკეთებული თითოეული ფარული ჩანაწერის ასლი რუსეთის სპეცსამსახურებში იგზავნებოდა”, - ამ სკანდალურ განცხადებასქართულ სიტყვასთანსაუბრისას უშიშროების საკითხების ექსპერტი, არასამთავრობო ორგანიზაციასპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის ცენტრისთავმჯდომარე ბესო ალადაშვილი აკეთებს. ამასთან, ანალიტიკოსი არც იმას გამორიცხავს, რომ ცნობილი ვიდეო, რომელიც ამ დღეებში მუხროვანის ინციდენტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, სწორედ უცხოური სპეცსამსახურების მიერ იყოს გავრცელებული.

ბესო ალადაშვილი: - პირველ რიგში, საინტერესოა, თუ ვის შეიძლება ჰქონოდა ეს ჩანაწერი. ერთადერთი ვერსიაა, რომ ჩანაწერი ჰქონდათ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს. სხვათა შორის, გასათვალისწინებელია ერთი მომენტიც: თუ ამ ჩანაწერს კარგად დავაკვირდებით, მხოლოდ ერთი კამერა არ იღებს. ჩემი აზრით, ამ ამბავს შსს-ს ორი დანაყოფი იღებდა: ერთი, ალბათ, პრესსამსახური იყო, მეორე - ანალიტიკური, ან უსაფრთხოების სამსახური. შეიძლება, მოვლენებს ვასწრებ, მაგრამ ჩემი აზრით, ეს გადაღება პიარისთვის იყო გამიზნული, ანუ იმის საჩვენებლად, თუ რა მაგრები არიან. სიტყვებიც, რასაც ჩანაწერში ვანო მერაბიშვილი ამბობს, იმისათვის იყო გამიზნული,  ეჩვენებინათ, რომ “ნაცმოძრაობას” სამხედრო მმართველობა მტკიცე ხელში ეჭირა.

ისიც საინტერესოა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი ახალი დამთავრებულია, 2009 წელს კი, შიდა პოლიტიკური სიტუაციები ძალიან დაიძაბა.

- თქვენი ვერსიით, ამ ვიდეოს გავრცელება ვის შეეძლო?

- საერთოდ, რაც უნდა მძიმე საყურებელი იყოს, ყველა დოკუმენტური მასალის გასაჯაროებას მივესალმები. “ნაციონალები” ოპერატიულ მასალას არასოდეს გამოაქვეყნებდნენ და ამის საპირისპიროდ ქმნიდნენ პიარ რგოლებს. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი დოკუმენტები ძალიან ბევრია.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ გამოაქვეყნა, შეიძლება, ძალიან ბევრი ვინმე ვივარაუდოთ, დაწყებული რომელიმე სხვა ქვეყნის სპეცსამსახურიდან, დამთავრებული “ნაცმოძრაობის” ყოფილი, ან ამჟამინდელი წევრებით,Aან ყოფილი მაღალჩინოსნებით, რომლებიც ერთმანეთთან გარკვეულ დაპირისპირებაში არიან, რადგან ჯერ კიდევ ხდება გავლენის სფეროების გადანაწილება.

ისე, იმის გარკვევა, თუ ვინ და რატომ გამოაქვეყნა ეს დოკუმენტი, მეორეხარისხოვანია. მთავარია, ეს ის დოკუმენტია, რომელიც კიდევ ერთხელ გვიჩვენებს ძველი ხელისუფლების იდეოლოგიასა და დანაშაულებრივ მოქმედებებს.

მუხროვანის ამბოხს დადგმული სპექტაკლის სახე ჰქონდა, რაც თავიდანვე ნათელი იყო - გაიხსენეთ, როგორ გაშუქდა, სააკაშვილმა ჯარისკაცებს როგორ ამაყად ჩამოუარა და დატუქსა. ყველაფერ ამან 15-16 წლის წინანდელი ისტორიები გამახსენა - სამხედრო ნაწილებში ამბოხების პროვოცირება მაშინდელი ხელისუფლების ხელწერა იყო. ორ მაგალითს გეტყვით - აკაკი ელიავას შემთხვევასა და 2002 წლის თებერვალში, თბილისში, ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში სოციალურ ნიადაგზე დაწყებულ აქციას, რომელიც მერე გამოყენებული იქნა, როგორც სამხედრო ამბოხი. ამით ვიღაცებმა ქულები დაიწერეს. სამწუხაროდ, ხელწერა ერთია, რადგან საბოლოო ჯამში, ყველა შემთხვევა სამხედროების წინააღმდეგ იყო მიმართული. მუხროვანიც იმიტომ დაიგეგმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სააკაშვილს ეჩვენებინათ, რომ სიტუაციას ისინი მართავენ, მით უმეტეს, აგვისტოს ომის შემდეგ.

სამარცხვინოა, როცა აგვისტოს მოვლენებზე ხელისუფლება პასუხისმგებლობას არ იღებს და რამდენიმე თვეში მუხროვანში აწყობს ამ სპექტაკლს, რათა სამხედროები დაამციროს და სამხედრო სული გაანადგუროს. “ნაციონალები” ამას შეუგნებლად აკეთებდნენ თუ შეგნებულად, ფაქტია: ასეთ პროვოკაციაში შეიარაღებული ძალებიც მონაწილეობდნენ და სპეცსამსახურებიც. ერთი სიტყვით, ეს იყო სპაქტაკლი, რომელიც სხვადასხვა მიზანს ემსახურებოდა

- მაინც, რა მიზნებს?

- ერთი მიზანი “ნაცმოძრაობის” ხელისუფლების გამტკიცება იყო. მეორე - სამხედროებში უკმაყოფილების გამოვლენა და მათი განეიტრალება. ასევე, იყო  საერთაშორისო ასპარეზისთვის განკუთვნილი მესიჯი, რომ ეჩვენებინათ, სააკაშვილი სიტუაციას სრულად აკონტროლებდა.

საინტერესოა, რომ არცერთ გახმაურებულ შპიონაჟის საქმეშიც კი, უფრო სწორად, თრილერებსა და სპექტაკლებში, “ენვერის” გარდა, პირდაპირი ხელის დადება კი არა, რუსეთზე მინიშნებაც არ ყოფილა. ჩვენ ყველაფერი არ ვიცით და ბევრი რამ გასაიდუმლოებულია, მათ შორის, მაშინდელი მთავრობის მიმოწერა ევროკავშირთან, სადაც დარწმუნებული ვარ, იქნებოდა სიტყვების ბრახაბრუხი, გამოვავლინეთ რუსეთის აგენტურა, რომელიც სამხედრო ამბოხს გეგმავდაო.

- რაც შეეხება გვამებს, მერაბიშვილის ამ ფრაზის მიღმა რა დაინახეთ?

- “ნაცმოძრაობამ” ამ საკითხის სხვა კონტექსტში გადაყვანა მოინდომა, ეს აგენტების განეიტრალებაზე გაკეთებული განცხადებააო, მაგრამ საინტერესოა, რომ ყველა “ნაციონალის” პოზიციის თანხვედრა არ მოხდა, ანუ მათსა და ვანოს შორის კონტაქტი არ შედგა. ამიტომ ვერ დაგეგმეს ერთიანი პასუხი. ის, რაც ვანო მერაბიშვილმა ქუთაისის სასამართლოში თქვა, ჩემი აზრით, უფრო მძიმე შედეგების მომტანია და იმაზე მიგვანიშნებს, თუ რა საოცარ დროში ვცხოვრობდით. თუ იცოდნენ, რომ აგენტურა მოქმედებდა, ადრე რატომ არ მოხდა მისი განეიტრალება? ამაზე უნდა შეექმნათ დოკუმენტაცია და, ასევე, არსებობდეს ოპერატიული მასალა. ეს ისეთი დოკუმენტაციაა, რისი განადგურებაც არ შეიძლება - მას ვადა არ აქვს, მაგრამ ასეთი რამ არ არსებობს. ამიტომ, არ შეიძლება, საუბარი აგენტურაზე იყოს. ვფიქრობ, იმ სამიდან ორი, ვინც პასუხი აგო მუხროვანის მოვლენებთან დაკავშირებით, თავიდანვე განწირული იყო. ეს იმიტომ გაკეთდა, რომ არ ყოფილიყო მოწმე, არ ყოფილიყო ადამიანი, რომელიც თავის გამართლებას შეეცდებოდა. ძველი ხერხია, როცა ადამიანს ჯერ თავიდან იცილებ, შემდეგ კი, მოღალატედ აცხადებ.

- ისევ ჩანაწერს დავუბრუნდეთ, არ გამორიცხავთ, რომ ამ ჩანაწერის გავრცელების კვალი შეიძლება, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებამდე მივიდეს. მხედველობაში რუსული სპეცსამსახური გაქვთ?

- როცა ამ საკითხზე ვსაუბრობთ, ჩვენს სპეცსამსახურებსაც უნდა შევეხოთ. უფრო კარგი იქნებოდა, ვიდრე ეს ვიდეო გამოქვეყნდებოდა, ყველა ჯაშუშური საქმე გამოეძიებინათ და ყველაფერს თავისი სახელი დარქმეოდა, მაგრამ ხელისუფლებას ამ საქმეების გამოძიება რატომღაც არ აწყობს.

- რატომ არ აწყობს?

- ამ საქმეების გამოძიებით დავინახავთ, თუ ვისი ინტერესები დევს კონკრეტულ სპექტაკლებში. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ კიდევ უამრავი ვიდეო არსებობს, რომელიც საქართველოდან გატანილია, ჩემი აზრით, ეს მხოლოდ მაშინ კი არ მოხდა, როცა “ნაციონალებმა” არჩევნები წააგეს, არამედ, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მათი გატანა მოვლენების პარალელურად ხდებოდა. მეტიც, ყველა ფარული ჩანაწერის ერთი ეგზემპლიარი აუცილებლად იგზავნებოდა რუსეთის სპეცსამსახურებში. რუსეთის აგენტურა “ნაციონალების” დროსაც ძალიან თავისუფლად მოქმედებდა და, სამწუხაროდ, დღესაც თავისუფლად მოქმედებს - როდის რას შემოაგდებს, გათვლილია.

- მაინც, რა დროს აქტიურდებიან რუსული სპეცსამსახურები?

- რუსეთი ბევრი მიმართულებით მოქმედებს და ეს ჩანს კიდეც, სოციალური სიტუაცია მძიმეა, ეკონომიკის მხრივაც ცუდად რომ გვაქვს საქმე, ლარის კურსსაც ეტყობა. პოლიტიკურადაც რთული ვითარებაა და ამის მაგალითი მერიაში არსებული დაპირისპირებაა, რომელიც საოცრებამდე მიდის. ისიც საოცარია, რომ ორივე მხარე მართალია და ამ დროს ყველაფერი ეს სირცხვილია. ადგილობრივი არჩევნების წინ შიდა პოლიტიკური დაპირისპირება ხელს აძლევს იმ მხარეს, რომელსაც საქართველოში მუდმივად აწყობს დაძაბულობა. ეს მსოფლიოში მიღებული თამაშის წესებია და ამ თამაშს თამაშობს რუსეთიც, რომლის ინტერესებშიც საქართველოა.

- პროკურატურა ამბობს, რომ გამოიძიებს მუხროვანის საქმეს, მაგრამ ყველაფერ ზემოთქმულიდან გამომდინარე, არსებობს თუ არა გარანტია, რომ გამოძიება ბოლომდე მივა?

- არა, რადგან საქართველოში კონტრდაზვერვის სამსახური დღემდე არ არსებობს. ეს სამსახური შსს-შია “შეტენილი” და არავინ იცის, რას აკეთებს.  იმ დიდი შესაძლებლობების პირობებში, რაც მას აქვს, ის, როგორც აგენტურის განეიტრალება ხდება, სასაცილო კი არა, სატირალია. ძალიან მენიშნა ჭიკაიძის ერთ-ერთი ბოლო განცხადება, კიდევ აღმოვაჩინეთ რამდენიმე ფარული ჩანაწერიო და ეს სასაცილოა: აღმოაჩინეს, რა, მიწას თხრიან და ასი წლის წინანდელ სამარხებს პოულობენ? წელიწადნახევარი გავიდა და შსს-ს არ უნდა ჰქონდეს  ნება, რომ ყველა სეიფი გადაამოწმოს? ამბობენ, ვიდეოები  გავანადგურეთო. ეს შეიძლება, მიამიტმა დაიჯეროს, თორემ მთავარი ისაა, თუ რამდენი ასლია ამ ფაილების და სად ინახება. აქედან გამომდინარე, იგივე რუსეთის სპეცსამსახურებს ჩვენს სპეცსამსახურებზე - ძალოვნებსა და პროკურატურაზე უამრავი აქვს. ამიტომ ვარ სკეპტიკურად განწყობილი და ვთვლი, რომ ამ გახმაურებული საქმეების გამოძიების ბოლომდე მიყვანა თითქმის შეუძლებელია.