ტოტალიზატორი ,,ეროვნული ბანკი

ტოტალიზატორი ,,ეროვნული ბანკი" - ყველაზე მაღალი ,,კუშები" დოლარზე

ლარის კურსი აგერ უკვე მერამდენე თვეა დოლარის მიმართ ვარდნას განაგრძობს. მართალია მთავრობის წარმომადგენლები პანიკის საფუძვლებს ვერ ხედავენ და მოსახლეობას ყოველდღიურად ცისფერი ეკრანებიდან სიმშვიდისკენ მოუწოდებენ, მაგრამ ისედაც ,,გაიაფებული" განცხადებების ავტორების მოწოდებებს ისიც უკარგავს ფასს, რომ არცთუ შორეული წარსულიდან საზოგადოების დიდ ნაწილს კარგად ახსოვს ე.წ. ,,შავი პარასკევები", როდესაც ლარის კურსი ,,ბუნებრივ" ნახტომისებურ ცვლილებებს განიცდიდა და როგორც კი მავანნი დიდ ფულს გააკეთებდნენ, რამდენიმე დღეში კურსი საწყის ნიშნულს უბრუნდებოდა. როგორც ჩანს, მალე ,,შავი პარასკევებიც" სანატრელი გახდება, რადგან ლარის კურსი ოქტომბრიდან მოყოლებული ეცემა, წამოდგომაში კი არავინ ეხმარება (ვინ არ დაცემულა). 

დეკემბერში იყო საუბრები, რომ კურსის მსგავსი ცვალებადობა სეზონური ფაქტორებით იქნა განპირობებული, საახალწლოდ გაიზარდა მოთხოვნა, რომელიც დააწვა იმპორტს, რასაც უფრო მეტი დოლარი სჭირდება, ანუ გაიზარდა დოლარზე მოთხოვნა. თუმცა, მოვიდა იანვარიც, რომელიც დეკემბრისგან თვისობრივად რადიკალურად განსხვავებული თვეა - 2 ახალი წელი, ერთი შობა, ქეიფები, ,,პახმელიები", ,,პახმელიებიდან" გამოსვლები, მოსახლეობამ საახალწლოდ შედარებით მეტი დახარჯა და ეკონომიის რეჟიმშია გადასული, ერთი სიტყვით, აქტივობა დაბალია, მოთხოვნა დავარდნილი, ანუ ,,სეზონი' მორჩა და მთავრობის წარმომადგენლების განცხადებას ბრმად მინდობილი მოსახლეობა ელოდება, რომ კურსის ცვლილება საწყისი პოზიციისკენ თუ არ წამოვა, მინიმუმ ვარდნა შეჩერდება. თუმცა, რა ხდება ამ დროს? მოდით ვკითხოთ დიაგრამას:

დიაგრამა გვეუბნება, იანვარში ლარის ვარდნა არანაკლები ტემპით მიმდინარეობდა, ვიდრე ნოემბერ-დეკემბერშიო. მსაჯმა, ანუ ეროვნულმა ბანკმა კომენტარების კეთებაც დაიწყო (ეტყობა აქამდე არც ეკითხებოდნენ და პასუხისმგებელი პირი ფინანსთა მინისტრი ეგონათ), როგორც ჩანს, რაღაც მთლად ისე ვერ არის.
ვინ აკეთებს ფულს კურსის ცვლილებით? 

მოგეხსენებათ, ლარის კურსი გაიანგარიშება ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე დადებული გარიგებების მიხედვით და ქვეყნდება ეროვნული ბანკის მიერ. ბანკთაშორისი სავალუტო ბაზარი ორგანიზებულია ბლუმბერგის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში, რომლის საშუალებითაც ხდება ვალუტებით ვაჭრობის გარიგებების დადება. აღნიშნულ ბაზარზე მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოში ლიცენზირებულ ყველა კომერციულ ბანკსა და უცხოური ბანკების ფილიალებს, რომლებსაც, მათი მოთხოვნის საფუძველზე, ეროვნული ბანკის მიერ მინიჭებული აქვთ მონაწილე ბანკის სტატუსი.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ეროვნული ბანკის მოგების ერთ-ერთ წყაროს ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებული შემოსავლები წარმოადგენს. ამ მხრივ შემდეგი სურათი იხატება - 2012 წელს სავალუტო აუქციონზე ჯამში 285 მილიონი დოლარის გარიგებები დაიდო, აქედან ეროვნული ბანკის მხრიდან უცხოური ვალუტის შესყიდვა იყო 220 მილიონი დოლარი, ხოლო გაყიდვა - 65 მილიონი. 2013 წელს კი ეროვნულმა ბანკმა შეისყიდა 575 მილიონი დოლარი და გაყიდა 240 მილიონი. აღსანიშნავია, რომ შესყიდვები ეროვნული ბანკის მხრიდან განახორციელა მხოლოდ სექტემბრის ჩათვლით, როდესაც კურსი სტაბილური იყო და 1.65-1.66 ფარგლებში მერყეობდა. დოლარის გაყიდვა კი დაიწყო 8 ნოემბრიდან (!), როდესაც კურსი იყო უკვე 1.69, ამ კურსით ეროვნულმა ბანკმა 80 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, დეკემბერში კი, როდესაც კურსი 1.73-ს გადასცდა ეროვნულმა გაყიდა 140 მილიონი დოლარი.

რაც შეეხება იანვარს, 16 იანვრის ჩათვლით ეროვნულმა ბანკმა უკვე გაყიდა 100 მილიონი დოლარი უკვე 1.75 თანაფარდობით. ანუ ფაქტობრივად, სებ-მა 2014 წლის პირველ 2 კვირაში გაყიდა 1.5-ჯერ მეტი დოლარი, ვიდრე მთლიანად 2012 წლის განმავლობაში.

გამოდის, რომ ეროვნული ბანკი ვალუტის ყიდვა-გაყიდვით საკმაოდ დიდ ფულს შოულობს. და სად მიდის ეროვნული ბანკის მოგების ნაწილი? სახელმწიფო ბიუჯეტში (ეს არ არის მინიშნება, ეს ფაქტია).

არსებობს კიდევ ერთი ლოგიკური ფაქტორი და მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიძლება ხდებოდეს ლარის გაუფასურება. 2013 წელს მართალია ინვესტიციების წმინდა შემოდინება წინა წელთან შედარებით გაიზარდა, მაგრამ კაპიტალის გადინება მართლაც რომ რეკორდული სიდიდით მოხდა. როდესაც ლარი ეცემა დოლარის მიმართ, იქმნება არახელსაყრელი პირობები ინვესტორისთვის კაპიტალის გასატანად, ვინაიდან, მან უნდა მოახდინოს ლარის კონვერტირება უცხოურ ვალუტაში (როდესაც იგი შემოვიდა ქვეყანაში მოუწია საპირისპიროს გაკეთება), კურსის ასეთი ცვლილების შედეგად, მისთვის შეიძლება წამგებიანიც კი აღმოჩნდეს ფულის გატანა, რადგან დღეს მის ხელთ არსებული ლარით გაცილებით ნაკლები რაოდენობის დოლარს იყიდის, ვიდრე თუნდაც 3 თვის წინ იყიდიდა.

დასასრულს კი კიდევ ერთ ფაქტს შეგახსენებთ, ჯერ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ხოლო შემდეგ ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადეს, რომ როგორც კი კურსის ცვლილება ინფლაციურ პროცესებს გააძლიერებს და დადგება საშიშროება, რომ ინფლაციის დონე საპროგნოზო მაჩვენებელს გადააჭარბებს, ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებს. ამ განცხადებებიდან გამომდინარე, რჩება შთაბეჭდილება, რომ კურსის მსგავსი ცვლილება მიზანმიმართული ქმედებების შედეგია და იგი მანმადე გაგრძელდება, სანამ ინფლაცია 6%-ზე არ ავა.

ლარი უკვე დაახლოებით 7%-ით გაუფასურდა, სექტემბრის ინფლაციის მაჩვენებელი - -1.3%, დეკემბერში 2.4%-მდე გაიზარდა, ანუ ეროვნული ვალუტის 7%-იანმა გაუფასურებამ დაახლოებით 3.5%-ით გაზარდა ფასების დონე. თუ ეროვნული ბანკის განცხადებას ~გავშიფრავთ”, ისინი ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებლამდე – 6%-მდე ასვლას აპირებენ, რასაც ეროვნული ვალუტის ,,სიძლიერეს” კიდევ ერთი 7% შეეწირება.
ესეც თქვენი 1.89.