საქართველოს ხელისუფლებამ სოჭის ოლიმპიადის მონაწილე სპორტსმენებს გაცილება უკვე მოუწყო, პრემიერმა და პრეზიდენტმა ამასთან დაკავშირებით განცხადებებიც გააკეთეს: „ჩვენ თვითონ პროცესს ვუჭერთ მხარს, პატივს ვცემთ მას და შესაბამისად, ქართული გუნდი და არა - საქართველოს დელეგაცია წარმოდგენილი იქნება ოლიმპიადაზე. ვფიქრობ, ესეც გარკვეულწილად ეხმარება პროცესების დეესკალაციას და ნელ-ნელა შექმნის ფონს იმისთვის, რომ საკითხები განხილული იქნას უფრო მშვიდ და რაციონალურ კონტექსტში“, - განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.
ხელისუფლების პოზიციის დაფიქსირებას ნაციონალთა მხრიდან მძაფრი კრიტიკა მოჰყვა, სპეციალური ბრიფინგებიც გაიმართა ამ თემასთან დაკავშირებით. არის თუ არა ქართველი სპორტსმენების სოჭის ოლიმპიადაზე გაგზავნა პოლიტიკური შეცდომა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ამ თემაზე ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.
ბატონო ვახტანგ მოძრაობა „დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის“ დამფუძნებელმა ანდრო ბარნოვმა ხელისუფლების ეს ნაბიჯი შეაფასა, როგორც საქართველოს ხმის მთლიანად ჩაკვდომა. როგორც მან განაცხადა, „საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა ძალიან კარგი შანსი, ეს ოლიმპიადა გამოეყენებინა იმისთვის, რომ ჩვენი ოკუპაციის თემაზე მთელ მსოფლიოს ესაუბრა, გვქონოდა მეტი მხარდაჭერა ჩვენი ტრადიციული პარტნიორების მხრიდან“. თქვენი შეფასებით ჩვენ მართლაც გვქონდა ასეთი შანსი და ეს ხელიდან გავუშვით?
- ახალი ხელისუფლების პოლიტიკასთან დაკავშირებით რუსეთთან მიმართებაში, „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია იმთავითვე იყო მკვეთრად უარყოფითი და ამიტომ, ბუნებრივია, განცხადებები, რომელიც დღეს კეთდება ოლიმპიადასთან დაკავშირებით, სწორედ, ამ პოზიციიდან მომდინარეობს.
ერთი წუთითაც რომ თავი დავანებოთ პოლიტიკურ შეფასებებს, უბრალოდ, შეუძლებელია, როდესაც ხელისუფლება, ანუ სახელმწიფო იწყებს ახალი პოლიტიკის წარმოებას, პოლიტიკური სიტუაციის დარეგულირებას ახალი მეთოდით და ყოველ წუთს ხდება ამ მეთოდის შეცვლა - არასტაბილურობის და არასერიოზულობის განცდას ბადებს.
გვახსოვს, რადიკალური მიდგომები ჰქონდა წინა ხელისუფლებას, ამან არანაირი შედეგი არ გამოიღო, არც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით, არც სხვა მხრივ. შეცვალა ეს მიდგომა ახალმა ხელისუფლებამ, თუმცა ეს თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ ეს პოლიტიკა იქნება აუცილებლად წარმატებული, მაგრამ წინა ხელისუფლების რიტორიკამ შედეგი რომ არ მოგვიტანა, ესეც ფაქტია.
პრინციპში, მოულოდნელი ნაციონალების განცხადება არ არის, მაგრამ ვფიქრობ, ხელისუფლება უფრო თანმიმდევრულია და სწორადაც იქცევა, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ ის არის თავის არჩეულ პოზიციაში თანმიმდევრული.
დარწმუნებული ვარ, რომ ოლიმპიადის ბოიკოტირება იმ საკითხს, რასაც ჰქვია დღეს ოკუპირებული ტერიტორიები და ამ პრობლემის რეზონანსი საერთაშორისო ასპარეზზე, ბევრს ვერაფერს ვერ შეძენდა, უბრალოდ, იქნებოდა იმ პოლიტიკის დასასრული, რასაც დღევანდელი ხელისუფლება აწარმოებს რუსეთთან მიმართებაში.
ბუნებრივია, ნაციონალები ახორციელებენ ზეწოლას და სურთ, რომ ხელისუფლებამ არჩეულ გზას რამენაირად გადაუხვიოს. ანუ, ისეთივე პოლიტიკა აწარმოოს, როგორსაც ისინი აწარმოებდნენ.
რა არის რუსეთისგან მოსალოდნელი, შესაძლებელია, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მთავრობები მართლაც ოფიციალურად მიწვეულები აღმოჩნდნენ?
- რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, იყო ამაზე საუბარი, თუმცა ოფიციალურად ეს არ ხდება. მეორე მომენტია, რუსეთი, სადაც კი მიუწვდება ხელი, ყველგან აცხადებს, რომ ის აღიარებს ამ ოკუპირებულ ნაწილს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება არ აღიარებს, რომ ეს არის დამოუკიდებელი სახელმწიფოები, ამბობს რომ ეს არის საქართველოს ტერიტორიები.
პრემიერი ღარიბაშვილი, ევროპაში ყოფნისას რამდენჯერაც ამ საკითხს შეეხო, ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდა ამას. მან თქვა, რომ აქ არის ერთი სახელმწიფო და ეს არის საქართველო, არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოები და ა.შ. უფრო მეტის გაკეთება, ამ ეტაპზე, გარდა იმისა, რომ ვიღაცამ გული მოიფხანოს, არის შეუძლებელი. დღესდღეობით ეს მოცემულობაა.
რა უნდა გააკეთონ რუსებმა უფრო მეტი, წარმოუდგენელია. ის ქვეყნები, რომლებიც სოჭში ჩადიან, არ არიან ქვეყნები, რომლებიც წარმოდგენილი არიან მხოლოდ სპოსტულ დონეზე და ეს ქვეყნები საქმის კურსში არიან, თუ რა პრობლემაა საქართველოსა და რუსეთს შორის, იციან, რომ ეს ტერიტორიები ოკუპირებულია.
რამდენიმე სახელმწიფომ, მათ შორის მახსენდება რუმინეთი და საფრანგეთი, არა მხოლოდ სპორტსმენები, არამედ ტურისტებიც კი გააფრთხილეს, რომ სოჭიდან სოხუმში, აფხაზეთის ტერიტორიაზე არ გადაადგილდნენ, რადგან ეს კანონდარღვევა იქნება. ამაზე უფრო მეტი რეზონანსის მიცემა ამ საქმისთვის, ჩემი აზრით, შეუძლებელია.
ისე როგორც არ მგონია, რომ რუსეთის ქმედებებმა არაოფიციალურად (შეიძლება ვინმე იქ არაოფიციალურად ჩავიდეს), მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საქართველოს არაღიარების პოლიტიკას.
მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ღია მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს მიმართ და განაცხადა, რომ ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოეწერება აგვისტომდე, თუ არის მოსალოდნელი რუსეთის მხრიდან ოლიმპიადის დროს რაიმე პროვოკაციები? „ნაციონალური მოძრაობა“ მაგალითად, ტერაქტების მოლოდინშიცაა...
- არ მგონია რუსეთი ოლიმპიადაზე ამ საკითხის აქტუალიზაციას შეეცადოს, რადგან რაც არ უნდა იყოს, თუ ტერაქტებზეა საუბარი, ეს მხოლოდ რუსეთის საწინააღმდეგოდ მეტყველებს. შეიძლება იყოს რაღაც პროვოკაციები გარკვეული ჯგუფების მიერ, თითქოს, აფხაზების ან ოსების მხრიდან, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც პიარის ფორმატში ჯდება და არ მგონია, რაიმე სერიოზული გართულება იყოს კონკრეტულად ქართული დელეგაციის მიმართ.
პრობლემები რუსეთ-საქართველოს შორის აუცილებლად იქნება, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ოლიმპიადის შემდეგ და არ მგონია, რომ ოლიმპიადაზე კონკრეტულად ჩვენ გვემუქრებოდეს რაიმე საფრთხე.
საქართველოს ხელისუფლებას აქვს გარკვეული გეგმა იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სიურპრიზს ექნება ადგილი და ერთ-ერთი ზომა შეიძლება იყოს დელეგაციის უკან გამოწვევა. როგორ ფიქრობთ რუსეთი წავა იმაზე, რომ მსგავსი სკანდალი აგორდეს და საქმე მართლაც აქამდე მივიდეს?
- არ მგონია, რადგან ეს, პირველ რიგში, რუსული იმიჯისთვის იქნება დამაზარალებელი, რადგან ამდენი მცდელობის შემდეგ, გახსოვთ, ალბათ, უსაფრთხოების ზონის შეიქმნა - საქართველოს 10 კილომეტრიანი ტერიტორიაც კი მოიცვეს. ასეთ ვითარებაში, თუ კიდევ ვინმე ახერხებს და ტერაქტს ან რაღაც მსგავსს აწყობს, ეს ნიშნავს, რომ რუსული სპეცსამსახურები კარგად ვერ მუშაობენ. ამას რუსეთი არაფრით არ დაუშვებს.
თუ მას პროვოკაციები უნდა, ეს იქნება ოლიმპიადის შემდეგ და ალბათ, სულ სხვა და არა მხოლოდ აფხაზური ან სამხრეთ ოსეთის მიმართულებით - სხვა, უფრო მგრძნობიარე ადგილებიც არის საქართველოში და სხვა მექანიზმებიც არსებობს.
მართალია, დიდმა სახელმწიფოებმა, მათ შორის ამერკამაც გამოიყენეს არასტაბილური სიტუაცია პოლიტიკური დაძაბულობისათვის და საკუთარ სპორტსმენებს და მოქალაქეებს აუწყეს, რომ მზად არიან, საკუთარი მოქალაქეების დაცვა თავად უზრუნველყონ. ეს უფრო პიარ-სვლაა, ვიდრე რეალობა. შესაბამისად, მოქმედებს საქართველოს ხელისუფლებაც და აცხადებს, რომ დელეგაციის სოჭიდან გამოყვანის გეგმა არსებობს.
სხვათა შორის, თუ რაიმეა მოსალოდნელი, ეს შეიძლება იყოს ტერაქტი, რომელიც, ალბათ, ერთჯერადი იქნება. ასეთ შემთხვევაში რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ სხვა ქვეყნები, ასეთივე გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ჩვენც.
კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, როდესაც ნაციონალები აპელირებდნენ, რომ საქართველოს მონაწილეობა არ უნდა მიეღო, ხელისუფლება მაინც არ უნდა წასულიყო. საქართველოს ხელისუფლებამ მართლაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომ მთავრობის წევრები არ ყოფილიყვნენ წარმოდგენილი. მართალია არა ამ მოტივით, მაგრამ სხვა სახელმწიფოებმაც მიიღეს მსგავსი გადაწყვეტილება - იმის თქმა მინდა, რომ ქართული ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ქვეყნის პირველი პირები არ ჩასულიყვნენ, გაზიარებადი გახდა სხვა სახელმწიფოებისთვისაც, რაც მიმაჩნია, რომ სწორი ქმედებაა - ჩვენ ცალკე ვერ ვიქნებით და არც უნდა ვიყოთ რუსეთთან, როგორც გოლიათთან მებრძოლი დავითის როლში - ეს ფუნქცია უნდა დავასრულოთ.
თუ მაინც მოხდა პოლიტიკური პროვოკაცია (და არა ტერაქტი), მაგალითად, აფხაზეთის მთავრობა დახვდა ოლიმპიადაზე, რა ზომებს შეიძლება მიმართოს ასეთ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებამ?
- როგორც უკვე ვთქვი, რუსეთი ამას მუდმივად აკეთებს რაც აღიარა ეს ტეროტორიები, ქართულმა ხელისუფლებამ ამას არაღიარების პოლიტიკა დაუპირისპირა. ამ მიმართულებით რაღაც გარღვევა რუსულ პოლიტიკას არ აქვს და როგორც ვხედავ, დიდადაც არ ინდომებს, რომ ეს თემა აღიარებასთან დაკავშირებით უფრო ინტენსიური გახადოს.
შეიძლება, ვიღაცეები იყვნენ ჩასული, მაგრამ ოფიციალურად არც ერთი და არც მეორე არ იქნება წარდგენილი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. კრემლში აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებების მიღებას დღესაც ახორციელებენ, კერძო მოწვევით შესაძლოა, ვინმე მათლაც იყოს.
თუ ასეთი რამ მოხდება და ისინი პუტინთან მიღებაზე იქნებიან, ქართულ დელეგაციას ძალიან მშვიდად შეუძლია, თქვას უარი ამ მიღებაზე და არ მივიდეს. თუმცა მე კატასტროფას ამაში ვერ ვხედავ - უნდა გადავიდეთ რეალურ პოლიტიკაზე. დასავლეთმა ვისი მხარდაჭერის იმედიც გვაქვს, რომელიც მხარში უნდა დაგვიდგეს ამ პრობლემის გადაჭრაში, ეს ყველაფერი იცის მშვენივრად და ერთი ოლიმპიური სიტუაცია ვერაფერს ვერ შეცვლის.
ამიტომ, არ მგონია ეს ასეთი მნიშვნელოვანი იყოს საქართველოს ხელისუფლებისათვის. უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ვიდრე ეს შესაძლებელია, არ შეიცვალოს პოლიტიკა. ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ყველამ უნდა იცოდეს, რომ რაკი ეს პოლიტიკა ავირჩიეთ, მას ვაგრძელებთ თანმიმდევრულად.