ძალის დემონსტრირება საკრებულოდან, ობსტრუქციონიზმი - მერიიდან

ძალის დემონსტრირება საკრებულოდან, ობსტრუქციონიზმი - მერიიდან

პარლამენტმა თვითმმართველობის კოდექსი მესამე, საბოლოო მოსმენით უკვე დაამტკიცა, რამდენიმე თვეში ქვეყანას ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების ციებ-ცხელება ელის, თბილისში კი წინასაარჩევნი ვნებათაღელვა დიდი ხანია დაწყებულია და საქმე იქმდე მივიდა, რომ დედაქალაქს ბიუჯეტი ჯერაც ვერ დაუმტკიცდა.

„ვინაიდან ძალიან დიდია ინტერესი ბიუჯეტის მიღება-არმიღებასთან დაკავშირებით, მე, როგორც საკრებულოს თავმჯდომარე, ვნიშნავ რიგგარეშე სხდომას 12 თებერვალს“,-განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე შიხიაშვილმა.

ბოლო რამდენიმე კვირაა საზოგადოება თვალს ადევნებს თბილისის მერიასა და საკრებულოს შორის დავას დედაქალაქის ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით და არასამთავრობოებთან შეხვედრაც კი შედგა, რათა ბიუჯეტის არმიღების საკითხი გაერკვიათ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და „სამართლებრივი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ იმის გამო, რომ პროცესი ჩიხშია შესული, სპეციალურ განცხადებასაც ავრცელებენ და შესაძლებლობების ფარგლებში, მერიასა და საკრებულოს მოლაპარაკებებში ჩართვას სთავაზობენ.

„ჩვენ, მზად ვართ შევხვდეთ, როგორც საკრებულოს, ისე მერიის წარმომადგენლებს, მოვისმინოთ მათი კონკრეტული არგუმენტები და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, დახმარება გავუწიოთ კონსენსუსის მიღწევაში. ჩვენი ერთადერთი სურვილია, კონკრეტული პროფესიული რჩევების მიცემით ხელი შევუწყოთ პოზიციების შეჯერებას და მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული ბიუჯეტის დროულ დამტკიცებას“,- ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ საქმე იქამდე მივიდა, რომ მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელობა ერთმანეთის გადადგომასაც კი მოითხოვდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დედაქალაქის ბიუჯეტის მიღება-არმიღება მხოლოდ საბაბია და მერია და საკრებულო, უბრალოდ, წინასაარჩევნო ციებ-ცხელებითაა შეპყრობილი.

ექსპერტი ვაჟა ბერიძე თვლის, რომ საზოგადოებამ იცის, როგორი დამოკიდებულება იყო ბიუჯეტის სახსრების განკარგვის მიმართ თბილისის მერიაში. როგორ ხდებოდა სხვადასხვა პროექტების დაფინანსება, მაშინ, როცა არანაირი დოკუმენტაცია ამ პროექტებზე არ არსებობდა.

„პროექტები არ არსებობდა, ისე შენდებოდა მთელი რიგი ობიექტები. იმავე მუნიციპალურ ფონდებთან მიმართებაში არის ბევრი ეჭვები და კითხვები, ეს ყველაფერი იხარჯებოდა ჰაიჰარად და არც თუ კეთილსინდისიერად. აქედან გამომდინარე, აჟიოტაჟი გასაგებია. დღევანდელ ხელისუფლებას არ უნდა, რომ დიდი ფინანსები განკარგოს ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაკომპლექტებულმა მერიამ და გამგეობებმა“,- თვლის ვაჟა ბერიძე.

მისივე შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ არ უნდა, რომ წინა პერიოდის განუკითხაობას ახალი დაემატოს.

„ეს ბუნებრივია, მაგრამ გამოსავალი, მე ვფიქრობ, რომ ეს კინკლაობა არ არის, საკრებულომ უნდა შეიმუშავოს მაქსიმალურად ეფექტური სისტემა იმ სახსრების კონტროლის, რაც ბიუჯეტის სახით განსაკარგავად გადაეცემა მერიას. რაღაც ძალიან წვრილმანი კინკლაობისა სახეს იღებს ეს და საქმეს არ წაადგება. ერთი მხრიდან გამგებლების გადადგომას მოითხოვენ, მეორე მხარეს შიხიაშვილისას, ვფიქრობ, რომ არც ერთ მხარეს ასეთი მოთხოვნების დაყენების უფლება არ აქვს“,- აცხადებს ვაჟა ბერიძე.

ხდება თუ არა ხელოვნურად სიტუაციის დაძაბვა, ცალსახაა, თუმცა ამ შემთხვევაში მიზანი ცოტა გაურკვეველია. ექსპერტების შეფასებით, ეს დაპირისპირებული პოლიტიკური ძალების ტაქტიკაა და მხოლოდ პოლიტიკური ქულების დაგროვებას ემსახურება.

„ბიუჯეტის ხარჯების გაკონტროლების უფლება აქვს საკრებულოს, მაკონტროლებელი სტრუქტურები ძირითადად დაკომპლექტებულია „ქართული ოცნების“ მიერ და მათ მიერვე კონტროლდება - მოკლედ, მექანიზმები გასაკონტროლებლად არსებობს, მაგრამ მერიას და მის სტრუქტურებს ჯერ კიდევ აქვთ საშუალება, რომ ეს სახსრები გაანიავონ, ან მიმართონ თავიანთი მომსახურებისკენ. გარკვეული სიფრთხილის გამოჩენა საჭიროა, მაგრამ კონკრეტულად რას ისახავს მიზნად ძალის დემონსტრირება საკრებულოს მხრიდან და ობსტრუქციონიზმი მერიის მხრიდან, ჩემთვის გაუგებარია. ორივე მხარეს მე, პირადად, როგორც მოქალაქე, მოვუწოდებ, მეტი პასუხისმგებლობისკენ საზოგადოების წინაშე“, - აცხადებს ვაჟა ბერიძე.

ექსპერტ გია ხუხაშვილისთვის ერთი მხრივ, გასაგებია, რომ ყოფილ ხელისუფლებას ამოწურული აქვს ნდობის ლიმიტი საზოგადოებაში, ხოლო მერია არის დარჩენილი ყოფილი ხელისუფლების ძალაუფლების უკანასკნელ ბასტიონად.

„გასაგებია, რომ ხელისუფლებაში მოსული სხვა პოლიტიკური ძალები ითხოვენ მათ წასვლას აღმასრულებელი ხელისუფლებიდან, ეს ლოგიკურია და მოსალოდნელიც იყო, არაფერი ამაში განსაკუთრებული არ ხდება. თავის მხრივ, ყოფილი ხელისუფლება ცდილობს, რომ შეინარჩუნოს პოლიტიკური ნარჩენები - ამასთან გვაქვს საქმე“,- აცხადებს ხუხაშვილი.

რა უნდა მოხდეს, რა იქნებოდა სწორი, ამაზე ხუხაშვილს პასუხი არ აქვს. მისივე აზრით:

„რამდენად ღირს, ქალაქის მთავრობის შეცვლა და პოლიტიკურად რამდენდ მომგებიანია დღევანდელი ხელისუფლებისთვის, მე აქ კითხვის ნიშნები მაქვს“.

ექსპერტი ნანა დევდარიანი განმარტავს, რომ საკრებულოსა და მერიას ერთმანეთის გადაყენების უფლება, უბრალოდ, არ აქვთ.

„შიხიაშვილი რომ ითხოვს ეს გასაგებია, მაგრამ რომ შეეძლოს უნდობლობის გამოცხადება და გადაყენება, უკანაც არ დაიხევდა, მაგრამ არჩეული მერის, ან მისი მოვალეობის შემსრულებლის გადაყენების უფლება საკრებულოს არ აქვს. ის ითხოვს, რომ შენ თვითონ წადიო, მაგრამ თავმოყვარეობა როდის აწუხებდათ ნაციონალებს, რომ თავისით წასულიყვნენ?! შეიძლება ძალიანაც უნდა სევდია უგრეხელიძეს წავიდეს, მაგრამ ვინ გაუშვებს - მთელი მერია თავისი საქალაქო სამსახურებით და საბიუჯეტო სახსრებით ჩამოკიდებულია მაგაზე“, - აცხადება ნანა დევდარიანი.

გია ხუხაშვილი თვლის, რომ არჩევნებამდე სამი-ოთხი თვით ადრე პასუხისმგებლობის აღება საკმაოდ პრობლემატურ ქალაქზე, როცა მარტო სამი-ოთხი თვე რესტრუქტურიზაციას დასჭირდება, წარმოუდგენელია. თანაც სიტუაცია ხელიდან რომ გაექცეთ, ეს უკან შემოუტრიალდებათ და „ნაციონალური მოძრაობა“ ამას ყველანაირად გამოიყენებს.

„ვიტყოდი, რომ ამ შემთხვევაში, უფრო ლოგიკური შეიძლება იყოს მკაცრი კონტროლის დაწესება ხარჯებზე და არა ის, რომ ისინი ჩამოაშორონ მმართველობას. ეს ძალიან ჰგავს წაქცეულს წიხლს რომ ურტყამენ. ვფიქრომ სამი თვე შეიძლება მოიცადოს კაცმა და მოითხოვოს, რომ ახლა მაინც ქალაქის ინტერესებში იმუშავონ“, - მიიჩნევს ხუხაშვილი.

იმ მიზეზით, რომ ნაციონალებმა ბიუჯეტი არ დაიტაცონ, ბიუჯეტის დამტკიცებაზე უარი საკრებულოს მხრიდან დიდ გაუგებრობას უფრო ჰგავს. საინტერესოა, 12 თებერვლისთვის დანიშნულ სხდომაზე კვლავ ერთმანეთის გადადგომის მოთხოვნით გამოვლენ თუ არა დაპირისპირებული უწყებების ლიდერები.

„ვფიქრობ ბიუჯეტი უფრო საბაბია ამ პოლიტიკური ბრძოლის, ვიდრე შინაარსობრივი კამათი. წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ დღვანდელ სიტუაციაში აგონიაში მყოფმა პოლიტიკურმა ძალამ გამოიყენოს კორუფციულად საბიუჯეტო რესურსები. კორუფციას შესაბამისი დაცვა სჭირდება და მათ არ შეუძლიათ ამისი დაცვა - ბიუჯეტის კონტროლის ყველანაირი მექანიზმი არსებობს.

შიხიაშვილის მხრიდან გასაგებია - გაკოტრებული პოლიტიკური ძალა რომ ქალაქის მმართველობაშია, ეს ანერვიულებს სხვა პოლიტიკურ ძალებსაც. ეს არის ბრძოლა ძალაუფლებისთვის, შეიძლება ითქვას, სამართლიანი, რადგან „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს მორალური უფლება, რომ სადმე კიდევ იყოს ხელისუფლებაში, მაგრამ პოლიტიკურად რამდენად სწორია, ამასთან დაკავშირებით კითხვები მაქვს და ვფიქრობ, პოლიტიკურად სწორი არ არის“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

ნანა დევდარიანი თვლის, რომ რეალურად ის ხდება, რასაც ყველგან აკეთებენ ნაციონალები.

„შიხიაშვილთან საკუთარი ანგარიში აქვთ, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ გუშინ მათივე გუნდის წევრი იყო. მოგეხსენებათ, ძველი თანაგუნდელები უფრო მტრობენ ერთმანეთს, ვიდრე ისინი, ვინც თავიდანვე დაპირისპირებული არიან“, - აცხადებს ნანა დევდარიანი.

მისივე შეფასებით, თბილისის ბიუჯეტი ძალზე სერიოზული ბიუჯეტია, მას მხოლოდ ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი შეედრება, დაფინანსება ძალიან სერიოზულია და ყველამ კარგად ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავის აქტივისტებს და მხარდამჭერებს ინახავს ბიუჯეტის სახსრების ხარჯზე.

„ამაზეა უკმაყოფილება, მაგრამ სასაცილოა, როდესაც ეს ამბავი ტყდება მაშინ, როდესაც არჩევნებამდე სამიოდე თვეა დარჩენილი. მე თუ მკითხავთ, ორივე მხარე რომ გადადგეს, ქალაქი ამით არაფერს დაკარგავს“, - აცხადებს ნანა დევდარიანი.

მისივე პროგნოზით, სიტუაცია მერიასა და საკრებულოს შორის არჩევნების მოახლოებასთან ერთად უფრო მეტადაც შეიძლება დაიძაბოს.

„არჩევნების მომენტამდე თუ გაგრძელდა ეს წინააღმდეგობა, თანაც, ვიდრე არჩევნების შედეგები არ შეჯამდება, მანამდე ძველი ადმინისტრაცია მოქმედებს. დღეს მთელი რიგი ფუნქციები, დანიშვნა, საქალაქო სამსახურები, ეს არის მერიის პრეროგატივა და არა საკრებულოსი. საკრებულოს ირიბად შეუძლია სარევიზიო კომისიის მეშვეობით აკონტროლოს საბიუჯეტიო ხარჯები, მაგრამ თუ რატომ დანიშნა ეს და არა სხვა, ამაში ვერ ჩაერევა. ის, რაც ნორმალურ ქვეყნებში არის დემოკრატიის საფუძველი, აქ ხდება საბნის თავისკენ გადაქაჩვის ბერკეტი“, - მიიჩნევს ნანა დევდარიანი.