საქართველოს ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო მაღალჩინოსნები ესტუმრებიან. სამხედრო მაღალჩინოსნებს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე გენერალი კნუდ ბარტელსი უხელმძღვანელებს. სამხედრო კომიტეტის გასვლითი ვიზიტი საქართველოში პირველად იმართება. სამხედრო კომიტეტი ნატო-ს უმაღლესი სამხედრო ორგანოა, მისი ძირითადი ფუნქციაა ჩრდილო-ატლანტიკურ საბჭოს სამხედრო პოლიტიკასა და სტრატეგიაზე რეკომენდაციები წარუდგინოს და ნატოს სტრატეგიულ სარდლებს მითითებები მისცეს.
კომიტეტის შემადგენლობაში შედიან ნატოს წევრ-ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლები. სამხედრო კომიტეტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 11-12 თებერვალს ესტუმრება. გენერალ კნუდ ბარტელსს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე უმასპინძლებს. უკვე ცნობილია დღის წესრიგიც. 11 თებერვალს ნატო-ს პირველი სამხედრო პირი პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართავს შეხვედრას.
გენერალი კნუდ ბარტელსი 12 თებერვალს საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას შეხვდება. შეხვედრის შემდეგ თავდაცვის სამინისტროში გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი კნუდ ბარტელსი მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენციას გამართავენ. ასევე, „28+1 ფორმატში“ გაიმართება სამხედრო კომიტეტის სხდომა. სესიაზე საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის ტრანსფორმაციის, ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილისა და ნატო-საქართველოს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილება.
ნატო-ს სამხედრო კომიტეტი მთავარი მაკოორდინირებელი რგოლია ალიანსში - კოორდინაციას უწევს ნატო-ს სამხედრო ოპერაციებს დასავლეთ და აღმოსავლეთ სარდლობას შორის, ამავე დროს ნატო-ს მთავარ პოლიტიკურ ორგანოს აძლევს რეკომენდაციებს სამხედრო-სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, კომიტეტის თბილისში ვიზიტი მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე საქართველო-ნატო-ს თანამშრომლობას სხვადასხვა კუთხით განიხილება, საუბარი იქნება პოლიტიკურ საკითხებზეც.
ნატოს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლების თბილისში ჩამოსვლამდე, ბრიუსელში ნატო-ს წარმომადგენლებთან შევედრები უკვე გამართა გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ. როგორც ექსპერტები აცხადებენ, გენერალ კაპანაძეს დიდი გამოცდილება და კარგი კომუნიკაცია აქვს ნატო-ს გენერალიტეტთან.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ვიქტორ დოლიძე ფიქრობს, რომ ეს ვიზიტი მეტად შეუწყობს ხელს ნატო-სა და საქართველოს სამხედრო თავსებადობას.
„არ მინდა მოლოდინები გავზარდო იმ პროგრესთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ ველოდებით ნატოსა და საქართველოს ინტეგრაციის კუთხით, მაგრამ მოგეხსენებათ, წელს, შემოდგომაზე ბრიტანეთში გაიმართება ნატო-ს სამიტი, რომელზეც გლობალურ გამოწვევებთან ერთად საუბარი ნატო-ს მომავალზეც იქნება. ალბათ, იქნება მსჯელობა ინტეგრაციის საკითხებზეც, მიუხედავად იმისა, რომ ალიანსის გაფართოება, როგორც ასეთი, ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვიქტორ დოლიძე.
„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ ხელმძღვანელი დავით სიხარულიძე აცხადებს, რომ ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი მნიშვნელოვანია. როგორც სიხარულიძე ამბობს, აუცილებელია საქართველოს ჰქონდეს მკაფიო სტრატეგია ნატოში ინტეგრაციის კუთხით პროგრესის მისაღწევად.
„ნატოს გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით უკვე ორჯერ ჩატარდა ნატოს მუდმივი წარმომადგენლების შეხვედრა. ახლა ჩამოდის ნატოს სამხედრო კომიტეტი, ყველა ასეთი ტიპის ვიზიტს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა ამ ადამიანებს ეძლევათ საშუალება, რომ ადგილზე გაეცნონ არსებულ ვითარებას, შემდეგომ ეს ვითარება წაიღონ ბრიუსელში და ალიანსის წევრ ქვეყნებთან ერთად განიხილონ. სწორედ, ეს არის ის ფორმა, რა ფორმითაც მუშაობს ნატო. ინტეგრაციის გზაზე ასეთი სამუშაო შეხვედრები ხელს უწყობს საქართველოს დაახლოებას და, საბოლოო ჯამში, ნატოში გაწვერიანებას“, - უთხრა for.ge-ს დავით სიხარულიძემ.
მისივე თქმით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიმართება ნატოს სამიტი და ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელობას იძენს 2014 წელი საქართველოსთვის ნატოში ინტეგრაციის კუთხით, პროგრესის მისაღწევად. როგორც საყვარელიძე ამბობს, აქ შეფასებული იქნება საქართველოს პროგრესი ყველა მიმართულებით, როგორც თავდაცვის, ასევე სხვა მიმართულებითაც.
გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის თავმჯდომარე თენგიზ ფხალაძე მიიჩნევს, რომ ეს ვიზიტი ნათელი დადასტურება იმისა, თუ როგორ უყურებს ალიანსი საქართველოს. როგორც ფხალაძე ამბობს, საქართველო მისთვის არაა ერთ-ერთი რიგითი ქვეყანა, რომელსაც სურვილი აქვს გაწევრიანდეს ალიანსში.
„საქართველო მისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომელთანაც ის საუბრობს უსაფრთხოების საკითხებზე, რომელსაც განიხილავს ამ უსაფრთხოებაში მნიშვნელოვანი წვლილის შემტან სახელმწიფოდ, განიხილავს როგორც იმ სახელმწიფოს, რომელიც დღეს არის სტრატეგიული პარტნიორი და ხვალ გახდება ალიანსის წევრი.
ამის ყველაფრის გამოხატულება და დადასტურებაა ეს ვიზიტი. იმიტომ, რომ 28+1-ს ფორმატის გამრთვა, საქართველოს მიწვევა ამ სხდომაზე და მითუმეტეს ამ სხდომის საქართველოში ჩატარება, ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ჩართულობა ალიანსში ნაბიჯ-ნაბიჯ იზრდება, უფრო ღრმავდება და შესაბამისად, ის გზა, რაც ჩვენ ნატოს სრულფასოვან წევრობამდე გვაცილებს, უფრო და უფრო მოკლდება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თენგიზ ფხალაძემ.