პარლამენტის უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი წლების განმავლობაში საჯარო სამსახურის შესახებ კანონს არღვევდა. ამის შესახებ „კვირას“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაციის“ იურისტმა ლალი პეტრიაშვილმა განუმარტა. კერძოდ, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი მოადგილე ირმა ნადირაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს სხვადასხვა სამსახურში მუშაობდა, სადაც ყოველთვიურ ხელფასს იღებდა. ირმა ნადირაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის გარდა, დამატებით შემოსავალს იმ ორგანიზაციებიდანაც იღებდა, რომლებიც სახელმწიფო ხაზინიდან ფინანსდებოდნენ.
ირმა ნადირაშვილის გვერდითი შემოსავლები:
ფაქტი 1: ირმა ნადირაშვილის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, რომელიც ექსპრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ 15. 08. 2012 წელს შეავსო, პარალელურად არასამთავრობო ორგანიზაცია „ნალას“ პრეზიდენტის მრჩეველი იყო. მაშინ, ირმა ნადირაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან, შემოსავლის სახით 53885 ლარი მიიღო. ხოლო, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ნალას” მრჩევლის პოსტიდან 6000 ლარი.
ფაქტი 2: ირმა ნადირაშვილის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით (05. 08. 2010 წელი), რომელიც ექსპრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა, პარალელურად მუშაობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად (სახელფასო შემოსავალი – 79741.00 ლარი), გარდა ამისა, იგი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მრჩეველი იყო და ხელფასის სახით მაშინ 41 060 ლარი მიიღო. პარალელურად, ირმა ნადირაშვილი ორგანიზაცია „ეროვნული თვითმმართველობის ასოციაციაში“ მრჩევლის თანამდებობას ითავსებს და ხელფასის სახით 7200 ლარი აქვს მიღებული.
„საქართველოს კანონის „საჯარო მოხელის ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის შესახებ“ მე-13 მუხლის მეორე ნაწილში ნათქვამია, რომ: თანამდებობის პირს უფლება არ აქვს ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური, ან შემოქმედებითი საქმიანობისა, ეკავოს რაიმე თანამდებობა სხვა სახაზინო დაწესებულებაში, იგულისხმება ის დაწესებულებები, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ამასთანავე, საჯარო მოხელეს ეკრძალება იმ საწარმოშიც მუშაობა, რომელიც სახელმწიფო ხაზინიდან ფინანსდება. გარდა ამისა, საჯარო სამსახურის საქართველოს კანონის 64-ე მუხლში, სადაც სახელმწიფო მოხელეს უფლება არ აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა, ან შეთავსებით ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამსახურს, ან მუშაობდეს სხვა სახელმწიფო, ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში, თუნდაც ის იყოს სახელმწიფო მოხელე, კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამ ჩანაწერის მიხედვით, საჯარო მოხელეს არ აქვს უფლება, სხვა სახელმწიფო დაწესებულებაში ან თვითმმართველობის დაწესებულებაში, ნებისმიერი დონის თანამდებობა დაიკავოს “, – აცხადებს ლალი პეტრიაშვილი.
მისივე თქმით, ზემოხსენებული კანონებიდან გამომდინარე, ექსპრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ირმა ნადირაშვილი, თუ ერთდროულად სახელმწიფო მოხელე იყო და პარალელურად მუშაობდა, იმ ორგანიზაციაში, რომელიც სახელმწიფო ხაზინიდან ფინანსდებოდა, ეს არის შეუთავსებლობა და ის თანამდებობიდან უნდა გათავისუფლებულიყო.
საინფორმაციო პორტალი „კვირა“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ნალას“ საქმიანობით დაინტერესდა, სადაც ირმა ნადირაშვილი სხვადასხვა დროს ორგანიზაციის პრეზიდენტის მრჩეველი იყო.
როგორც „კვირას“ ორგანიზაცია „ნალას“ – „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მელუამ განუცხადა, ორგანიზაცია როგორც უცხოური დონორი ორგანიზაციებიდან, (13 უცხოური ორგანიზაცია) ასევე საქართველოს ყველა რეგიონული მუნიციპალიტეტიდან ფინანსდებოდა, მათ შორის თანხები თვითმმართველობის ქალაქებიდან ირიცხებოდა. ორგანიზაცია დღემდე მოქმედებს და ოფისი მ.კოსტავას ქ.75 ა. ბინა N 65-ში მდებარეობს. აღმასრულებელი დირექტორის დავით მელუას ინფორმაციით, საოფისე ფართი ქირით მიიღეს და თვეში 1500 აშშ დოლარს იხდიან. „ორგანიზაცია დაფინანსების 80-85 % -ს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან პირდაპირი დაფინანსებით იღებს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ევროპის საბჭოს მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია. ხოლო თანხის დანარჩენი ნაწილი, საქართველოს მუნიციპალიტეტებიდან ფინანსდება“, – აღნიშნა დავით მელუამ.
მისი თქმით, ირმა ნადირაშვილი ორგანიზაციაში წლების განმავლობაში მუშაობდა.
„ირმა ნადირაშვილი ჩვენს ორგანიზაციაში 2007 – 2008 წლებში პიარ-კონსულტანტის თანამდებობაზე, ნახევარ საშტატო ერთეულზე მუშაობდა და ხელფასის სახით – თვეში 625 ლარის იღებდა. ირმა ნადირაშვილთან ხელშეკრულების მიხედვით, ის 2010 იანვრიდან 2012 წლის აგვისტომდე ასოციაციის პრეზიდენტის მრჩეველი იყო, საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, სადაც ხელფასის სახით – 720 ლარს იღებდა. ირმა ნადირაშვილმა ორგანიზაცია საკუთარი განცხადების საფუძველზე, 2012 წლის აგვისტოში დატოვა“, – განაცხადა დავით მელუამ.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ირმა ნადირაშვილი საჯარო სამსახურის მოხელე იყო და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა, საერთოდ, არ უშლიდა ხელს, რომ მას ამავდროულად არასამთავრობო ორგანიზაციის პრეზიდენტის მრჩევლის პოსტი შეეთავსებინა.
„საჯარო მოხელეს არ ეკრძალება კონსულტაციის გაცემა საგანამანათლებლო საკითხებში, ირმა ნადირაშვილი ორგანიზაციაში ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა“, – ამბობს დავით მელუა.
ორგანიზაციის წესდების მიხედვით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია წარმოადგენს არასამთავრობო, არასამეწარმეო და არაპოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს საქართველოს ყველა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულს. ასოციაციის მიზანია, ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის სრულყოფა და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება, სახელმწიფო ძალაუფლების დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციების განვითარება.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, რომლის პრეზიდენტი ამჟამად, ქ. რუსთავის საკრებულოს წევრი მამუკა აბულაძეა, 2004 წლის 17 დეკემბერს ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში დაფუძნდა. ხოლო საჯარო რეესტრში ოფიციალურად, 2005 წლის 25 თებერვალს დარეგისტრირდა.
„საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ექსპრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ირმა ნადირაშვილი, ერთდროულად – თუ სახელმწიფო მოხელეც იყო და პარალელურად მუშაობდა იმ ორგანიზაციაში, რომელიც სახელმწიფო ხაზინიდან ფინანსდებოდა, ეს არის შეუთავსებლობა და ის თანამდებობიდან უნდა გათავისუფლებული. მან კანონი დაარღვია და მას სულ მცირე დისციპლინური პასუხისმგებლობა უნდა დაკისრებოდა. თუმცა, დღეისათვის, რადგან ირმა ნადირაშვილს ეს პოზიცია აღარ უკავია და ის დეპუტატია, შესაბამისად, ამ ნორმების გამოყენება, ვეღარ მოხერხდება, ამ საკითხზე მსჯელობა უკვე დაგვიანებულია“, – განაცხადა ლალი პეტრიაშვილმა.