საქართველოში არსებული კრიმინოგენული მდგომარეობა საზოგადოებაში აქტიური განხილვის საგანია. ამ საკითხზე გვესაუბრება ყოფილი მთავარი პროკურორი გია მეფარიშვილი:
- ვითარება მარტივი არ არის, მაგრამ აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მხრიდან დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა წარმატებებითაც გამოირჩევა. ფართომასშტაბიანმა ამნისტიამ არ გაამართლა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების "იმედები", სახელმწიფომ შეძლო ამ პროცესის დარეგულირება. სტატისტიკამ დაადასტურა, რომ დანაშაულების არავითარი ბუმი და მატება არ არის. რაც შეეხება ბოლო 5 წლის სტატისტიკას, რომლის მონაცემები შსს-მ გამოაქვეყნა, დანაშაულის სტატისტიკური მაჩვენებლები საკმაოდ სერიოზულია და ის შეშფოთების საფუძველს ნამდვილად იძლევა. ვინაიდან საქართველოში მძიმე სოციალური ფონია, უმუშევრობა გაზრდილია და არანაირი შვება ამ მიმართულებით საზოგადოებას ბოლო წლებში არ უგრძნია, ამას არ შეიძლება თავისი გავლენა არ მოეხდინა კრიმინოგენურ ფონზე. მისასალმებელია, რომ მკვლელობებისა და მკვლელობის მცდელობების რიცხვი გასულ წელთან შედარებით, თითქმის განახევრებულია. დამაფიქრებელია ზოგიერთი მონაცემი - იმატა ანგარებითმა დანაშაულმა (განსაკუთრებით ბინის ქურდობამ), დაყაჩაღების შემთხვევებმა. თითქმის ოთხჯერაა გაზრდილი ნარკოდანაშაული. ძალიან კარგია, რომ სახელმწიფო არ მალავს სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც, როგორც ჩანს, სინამდვილესთან მიახლოებულია. მე, უბრალოდ, მაშფოთებს დანაშაულის გახსნის კოეფიციენტის კლება, რაც აშკარად ნიშნავს იმას, რომ შსს-სა თუ პროკურატურაში პროფესიონალიზმის პრობლემაა. დანაშაულის გახსნა გართულებულია და, როგორც ჩანს, ეს უკვე სერიოზულ სახელმწიფოებრივ მიდგომას მოითხოვს. განსაკუთრებით შემცირებულია ყაჩაღობასა და სხეულის დაზიანებებთან დაკავშირებული საქმეების გახსნის კოეფიციენტი. შედარებით გაუმჯობესებულია მონაცემები ქონებრივი დანაშაულის მხრივ, მაგრამ მთლიანობაში ჩემთვის შემაშფოთებელია მონაცემები დანაშაულის გახსნის კუთხით. რაც შეეხება წვრილმან დანაშაულს - ჩვენი თანამოქალაქეები ბოლო პერიოდში ხშირად აღნიშნავენ, რომ ტრანსპორტსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ე.წ. ჯიბის ქურდები მომრავლდნენ...
თუ ვინმე იტყვის, რომ ჯიბის ქურდობა ადრე არ იყო, ის, უბრალოდ, ცდება. აქ გადამწყვეტ როლს თამაშობს პროფილაქტიკური სამუშაოები, რომელიც უნდა ჩაატარონ საპოლიციო დანაყოფებმა იმისათვის, რომ ტრანსპორტსა და მასობრივი თავშეყრის ადგილებში ჯიბის ქურდები გამოიხშირონ. რაც შეეხება სხვადასხვა დანაშაულის მატების მიზეზს, ეს არ არის შსს-ს ან პროკურატურის ორგანოების ბრალი, თუმცა არსებობს პრევენციული ზომები, რომლებიც დაკავშირებულია ამ ორგანოების საქმიანობასთან. შსს-ს ორგანოებს, რა თქმა უნდა, ევალებათ პრევენციული მუშაობა, მაგრამ ეს არ გულისხმობს იმას, რომ დანაშაული არ მოხდება. სანამ სახელმწიფო და საზოგადოება იარსებებს, დანაშაული ყოველთვის იქნება, ეს სამწუხარო რეალობაა და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. არის მთელი რიგი საკითხები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან მოითხოვს სერიოზულ დაფიქრებას. ველოდი, რომ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების შემდეგ მოიმატებდა სტატისტიკური მაჩვენებელი. ყველამ კარგად ვიცით, დღეს რა მდგომარეობაა ამ მხრივ, განსაკუთრებით - თბილისში, ეს უბედურება იწირავს ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილს - ახალგაზრდებს. რა უნდა მოხდეს ამ მიმართულებით, ეს უკვე სახელმწიფო პოლიტიკის სფეროა. სტატისტიკური მონაცემები იძლევა ისეთი დასკვნის შესაძლებლობას, რომ საქართველოში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ჯერჯერობით სახელმწიფოს მხრიდან კონტროლდება. დაფიქრებას რაც მოითხოვს, ეს არის პროფესიონალიზმის ზრდის პრობლემა როგორც შსს-ს, ასევე საგამოძიებო სამსახურის ოპერატიულ დანაყოფებში. ეს არის მთავარი და ამაზე უნდა იმუშაოს ახალგაზრდა ხელისუფლებამ. სხვათა შორის, მიუხედავად ორი წლის წინანდელი პროგნოზებისა, მიხარია, რომ საპატრულო პოლიცია ინარჩუნებს თავის სტაბილურ მდგომარეობას საზოგადოებაში, გამართულად მუშაობს და საზოგადოებას მადლობის მეტი არაფერი ეთქმის. დიახაც, კანონი ლიბერალური უნდა იყოს, არ არის საჭირო სისასტიკე და ეს არ არის დანაშაულის თავიდან აცილების საშუალება. უმთავრესი მიმართულება, რაც თანამედროვე ცივილიზაციამ და სამყარომ შექმნა, არის ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატი - მთავარია არა დანაშაულისათვის სასჯელის სისასტიკე, არამედ დანაშაულის გახსნის გარდაუვალობა. აღარავინ დავობს, რომ წრეგადასული სისასტიკე და რეპრესიები არ იძლევა ეფექტს. კანონმდებლობის ლიბერალიზაცია არის ხვალინდელი დღე და გამოსავალი. დამნაშავე, რა თქმა უნდა, უნდა დაისაჯოს, მაგრამ ცივილიზებული წესით და არა იმ სისასტიკით, რასაც რამდენიმე წლის განმავლობაში ეწეოდნენ გარკვეული პოლიტიკური ძალები.