შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოავლინეს და თაღლითობაში ამხილეს 1963 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე ბესიკ ხ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბესიკ ხ. გამოგონილი სახელითა და გვარით კერძო კომერციული სტრუქტურების ხელმძღვანელებს და ბიზნესმენებს უკავშირდებოდა, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი და სამსახურებრივი მფარველობის გაწევის სანაცვლოდ მათ გარკვეული თანხების გადახდას სთხოვდა.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბესიკ ხ. მიმდინარე წლის 5 თებერვალს „ვისოლ ჯგუფი“-ს ხელმძღვანელებს დაუკავშირდა და თანხის თაღლითურად მითვისების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს სახელით, 2500 ლარის გადახდა მოსთხოვა. ბესიკ ხ-მ გზავნილის სახით ჩარიცხული თანხა „ლიბერთი ბანკი“-ს ონის ფილიალიდან 2014 წლის 6 თებერვალს გამოიტანა.

შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბესიკ ხ. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად იმავე დღეს დააკავეს.

გამოძიება თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).