თბილისში ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომანქანების რიცხვი გაიზარდა. "საქართველო მოძრავ ნაღმებზე ზის, რვა წელიწადში მეტალობალონი მინაპლასტიკური გარსით (მეტალოპლასტიკური) საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ ავტომობილის მძღოლებსა და მგზავრებს, არამედ მის გარშემო მოძრავ ობიექტებსაც, რადგან ამ ბალონების მასობრივი სკდომაა მოსალოდნელი", - აცხადებს პროფესორი, უკრაინის საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ექსპერტი ევგენი უშვერიძე.
- ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომანქანებში დამონტაჟებული მეტალობალონი მინაპლასტიკური გარსით, მეტად სახიფათოა, რადგან ხუთი წლის შემდეგ უწყვეტი მინა-ბოჭკო სიმტკიცეს კარგავს და მიწად იქცევა. ამ ხნის განმავლობაში დაბერებას იწყებს ორგანული შემკვრელიც და არავინ იცის, როდის გასკდება ბალონი. რვა წლის შემდეგ მოსალოდნელია ამ ბალონების მასობრივად სკდომა, რადგან ის ლითონის თხელი ფირფიტისგანაა დამზადებული და მასზე დახვეულია შემკვრელში გაჟღენთილი უწყვეტი მინა-ბოჭკო. ბუნებრივი აირით დატუმბვისას ბალონი იწყებს "ჭრიჭინს". მიუხედავად იმისა, რომ მას სიმტკიცისთვის ძაფები მჭიდროდ აქვს შემოხვეული, შემკვრელსა და მინა-ბოჭკოს ნაპრალები მაინც უჩნდება. გაზი ხომ კრისტალურად სუფთა არ არის, მას ჰაერი მოჰყვება და აღწევს ამ ნაპრალებში, რომლებიც დროთა განმავლობაში რღვევას იწყებს და იშლება. რამდენიმე წელიწადში ეს ბალონი გადასაგდები ხდება.
მიუხედავად იმისა, რომ მეტალობალონს მინაპლასტიკური გარსით ქარხნული გარანტია 15 წელი აქვს, ის გაცილებით მალე გამოვა მწყობრიდან! თუ ავტომობილში დამონტაჟებული გვაქვს მეტალობალონი მინაპლასტიკური გარსით, დიდი სიფრთხილე გვმართებს, რადგან მაღალი წნევით დატუმბვისას შესაძლოა დაზიანდეს. საერთოდ, მეტალობალონი მინაპლასტიკური გარსით არ სკდება, იხევა, მაგრამ დიდი წნევით შესული ბუნებრივი აირის ტალღა იქაურობას დაანგრევს… ტრანსპორტირების დროს დაუშვებელია ავტომობილში ტენიანობა, არ შეძლება ბალონის დიდხანს მზეზე დება, 200 ატმოსფეროზე მაღალი წნევით დატუმბვა. გარდა ამისა, მძღოლი, რომლის ავტომობილშიც დამონტაჟებულია მეტალობალონი მინაპლასტიკური გარსით, უნდა ერიდოს ორმოებს, რადგან დიდი სიჩქარით მიმავალი ავტომობილის ორმოში ჩავარდნისას შესაძლოა ბალონი დაზიანდეს.