საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტელეკომპანიებს მოუწოდებს, „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდის ტირაჟირება დაასრულონ.
„მინდა ერთი რამ ძალიან კარგად განგიმარტოთ – მე არ ვაპირებ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოთქმულ კრიტიკას და აბსურდულ ბრალდებებს ვუპასუხო და მოგიწოდებთ, ტელევიზიებმაც დაასრულეთ მის მიერ წარმოებული პროპაგანდის ტირაჟირება. ეს, პირველ რიგში, თქვენ დაგაზიანებთ, თქვენ უბრალოდ, დაკარგავთ მაყურებელს. საზოგადოებას სჭირდება სიმართლე და, თუ მოწადინებული ხართ, რომ თქვათ სიმართლე, მაშინ არ უნდა იმეოროთ 24 საათი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოთქმული კრიტიკა. ესაა ჩემი მეგობრული რჩევა“, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მის გამოსვლასთან დაკავშირებით ოპონენტების უარყოფით შეფასებაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა და განმარტა, რომ მიუნხენში მისი გამოსვლა დაბალანსებული იყო.
დღევანდელ რეალობაში რამდენად შესაძლებელია პრემიერის პოზიციის გათვალისწინება და ნაციონალების რიტორიკის უარყოფა? ეს მეტად რთული საკითხია. პრემიერის მსგავსად, საზოგადოების დიდი ნაწილიც თანხმდება, რომ მმართველობის ცხრაწლიანი პერიოდისა და რუსეთთან კონფრონტაციაში ჩათრევის შემდეგ ნაციონალებს მორალური უფლება არ აქვთ, სხვებს სამართლიანობისა და ქვეყნისთვის სასარგებლო ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდონ. თუმცა რეალობა ისიცაა, რომ მთავარ ოპოზიციურ ძალად ქვეყანაში ჯერ კიდევ „ნაცმოძრაობა“ ითვლება და ისინი ოპოზიციის მანტიას სათავისოდ იყენებენ. არც პროკურატურაში არ დამდგარა ისეთი შედეგი, რომლითაც „ნაცმოძრაობის“ გაუვნებელყოფა მოხერხდებოდა, რომ არაფერი ვთქვათ, ბოლოდროინდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მათ მიერ „დაკავებულ“ მეორე ადგილზე.
რამდენად რთულია ჟურნალისტებისთვის პრემიერის დავალების შესრულება და ამ ხნის მანძილზე რისი გაკეთება შეეძლო ხელისუფლებაში მყოფ „ქართულ ოცნებას“, რათა ნაციონალების პროპაგანდით საზოგადოება აღარ გაღიზიანებულიყო?! ამის შესახებ ექსპერტები გვესაუბრებიან.
„არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი კახა კახიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ზუსტად „ქართული ოცნება“ და „ქართული ოცნების“ ლიდერები გვიმტკიცებდნენ, რომ „ნაცმოძრაობა“ ერთადერთი ოპოზიციური ძალა იყო და ამიტომაც იძულებულნი იყვნენ, აეტანათ ისინი.
„არაერთხელ გვსმენია, რომ „ნაცმოძრაობა“ წარმოადგენს ძირითათად საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო მთავარ ოპოზიციას. წელიწადნახევრის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ ორგანიზებული დანაშაულის ვერცერთი ფაქტი ვერ გამოკვეთა და ხელი შეუწყო, რომ მთლიანად საპარლამენტო ტრიბუნა და მედიასივრცე ოკუპირებული ჰქონოდა ერთიან „ნაციონალურ მოძრაობას“. ამავდროულად, ყველა სხვა დანარჩენი არასაპარლამენტო ოპოზიცია არცერთ პოლიტიკურ საკითხში ჩართული სრულფასოვნად არ ჰყოლიათ ისე, როგორც „ნაცმოძრაობა“. ამიტომ, ბუნებრივია, შედეგი ასეთი იქნებოდა. „ნაცმოძრაობამ“ მიაღწია, რომ თავის მართლების რეჟიმში დღემდე ჰყავს „ქართული ოცნება“, - აცხადებს კახა კახიშვილი და თვლის, რომ „ოცნებას“ ჰქონდა იმის საშუალება, ისეთი კანონები მიეღო, რომლებიც გააძლიერებდა არასაპარლამენტო ოპოზიციას. ეს სრულფასოვანი ოპონენტი კი ისევ მათ წაადგებოდათ.
ამასთან, ექსპერტი მიიჩნევს, რომ, რასაკვირველია, „ოცნებას“ სურს, „ნაცმოძრაობის“ სახით ჰყავდეს მხოლოდ დისკრედიტირებული ოპონენტი. საბოლოოდ კი სურათი ასეთია, - „ერთი მხრივ, გვეუბნებიან „ნაცმოძრაობა“ არის ერთადერთი ოპოზიციური ძალა, მეორე მხრივ, კი გვეუბნებიან, რომ დისკრედიტირებულთა არცერთ კითხვას არ უნდა უპასუხონ. შეიძლება, „ნაცმოძრაობა“ აჭარბებს კიდეც, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს მათი სტილი იყო. ეს „ქართულმა ოცნებამაც“ იცოდა. თუ დაამკვიდრეს თამაშის ეს წესები, კიდეც უნდა დაემორჩილონ“, - განმარტავს კახა კახიშვილი.
საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ ნებისმიერ პირს, თანამდებობის მიუხედავად, შეუძლია გამოთქვას სურვილები ჟურნალისტების საქმიანობასთან დაკავშირებით. თუმცა მედიასაშუალების უფლებაა, გაითვალისწინოს ან არ გაითვალისწინოს ეს მოწოდებები. ექსპერტის აზრით, თუკი მედიაში სჭარბობს „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯები, ხელისუფლებამ ეს უნდა დააბალანსოს.
„მაშინ რატომ აქვს ხელისუფლებას საზოგადებასთან ურთიერთობის სამსახურები? შიდა ლობისტური ჯგუფები? რას აკეთებენ ეს ადამიანები? გააკეთონ განაცხადები, დაგეგმონ საზოგადოებასთან თუ მედიასთან ურთიერთობის სტრატეგია, მოამარაგონ სხვადასხვა იდეებით, შექმნან რეალობა, რომელიც აჩვენებს მათი ოპონენტების მოსაზრებების სიცრუეს. ხელისუფლებას ნებისმიერ დროს შეუძლია ნებისმიერი საინფორმაციო ნაკადი გაავრცელოს ყველა მედიაარხით. თუ ისინი ვერ იყენებენ ამ საშუალებებს, ამაში მედიას ნუ დასდებენ ბრალს. გასაგებია, რომ მედია რთული ორგანიზმია, საქართველოში მედია გლობალურად არის წარმოდგენილი, „ნაცმოძრაობას“ საკუთარი მედიაარხები გააჩნია ან მათთან გარიგებაშია ზოგიერთი მედიასაშუალება. თუმცა ვერავინ აუვლის გვერდს მნიშვნელოვანი პოლიტიკური პირების მესიჯებს“, - აცხადებს არჩილ გამზარდია For.ge-სთან საუბარში.
მისი თქმით, პროკურატურა თავის ადგილას რომ იდგეს, რომ არ გვქონდეს საშინელი ინფლაცია, მაშინ სხვა სურათი იქნებოდა. თუმცა ერთიც კია, კმაყოფილი საზოგადოება ბუნებაში არ არსებობს და ოპოზიციას ყოველთვის უფრო მეტი სათქმელი აქვს, ვიდრე ხელისუფლებას. ამიტომ ახალმა ხელისუფლებამ უნდა შექმნას ის რეალობა, რაც მათ ოპონენტებს გააჩუმებს. ამ დროს კი დღემდე სრულიად გაუგებარია სამართალწარმოებითი პროცესები, საზოგადოების ნაწილი კი ლამისაა „ნაცმოძრაობისადმი“ სოლიდარული გახდეს, რადგან მთელ რიგ საკითხებში გაურკვეველი ვითარებაა.
ამიტომ ექსპერტის აზრით, ყველაზე კარგია, როცა ხელისუფლება მედიას აძლევს რეალობას და არა იმას, რომ „დააკვალიანოს“, თუ რა უნდა ილაპარაკონ ჟურნალისტებმა.
ექსპერტი ვაჟა ბერიძე მიიჩნევს, რომ ჟურნალისტი არის მედიუმი და მან ის უნდა ასახოს, რაც ქვეყანაში ხდება. ამავდროულად, ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციასაც აქვს საფუძველი, რადგან ზოგჯერ მედია მექანიკურად იმეორებს დაუდასტურებელ ფაქტებს. ამიტომ ბუნებრივია, პრემიერს, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის განვითარებაზე, ეკონომიკაზე, სურს, მედია უფრო პროფესიული იყოს. თუმცა მარტივი ჭეშმარიტებაა, ქვეყანას ჰყავს ზუსტად ის ჟურნალისტები, რა დონის პოლიტიკოსები, ბიზნესმენები თუ ექიმები.
„ქვეყანაში არ არის ფული. აქედან გამომდინარე, მედიასაშუალებები ეკონომიკურად ხელმოკლენი არიან და ძალიან უჭირთ კვალიფიციური კადრების შენარჩუნება. მედია არ უნდა იყოს შეხმატკბილებული ხელისუფლებასთან, როგორც ეს „ნაცმოძრაობის“ დროს ხდებოდა, კარგად დაფინანსებული მედიასაშუალებების სახით. არიან ენთუზიასტი ჟურნალისტები, რომლებიც წლების განმავლობაში ამ საქმეს კეთილსინდისიერად ემსახურებიან, მაგრამ ბევრი ადამიანი ბოლო პერიოდის განმავლობაში გადავიდა სხვა სფეროში, სადაც ხელფასები მაღალია. მაგალითად, ჟურნალისტები ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ დიდი ხალისით გადადიან სახელმწიფო სტრუქტურებში, პრესსამსახურებში და სხვა, სადაც მაღალი და სტაბილური ხელფასებია. არა მგონია, გარკვეული ბრალი „ქართულ ოცნებას“ მიუძღოდეს იმაში, რომ ნაციონალებს ამდენის თქმის უფლება ჯერ კიდევ აქვთ. ესაა ცხოვრება, ეს პროცესია და ყველას აქვს თავისი პოზიცია“, - აცხადებს ვაჟა ბერიძე ჩვენთან საუბარში.
ამასთან, არ მალავს, რომ პირადად იგი ირაკლი ღარიბაშვილის მრჩეველი რომ იყოს, მას არ ურჩევდა ასეთ პოლემიკაში შესვლას და ჟურნალისტის ასე დატუქსვას.