„ოპოზიცია ითხოვს, ცესკო და ყველა სტრუქტურა თავად დააკომპლექტოს და ახალი არჩევნები საერთაშორისო სტრუქტურებმა ჩაატარონ - ასეთ ქვეყანას ევროკავშირში რა ესაქმება?!“

„ოპოზიცია ითხოვს, ცესკო და ყველა სტრუქტურა თავად დააკომპლექტოს და ახალი არჩევნები საერთაშორისო სტრუქტურებმა ჩაატარონ - ასეთ ქვეყანას ევროკავშირში რა ესაქმება?!“

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებამ, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე შიგნით და თბილისის მთავარ ქუჩაზე უკვე მეშვიდე დღეა საპროტესტო აქციები არ წყდება. იმის მიუხედავად, რომ ეუთო/ოდირმა საგარეო საქმეთა მინისტრს, წერილობით აცნობა წინასწარი შეფასება, რაც გულისხმობს, რომ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდა, ოპოზიციონერი ლიდერები და საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ვადამდე არჩევნებს ითხოვენ. აღნიშნულს ეწინააღმდეგება მმართველი გუნდი და ამბობს, რომ არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდა. სხვათა შორის, ეუთო/ოდორი არაფერს ამბობს ფარულობის დარღვევაზე და მცირეოდენ ხარვეზებად დასახელებულია, მაგ. ქალების კვოტირების საკითხი და სხვა ისეთი გადაცდომები, რომლებიც არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ამ ეტაპზე თავად ვერ ხედავს რაიმე კომპრომისულ შუალედს, რაზეც შესაძლოა მხარეები შეთანხმდნენ და ვითარება განიმუხტოს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუკი ამ აქციებმა ის შედეგი ვერ გამოიღო, რასაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ელოდებიან, ისინი შეიძლება წავიდნენ რადიკალურ ნაბიჯებზე და ამას, თავის მხრივ, ადამიანური მსხვერპლი მოჰყვეს.

სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ვერავითარ რესურსს ან სივრცეს, რაზეც ხელისუფლება და ოპოზიცია შეიძლება შეთანხმდნენ, იმ მოცემულობიდან გამომდინარე, თუ როგორი არის მათი სასტარტო პოზიციები ძირითად საკითხებთან დაკავშირებით. ოპოზიცია ამბობს, რომ მათ უნდათ ახალი არჩევნები, მაგრამ ისეთი პირობებით, რომ ცესკო იყოს მათი, სამართალდამცავ და მართლმსაჯულების სტრუქტურებში იჯდეს მათი ხალხი - მათ ხელში გადავიდეს ყველა სტრუქტურის ხელმძღვანელობა და ასეთ პირობებში ჩაატარონ ახალი არჩევნები. დამატებით ითხოვენ ამ არჩევნებში საერთაშორისო სტრუქტურების ჩართვას, მაგრამ არ აკონკრეტებენ, რა ფორმით და როგორ წარმოუდგენიათ ეს.

თუ ამ ლოგიკას გავყვებით, საქართველოს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს და ევროსაბჭოს წევრობის კანდიდატ ქვეყანას, თურმე არ შეუძლია უზრუნველყოს საკუთარ ტერიტორიაზე სამართლებრივი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და ეს აუცილებლად უნდა გააკეთონ გარე სტრუქტურებმა. ისმის კითხვა: ასეთ ქვეყანას საერთოდ რა ესაქმება ევროკავშირში?! ასეთ პირობებს ხელისუფლება არასდროს დათანხმდება, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევნები ჩატარდეს ოპოზიციის სცენარით, რომ შემდეგ მათ გაიფორმონ გამარჯვება.

შესაბამისად, ახლა მიდის ნერვების ომი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და ვისაც პირველი უმტყუნებს ნერვები, ის აღმოჩნდება დამარცხებული. თუ ოპოზიციამ დაინახა, რომ ამ აქციებმა, რომელიც ერთი და იგივე სცენარით ვითარდება, შედეგი არ მოიტანა, არ გამოვრიცხავ, რომ ისინი გადავიდნენ უფრო რადიკალურ მოქმედებებზე, რაც საზოგადოებას ააღელვებს, უფრო აწევს მასში საპროტესტო მუხტს და გამოიყვანს გარეთ - ეს შეიძლება იყოს ძალიან მძიმე პროვოკაცია, რასაც შეიძლება მოჰყვეს ადამიანის მსხვერპლი. იმედს ვიტოვებ, რომ ეყოფათ კეთილგონიერება, რომ ამაზე არ წავიდნენ.

მეორე მხრივ, ხელისუფლებამ რა უნდა შესთავაზოს ოპოზიციას, ვიდრე ეუთო-ოდირის საბოლოო დასკვნა არ გამოქვეყნდება იმის თაობაზე თუ როგორ ჩატარდა არჩევნები და შეიძლება თუ არა, მას მიეცეს ლეგიტიმაცია?! - თუ ეუთო-ოდირი იტყვის, რომ იყო დარღვევები, მაგრამ ის მაინც ჩატარდა კონკურენტულ გარემოში და ასახავს ამომრჩევლის ნებას, მაშინ ოპოზიციის აქციებს უბრალოდ ლეგიტიმაცია გამოეცლება. თუმცა, თუ იტყვის, რომ ეს არჩევნები არ ასახავდა ქართველი ხალხის ნებას, როგორც ეს გააკეთა 2003 წელს, მაშინ ავტომატურად დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები - ეს არის სიტუაციიდან გამოსავალი, - განგვიცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ქვეყანა სამშვიდობოზე რომ გავიდეს, ახალი არჩევნებია საჭირო.

როცა არ შედგა არჩევნები, როცა გაყალბდა არჩევნები, როცა მოპარული იქნა ხალხის ხმა, ერთადერთი სტაბილური, მშვიდობიანი გზა, რაც არსებობს მსოფლიოში, არის ახალი არჩევნები. არავის გამოუგონია სხვა რამე, ყველა სხვა გზა მიდის ფრუსტრაციისკენ და უფრო მეტი არასტაბილურობისკენ. თუ გვინდა, რომ ჩვენ, ეს ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოზე მის მოსახლეობას საშუალება უნდა მივცეთ, რომ დაიბრუნოს თავისი ხმა, ამით დაწყნარდეს და ხელახლა გამოხატოს თავისი ნამდვილ ნება გაყალბების გარეშე.

ამისთვის ჩვენ ასევე უნდა ვიმუშაოთ და დღეს, ესეც ითქვა, რომ ყველამ და პირველ რიგში, პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობოებმა, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართული, ერთად უნდა შეიმუშაონ, თუ როგორი უნდა იყოს ახალი არჩევნების პირობები იმისთვის, რომ ჩვენ არ აღმოვჩნდეთ იმავე მდგომარეობაში და გაყალბების იგივე ბერკეტები არ მივცეთ. ანუ არის რამდენიმე ძალიან კონკრეტული ნაბიჯი გადასადგმელი იმისთვის, რომ ეს დაცული იყოს რეალურად ეს არჩევნები. ამაზე უნდა შეთანხმდნენ პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალები, რომ არჩევნების დაცვის ეს გეგემა წარმოვადგინოთ, თუნდაც, როცა ჩამოვა ტექნიკური მისია, რომელიც ევროკავშირის მხრიდან მზადდება, - განაცხადა ზურაბიშვილმა.