„დევნილი“ თუ „გამოდევნილი“ - ნუკრი ქანთარიას ტერმინის დაზუსტება აინტერესებს

„დევნილი“ თუ „გამოდევნილი“ - ნუკრი ქანთარიას ტერმინის დაზუსტება აინტერესებს

78 ხმა არც ერთის წინააღმდეგ - პარლამენტში მესამე მოსმენით „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონპროექტში ცვლილება შევიდა. კანონპროექტზე მუშაობისას მთავრობამ გაითვალისწინა იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებები.

ლტოლვილთა და განსახლებისა მინისტრის, დავით დარახველიძის განმარტებით, შემუშავდა ისეთი სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს მოსახლეობის დაცვას და პირველადი დახმარების აღმოჩენას იძულებითი გადაადგილებისას, დევნილთა უფლებების დაცვას იძულებითი გადაადგილების მთელ პერიოდში, ხელს შეუწყობს დევნილი მოსახლეობის ქვეყნის სხვა ნაწილში ცხოვრებისას მათ ინტეგრაციას და პრობლემების გრძელვადიან გადაწყვეტას.

მაშინ, როდესაც პარლამენტი დევნილთა შესახებ კანონპროექზე მსჯელობდა, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ აღნიშნა, რომ ტერმინი „დევნილი“ უნდა შეიცვალოს „გამოდევნილით“. ქანთარიას აინტერესებს, რამდენად სწორია თვითონ ტერმინი იძულებით გადაადგილებულ პირთათვის „დევნილი“. დეპუტატი ამ სიტყვის მნიშვნელობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ „დევნილი“ პროცესს ნიშნავს, ანუ პირს, რომელსაც მოსდევენ. „გამოდევნილი“ კი მისი თქმით, ნიშნავს, რომ რაღაც ადგილიდან წამოვიდა. კანონმდებელი ამ საკითხზე მსჯელობას ითხოვს.

For.ge. ნუკრი ქანთარიას ესაუბრა.

თქვენი თვლით, რომ ტერმინი დევნილი უნდა შეიცვალოსგამოდევნილით“. ეს თქვენი ინიციატივაა?

- „დევნილი“ დავამკვიდრეთ ჩვენ და ამ დროს, ეს ნიშნავს, რომ ადამიანები ადგილს ტოვებენ და მოდიან, ანუ შემდეგ, უკვე, აღარ დასდევენ. იქნებ გვემსჯელა, რომ პირდაპირი კალკი არ იყოს. მე უბრალოდ ვიკითხე დასაზუსტებლად, რამდენად შეესაბამება სიტყვა დევნილი რეალობას.

დევნის პროცესი არაა ის, რომ ადამიანები ვერ ბრუნდებიან საკუთარ სახლ-კარში?

- ამ ტერიტორიაზე ხომ არ გრძელდება და ამიტომ ვიკითხე რამდენად შესატყვისა-თქო და არა იმიტომ, რომ გარკვეული პრინციპული პოზიცია მაქვს ამასთან დაკავშირებით. ეს იყო მხოლოდ კითხვა და არა ინიციატივა. თქვენ კი იძულებული გახდით, რომ იქიდან წამოსულიყავით, მაგრამ აქიდან ხომ არავინ არ გდევნით. ე.ი. ხომ არ გრძლედება მუდმივი დევნის პროცესი?!

მაგრამ, როდესაც აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირები ვერ ბრუნდებიან, მათ არ ეძლევათ ამის უფლება. ეს არ ნიშნავს, რომ მათი დევნა გრძელდება, თქვენ თვლით, რომ ეს დევნა არაა?

- ისე ნუ გამომიყვანთ, რომ... პირიქით, მე მხოლოდ ვთქვი ეს სიტყვა რამდენად არის შესაბამისობაში-თქო. ამ სიტყვის განმარტებაზე ვსაუბრობდი და არა თვითონ შინაარსზე. პირიქით, ვიძახი, რომ ძალიან სამწუხაროა, ტრაგიკულია და ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ეს პრობლემა მოვაგვაროთ და იქნებ, ისეთი ტერმინი მოვნახოთ, რომელიც ამის შესატყვისი იქნება-თქო.

ბატონო ნუკრი, ტერმინების შეცვლას რა აზრი აქვს, თუ არ იქნება სწორი პოლიტიკა გატარებული ამ მიმართულებით? ზაქარეიშვილის სამინისტროს შეეცვალა სახელწოდება, მაგრამ ამით პროცესი წინ არ წაწეულა და არაფერი შეცვლილა...

- უნდა შევეცადოთ, რომ ვიხმაროთ ქართული სიტყვები. ხშირად არის შეუსაბამობები. კანონპროექტში ისეთი დამახინჯებულია ზოგერთი სიტყვა... მაგალითად - „ბიუჯეტში შემოსულობები“, რას ნიშნავს შემოსულობები? ამ დროს, ეს დამკვიდრებული ტერმინია და ვფიქრობ, რომ ეს არასწორი ტერმინია. ამაზე მაქვს საუბარი და თქვენ კი გახვედით სიღრმეებში.

სიღმეებში არ შევდივარ. მაინტერესებს ტერმინის შეცლით რა იცვლება?

- თქვენ რაც გქვიათ ის უნდა დაგიძახოთ და არა სხვა სახელი მოვიფიქროთ. ამას ვამბობ, რამდენად ზუსტია ეს სახელი-თქო, მხოლოდ კითხვა დავსვი. არავითარი პოზიცია, რომ ეს ცუდია, ან კარგია, ამაზე არ მქონია საუბარი და ეს არ იყო ინიციატივა. ეს იყო კითხვა. კითხვის დასმის უფლება ჩვენ გვაქვს. ცუდია, რომ რაღაცა კუდები გამოება ამას. არაფერი საკუდო არ იყო ნათქვამი. კითხვა იყო დასმული მხოლოდ. ამ კითხვაში არ იყო პოზიცია და ინიციატივა.