„რომელ სახალხო პარლამენტზე ლაპარაკობს ხაზარაძე?! თუკი იმ ხალხის შეყვანას აპირებს, ვისაც მანდატი მიანიჭა ცესკომ, გამოდის, ხაზარაძე აღიარებს არჩევნებს?!“

„რომელ სახალხო პარლამენტზე ლაპარაკობს ხაზარაძე?! თუკი იმ ხალხის შეყვანას აპირებს, ვისაც მანდატი მიანიჭა ცესკომ, გამოდის, ხაზარაძე აღიარებს არჩევნებს?!“

მამუკა ხაზარაძე სახალხო პარლამენტის დაფუძნებაზე ალაპარაკდა. ის მოითხოვს, სასწრაფოდ შეიკრიბოს არჩევნებში გამარჯვებული ოთხივე ოპოზიციური კოალიციის ყველა დეპუტატი და დააფუძნოს სახალხო პარლამენტი.

დაახლოებით ეს იმის მსგავსია, მეჭურჭლეთუხუცესი ყუთლუ არსლანი კარვის დადგმას რომ აპირებდა ისანში და მოითხოვდა, თამარ მეფის სამეფო კარის გვერდით შექმნილიყო სამეფო ხელისუფლებისგან სრულიად დამოუკიდებელი დაწესებულება, მმართველობის სადავეები კი მის ხელში გადასულიყო. თამარ მეფეს მხოლოდ აღმასრულებელ უფლებებს უტოვებდა. თუმცა მოვლენები ყუთლუ არსლანის დასის სასარგებლოდ არ განვითარებულა, რადგან ეს სცენარი ხელისუფლების დანაწილებას ნიშნავდა.

დღესაც ხაზარაძე მსგავსი სცენარის ამოქმედებას ცდილობს და ამბობს, რომ სულ რამდენიმე ნაბიჯია დარჩენილი სრულ სამოქალაქო დაპირისპირებამდე და 90-იან წლებში დაბრუნებამდე. ამის დაშვება არ შეიძლება, რადგან დავკარგავთ ქვეყანას და თაობებს, დავკარგავთ სახელმწიფოს, რომელიც საბოლოოდ ჩაბარდება რუსეთს. ამიტომ ამ კატასტროფის ასაცილებლად ხაზარაძე სამპუნქტიან გეგმას სთავაზობს ოპოზიციურ კოალიციას. ამ გეგმის პირველი პუნქტის თანახმად, სასწრაფოდ უნდა შეიკრიბოს არჩევნებში გამარჯვებული ოთხივე ოპოზიციური კოალიციის ყველა დეპუტატი და დააფუძნოს სახალხო პარლამენტი, რომელშიც, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ამ ორგანომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, პირდაპირ ესაუბროს ევროკავშირს და წარმოადგინოს ქართველი ხალხის ნება და კონსტიტუციური მოთხოვნა საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ასევე, მიავლინოს სპეციალური მისია ბრიუსელში ევროინტეგრაციის პროცესის აღსადგენად.

როგორ უნდა შეიქმნას ალტერნატიული პარლამენტი, როცა ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი უკვე არსებობს?! რა ანტიკონსტიტუციური თამაშის დაწყებას აპირებს ხაზარაძე?

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სახალხო პარლამენტის შექმნას კონსტიტუციასთან არანაირი კავშირი არ აქვს, სამართლებრივად ამის გაკეთება წარმოუდგენელია. თვითონ სახელი - სახალხო პარლამენტი, ალბათ, იმისთვის დაარქვეს, რომ უფრო მიმზიდველი ყოფილიყო, თორემ ეს არის ჩვეულებრივი ადამიანების შეკრება, იმ ადამიანების, ვინც გავიდა პარლამენტში, ვისაც მანდატები აქვს.

რამდენად უფლებამოსილია ეს ეგრეთ წოდებული სახალხო პარლამენტი, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები აწარმოოს, ამაზე ლაპარაკი ზედმეტია. რა თქმა უნდა, უფლებამოსილი ეს პარლამენტი არ იქნება, რომ ვინმესთან მოლაპარაკებები აწარმოოს, არანაირი უფლებამოსილება მათ არ აქვთ. თუმცა არც ის უნდა გამოვრიცხოთ, თუკი ეს ჯგუფი შეიკრიბება, მათთან მოლაპარაკებები შეიძლება დაიწყოს ზურაბიშვილის თამადობით, მაგრამ ვიმეორებ, ამას სამართლებრივი ფასი არ ექნება. ამ ჯგუფს არა მხოლოდ დეპუტატები, არამედ ენჯეო-ს წარმომადგენლებიც რომ დაამატონ, შეიძლება სახალხო პარლამენტი კი არა, უბრალოდ, კრება უწოდონ, ათასი სახელი შეიძლება უწოდონ, მაგრამ ეს შეკრება სამართლებრივ პასუხისმგებლობას და პარლამენტის ფუნქციებს საკუთარ თავზე ვერ აიღებს, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

მანვე განმარტა, რომ ხაზარაძის მომხრეებს რომც უნდოდეთ პარლამენტის დუბლირება, ეს ვერ გამოუვათ. სამართლებრივად თუ მივუდგებით, ამ ე.წ. სახალხო პარლამენტში ნახევარზე მეტი უნდა იყოს პარლამენტის წევრი, რომ პარლამენტის შეკრება დააანონსონ. სხვა შემთხვევაში, ამას არანაირი კონსტიტუციური ძალა არ ექნება. როგორც წესი, პარლამენტში ის ხალხი უნდა შევიდეს, ვინც ცესკომ აღიარა და მანდატი მიანიჭა. თუკი ხაზარაძე სახალხო პარლამენტში აპირებს იმ ხალხის შეყვანას, ვისაც მანდატი მიანიჭა ცესკომ, მაშინ გამოდის, რომ არაპირდაპირ ხაზარაძე აღიარებს ცესკოს მიერ ჩატარებულ არჩევნებს.

ვახტანგ ძაბირაძე არც იმას გამორიცხავს, დაემატოს ხაზარაძის ე. წ. სახალხო პარლამენტს საზოგადოების წარმომადგენლები და ჰქონდეთ მცდელობა, რომ თვითონ არიან ხალხის წარმომადგენლები, მაგრამ ოფიციალურად მათ არც შესაბამისი სტრუქტურები დაემორჩილებიან და არც სამართლებრივი საფუძველი არ ექნებათ.

ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრი, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ვერანაირი ალტერნატიული პარლამენტი ვერ შეიქმნება, ეს იქნება მორიგი კრახი ამ ოპოზიციისთვის.

ჯანსაღი ძალების დაბადება ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზაა. ნებისმიერ ხელისუფლებას სჭირდება ოპოზიცია და ჩვენ 12 წელია, ვართ იმ რეჟიმში, რომ ხელისუფლებას ოპოზიცია არ ჰყავს. ეს ადამიანები წარმოადგენენ არა ხელისუფლების ოპოზიციას, არამედ ქვეყნის დამანგრეველ ძალას. ამ ხალხს დაკვეთა აქვს ქვეყნის ჩამოშლაზე. ქვეყნის ჩამოშლა მარტივი თემა არ არის. ვინაიდან ქვეყნის ჩამოშლა ვერ მოხერხდა, ამ ოპოზიციამ ჩაილურის წყალი დალია. ახლა ახალი ოპოზიცია უნდა დაიბადოს, რომელიც შეასრულებს იმ როლს, რომელიც საზოგადოების და სახელმწიფოს ინტერესებშია, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.