ინტერფრაქციული ჯგუფი შესაძლოა, ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავროებმა დატოვონ. for.ge-ს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ 10 თებერვლამდე ხელისუფლება მათ რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს, არასაპარლამენტო ოპოზიცია და ორგანიზაციები საარჩევნო კანონმდებლობაზე მომუშავე ჯგუფის დატოვებას გეგმავენ.
ჯგუფში შექმნილ პრობლემებზე არასამთავროები უკვე საუბრობენ, პოლიტიკოსები კი, ყურადღებას ჩიხურ ვითარებაზე ამახვილებენ და კვლავ ითხოვენ, რომ ხელისუფლებამ საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების კუთხით, სამი მთავარი საკითხი გაითვალისწინოს.
კერძოდ, ოპოზიცია ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს, მერებისა და გამგებლების ასარჩევად 50%-იანი ბარიერი დაწესდეს და მრავალმანდატიანი ოლქებისა და საკრებულოებში მაჟორიტარული და პროპორციული წესით არჩეული დეპუტატების თანაფარდობის წესის შეცვლა მოხდეს.
თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მმართველი ძალა, ამის პროგნოზი რთულია, მაგრამ არასამთავროები უკმაყოფილებას უკვე გამოთქვამენ და ხელისუფლებას წარსულის გახსენებას სთხოვენ.
საია-ს თავმჯდომარის, კახა კოჟორიძის განცხადებით, ორგანიზაციების შეფასებით, საკრებულოს მაჟორიტარული არჩევნებისთვის მერისა და გამგებლების არჩევა თანაბარი 50 პროცენტიანი ბარიერით და მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების შექმნა, მოსწრებადი იყო, მაგრამ ინტერფრაქციულ ჯგუფში აღნიშნული საკითხების განხილვა, ფაქტიურად არ დაწყებულა.
მისი თქმით, საარჩევნო გარემო სისტემური თვალსაზრისით, არათუ არ უმჯობესდება, არამედ უარესდება კიდეც.
„უმრავლესობას ვთხოვ, ჩვენს რეკომენდაციებს ნუ ირწმუნებენ და იმ საკუთარ პოზიციებს დაუჯერონ, რასაც ოპოზიციაში ყოფნის დროს აფიქსირებდნენ. ძველი ჩანაწერები არსებობს და ნახონ, სანამ ხელისუფლებაში მოდიოდნენ, რას ამბობდნენ. სამწუხაროა, როცა ხარ ოპოზიციაში, მაშინ რაღაც პროცესის გაჯანსაღება გსურს, მაგრამ როცა ხარ ხელისუფლებაში და პროცესის გაჯანსაღების ბერკეტი გაქვს, მაშინ ეს ყველაფერი გავიწყდება და მხოლოდ საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესები გამოქმედებს“, - აცხადებს კოჟორიძე, რომლის მსგავსად, პოლიტიკოსებიც მიიჩნევენ, რომ ძირეულ ცვლილებებთან დაკავშირებით, ჯგუფში საუბრის სურვილი არ არსებობს.
როგორც for.ge-სთან საუბარში ნაციონალი პავლე კუბლაშვილი აცხადებს, ინტერფრაქციული ჯგუფის შეხვედრები ფორმალურად იქცა, რადგან ხელისუფლების წარმომადგენელთა პოზიციები ძალიან ხისტი და სუსტია.
„ისინი არ აპირებენ რაიმე ფორმით ნაბიჯის გადადგმას თუნდაც იმ მიმართულებით, რომელსაც სხვათაშორის, წლების განმავლობაში თავად ითხოვდნენ. ჩვენს საარჩევნო სისტემას „დრაკონულს“ და არადემოკრატიულს უწოდებდნენ, მაგრამ მათ იმავე მოდელს სთავაზობენ, რასაც წლების წინ ჩვენ გვთავაზობდნენ. ისინი ამბობენ, რომ ახლა ამისთვის მზად არ არიან. როცა 2010 წელს, გვეუბნებოდნენ, რომ ბიომეტრიული სიები გაგვეკეთებინა და ჩვენ ვამბობდით, რომ სამ თვეში ეს ვერ მოესწრებოდა, მაშინ გვაკრიტიკებდნენ. თავად კი კანონში ჩაწერეს, რომ ბიომეტრიული სიები უნდა შედგეს, მაგრამ ამჟამად ამბობენ, რომ ეს არ მოხდება, რადგან ეს დიდ ფინანსებს და დროს უკავშირდება“, - აცხადებს კუბლაშვილი.
კანონმდებელის განმარტებით, ბიომეტრიული სიების გარდა, პრინციპულ საკითხს საკრებულოების არჩევის სისტემაც წარმოადგენს, თუმცა, უმრავლესობა პოზიციის გადახედვას არ გეგმავს.
„ინტერფაქციული ჯგუფის მუშაობა ჩიხში შევიდა. როცა სხდომას არასამთავროები და ოპოზიციონერები ტოვებენ, სხდომაზე ყოფნას არ ვაპირებ, რადგან ამ საკითხებს კომიტეტებშიც განვიხილავთ“, - ამბობს კუბლაშვილი, რომლის მსგავსად, ხელისუფლების დამოკიდებულებას აკრიტიკებს „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია.
ბაღათურია დატოვებს თუ არა ინტერფრაქციულ ჯგუფს, მას ამის შესახებ გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ აქვს მიღებული, თუმცა, ამბობს, რომ ხელისუფლებას 10 თებერვლამდე დაელოდება, რომ მათ პოზიციას კიდევ ერთხელ გაეცნოს.
„ჯგუფს არ ვტოვებთ, უბრალოდ, ბოლო სხდომაზე მასკარადში მონაწილეობა არ მივიღეთ. ამბობენ, რომ უახლოეს მომავალში პასუხები ექნებათ, თუმცა, ოპტიმისტურად განწყობილი არ ვარ და ვნახოთ, 10 თებერვლამდე რას გააკეთებენ“, - აცხადებს ბაღათურია.
ოპონენტთა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკის მიუხედავად, მმართველი ძალა მყარ პოზიციაზე დგას და ჯგუფის ხელმძღვანელი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ „დედამიწაზე სრული ბედნიერება არ არსებობს, შესაბამისად, პოზიციების შეჯერება ვერც ამ შემთხვევაში მოხდა“.
ვიცე-სპიკერის განცხადებით, არასამთავროების უფლებაა პროტესტი სხდომის დატოვებით გამოხატონ, მაგრამ ეს პოლიტიკური ტექნოლოგიის შემადგენელი ერთ-ერთი ნაწილია.
„არ ვიცოდი, ამ ტექნოლოგიების გამოყენების პრაქტიკა არასამთავრობესაც თუ ჰქონდათ. ჩვენი ოპონენტების რეკომენდაციების ნაწილი გათვალისწინებულია. პროპორციული და მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატების თანაფარდობა პროპორციულის სასარგებლოდ იცვლება. საარჩევნო ბარიერი პროპორციული არჩევნებისთვის 5 პროცენტიანი იყო, ოპოზიცია 3 პროცენტს ითხოვდა, მაგრამ ჩვენ 4 პროცენტზე შევთანხმდით. ამას გარდა, ერთადერთ არჩევით თანამდებობაზე - თბილისის მერის არჩევნებზე, ბარიერი 30 პროცენტი იყო და 40 პროცენტამდე გავზარდეთ. დედამიწაზე სრული ბედნიერება არ არსებობს და არც აქ იქნა შეჯერებული ყველა პოზიცია“, - აცხადებს ძიძიგური.
კანონმდებელის ცნობით, ინტერფაქციული ჯგუფი მუშაობას აგრძელებს, მათ შორის იმ საკითხებზეც, რომლებიც ეხება საარჩევნო დავებს, პარტიების დაფინანსებას, ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესს და ა.შ.
შეგახსენებთ, რომ ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომა პარლამენტში 4 თებერვალს გაიმართა, მაგრამ სხდომა პროტესტის ნიშნად, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და არასაპალამენტო ოპოზიციამ დატოვეს. მათ შორის, სხდომა დატოვეს ჯონდი ბაღათურიამ, ალექსანდრე შალამბერიძემ, გიორგი ახვლედიანმა და ლევან ვეფხვაძემ. მიღებული გადაწყვეტილებით, ოპოზიციონერები კმაყოფილნი ჩანდნენ და შალამბერიძე და ვეფხვაძე ერთმანეთს ისე უღიმოდნენ, თითქოს, წინა მოწვევის პარლამენტში შალამბერიძე პრესკონფერენციას პრესკონფერენციაზე ვეფხვაძის ნაცვლად, ძიძიგურს „უძღვნიდა“. როგორც ჩანს, შალამბერიძემ საკუთარი განცხადების პათოსი შეცვალა, რომ ვეფხვაძის გავლენით, მისი ბიძა მეზობელს ქონებას ართმევდა.