[ლევან ღირსიაშვილი; ამერიკის ხმა]
ვაშინგტონში „ამერიკის პროგრესის ცენტრმა“ საქართველოს კონფლიქტების შესახებ გამართულ დისკუსიას უმასპინძლა. განხილვის მთავარი თემა იყო ორი ამერიკელი ანალიტიკოსის - კორი ველტის და სემუელ ჩარაპის მიერ გამოცემული ნაშრომი „შეერთებული შტატების უფრო აქტიური მიდგომა საქართველოს კონფლიქტების მიმართ.“ ნაშრომი „პროგრესის ცენტრის“ მიერ არის გამოცემული და დისკუსიის მასპინძელიც შესაბამისად აღნიშნული ორგანიზაცია გახლდათ.
მოხსენების მოკლე მიმოხილვით დამსწრე საზოგადოების წინაშე თავდაპირველად პროგრესის ცენტრში ევრაზიის და რუსეთის საკითხების მკვლევარი სემუელ ჩარაპი გამოვიდა. მან აღნიშნა, რომ საქართველოში არსებული კონფლიქტების საკითხით დაინტერესებული მხარეები ორ ჯგუფად იყოფიან. პირველი ჯგუფი ეს არის პირობითად დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აცხადებენ, რომ რუსეთმა უნდა დატოვოს ოკუპირებული ტერიტორიები.
„მეორე ჯგუფში შედიან რუსეთი, ნაურუ, ვენესუელა და ნიკარაგუა. მათ საპირისპირო მიდგომა გააჩნიათ. ისინი აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ ქვეყნებად განიხილავენ და არ ასრულებენ სამშვიდობო ვალდებულებას. რუსეთმა საქართველოს ტერიტორიიდან სამხედრო ძალების გაყვანის მაგივრად, იქ დამატებითი საჯარისო ნაწილები შეიყვანა,“ - განაცხადა სემუელ ჩარაპმა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები პირველ ჯგუფში შედის. ვაშინგტონი აუცილებლად უნდა დარჩეს ამ ბანაკის წევრად და უნდა ეცადოს, რომ მეორე ჯგუფმა საქართველოსთან დაკავშირებით არსებული მიდგომები შეცვალოს. ამისთვის კი, აუცილებელია თანამშრომლობა ამ ჯგუფებს შორის და არა ერთმანეთისგან დისტანცირება. სემუელ ჩარაპი დარწმუნებულია, რომ „ვიდრე არ შეიცვლება კონფლიქტების მოგვარების დინამიკა, საქართველოს გაწევრიანება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ძალიან რთულად გადასაჭრელი იქნება.“
სემუელ ჩარაპის შემდეგ მოხსენებით გამოვიდა ბატონი კორი ველტი, რომელიც ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში ელიოტის საერთაშორისო სკოლაში რუსეთის და ევრაზიის საკითხების კვლევებს ხელმძღვანელობს და დოკუმენტის თანავტორია.
„ჩვენ ყურადღება გავამხვილეთ კონფლიქტების მოგვარების მოკლევადიან პერსპექტივაზე, რომელიც სამი ძირითადი ელემენტისგან შედგება. პირველი, რუსეთმა უნდა აიღოს ვალდებულება, რომ საქართველოს წინააღმდეგ არ გამოიყენებს ძალას, ისევე როგორც ამის მზადყოფნა გამოხატა საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმართ. რუსეთს შეუძლია ამ ვალდებულების აღება,“ - განაცხადა კორი ველტმა.
მისი თქმით, მეორე ელემენტი ეს არის ორმხრივი შეთანხმების გაფორმება საქართველოს მთავრობასა და აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ ადმინისტრაციებს შორის, რომელიც ჰუმანიტარულ და ადამიანთა უსაფრთხოების საკითხებზე იქნება კონცენტრირებული. კორი ველტი აცხადებს, რომ ამ შეთანხმებაში არაფერი იქნება ნათქვამი სტატუსის და უსაფრთხოების უფრო ფართო საკითხების შესახებ. მესამე ელემენტი, კორი ველტის განცხადებით, უნდა იყოს საქართველოს და რუსეთს შორის არსებული იმ პოლიტიკის მოდიფიკაცია, რაც პროგრესის მიღწევას აფერხებს.
ჩარაპის და ველტის აზრით საქართველოს და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციებს შორის შეთანხმების გაფორმებისთვის შემაფერხებელი გარემოებაც არსებობს. კერძოდ, ეს არის საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომელიც ცხინვალის და სოხუმის მთავრობებს არაკანონიერად განიხილავს.
დოკუმენტი ასევე კონფლიქტის მოგვარებისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნევს სატრანსპორტო მიმოსვლის და ეკონომიკური კავშირების აღდგენას საქართველოსა და რუსეთს შორის. ასევე დოკუმენტში შესულია რეკომენდაციები შეერთებული შტატების მიმართ, თუ როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს საქართველოსთან დაკავშირებით ვაშინგტონმა. რეკომენდაციაშია ნათქვამია, რომ საქართველომ უნდა შეცვალოს რუსეთის მიმართ მტრული რიტორიკა და არ უნდა წარმოაჩინოს თავის თავი როგორც ომში ჩაბმული ქვეყანა.
დოკუმენტის თანავტორების შემდეგ, აღნიშნულ ინიციატივებზე კომენტარი გააკეთა ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ ვილსონმა. მან აღნიშნა, რომ არ ეთახმება დოკუმენტის ავტორთა ინიციატივას იმის შესახებ, რომ საქართველომ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, როგორც პოლიტიკურ აქტორებთან უნდა გააფორმოს ხელშეკრულებები. დეიმონ ვილსონი მიიჩნევს რომ აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ მთავრობები რუსეთის მიერ იმართება და ისინი დამოუკიდებელ აქტორებს არ წარმოადგენენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩვენ დისკუსიის ერთერთ მონაწილეს, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორს ბატონ ალექსანდერ ქულის ვესაუბრეთ. ჩვენს შეკითხვაზე შეუწყობს თუ არა ხელს კონფლიქტების გადაჭრას 2013 წლის შემდეგ ხელისუფლებაში მიხელ სააკაშვილის დარჩენა, ბატონმა ქულიმ განაცხადა:
„მე ვიმედოვნებ, რომ ბატონი სააკაშვილი ამას არ იზამს და არ მოძებნის კონსტიტუციურ გზას ხელისუფლებაში დასარჩენად, მას შემდეგ რაც მისი ვადა ამოიწურება. და ეს იქნება უდიდესი საჩუქარი ქართული დემოკრატიისთვის, თუკი მოხდება ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა სხვა პიროვნებისთვის. რაც შეეხება შეუწყობს თუ არა ეს ხელს კონფლიქტების მოგვარებას, ვფიქრობ რომ არა, რადგან ის (სააკაშვილი) არ არის ის ფიგურა, რომელიც მოსწონთ მისი ფეთქებადი ხასიათის გამო. თუმცა მეორეს მხრივ, თუ შევხედავთ, კონფლიქტის მოგვარების პროცესს, მისი მთავრობიდან არის რაღაც მომენტები რაც ყურადღებას იმსახურებს. ამდენად ამ ეტაპზე ძალზედ რთულია იმის გათვლა, თუ რა გავლენა ექნება სააკაშვილის მესამე ვადას კონფლიქტების მოგვარებაზე,“ - განაცხადა ქულიმ.
გუშინდელი დისკუსიის კომენტირებისას კი ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის პროფესორმა სუზან ალენ ნენმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ასეთი მსჯელობები და განსხვავებული ხედვების გაჟღერება ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მხარისთვის. შეკითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ აღნიშნულ ინიციატივას დადებითი გამოხმაურება მოყვეს სოხუმის მხრიდან ქალბატონმა ალენ ნენმა განაცხადა:
„აფხაზების პერსპექტივიდან ჩვენ გვინდა კარგი ურთიერთობა ჩვენს მეზობლებთან, საქართველოს პერსპექტივიდან ჩვენ გვინდა კარგი ურთიერთობები საქართველოს შიგნით, და თუკი ჩვენ გვერდზე გადავდებთ სტატუსის შესახებ ორ განსხვავებულ მიდგომას, მაშინ დავინახავთ, რომ ადამიანებს შორის კარგი ურთიერთობების დამყარება ყველას უნდა,“ - განაცხადა სუზან ალენნ ნენმა.
აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მეორე სარეკომენდაციო დოკუმენტია, რომელიც საქართველოში არსებულ კონფლიქტუირ რეგიონებთან დაკავშირებით ამერიკულ ანალიტიკურ წრეებში შემუშავდა. რამდენიმე თვის წინ კოლუმბიის უნივერსიტეტში ბატონებმა ალექსანდერ ქულიმ და ლინკოლნ მიტჩელმა წარმოადგინეს ინიციატივა „ურთთერთობა აღიარების გარეშე.“ თუ რამდენად გაიზიარებს აღნიშნულ ინიციატივას ოფიციალური ვაშინგტონი და რა რეაქცია მოყვება თავად თბილისში, ამას ალბათ მალე შევიტყობთ.