მოქმედი კანონმდებლობით, ხელისუფლების დამხობის, აჯანყების და სისხლისღვრის შესახებ მოწოდება, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ეს კი ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი დაკავების კანდიდატია. განცხადებები, რომელსაც პრეზიდენტი აკეთებს, არის უმძიმესი, უპირისპირდება სახელმწიფოს და რადიკალებს ღიად მოუწოდებს ძალადობისკენ.
ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ფრანგულ მედიასთან ინტერევიუში სკანდალურ განცხადებას აკეთებს და აცხადებს, რომ საპოლიციო ძალები ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან. მათ ურიგებენ „ამფეტამინს“. გარდა ამისა, მან დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდა, ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც ამდენ ხანს იყო მისაღები და დაინიშნოს ახალი არჩევნები.
ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „დღეს გვჭირდება გონივრული გადაწყვეტილებები, რადგან ქვეყანაში იწყება წინააღმდეგობის მოძრაობა და არ დამთავრდება, ვიდრე არ მივიღებთ ახალ არჩევნებს“.
მიუხედავად იმისა, რომ მოძალადეებმა საქართველოს პარლამენტის შენობა 90-იანი წლების პარლამენტს დაამსგავსეს, ძალადობენ სამართალდამცავებზე, გარეშემო ცეცხლს უკიდებენ ყველაფერს, აცხადებს, რომ არაფერი ხდება არც რუსთაველზე, არც სხვა ქალაქებში, რაც მოითხოვს სამართალდამცველების ჩართულობას და დარბევას.
„ევროპა და ევროპული იდეალებია, რასაც რუსული მარიონეტი აგენტები მიზანმიმართულად და საატიკად ახშობენ თბილისის ქუჩებში. გაიღვიძე, ევროპა. ევროპასა და ამერიკაში მცხოვრებ თანამემამულეებს, ნაცნობებს უცნობებს, თქვენ მოგმართავთ, გამოფხიზლდით. პოზიცია გამოხატეთ, პრესასა და ტელევიზიებში, საელჩოებთან, ან თუნდაც სოციალურ ქსელში, ან ჩამოდით და დაუდექით გვერდში თქვენი ქვეყნის მომავალს“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
ამ ყველაფრის მიუხედავად უმძიმესი იყო პრეზიდენტის ბოლო მიმართვა, როდესაც აღნიშნა, რომ უნივერსიტეტების შემდეგ ახლა სკოლების დროა, მთელი საქართველოს მასშტაბით გამოხატონ სოლიდარობა საპროტესტო აქციების მიმართ. რა თქმა უნდა, ზურაბიშვილის ამ განცხადების შემდეგ რადიკალების სამიზნე სკოლები გახდა, რამაც გამოიწვია ის, რომ არასრულწოვანი ბავშვები ჩართეს პროტესტში, გაიყვანეს აქციაზე და სწორედ სპეცრაზმის წინ დააყენეს, ხელში ე.წ. ფერივერკი დააჭერინეს და მოუწოდეს, რომ დამიზნებით ესროლათ სპეცრაზმისთვის, რაც მოზარდებმა წარმატებით შეასრულეს.
ზურაბიშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულს აცნობიერებს დასავლეთი, ის დასავალეთი, რომელიც მხარს უჭერს თბილისში მიმდინარე პროცესებს. მაგალითად, ლიეტუვა აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ქვეყანა სალომე ზურაბიშვილს თავშესაფარს მისცემს. ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას უფროსმა მრჩეველმა, აასტა სკაიუსგირიტემ გააკეთა განცხადება, რომ ბუნებრივია, ლიეტუვა თავშესაფარს მისცემდა, თუ ასეთი საჭიროება იარსებებდა, მაგრამ ამჟამად პრეზიდენტ ზურაბიშვილს ძალიან მკაფიოდ აქვს განმარტებული, რომ იგი იქნება თბილისში თავის ხალხთან ერთად“, - განაცხადა აასტა სკაიუსგირიტემ.
საზოგადოების უდიდესი ნაწილი ხელისუფლებისგან კატეგორიულად მოითხოვს ზურაბიშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას. მეტიც, საზოგადოების მეორე ნაწილი თვლის, რომ პრეზიდენტი, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებაში არასრულწოვან ბავშვებს რთავს, ორბელიანების სასახლიდან უნდა გამოიყვანონ. გარდა ამისა, მშობლები სოციალურ ქსელში წერენ, რომ შეიმუშაონ პეტიცია და მიმართონ ხელისუფლებას, რომ სალომე და ოთარ ზურაბიშვილებს ჩამოერთვათ საქართველოს მოქალაქეობა.
ზურაბიშვილის მიმართავს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: „ქალბატონო ..... , სკოლების შემდეგ იმედია საბავშვო ბაღებს არ მოუწოდებთ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენ“, - წერს ანდრია ჯაღმაიძე.
საგანგებო განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომ, სადაც მოუწოდებენ საქართველოს პრეზიდენტს და სხვა პირებს, ამ დაძაბულ დღეებში მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თითოეულ სიტყვას, რამაც შეიძლება ყველასთვის სავალალო შედეგი გამოიღოს.
„ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ, თუ როგორ ვითარდება მოვლენები საპროტესტო აქციებზე; ხშირად მდგომარეობა ისე იძაბება, რომ შეკრება სხვადასხვა საგნის უმისამართო სროლასა და ხელჩართულ დაპირისპირებაში გადაიზრდება ხოლმე. ასეთ პირობებში სკოლის მოსწავლეთა და, საერთოდ, არასრულწლოვანთა ჩართვის წაქეზებისკენ მოწოდებული ყოველგვარი განცხადება, მით უმეტეს, ქვეყნის პრეზიდენტის მიერ გამოთქმული, რომელიც, წესით, თავად უნდა ცდილობდეს ხალხში არსებული პოლარიზაციისა და სიძულვილის განეიტრალებას, რათა მიმდინარე მოვლენებისგან მომავალი თაობის ფსიქიკასა და ფიზიკურ ჯანმრთელობას რაიმე ზიანი არ მიადგეს, არის უაღრესად შემაშფოთებელი. ამას ემატება ისიც, რომ ვრცელდება კადრები, თუ როგორ ცდილობენ უცხო ადამიანები სკოლების ადმინისტრაციის წინააღმდეგ წასვლას და შედიან სკოლებში, არღვევენ სასწავლო პროცესს და მოსწავლეებს მიმართავენ მოწოდებებით, რაც იწვევს სამართლიან აღშფოთებას, ყოვლად დაუშვებელია და სასწრაფოდ უნდა შეწყდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, პასუხისმგებლობას მოკლებულია სამართალდამცავების დისკრედიტაციისა და პოლარიზაციის გამომწვევი დაუსაბუთებელი განცხადება იმის შესახებ, რომ სამართალდამცავები ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ არიან.
„საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი სასულიერო პირები ქაშუეთის ტაძარში და მიმდებარე ტერიტორიაზე ყოველ ღამეს მორიგეობენ და მსგავსი ფაქტები არასდროს დაუფიქსირებიათ. დასასრულ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს და სხვა პირებს, რომ ამ დაძაბულ დღეებში მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თითოეულ სიტყვას, რამაც შეიძლება, ყველასთვის სავალალო შედეგი გამოიღოს“, - ნათქვამია განცხადებაში.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის ემოციური მდგომარეობა არის არამდგრადი და შეგვიძლია, თანავუგრძნოთ მას.
„სალომე ზურაბიშვილის ემოციური მდგომარეობა არის არამდგრადი და შეგვიძლია, თანავუგრძნოთ მას. მას აქვს დარჩენილი ოთხი პარასკევი და ამ ფონზე მისი ემოციური განცხადებები არავისთვის არის გასაკვირი. მისი განცხადებით, პოლიციელები იყვნენ ნარკოტიკული თრობის ქვეშ და მოძალადე მომიტინგეები იყვნენ სრულიად ფხიზლები. ყველამ დაინახა, ვინ იყო ფხიზელი და ვინ არ იყო ფხიზელი ამ დღეების განმავლობაში ამ მიტინგებზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თბილისის მერის შეფასებით ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის არ არის საქართველოს პრეზიდენტი და არ ემსახურება ქართულ სახელმწიფოს. როგორც კახა კალაძე აცხადებს, წარმოუდგენელია პრეზიდენტის მოწოდება არასრულწლოვანების მიმართაც, რომ მიმდინარე აქციებს შეუერთდნენ.
„ეს განცხადება, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ ვინ არის სალომე ზურაბიშვილი. ეს არის ყველაფრის მკადრებელი ადამიანი. კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის არ არის საქართველოს პრეზიდენტი. ის არ ემსახურება ქართულ სახელმწიფოს - ჩვეულებრივი დაქირავებული აგენტია, ემსახურება სხვა კონკრეტული, გარე ძალების ინტერესებს და პირველი ადამიანია, ვისაც სურვილი აქვს, ქვეყანაში მოხდეს დაპირისპირება, დაძაბულობა, სახელმწიფო გადატრიალება. რა თქმა უნდა, სამარცხვინოა მისი განცხადებები, თუნდაც ბავშვებთან მიმართებით, როდესაც მოუწოდებს სკოლებს, პატარა ბავშვებს, არასრულწლოვანებს, რომ გამოვიდნენ და ჩაერთონ ძალადობრივ აქციებში. წარმოგიდგენიათ ასეთი რამ? წარმოუდგენელია, უბრალოდ, ამას აკეთებდეს ადამიანი, რომელსაც ჯერ კიდევ ჰქვია ქვეყნის პრეზიდენტი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე წერს, რომ ის რასაც დღეს ვხედავთ ვადამილეულ (პ)რეზიდენტის მხრიდან, არის სრული(!) პოლიტიკური და მორალური მარგინალიზაცია, კრახი, დაცემა. მისი თქმით, იმდენად არის შესული ავადმყოფურ აზარტში, რომ როგორც ერთ ქართულ ფილმშია, თავკონტროლი აქვს დაკარგული.
„იმაზე, რასაც ქვემოთ დავწერ, ვიცი, ბევრს ექნება სრულიად საფუძვლიანი კონტრარგუმენტი - ეს ხომ ამ ხელისუფლებამ გაათრია პრეზიდენტათო და ა.შ. დიახ, სამწუხაროდ, ასე იყო და შეცდომა აღიარებულია. მოგეხსენებათ ნარცისიზმი და თვითგანდიდების მანია, რითაც ზურაბიშვილი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დაავადდა, იმის გამო რომ იყო „nobody“ და უცებ გახდა „somebody“, უკურნებელი სენია. არ ვიცი ჩვენი საზოგადოება როგორ მოექცევა ზურაბიშვილს, იმის შემდეგ, რაც ორბელიანების სასახლეს დაატოვებინებენ, და აუცილებლად უნდა დაატოვებინონ, რაც არ უნდა გაჯიუტდეს იქიდან გამოსვლაზე“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.
რაც შეეხება ლიეტუვის შეთავაზებას, პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ალბათ, მწარე ღიმილის მომგვრელი შეიძლება იყოს. სწორედ ის, რომ ლიეტუვის ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ პრეზიდენტი არღვევს საქართველოს კანონმდებლობას საიმისოდ, რომ მასსზე შეიძლება გამოცხადდეს სამართლებრივი დევნა.
„ლიეტუვის ხელისუფალი იტყვის, რადგან დაპირისპირება არის პრეზიდენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის, ამიტომ ვთქვიო, მაგრამ ჩვენს ისტორიას თუ გადავახედავთ, ვნახავთ, რომ თუკი ადამიანი იყო დევნის ობიექტი, იგი ხდებოდა თავშესაფარის შეთავაზების მხარე. მენშევიკების ხელისუფლებამ გეზი აიღო უცხოეთისკენ, როცა უკვე შემოსული იყო საბჭოთა ჯარი. ზვიადის ხელისუფლებამ და თავად ზვიადმა შეთავაზება მიიღეს მას მერე, რაც გაქცევა მოუწიათ პარლამენტის შენობიდან, როცა სამოქალაქო ომის შედეგად დამარცხდა ხელისუფლება.
ანუ, სამხედრო დაპირისპირების ფონზე ხდებოდა შეთავაზება სხვადასხვა ქვეყნებიდან თავშესაფართან დაკავშირებით. აქ სამხედრო დაპირისპირება არ არის, მაგრამ თავშესაფრის შეთავაზება უკვე გულისხმობს იმას, რომ სამართლებრივი დაპირისპირება მოხდება და წესით, პრეზიდენტი ქვეყნიდან უნდა გაიქცეს. თუ სამართლებრივი დაპირისპირება მოხდა და მასზე საქმე აღიძრა, ასეთ შემთხვევაში, ვეღარ გაიქცევა, უკვე იქნება დაპატიმრებული. თუ წინასწარ გაიქცევა, მაშინ შეიძლება წინასწარ გამოიყენოს შეთავაზება, მაგრამ თუ წინასწარ გაიქცევა, ეს ნიშნავს, რომ დანაშაულს აღიარებს“, - აცხადებს საყვარელიძე.
კითხვაზე, რა კვალიფიკაცია შეიძლება მივცეთ პრეზიდენტის ქმედებას, პოლიტოლოგი აცხადებს, რომ ბევრი ქვეყნის კანონმდებლობაში, ისევე როგორც ჩვენს კანონმდებლობაში, არის მუხლი - დაპირისპირებისა და სისხლის ღვრის მოწოდების შემთხვევაში ვრცელდება სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
„მოწოდება უკვე ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკოსმა უკვე უბიძგა დაპირისპირებისკენ ადამიანთა დიდ ჯგუფს, ქიშპი ჩამოაგდო ამ ჯგუფებს შორის. თუკი ქიშპის ჩამოგდება, დაპირისპირება ჯგუფებს შორის არის სამართლებრივი დევნის საფუძველი, წესით, ადამიანი პასუხს უნდა აგებდეს ასეთი მოწოდებების დროს და ასეთ შემთხვევაში, საქართველოს დღევანდელმა მოქმედმა პრეზიდენტმაც თავის თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, ზურაბიშვილი არის გარე პატრონებზე დამოკიდებული და შესაბამისად, იძულებულია გააკეთოს ის, რა დავალებასაც იღებს პატრონებისგან.
„ფაქტია, რომ „დავერბოვკებულია“ და ახლა, როგორც ირკვევა, ჩაუვარდათ გეგმა, რომელიც საქართველოში ითვალისწინებდა და ჯერ კიდევ ითვალისწინებს სახელმწიფო გადატრიალებას. მისი ცალკეული მოწოდებები, ყველა დანარჩენს რომ თავი დავანებოთ, რომ ახლა უნდა დაიწყოს სკოლის მოსწავლეების გამოსვლებიო, ეს არის ცალსახა მოწოდება იმის შესახებ, რომ საქართველოში მოხდეს გადატრიალება და მასში ჩართული უნდა იყვნენ მოსწავლე-ახალგაზრდები.
ნახეთ, რა ჩანაწერები დადო უსაფრთხოების სამსახურმა, პირდაპირ ლაპარაკობენ, რომ საჭიროა ერთი გვამი, ორი გვამი, სამი გვამი და ამაში მათ ხელს უწყობს სალომე ზურაბიშვილი. ამის ფონზე თავშესაფრის შეთავაზება ნიშნავს იმას, რომ ის განწირულია დასავლეთ ევროპის მხრიდან, მათ შორის საფრანგეთისგან. საფრანგეთშიც იცვლება სიტუაცია, მაკრონის რეიტინგი არის ნული და არავის უნდა უკვე განწირული სალომე ზურაბიშვილი, მათ შორის არც ამ რადიკალურ ოპოზიციას, რომელთაც უნდათ პრეზიდენტის ინსტიტუტი და არა თვითონ ზურაბიშვილი“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.