„შარპის სცენარით, უცხოეთში მყოფი თანამდებობის პირები უნდა გადადგნენ, რომ საერთაშორისო ჟღერადობა ჰქონდეს ხავერდოვან რევოლუციას“

„შარპის სცენარით, უცხოეთში მყოფი თანამდებობის პირები უნდა გადადგნენ, რომ საერთაშორისო ჟღერადობა ჰქონდეს ხავერდოვან რევოლუციას“

ამერიკელი პოლიტოლოგის ჯინ შარპის 198 მეთოდი არაძალადობრივი მხოლოდ ფურცელზეა და ის რეალურად რევოლუციისთვის ყველა შესაძლო ძალადობრივი ხერხის გამოყენებას გულისხმობს. საჯარო გამოსვლები, ლოზუნგები, ოპოზიციის მხარდამჭერების წერილები, პიკეტირება, ლოცვა და სიწმინდეების თაყვანისცემა, როგორც ბრძოლის იარაღი, მოტოციკლებითა და მანქანებით მსვლელობა, თანამდებობის პირთა მიმართ დამცინავი რიტორიკა, მჯდომარე აქციები - ეს არის შარფისეული პოსტულატების მნიშვნელოვანი ნაწილი.

მათ შორის ამ გეგმის ნაწილია სწორედ დიპლომატები, რომლებიც საზოგადოებრივ პროტესტის გასამწვავებლად პროტესტის ნიშნად უნდა გადადგნენ თანამდებობიდან და თან ისე, რომ განცხადებით დაუპირისპირდნენ ხელისუფლებას. სწორედ ასე ვითარდება საქართველოში პროცესები, გარდა იმისა, რომ სულ რამოდენიმე ქვეყნის ელჩმა დაწერა განცხადება და გააპროტესტეს ქვეყნის „გარუსების“ გეგმა. ელჩების შემდეგ ანალოგიური პროცესი გაგრძელდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში. როგორც ჩანს, პროცესი გაგრძელდება, მაგრამ ეს არ გახდება სახელმწიფოს ჩამოშლის საფუძველი. საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველოს დიპლომატიურ სამსახურზე ხორციელდება ზეწოლა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უპრეცედენტოდ დიდი ზეწოლა მიმდინარეობს სამინისტროს თანამშრომლებზე, საჯარო მოხელეებზე. მათ აიძულებენ, რომ რაღაც პოზიციები დააფიქსირონ საჯაროდ და ამით გახდნენ პოლიტიკური მანიპულაციების ობიექტები თუ სუბიექტები.

„ძალიან მიზანმიმართული შეტევა მიდის საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე. საჯაროდ მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც ღირსეულად დგას და უძლებს ამ ზეწოლას. მინდა მათაც მივმართო, ვინც გარკვეულწილად მოქცეულია ამ ზეწოლის ქვეშ, რომ გაიაზრონ კარგად, რასთან გვაქვს საქმე. ეს არის ჩვენი საერთო მიზანი, რომ ვაჩვენოთ ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

ბოლო რამოდენიმე დღეა განსაკუთრებული ზეწოლის ქვეშ უწევთ მოღვაწეობა ელჩებს. მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ 29 ნოემბრის ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო აჩერებს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას 2028 წლამდე, საზოგადოებაში ხელისუფლების გადაწყვეტილება პროტესტის მიზეზი გახდა. საპროტესტო აქციების პარალელურად თანამდებობებს ტოვებენ სხვადასხვა ქვეყანაში დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები.

კერძოდ, თანამდებობა დატოვა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აშშ-ი დავით ზალკალიანმა; ნიდერლანდების სამეფო - დავით სოლომონია; ლიეტუვა - სალომე შაფაქიძე; ბულგარეთი - ოთარ ბერძენიშვილი; იტალია - ირაკლი ვეკუა; სამხრეთ კორეა - თარაშ პაპასკუა; ასევე ხელისუფლების გადაწყვეტილებას გაემიჯნა საქართველოს ელჩი ჩეხეთში თეა მაისურაძე. გარდა ამისა, ხელისუფლების გადაწყვეტილებას გაემიჯნა საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ნაწილი, თუმცა უწყებაში ამ დრომდე რჩებიან და აგრძელებენ დავალების შესრულებას, კერძოდ ზეწოლას და ბულინგს თანამშრომლებზე.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სამწუხაროა, რომ დავით ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა და სოლიდარობაც გამოუცხადა, რომლის მიმართაც ძალიან მძიმე ზეწოლა იყო.

„დავით ზალკალიანის არჩევანს პატივს ვცემ. მასთან მქონდა საუბარი. არ ვიცი, ყველას სხვადასხვაგვარი ნებისყოფა აქვს. ამ შემთხვევაშიც, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო დავით ზალკალიანს, რომლის მიმართაც ძალიან მძიმე ზეწოლა იყო სხვადასხვა მხრიდან, არ იგულისხმება ნაცების ზეწოლა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ანალოგიური ვითარებაა საჯარო რეესტრშიც. უწყების თანამშრომლებმა რომლებმაც დაწერეს პეტიცია, რჩებიან უწყებაში და აგრძელებენ ბულინგს თანამშრომლებზე. თავად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, დავით დევიძე აღნიშნავს, რომ სიცრუეა თითქოს, ის შეუერთდა სააგენტოს თანამშრომლების ნაწილის პეტიციას, სადაც ისინი ემიჯნებიან „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ. როგორც დევიძე სოციალურ ქსელში წერს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, გაურკვეველმა პირებმა ელექტრონულ ფაილზე დაიტანეს მისი სახელი და გვარი და საზოგადოებას მიაწოდეს ყალბი ინფორმაცია.

იდენტური ვითარებაა თბილისის მერიაში. თბილისის მერის განცხადებით, ამას ელოდებოდა, მერიაში რეორგანიზაცია გამოცხადებული აქვს და იგეგმება გადაადგილებები. მისი თქმით, ეს ადამიანები აღნიშნულ გზას ირჩევენ, რაც მათი გადასაწყვეტია.

„ეს ჩემთვის გასაგებია. ჩვენ გასულ კვირას, მერიაში რეორგანიზაცია გამოვაცხადეთ. კარგია, ეს თვითლუსტრაციაა. ყველას თავისი გზა აქვს. ეს ადამიანები ამ გზას ირჩევენ, მათი გადასაწყვეტია. მე ამას ველოდებოდი, რეორგანიზაცია გამოცხადებული გვაქვს, გადაადგილებები იგეგმება. არაფერი, ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს ღმერთმა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

რადიკალური ოპოზიციის წევრის ანა დოლიძის განცხადებით, ევროკავშირში საქართველოს ელჩმა ვახტანგ მახარობლიშვილმა თანამდებობა უნდა დატოვოს. მისი შეფასებით, იმ ვითარების ფონზე, როდესაც მთავრობამ ევროკავშირში მოლაპარაკებები შეაჩერა, პროცესიდან გამოვიდა და დახმარებაზე უარი თქვა, სამარცხვინოა, რომ ვახტანგ მახარობლიშვილი ბელგიაში ზის.

„კონფორმიზმი კი არა, მედროვეობა კი არა, რა საქციელია ეს?! თან მინდა გითხრათ, რომ მას ვიცნობ. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, არ მაინტერესებს, რომ ვიცნობ იმიტომ, რომ ის რასაც დღეს აკეთებს, რომ ემსახურება... ახლა ელჩის სამსახური მინდა გითხრათ რა არის - ყოველდღე ზის და აგზავნის ანგარიშებს, დადის შეხვედრებზე იქ, ადგილზე და სახელმწიფოს სახელით ხსნის რა ხდება.

წარმოგიდგენიათ რეებს ამბობს? ანუ ამბობს, რომ ეს ბავშვები ქუჩაში რომ დგანან და მომწყვდეულები რომ ჰყავთ „ომონს“, რომ სცემენ 200 კაცს, გაწუწულს, ნაწვალებს, ალბათ ამაზე იძახის ორმხრივი ძალადობააო. დარწმუნებული ვარ, აბა რას აკეთებს იქ? ჩვენი გადასახადებით ზის ბრიუსელში და გაყვანილი ჰყავს ოჯახი ბრიუსელში, თვითონ კარგად სარგებლობს იმ სიკეთეებით, რაც არის ევროპა. თვითონ კარგად სარგებლობენ სიკეთეებით - ეს მედროვე ეს. მან აუცილებლად უნდა დატოვოს თანამდებობა“, - აცხადებს ანა დოლიძე.

უნებისყოფო დიპლომატები წავიდნენ და ქვეყანა კრიტიკულ სიტუაციაში მიატოვეს. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე წერს, რომ მავანი შეიძლება არ დამეთანხმოს, მაგრამ ასეთ საპასუხისმგებლო და ჩვენთვის მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც აშშ-ში ხელისუფლების გადაბარება მიმდინარეობს, იქ ჩვენი ელჩის გადადგომა, სრულიად გამაოგნებელი და გაუმართლებელია „ზეწოლას ვერ გაუძლო“ მოტივით.

„ეს არის მისი მხრიდან, არათუ უპასუხისმგებლო, არამედ, ჩემი აზრით, ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი. ელჩი იმიტომ არის ელჩი, რომ ის ვალდებულია გაუძლოს სტრესულ სიტუაციებს და განაგრძოს მუშაობა, რაც არ უნდა მოხდეს. ოპოზიცია უკვე ეძებს კონტაქტებს ტრამპის გარემოცვასთან. ამიტომ, აშშ-ში სასწრაფოდ უნდა დაინიშნოს ახალი და რომ იტყვიან, ყოველმხრივ შემოწმებული (მათ შორის სტრეს ტესტზე) ელჩი. თუ რატომ, ვფიქრობ, ბევრ ახსნას არ საჭიროებს“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ხავერდოვანი რევოლუციების სცენარები არის ბევრი და მათ შორის შარპის 198-პუნქტიანი სცენარის ერთ-ერთი ნაბიჯი არის ის, რომ თანამდებობის პირები, თან უცხოეთში მყოფნი, უნდა გადადგნენ. მისი თქმით, იგივე შარპის თეორიით, ეს საერთაშორისო ჟღერადობას მოუმატებს ხავერდოვან რევოლუციას.

„ამ ლოგიკით იყო ამ გეგემაში ჩართული ელჩების პროტესტი. ელჩებმა უნდა გააპროტესტონ, უნდა გადადგნენ, რა თქმა უნდა. ცხადია, რომ შარპის სცენარით მიდის ეს პროცესი, რომელსაც ძალიან კარგად იცნობენ დასავლეთში და ამიტომ სავარაუდოა, რომ თვითონ ამერიკელები აბულინგებდნენ ზალკალიანს გადამდგარიყო, რომ ამერიკელი პოლიტოლოგის შარპის სცენარი განხორციელებულიყო. ისევე, როგორც ყველა დანარჩენ ქვეყანაში, ალბათ, მეტ-ნაკლებად ადგილობრივი ხელისუფლება აიძულებდა ელჩს გადამდგარიყო და თან გადამდგარიყო ისე, რომ საპროტესტო ქვეტექსტი უნდა ჰქონოდა მის გადადგომას. აღარ ვლაპარაკობ, რომ ლიეტუვაში ასეთი ზეწოლა მოსალოდნელი იყო. ვიცით, რომ ყოფილი ბალტიის ქვეყნები ძალიან აქტიურად ემხრობიან სააკაშვილს და ეწინააღმდეგებიან ივანიშვილს“, - აცხადებს საყვარელიძე.

კითხვაზე, საბოლოო ჯამში მოქმედებაში მოვა თუ არა შარპის გეგმა, პოლიტოლოგი აცხადებს, რომ ამ გადადგომების მიზანი არ არის სახელმწიფოს ჩამოშლა.

„ჯერ ერთი, ელჩი არ წარმოადგენს იმ ტიპის ჩინოვნიკს, რომელზედაც ხელისუფლება დგას. თავდაცვა, ძალოვნები და ა.შ. კი ბატონო, მაგრამ უცხოეთთან ურთიერთობაში ჩავარდება ერთი ხაზი. შარპის ამ კონცეფციაში სწორედ საელჩოებზეა ნადირობა, რათა საერთაშორისო ჟღერადობა მიეცეს რევოლუციის პროცესს. ანუ, მიზანი არის საერთაშორისო ჟღერადობა და არა ხელისუფლების ჩამოშლა.

ამ პროცესის რაღაცა ნაწილებს ვუყურებთ ჩვენ. უკრაინაში ამან მაიდანიზაციის სახე მიიღო, სადაც უკვე ხავერდოვანიც არ იყო, იმიტომ რომ ფიზიკური დაჯახება მოხდა. ჩვენს შემთხვევაში ნარევია - ხავერდოვანი მაედანი თუ შეიძლება ასე დაარქვა, სადაც ფიზიკური ელემენტებიც ბევრია და საპასუხო რეაქციაც არის. აი, ამ პროცესებს ვაკვირდებით ახლა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.