საქართველო ცივი ომის ხაზზე

საქართველო ცივი ომის ხაზზე

ევროკავშირის პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპუი უახლოეს მომავალში თბილისს ეწვევა. ამის შესახებ მან განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ მომავალი თვის ბოლოს საქართველოში ვიზიტს გეგმავს.

როგორც საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ზურაბ აბაშიძე აცხადებს, ძალზე მნიშვნელოვანია ასეთი მაღალი რანგის სტუმრის ჩამოსვლა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე.

„მანამდე, დაახლოებით ერთ თვეში, საქართველოს ეწვევა ევროკომისარი ფულე - უნდა ითქვას, რომ ჩვენი ხელისუფლების მიდგომას, რომ შედეგებზე ვართ ორიენტირებული, ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯებიც ცხადყოფს. მიუხედავად ოპონენტთა წარუმატებელი მცდელობისა, დღევანდელი ხელისუფლების დისკრედიტაციისა, ევროინტეგრაციის პროცესი ჩვეულ რიტმში მიდის და შედეგებსაც მალე ვიხილავთ“, - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

ევროკავშირის პრეზიდენტმა შეხვედრისას მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ვიზიტისთვის და ხაზგასმით დააფიქსირა ევროკავშირის პრინციპული პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისადმი. მანვე შეშფოთება გამოხატა მავთულხლართების გავლების პროცესის გამო.

ევროკავშირის პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპუიმ, მედიისთვის გაკეთებულ განცხადებაში, საქართველოს მხრიდან ვიზების ლიბერალიზაციის კუთხით გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეაფასა და კიდევ ერთხელ აღნიშნა ევროკავშირის მზაობა საქართველოსთან ასოცირების შეთანხმებას რაც შეიძლება უმოკლეს ვადაში მოეწეროს ხელი.

„იმან, რომ ჩვენი პრემიერის ვიზიტმა ძალიან მაღალ დონეზე ჩაიარა ბრიუსელში, ცხადყოფს, თავად ევროკავშირის ძალიან სერიოზულ დამოკიდებულებას ქართული სახელმწიფოს მიმართ“, - მიიჩნევს ზურაბ აბაშიძე.

მისივე შეფასებით, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ის, რასაც წლების განმავლობაში ვცდილობდით, ძალზე სერიოზული შედეგით დასრულდება.

„გარდა ამისა გადაწყვეტილია, რომ ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოეწერება მიმდინარე წლის აგვისტომდე - ეს ძალზე სერიოზული გადაწყვეტილებაა. ეს არ არის რიგითი ხელშეკრულება, რომელსაც ქართული სახელმწიფო დებს სხვა სახელმწიფოსთან, არამედ ეს არის უმნიშვნელოვანმესი დოკუმენტი, რომლის შედეგადაც საქართველო სერიოზულ დივიდენდებს მიიღებს.

გვაქვს ვალდებულებებიც - სერიოზული რეფორმები, რომელიც განსახორციელებელია, აქტიურ ფაზაში გადასვლას იწყებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ქვეყნისა და ხალხისთვის წარმატებით დასრულდება“ , - აცხადებსზურაბ აბაშიძე.

თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააფიქსირა საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის მტკიცე ნება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე. მან ისაუბრა საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ ევროკავშირის როლი ამ პროცესებში უმნიშვნელოვანესია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ვიქტორ დოლიძე მიიჩნევს, რომ ამ ამპლუაში პრემიერმა ღარიბაშვილმა პირველად გამართა შეხვედრები ევროპაში, რომელმაც წარმატებით ჩაიარა.

„შეიძლება ითქვას, რომ პრემიერის შეხვედრები ნატოში, მიუნხენსა და ბრიუსელში იყო ძალზე ნაყოფიერი. გაიმართა ძალზე მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები, ევროკავშირის ლიდერებთან, რაც ნიშნავს ძალზე ფართო მხარდაჭრას ჩვენს ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, შეხვედრებისას მკაფიოდ დაისვა ყველა საკითხი, მათ შორის დეოკუპაცია, რუსეთთან ურთიერთობა და ა.შ. ვან რუმპეიმ კიდევ ერთველ განაცხადა, რომ ჩვენ აგვისტომდე უნდა მოვაწეროთ ხელი ასოცირების შეთანხმებას, ეს არის კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტი იმისა, რამდენად მნიშვნელოვანია შეთანხმების ხელშეკრულებაზე დროულად ხელმოწერა“, - აცხადებს ვიქტორ დოლიძე.

ექსპერტი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა პრინციპული გადაწყვეტილებაა და ევროკავშირი ამას აუცილებლად განახორციელებს.

„ეს პრინციპული მიდგომაა, სრტატეგიულ მიზანსაც წარმოადგენს და ერთგვარად, დადებითი მომენტია, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობა შეთანხმებულია ამ საკითხთან დაკავშირებით“, - მიიჩნევს მაისაია.

მისივე შეფასებით, როგორც ჩანს, ჩვენთან მიმართებაში არ იქნება არავითარი უკანდახევის სტრატეგია, რადგან უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანის ფაქტორმა, თავისი როლი შეასრულა. გარდა ამისა, მაისაია მოელის, რომ მოლდოვაშიც საინტერესო პროცესები იწყება, მისი ვარაუდით, შესაძლოა, სიტუაცია აირიოს, რადგან მომავალ წელს იქნება საპარლამენტო არჩევნები და ისევ კომუნისტებს აქვთ დიდი შანსი, რომ მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში.

„ერთგვარი ალბათობაც კი არსებობს, რომ მოლდოვაც შეიძლება ჩამოცილდეს ამ პროცესს. საქართველოზე კეთდება პრინციპული მიდგომა, რადგან ევროკავშირსა და რუსეთს შორის რეალური დაპირისპირების წინა ხაზი გარკვეულწილად, უკრაინიდან საქართველოზე გადმოდის.

ბუნებრივია, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროკავშირის ხელმძღვანელობის შეხვედრა ყველანაირად მიანიშნებს, რომ ევროკავშირი მზად არის, პრინციპულად დააყენოს საკითხი და არ გადაუხვიოს კურსს, რომ საქართველომ რაც შეიძლება სწრაფად მოაწეროს ხელი ასოცირების ხელშეკრულებას“,- მიიჩნევს მაისაია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა - პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ევროკომისართან ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტინგერთან. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელობას ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებაში.

„ენერგოუსაფრთხოების კუთხით ძალზე სერიოზული ნაბიჯები იდგმება, სერიოზული რეფორმები ტარდება და ეს თემა ერთ-ერთი ქვაკუთხედია ევრონტეგრაციის გზაზე“, - მიიჩნევს ზურაბ აბაშიძე.

ვახტანგ მაისაია თვლის, რომ ეს არის კიდევ ერთი თემა, რაც რუსეთსა და დასავლეთს შორის უკვე ახალი სიმწვავით დგება.

„ენერგოუსაფერხოების კუთხითაც შეიცვალა მიდგომები, ნაბუკოს პროექტი, რომელზეც ევროგაერთიანების ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ხარისხი იყო დამოკიდებული, ჩავარდა. ახლა იწყება ახალი ენერგეტიკული პროექტის განვითარება, ეს არის ტაპის პროექტი, რომელიც ნაბუკოს ერთგვარი საპირწონე იქნება. ეს ითვალისწინებს აზერბაიჯანიდან ევროპისკენ ტრანსბალკანური მაგისტრალის მშნებლობას. ამ მიმართულებითაც მიდის ბრძოლა. რუსეთი კი თავის მხრივ, ალტერნატიულ პროექტებს ამუშვებს სამხრეთის მიმართულებით.

ენერგოუსაფრთხოების კუთხითაც იწყება ახალი დაპირისპირების კერა ევროკავშირსა და რუსეთს შორის. არა მარტო გეოპოლიტიკური, არამედ გეოეკონომიკური კუთხითაც - უკვე ორ განზომილებაში ხდება ცივი ომის რეციდივების აღდგენა“, - აცხადებს მაისაია.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის სექტემბერში ვაშინგტონში გაიმართა საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც ახალი პროექტის განხილვა მოხდა -აზერბაიჯანული ენერგო კონსორციუმის „შაჰ დენიზ 2-ის“ მიერ შარშან ზაფხულში მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, პროექტი „ნაბუკო“ აღარ განხორციელდება და მას ტრანს-ადრიატიკული მილსადენი, იგივე „ტაპი“ ჩაენაცვლება.

შტატებში საკითხის განხილვისას გამოიკვეთა მოსაზრება, რომ ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში ახალი მოთამაშე - აზერბაიჯანი გამოჩნდა, რაც არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს, არამედ ევროპას ენერგორესურსების დივერსიფიკაციის უკეთეს შესაძლებლობას მისცემს.

„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, გარდა იმისა, რომ ტაპი რუსეთისგან ევროპის ენერგოუსაფრთხოების ერთ-ერთი ბერკეტი იქნება, მილსადენი საქართველოსთვისაც უკიდურესად მნიშვნელოვანი პროექტია. დაახლოებით 45 მილიარდიანი ინვესტიციიდან, რომელიც „ტაპის“ დასასრულებლადაა საჭირო, 2 მილიარდი დოლარი საქართველოში ჩაიდება. ეს ქვეყანაში უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციაა.

ვახტანგ მაისაიას შეფასებით, საქმე ისაა, რომ დღევანდელი გეოპოლიტიკური კოლიზიები, ანუ ბრძოლა აღმოსავლეთ ევროპისთვის, დასავლეთსა და რუსეთს შორის ცივ ომში გადაიზარდა. მაისაიას მოსაზრებით, ამის ინდიკაციები არსებობს.

„ბოლოს და ბოლოს ამერიკის ელჩის გადადგომა მოსკოვში ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ასეთ პირობებში ბუნებრივია არსებობს ორი დაპირისპირებული ძალა და საუბარია სად გაივლის ამ ცივი ომის საზღვრები. 90-იან წლებში ეს საზღვარი გადიოდა ცენტრალურ და დასავლეთ ევროპის ზღვარზე, დღეს ამ საზღვარმა გადმოიწია აღმოსავლეთ ევროპისკენ - საუბარია ამ ცივი ომის პერიოდში ჩვენ სად ვიქნებით ევროატლანტიკურ თუ ევრაზიულ სივრცეში. გეოპოლიტიკური ბრძოლის ხაზი გადის სწორედ კავკასიაზე და საქართველო არის ერთგვარი სასინჯი ქვა“, - მიიჩნევს მაისაია.

მისივე შეფასებით, სწორედ ამიტომაც არის მსგავსი შეხვედრები ძალზე მნიშვნელოვანი.

„ეს შეხვედრები ნიშნავს იმას, რომ საქართველო აგრძელებს კურსს, ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, ეს შეხვედრები ამას უსვამს ხაზს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო შეიძლება აღმოჩნდეს დიდი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური გამოწვევების წინაშე, ის აგრძელებს დასავლეთისკენ სვლას. რამდენად გაუძლებს საქართველო იმ გამოწვევებს, რაც შეიძლება წამოვიდეს ჩრდილოეთიდან, ეს მეორე საკითხია, მაგრამ პოლიტიკური ნება ოფიციალურ დონეზე გამოხატულია“, - აცხადებს მაისაია.