საქართველო აცხადებს, რომ ის გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს, თუკი რუსეთი რაიმე ქმედებით მხარს დაუჭერს საქართველოსგან გამოყოფილი ორი რეგიონის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ პრეტენზიებს სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობის დროს.
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ „ეგრეთ წოდებულ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებებს“ არ მოუწყობენ არანაირ ოფიციალურ მიღებას.
რუსეთი ერთ-ერთია იმ თითზე ჩამოსათვლელ ქვეყნებს შორის, რომელიც აღიარებს ამ რეგიონების დამოუკიდებლობას. საქართველოს არ აქვს მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის ხანმოკლე ომის შემდეგ.
თბილისმა უკვე გამოთქვა ღრმა შეშფოთება რუსეთის გასული თვის გადაწყვეტილებით, როდესაც ოლიმპიადის უსაფრთხოების ზონის გაფართოება აფხაზეთზე გავრცელდა, რომელიც დაახლოებით 40 კილომეტრშია (25 მილი) სოჭისგან შავი ზღვის სანაპიროზე.
„რთული გადაწყვეტილება იყო სოჭის თამაშების ბოიკოტზე უარის თქმა“, განაცხადა ღარიბაშვილმა ინტერვიუში ბრიუსელში ვიზიტის დროს, სადაც ის ევროკავშირის და ნატოს ლიდერებს ხვდება. „მაგრამ რაიმე სიურპრიზის შემთხვევაში, ჩვენი რეაქცია სწრაფი და ადეკვატური იქნება“, განაცხადა მან.
საქართველოს დედაქალაქში (თბილისში) თამაშების ბოიკოტირების მოთხოვნით დემონსტრაციები იმართება, თუმცა პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ის კონსტრუქციული მიდგომის გამოყენებას შეეცადა.
„ჩვენ ასევე შევთავაზეთ რუსეთს თანამშრომლობა უსაფრთხოების კუთხით“, თქვა მან. „არ მინდა დავიჯერო, რომ იქ რაიმე სიურპრიზი იქნება, [მაგრამ] ეს კონფლიქტური საკითხი ყველაზე დიდ წუხილად რჩება“.
თუკი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ლიდერებს გამორჩეულად მიიღებენ სოჭში, ქვეყნის შიგნით გაძლიერდება ზეწოლა საქართველოს პატარა ოლიმპიური ჯგუფის თამაშებიდან გამოწვევის მოთხოვნით.
ბ-ნმა ღარიბაშვილმა უარი თქვა იმის განმარტებაზე, თუ კონკრეტულად როგორ იმოქმედებს ის ასეთ შემთხვევაში, მაგრამ სპორტსმენების გამოწვევის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, გამორიცხული არ არის.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ახლახანს ამტკიცებდა, რომ ორ ქვეყანას შორის პრობლემების სათავე საქართველოდან მოდის, კერძოდ იქიდან, რომ თბილისს არ უნდა ადგილებზე არსებული რეალობის აღიარება.
„რეალობა არის ის, რომ ჩვენს ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი ქვეყანაა და ეს არის საქართველო“, ამბობს ბ-ნი ღარიბაშვილი.
31 წლის ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა დემოკრატიულად არჩეული მთავრობის ხელმძღვანელია. მაგრამ მას უამრავი საქმე აქვს. მან აღიარა, რომ უკრაინის მოვლენებს აკვირდება დიდი ყურადღებით და „უკიდურესი შეშფოთებით“.
მოსკოვის ზეწოლის ქვეშ, უკრაინის მთავრობამ შარშან კურსი შეცვალა და უარი თქვა ყოველმხრივი ვაჭრობისა და თანამშრომლობის შეთანხმებაზე ევროკავშრითან, რითაც მიმდინარე საპროტესტო აქციები გამოიწვია.
მაგრამ საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი განაგრძოს ევროკავშირთან დაახლოება და ნატოში გაწევრიანება. ის იმედოვნებს, რომ ოფიციალურად მის პარტნიორობის შეთანხმებას ევროკავშირთან ხელს ამ წლის მეორე ნახევარში მოაწერს.
სწორედ ამიტომ, საქართველოში დღეს ბევრი ფიქრობს, რომ ზამთრის ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ ამ საკითხზე რუსეთის მხრიდან გაცილებით სერიოზული ზეწოლა იქნება. ამ ფონზე თავად ღარიბაშვილი მშვიდობიანი ნაბიჯების გადადგმას ცდილობს.
„ჩვენ რუსეთზე ნაკლებად ვართ დამოკიდებული - [მას] არ აქვს ჩვენზე განსაკუთრებული პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა“, ამბობს იგი. „ჩვენ უნდა დავარწმუნოთ რუსეთი, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია საფრთხე არ არის. რუსეთი დაინტერესებული უნდა იყოს ჰყავდეს ძლიერი სანდო და დემოკრატიული მეზობელი“.
foreignpress.ge