როგორც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და პუტინის ცნობილმა მოწინააღმდეგე მიხეილ სააკაშვილმა „მონიტორს“ განუცხადა, კიევის ქუჩები დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ბრძოლის პოლიგონია.
თუ სააკაშვილის მეხსიერებას ვენდობით, ბოლო სამიტი, რომელსაც ეს ორივე პრეზიდენტი დაესწრო, 2008 წლის თებერვლის პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების სამიტი გახლდათ - სადაც პუტინი ღიად საუბრობდა სააკაშვილის სხეულის სხვადასხვა ნაწილებით დაკიდების სურვილზე. სააკაშვილმა, რომელიც 180 სანტიმეტრზე მაღალია, თავის მხრივ ერთხელ ხაზი გაუსვა პუტინის მინიატურულ სიმაღლეს, უწოდა რა მას „ლილიპუტინი“ ჯონათან სვიფტის სატირული რომანის პერსონაჟების სახელის გამოყენებით.
ამერიკაში განსწავლული იურისტი სააკაშვილი, რომელიც ჯერ კიდევ შარშან საქართველოს - კავკასიის პატარა სახელმწიფოს პრეზიდენტი იყო, ახლა ტაფტის უნივერსიტეტის ფლეტჩერის სახელობის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის საპატიო ლექტორია. თუმცა პუტინს მაინც როგორც „ყაჩაღსა“ და „ნათლიმამას“, ისე მოიხსენიებს, მიუთითებს რა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებში (მაგალითად უკრაინაში) მიმდინარე მოვლენებზე.
კიევის ქუჩების ბრძოლის ველად გადაქცევის მიზეზი მხოლოდ უკრაინელების მიერ საკუთარი მთავრობით უკმაყოფილება არ არის, ამტკიცებს სააკაშვილი: ეს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის გაჩაღებული ბრძოლის პოლიგონია. კრემლი, რომელსაც პუტინი ხელმძღვანელობს, იმპერიის რეკონსტრუქციას ცდილობს.
უკრაინული პროტესტი „21-ე საუკუნის პირველი გეოპოლიტიკური რევოლუციაა“ განაცხადა მან „მონიტორთან“ საუბრისას.
„ჩვენ კვლავ ვხედავთ ქუჩებში გამოსულ ხალხს. ისინი, სხვა ყველაფერთან ერთად, კორუფციასაც ებრძვიან, მაგრამ ამავდროულად რუსეთის წინააღმდეგ არიან ერთ მუშტად შეკრულნი“, ამბობს იგი. „მათთვის ეს იანუკოვიჩთან ბრძოლასთან ასოცირდება. მაგრამ ასეთი ცხოვრების სიმბოლო კრემლია“.
რუსული ნეო-იმპერიალიზმი?
სააკაშვილმა პრეზიდენტობა ნოემბრის არჩევნებში დათმო, რომელიც მის მოკავშირეთა მარცხით დასრულდა; მესამე ვადით არჩევის უფლებას კონსტიტუცია არ აძლევდა; მისი რვაწლიანი პრეზიდენტობის ეპოქის ცალსახად შეფასება რთულია - სახეზე იყო ძლიერი ეკონომიკური ზრდა და კორუფციის მკვეთრი შემცირება, მაგრამ ამავდროულად სიღარიბეც, ავტორიტარიზმის პატარ-პატარა გამოვლინებები და გამანადგურებელი (ზოგის აზრით თვით-ინიცირებული) ომი რუსეთთან, რომელმაც ათასობით ადამიანი უსახლკაროდ, ხოლო საქართველო მისთვის ყველაზე დიდი ბაზრის გარეშე დატოვა.
ახლა სააკაშვილი კონსულტანტ-წინასწარმეტყველად გვევლინება. იგი ცდილობს, მიჰყიდოს „ქართული მოდელი“ უკრაინას და რუსული ნეო-იმპერიალიზმის საფრთხის მოახლოებაზე განგაში ატეხოს. ამ საფრთხეს იგი როგორც მილიტარისტულ (საქართველოს მაგალითზე), ასევე ეკონომიკურ (რუსეთის მიერ მართული ევრაზიული კავშირის შექმნის მაგალითზე) სვლებში ხედავს.
„ეს რეალურად ბრძოლაა ცხოვრებისა და განვითარების ორ ხედვას შორის. ევრაზიული კავშირის ხედვა ნიშნავს კორუფციას, ძალადობასა და იმის დაჯერებას, რომ რუსეთს საზღვრები არა აქვს...რომ მას მხოლოდ პერიფერიები გააჩნია, რომელიც რუსეთის გარეშე ვერაფერ ღირებულს ვერ შექმნიან“, ამბობს იგი.
„მეორე მხრივ, საქართველო უკრაინელებისათვის შთაგონების წყარო და მისაბაძი მოდელია“, დასძენს სააკაშვილი.
უკრაინაში სააკაშვილმა მჭიდრო კონტაქტი დაამყარა იანუკოვიჩის წინამორბედ იუშჩენკოსთან, რომელიც სააკაშვილის მსგავსად მოსკოვის უგულებელყოფას და დასავლეთთან ინტეგრაციას ცდილობდა. ორივენი ძალაუფლებაში ფერადი რევოლუციის გზით მოვიდნენ - ვარდების რევოლუციით საქართველოში და ნარინჯისფერი რევოლუციით უკრაინაში.
სააკაშვილი ამბობს, რომ ახლა ის მუდმივ კონსულტაციებშია უკრაინული ოპოზიციის იმ ლიდერებთან, ვინც მთავარ როლს ასრულებს თვეების განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციებში, რაც იანუკოვიჩის მიერ ევროკავშირთან დაახლოებაზე უარის თქმის შემდეგ დაიწყო. ამ უარს უმალ მოსკოვის შეთავაზება (15 მილიარდიანი სესხები, იაფი ბუნებრივი გაზი და სხვა წინადადებები) მოჰყვა.
რამდენიმე დღის წინ, როდესაც პოლიტიკური სიტუაცია ნიღბებს ამოფარებული, მოლოტოვის კოქტეილით შეიარაღებული დემონსტრანტების სასარგებლოდ გადაიხარა, იანუკოვიჩმა მათი ერთ-ერთი მოთხოვნა დააკმაყოფილა, გაათავისუფლა რა თანამდებობიდან პრემიერმინისტრი მიკოლა აზაროვი.
„რუსეთი სიცოცხლისუნარიან ალტერნატივას არ გვთავაზობს. სად არის ეს ალტერნატივა?“- კითხულობს სააკაშვილი: „პუტინმა 2008 წლის თებერვალში მითხრა: თქვენი მეგობრები ბევრ კარგ რამეს გთავაზობენ, მაგრამ... რამდენად შეასრულებენ ისინი თავიანთ სიტყვებს, არავინ იცის - თქვა მან, - მე თქვენ კარგ რაღაცეებს არ გთავაზობთ, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ ჩემს საქმეს შევასრულებ.“ ეს კომენტარი, სააკაშვილის აზრით პირდაპირ ნიშნავს: „ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია დიდი პრობლემები შეგიქმნათ“.
ქართული მოდელი
სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველო უკრაინას სხვა გზას უჩვენებს. ქართველმა ამომრჩეველმა 2012 წლის საპარლამენტო და შარშანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში უარი თქვეს მის მმართველობაზე და მხარი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის მომხრეებს დაუჭირეს. მისმა პოპულარობამ დასავლელ პოლიტიკოსებშიც იგივე გზა განვლო - ვარდების რევოლუციის შემდგომი თბილი მიღებიდან, ბოლო წლების უფრო თავდაჭერილ ურთიერთობებამდე, განსაკუთრებით 2008 წლის რუსეთთან ომის ზღვარზე ყოფნის დროს.
მაგრამ საქართველომ მოახერხა და ძალაუფლების გადაცემა დაპირისპირებულ პარტიებს შორის მშვიდობიან გარემოში მოახდინა. ეს დიდი იშვიათობაა ამ რეგიონში, რომელიც ცნობილია თავისი საოჯახო დინასტიებით (აზერბაიჯანი), დემოკრატიის ძალიან მყიფე და სუსტი ფენით (რუსეთი), ამომრჩეველზე ძალადობით (სომხეთი, ყირგიზეთი) და საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ გაბატონებული ერთპიროვნული ლიდერით, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ძალაუფლების სათავეში ყოფნას უწინასწარმეტყველებენ ხოლმე (ყაზახეთი, უზბეკეთი).
სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ივანიშვილის მომხრეები ქვეყანას უკვე წელიწადზე მეტია მართავენ, მაგრამ მის მიერ თანამდებობის დატოვების მიუხედავად, ჯერ არ გაუუქმებიათ ის რეფორმები და ინსტიტუციები, რომელიც სააკაშვილმა ააშენა. „ყველაფერი ჯერ კიდევ ადგილზეა“, ამბობს ის, “არაფერში ჩარეულან“.
„ჩვენთვის ყველაზე სახიფათო პერიოდი არჩევნების შემდგომი პირველი რამდენიმე თვე იყო, როდესაც ისინი ფიქრობდნენ, რომ ყველაფრის გაკეთების მანდატი ჰქონდათ და ამას არავინ დაუშლიდა. ეს ასე არ მოხდა, რაც პირდაპირ მიუთითებს, თუ რაოდენ გამძლეა ეს პოლიტიკური კურსი“, ამბობს სააკაშვილი.
ეს, მისი აზრით იმას ნიშნავს, რომ არჩევნების შედეგების მიზეზი „სააკაშვილით (მისი რვაწლიანი მმართველობით) დაღლა“ იყო და არა მისი პოლიტიკით უკმაყოფილება. აგრეთვე შესაძლოა, რომ ამ პატარა ქვეყანაში ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის პრეცედენტმა უფრო დიდ მეზობლებზეც მოახდინოს გავლენა.
„ისეთი ქვეყნების მოქალაქეებზე, როგორიც რუსეთი, აზერბაიჯანი და ცენტრალური აზიის სახელმწიფოები არიან, შეიძლება ჩემმა მშვიდობიანმა წასვლამ უფრო მეტი გავლენა მოახდინოს, ვიდრე ჩვენმა რეფორმებმა“, ამბობს იგი.
foreignpress.ge