ვისი იქნება საარჩევნო კოდექსი - „ქართული ოცნების“ თუ ხალხის?

ვისი იქნება საარჩევნო კოდექსი - „ქართული ოცნების“ თუ ხალხის?

სამი არასამთავრობო ორგანიზაცია - „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნები“ - ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობას უარყოფითად აფასებს და აცხადებს, რომ საქართველოში საარჩევნო გარემო, გაუმჯობესების ნაცვლად, უარესდება. 4 თებერვალს ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად ჯგუფის სხდომა დატოვეს, რადგან, მათი განცხადებით, ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელსაც საარჩევნო რეფორმაზე მუშაობა ევალებოდა, არასამთავრობო სექტორის შენიშვნებს არათუ არ ითვალისწინებს, არც კი განიხილავს კანონში ცვლილებების მათ მიერ შეთავაზებულ ვარიანტს. 5 თებერვალს ამ ორგანიზაციებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ვკითხულობთ, რომ მმართველი ძალის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები ვერ უზრუნველყოფს თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამართლიანი საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბებას.

5 თებერვალს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა მედიის წინაშე განაცხადა, რომ ინტერფრაქციული ჯგუფის შეხვედრები, დღიდან მისი შექმნისა, ფორმალურ ხასიათს ატარებდა - მასში შემავალი მმართველი პარტიის წევრები არ ცდილობდნენ საქართველოში იმ საარჩევნო სისტემის შეცვლას, რომელსაც როგორც არასამთავრობო სექტორი, ისე ადრე ოპოზიციაში მყოფი ხელისუფლების ამჟამინდელი წარმომადგენლებიც აკრიტიკებდნენ. სამწუხაროდ, პოლიტიკური პარტიების რიტორიკა კონკრეტული საკითხების თაობაზე ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იცვლება და ამის ნათელი მაგალითი სწორედ ეს ინტერფრაქციული ჯგუფი აღმოჩნდა, - განაცხადა ეკა გიგაურმა პრესკონფერენციაზე. არაფერი შეცვლილა არც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული პეტიციის შემდეგ, რომელშიც რეკომენდაციებზე იყო ლაპარაკი:

„ჩვენ ვითხოვდით 50%-იანი საარჩევნო ბარიერის შემოღებას მერებისა და გამგებლებისათვის და ასევე ვითხოვდით მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების შექმნას, რაც, სამწუხაროდ, არ გაითვალისწინეს და ავხსნი, რატომ არის ეს ყველაფერი ასე მნიშვნელოვანი. აი, მაგალითად, 50%-იანი ბარიერი მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ მოსახლეობის ნახევარმა მაინც უნდა დაუჭიროს მხარი მერს და გამგებელს. ეს კი, ცხადია, უფრო მაღალ ლეგიტიმაციას მიანიჭებს არჩეულ მერსა და გამგებელს. ამის გარდა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს დემოკრატიის უფრო მაღალი სტანდარტია“.

დემოკრატიულ პრინციპებს არ შეესაბამება არც ის, რომ, კანონით, 1500 ადამიანით დასახლებულ ოლქს, ისევე როგორც 20 000 ადამიანით დასახლებულს, მხოლოდ ერთი მანდატი ეკუთვნის. ამის გამოსწორების რეკომენდაცია არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციისგან მიგვიღია. არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა დამოუკიდებელი კანდიდატების საკითხსაც შეეხება. დღეს, კანონში შესული ცვლილების თანახმად, მათ არ ექნებათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, თუ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას არ მიეკედელებიან. სწორედ ეს საკამათო საკითხები გახდა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სხდომის დატოვების მიზეზი:

ფაქტობრივად, მომავალი არჩევნები ჩატარდება იმავე სისტემით, რითაც წინა არჩევნები ტარდებოდა, - ამბობს „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია და რამდენიმე ნაკლოვანებას უსვამს ხაზს:

„ის საარჩევნო სისტემა, რომელიც დღეს არსებობს საქართველოში, უპირატეს მდგომარეობაში აყენებს ნებისმიერ მმართველ ძალას, პარტიას, რომელსაც ამომრჩეველთა უმრავლესობა უჭერს მხარს. დღეს, მაგალითად, თეორიულად შესაძლებელია, რომ პარტიამ, რომელმაც მიიღო მხარდამჭერთა ხმების 30% პროპორციული საარჩევნო სისტემით, საკრებულოში აღმოაჩნდეს გაცილებით ცოტა წარმომადგენელი. ანუ გამოდის, რომ ამომრჩევლის ნება პროპორციულად არ აისახება მანდატების რაოდენობაზე“.

ნინო ლომჯარია ასევე აცხადებს,რომ ერთი ხმის თანასწორობის პრინციპი ირღვევა არა მხოლოდ საპარლამენტო, არამედ თვითმმართველობის არჩევნების დროსაც, სწორედ იმ მიზეზით, რომ სხვადასხვა სიდიდის ოლქები ირჩევენ მხოლოდ ერთ კანდიდატს, ერთ მაჟორიტარ დეპუტატს, რაც ხმის წონის თანაბრობის პრინციპის დარღევაა.

სწორედ ამის გამო არასამთავრობო ორგანიზაციები ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას აღარ მიიღებენ. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე კახა კოჟორიძე ხელისუფლებას მოუწოდებს გაიხსენოს თავისი ძველი განცხადებები საარჩევნო გარემოს გაჯანსაღების თაობაზე, რომელსაც ოპოზიციაში ყოფნის დროს აკეთებდნენ.

რადიო თავისუფლება შეეცადა ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელს, ზვიად ძიძიგურს გასაუბრებოდა, მაგრამ ამჯერად მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. საარჩევნო გარემოსა და კანონმდებლობის შესახებ შეკითხვა ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილსაც დაუსვეს 4 თებერვალს, მის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია „მოქალაქის“ პრეზენტაციაზე. ივანიშვილმა თქვა, ერთბაშად ყველაფერი ვერ გამოსწორდებაო.

ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომა 4 თებერვალს არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებმაც დატოვეს. მათ შორის იყო „ახალი მემარჯვენეების“ წევრი მამუკა კაციტაძეც, რომელიც ასევე ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ არასამთავრობო ორგანიზაციების, არასაპარლამენტო პარტიებისა და ექსპერტთა კლუბის მიერ შეჯერებულ ცვლილებების ვარიანტზე უარი განაცხადა - აქაც საუბარი იყო ორ მთავარ პრინციპზე, 50%-იან ბარიერზე მერებისა და გამგებლების არჩევისას და, ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების მაგივრად, მრავალმანდატიანი ოლქების შექმნაზე. ამას გარდა, ჯგუფის წევრებს საარჩევნო გარემოს შეცვლის თაობაზე კიდევ ექვსი პრეზენტაცია ჰქონდათ მომზადებული:

„იმ ექვსი პრეზენტაციიდან ხუთზე ინტერფრაქციულმა ჯგუფმა გვიპასუხა,რომ ამ ეტაპზე კოალიცია მზად არ არის ამ თემებზე მსჯელობისათვის, მაგრამ მანამდე გთავაზობთ სისტემასთან დაკავშირებით წინადადებებს, რაზეც თქვენი დათანხმება იქნება განმაპირობებელი იმისა, სხვა საკითხებზე ჩვენგან რა პასუხს მიიღებთო. ჩვენ კი ერთის ფასად მეორე საკითხზე დათანხმება არ მიგვაჩნია სწორად, როცა სისტემა მართლა საკითხთა საკითხია“.

მამუკა კაციტაძე აცხადებს, რომ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში ჯერ კიდევ არის კანონში ცვლილებების შეტანის დრო და ის მზადაა ამის იურიდიული უზრუნველყოფა პირადად იტვირთოს. სხვა შემთხვევაში საარჩევნო კოდექსი, რომელიც პარლამენტის სესიაზე გავა, მხოლოდ „ქართული ოცნების“ კოდექსი იქნება:

„როდესაც ვენეციის კომისიის ხელმძღვანელი ჯანი ბუკიკიო იყო საქართველოში ჩამოსული, მან პირდაპირ უთხრა საქართველოს ხელისუფლებას, არჩევნებამდე ასე ცოტა დროის დარჩენის პირობებში, კანონში ცვლილებების შეტანა მიზანშეწონილი არ არისო. მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება კანონში ცვლილებები განხორციელდეს, თუ ამ საკითხზე არსებობს ფართო პოლიტიკური კონსენსუსი. ანუ რა გამოდის, რომ საარჩევნო კოდექსი, რომლის ინიცირებაც უნდა მოხდეს მომავალ კვირაში პარლამენტში, ეკუთვნის მხოლოდ ‘ქართულ ოცნებას’“.

არასამთავრობო ორგანიზაციები არც იმას გამორიცხავენ, რომ ინტერფრაქციული ჯგუფი საგანგებოდ შეიქმნა დაგვიანებით, რათა მას კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა ვეღარ მოესწრო და არც არასამთავრობო სექტორს ჰქონოდა ადვოკატირების კამპანიის მომზადების დრო. ახლა, როგორც კახა კოჟორიძე აცხადებს, მათ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერაც დასჭირდებათ იმისათვის, რომ ხელისუფლებამ, თუ არ გააკეთილშობილებს და დახვეწს, არ გააუარესოს მაინც საარჩევნო კოდექსი.