პარლამეტის ყოფილ თავმჯდომარეს 2008 წლის გაზაფხულზე თავდაცვის სამინისტროში, ღამის 01:00 საათზე, სოხუმამდე მისვლის გეგმა გააცნეს. ნინო ბურჯანაძის თქმით, სამინისტროში გამართულ თათბირს გენერალური შტაბის თითქმის მთელი შემადგენლობა ესწრებოდა და ამ ფაქტს არა ერთი მოწმე ოფიცერი ჰყავს. ბურჯანაძე ასეთი გადაწყვეტილების მოწმეთა შორის ქვეყნის მაშინდელ პირველ პირებს - სააკაშვილს, მერაბიშვილს, ბოკერიას, ტყეშელაშვილს, ლომაიას, ვაშაძეს და კეზერაშვილს ასახელებს.
ბურჯანაძე ამბობს, რომ აფხაზეთის მიმართულებით ომის დაწყების კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ ის და გელა ბეჟუაშვილი. მისივე თქმით, გიგა ბოკერია ბოლო ხმაზე აღფრთოვანებული გაყვიროდა -კარტა ბელე გვაქვს და აუცილებლად უნდა დავიწყოთ ომი აფხაზეთშიო.
„ეს ის პერიოდი იყო, როცა რუსეთმა აფხაზეთში სარკინიგზო ჯარები შეიყვანა და აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა დაიწყეს. არსებობდა კონკრეტული გეგმა, რომელიც თავდაცვის სამინისტროში ღამის პირველ საათზე გამაცნეს. ეს იყო სოხუმამდე მისვლის გეგმა. ამას ესწრებოდა გენერალური შტაბის შემადგენლობა, მაგრამ სოხუმს იქით დანარჩენი აფხაზეთი სააკაშვილს და მის მეგობრებს არ აინტერესებდათ.
სწორედ მაშინ შედგა სატელეფონო საუბარი სააკაშვილსა და პუტინს შორის, რომელიც ასევე პირველად სააკაშვილმა გაახმოვანა და არა მე. ამ სატელეფონო საუბარს ვესწრებოდი და ის ჩემი ინიციატივით შედგა. სააკაშვილმა გაიხსენა კიდეც, რომ სწორედ მაშინ უთხრა პუტინმა, რომ თუ შენ ომს დაიწყებ, იქ დგანან ჩვენი სამშვიდობო ძალები, დავამარცხებ შენს ჯარს, ვცნობ აფხეზეთს და სამხეთ ოსეთს და დაგიშლი ქვეყანასო“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ამ სკანდალურ განცხადებაზე განმარტებები „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ გაკეთებულა. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში აფხაზეთის და ცხინვალის მიმართულებით საომარო მოქმედების დაწყების განზრახვა ხელისუფლებას ჰქონდა.
For.ge. გოგა ხაინდარავას ესაუბრა.
თქვენ იყავით სააკაშვილის ხელისუფლებაში მინისტრთა კაბინეტის წევრი. როგორც აღმოჩნდა, მთავრობის წევრებს შორის საომარი მოქმედების დაწყების შესახებ საუბრები მიდიოდა, ანუ ეს განზრახვა ჰქონდა ხელისუფლებას?
- თავიდანვე ვიცოდი ამ განზრახვების შესახებ. სააკაშვილის უახლოეს გარემოცვასთან დაპირისპირების ერთ-ერთი საბაბი ეს ფაქტი იყო. პირველი დღეებიდან ავანტურული გეგმები აფხაზეთთან და ცხინვალთან დაკავშირებით არ ასვენებდათ. ეს ჩემთვის გასაკვირი არ იყო. აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ მის გარემოცვაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო რუსეთი ინტერესების გამტარებელი. ჩემთვის ეს თავიდანვე იყო ნათელი. უბრალოდ, ცოტა დრო იყო საჭირო იმისათვის, რომ გამოაშკარევებულიყო, ვინ იყო მთავრობაში რუსეთის ინტერესების გამტარებელი. 2004 წელს ცხინვალზე განხორციელებული ავანტურის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ეს ვანო მერაბიშვილი იყო.
ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ ომის დაწყების ინიციატორი გიგა ბოკერია იყო. თქვენ რა ინფორმაცია გქონდათ, ბოკერია იყო ომის დაწყების ინიციატორი?
- გიგა ბოკერია იყო „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგი და ძალიან აგრესიული ადამიანი. უშუალოდ გიგა ბოკერია იცავდა რუსეთის ინტერესებს-თქო, ამის თქმა ნამდვილად არ შეიძლება, ეს ვერ წარმომიდგენია, მიუხედავად იმისა, რომ ამ თამაშში აღმოჩნდა ჩართული და რეალურად, რუსეთის ინტერესებს ემსახურებოდა და არა საქართველოსი. ეს შედეგმაც აჩვენა, ეს მისი პირადი ტრაგედიაა. უშუალოდ შემსრულებელი კი მერაბიშვილი იყო.
მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ სააკაშვილის „აგდებას“ არაფერი უნდოდა. როგორც წესი, ეს მერაბიშვილის ხელით ხდებოდა. პირდაპირი წამქეზებელი და რუსეთის მოკავშირე იყო სააკაშვილის ბიძა, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებს წარმოადგენდა, რაც არავისთვის არ იყო დასამალი. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს სააკაშვილს აღებინებდნენ.
ვინ აღებინებდა ამ გადაწყვეტილებას სააკაშვილს?
- როგორც წესი, მერაბიშვილი საკუთარ ინტერესებს და იდეებს ასაღებდა სააკაშვილის იდეებად და მასაც აჯერებდა, რომ ეს მისი აზრი იყო. რაც ბურჯნაძემ თქვა, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რაზეც ამ 5-6 წლის განმავლობაში მქონდა საუბარი. ეს არაა ერთჯერადი შემთხვევა. ის, რომ სააკაშვილს მხედრული წარმატებები არ ასვენებდა, ეს თავიდანვე იყო ცნობილი. სულ იწევდა აფხაზეთისკენ და ცხინვალის რეგიონისკენ. ამას ძალიან სერიოზულად ეწინააღმდეგებოდნენ ამერიკელები.
ყველამ კარგად ვიცით რამდენიმე შემთხვევა, განსაკუთრებით კი ცხინვალის ავანტურა, რომელიც სააკაშვილმა წამოიწყო მერაბიშვილის ხელდასმით, რომელსაც ოქრუაშვილი და ბარამიძეც აყვნენ და მათ შორის - ბოკერია, რომელიც პირდაპირ მონაწილეობდა ამაში. ამ თვალსაზრისით ძალიან აგრესიული იყო ლომაია, რომელსაც ძალიან სერიოზული როლი ჰქონდა ამაში. მაშინ ეს ავანტურა გააჩერეს ამერიკელების ჩარევით, თორემ ჩვენ მაშინვე მივიღებდიათ ფართომასშტაბიან კონფლიქტს.
როდესაც იღებდნენ გადაწყევტილებას ომის დაწყების შესახებ, რით სარგებლობდნენ, ჰქონდათ რამე ანალიზი ან კვლევა, რა შედგი შეიძლება ამას მოჰყოლოდა?
- არა. 2008 წლამდე რამდენჯერმე იყო პროვოკაციების მცდელობა აფხაზეთის მიმართულებით. იგივე, არჩევნების დღეს, ასევე სააკაშვილის „გმირობა“, როდესაც მარტო მიიწვდა რუსი სამხედროების წინააღმდეგ, პირდაპირ რუსი სამხედროების წინ ბავშვების ბანაკები იყო მოწყობილი, ეს ყველაფერი იყო პროვოკაცია. მიხეილ სააკაშვილის ფსიქიკა არასოდეს იყო ჯანმრთელი. მინდა გაგახსენოთ ძალიან დიდი ბილბორდები, რომელიც პირდაპირ დაუფარავად მიანიშნებდა, რომ მოტივი იყო სამხედრო გზით აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დაბრუნება.
მინდა გაგახსენოთ კადრები, როდესაც ირაკლი ოქრუაშვილი ატარებდა სამხედრო წვრთანას, ეს კადრები გავიდა ქართული ტელევიზიით, სადაც ეწერა ცხინვალისკენ და სოხუმისკენ. ასეთი მცდელობები და განზრახვები სააკაშვილის თავში მუდმივად ტრიალებდა. საერთოდ, რამდენადაც მე ვიცი, 2008 წელს მათი განზრახვა იყო აფხაზეთის მიმართულება, ბოლო მომენტში შეტრიალდნენ ცხინვალისკენ.
ბურჯანაძეს ამბობს, რომ 2008 წლის გაზაფხულზე თავდაცვის სამინისტროში მას გააცნეს სოხუმამდე მისვლის გეგმა. რატომ სოხუმამდე და ფსოუმდე?
- გაგახსებეთ წერილს, რომელიც სააკაშვილმა მისწერა ვლადიმერ პუტინს. ამ წერილმა ერთხელ გაიელვა პრესაში, მაგრამ ყურადღების მიღმა დარჩა. ამ წერილში პუტინს სთავაზობდა გალამდე გაყოფილიყო აფხაზეთი. ეს წერილი მარტივად შეიგიძლიათ მოიპოვოთ. ამ ტიპის განზრახვები სააკაშვილსა და რუსეთის ხელმძღვანელობას შორის სხვადასხვა არხებით მიმდინარეობდა. პირველ რიგში, ეს იყო ბიძამისი, თემურ ალასანია. მეორე არხი იყო გელა ბეჟუაშვილი, რომელიც თავად არ მალავდა არასოდეს, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს წარმოადგენდა. სააკაშვილის გონება სხვადასხვა ადამიანების მიერ იმართებოდა ძალიან ოსტატურად. მის გარემოცვაში მინიმუმ სამი ადამიანი რუსეთის ინტერესებს ემსახურებოდა.
ვინ იყვნენ ეს ადამიანები?
- ვანო მერაბიშვილი, გელა ბეჟუაშვილი და თემურ ალასანია. მერაბიშვილი ფეესბესთან ურთიერთობაში დაფიქსირებულია ბელორუსიაში, ჩინეთში. არც მოსკოვს არ ერიდებოდა.
ძალიან პოპულარული და ადვილად ხელმისაწვდომი იყო რუსული მედიისთვის მერაბიშვილი...
- ისეთი პიარი ჰქონდა მერაბიშვილს რუსულ პრესაში, რომ პუტინის მერე ასეთი პოპულარული კაცი რუსულ პრესაში არავინ ყოფილა. ერთადერთი არენა, სადაც მერაბიშვილი ინტერვიუებს იძლეოდა, სადაც მერაბიშვილზე იწერობოდა როგორც ძალიან წარმატებულ პოლიტიკურ მოთამაშეზე, ეს იყო რუსული პრესა. ამის არაერთი მაგალითი გვაქვს, მაგ. მისი ცინიკური განცხადება რუსულ პრესაში, რომ ევროპელები რჩევას გვაძლევენო, მაგრამ ჩვენ რასაც ჩავთვლით საჭიროდ იმას ვაკეთებთო.
ეს მოზაიკასავითაა, ცალკეული ნატეხი შეიძლება სურათს ვერ ქმნის, მაგრამ ეს ყველაფერი ერთად, რომ შეერთდება, შეერთდა კიდევაც და საბოლოო წერტილი დაესვა 2008 წელს. მერაბიშვილის განხორციელებული იყო, როდესაც რეალურად საზღვარი დააწესა ცხინვალთან, საბაჟო შექმნა და იქიდან ხალხი ვერ გადმოდიოდა. პროდუქტების გადატანა-გადმოტანას ბაჟი დაადეს. ამის გამო ძალიან სერიოზული დაპირისპირება იყო ჩვენს შორის. რეალურად, საზღვარი ცხინვალის რეგიონსა და მთელს დანარჩენ საქართველოს შორის მერაბიშვილმა შემოიღო. შეგახსენებთ ორი სანაკოევის პროექტს, რომლიდანაც ერთი უშიშრობის თანამშრომელი აღმოჩნდა.
ვინ ასრულებდა უშიშროების დაკვეთას? რა თქმა უნდა მერაბიშვილი, რომლის დაქვემდებარებაში იყვნენ ისინი, ის ტელევიზიაც მის დაქვემდებარებაში იყო. ჩემთვის გასაკვირია, როდესაც მერაბიშვილს ასეთ წვრილმანზე ასამართლებენ. ისეთი მასშტაბის კორუფცია, რაც მან და ჭიაბერაშვილმა განახორციელეს, მძიმე დანაშაულია, მაგრამ იმასთან შედარებით, რაც მან საქართველოში განახორციელა რუსეთის დაკვეთით, სულ სხვა მასშტაბის დანაშაულია.
ალბათ, უნდა დაიწყოს გამოძიება რა მოხდა 2004 და 2008 წელს საქართველოში. როგორ იგეგმებოდა ომი და რა იყო ამის წინაპირობა...
- იმედია, ბოლოს და ბოლოს საქართველოს პროკურატურა საბავშო ბაღის ასაკიდან გამოვა. ცოტა უფრო მომწიფებულად მიუდგებიან ისეთ საკითხებს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორც სახელმწიფოსთვის. ძალიან საიტერესო იქნებოდა ბურჯანაძის და მისი მეუღლის ჩვენებები. თავის დროზე ბიწაძემ დააფიქსირა ის 2000 დროშა და ავტობუსები, რომელიც მომზადებული იყო ცხინვალში აღლუმის ჩასატარებლად. ეს ერთ-ერთი მტკიცებულებაა იმისა, რაზეც დასაწყისში ვისაუბრეთ. ეს აზრები და იდეები არ ასვენებდა სააკაშვილს. ისევ ვიმეორებ, რომ ეს განზრახ ილექებოდა მის ავადმყოფურ გუნებაში იმათ მიერ, ვინც მის გარემოცვაში რუსეთის ინტერესებს ემსახურებოდა. ისინი სულ უბიძგებდნენ, პატარ-პატარა დოზით აწვდიდნენ ამ იდეებს და მერე როგორც მისი იდეები ისე ყალიბდებოდა. ცხინვალის ავანტურა, პირველიც და მეორეც ზუსტად აქედან გამომდინარეობს.
მინდა გაგახსენოთ ბათუ ქუთელიას და ნიკუშა რურუას ეთერი „რუსთავი 2“-ში. მათ პირდაპირ ილაპარაკეს, რომ ქართული ჯარი ისეთია როსტოვამდე ჩავაო. ის ჟანგიანი ტანკები, რომელიც რუსეთს გააჩნია, საქართველოსთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენსო. ქართველი მეომრები სამაგალითოები არიან და გამორჩეულიც მსოფლიოს მასშტაბითო.
ამას აჩვენებს ავღანეთისა და ერაყის ოპერაცია, მაგრამ ერთია კარგად მომზადებული მეომარი, რომელიც ძალიან კონკრეტულ ამოცანას ასრულებს, ხოლო მეორეა კარგად გაწვრთვნილი არმია, რომელსაც გარკვეული დავალება და მოცემულეობა აქვს. საქართველოს არმია ვერ იქნებოდა შემტევი არმია. თავისთავად დანაშაული იყო დავით კეზერაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნა, როდესაც მზადდებოდა სამხედრო ავანტურა და სამხედრო ავანტურა რომ მზადდებოდა, ამის ერთ-ერთი მოწმე ვარ.
თქვენ იყავით მთავრობის წევრი, როდესაც ამ საკითხის განხილვა მიდიოდა, არ უწევდით წინააღმდეგობას?
- 2004 წელს, როდესაც ცხინვალის დაბომბვა დაიწყო, მაშინ ცხინვალში ვიყავი მოლაპარაკებებზე. მაშინ დავურეკე გიორგი ბარამიძეს და ვუთხარი, რომ თქვენ თუ ამ ავანტურის განხორციელებას აპირებთ, მე ცხინვალს არ დავტოვებ-თქო. იმიტომ, რომ ცხივალში საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობენ, სხვადასხვა ეროვნების, მაგრამ ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან. მათთან ერთად დავრჩები ამ ავანტურის საპირისპიროდ ცხინვალში-თქო. სხვათაშორის ამან ძალიან სერიოზული გავლენა იქონია. მაშინ ამან გააჩერა ეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომლის ერთ-ერთი ავტორი იყო ვანო მერაბიშვილი.
ბოკერიას როლი რა იყო ამ ყველაფერში? ამბობდა, რომ ომის დაწყების შემთხვევაში საქართველო გაიმარჯვებდა...
- ბოკერია სულ ჩრდილში ყოფნას ამჯობინებდა. თუ გახსოვთ, სანამ უშიშროების მდივანი გახდებოდა, სულ მეორეხარისხოვანი როლები ეჭირა, მაგრამ, რეალურად იმ 4-5 კაცში შედიოდა, რომლებიც მართავდნენ ამ ქვეყანას. ამ ნაცისტური აზროვნების იდეოლოგის ერთ-ერთი წარმმართველი იყო ბოკერია და ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული იყო ამ წრეში. მან რამდენიმეჯერ გამოააშკარავა თავისი აგრესული და სასტიკი სახე, მაგალითად, ციხის ბუნტის დღეს. მისი ბრძანებით და ხელმძღვანელობით მიდიოდა ეს სადამსჯელო ოპერაცია.
ბოკერიას და რამიშვილის იდეოლოგიაზე იდგა სააკაშვილის ხელისუფლება. სხვათა შორის, ის უშუალოდ მონაწილეობდა მუხროვანის საქმეში. მისი ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანია ყველა იმ დანაშაულის დასადგენად, რომელიც ამ დანაშაულებრივ ხელისუფლებას აქვს ჩადენილი. ღამ-ღამობით იკრიბებოდნენ და გეგმებს აწყობდნენ. როგორც წესი, მერე ეს გეგმები ძალიან მძიმედ უტრიალდებოდა ჩვენს ქვეყანას.
2004 წელს, როდესაც დაიწყო პირველი კონფლიქტი, მაშინ ზურაბ ჟვანიამ შეძლო კონფლიქტის მალევე ჩაწყნარება. ჟვანიას იდეებს ითვალისწინებდა ეს ხუთეული?
- ავტორიტეტული ფიგურა იყო, მაგრამ ძალიან მალე გახდა ხელის შემშლელი. მის წინააღდეგ ძალიან აქეზებდნენ სააკაშვილს. აქაც მერაბიშვილის გავლენა ძალიან დიდი იყო ოქრუაშვილის საპირისპიროდ, რომელიც ზურას პატივს სცემდა და ესმოდა ზურას მნიშვნელობა ხელისუფლებაში. ზურა არ იყო ავანტურისტი. მისი სახელმწიფოებრივი ხედვა ბევრად უფრო მაღალი იყო, ვიდრე რომელიმე მათგანის. ამიტომ ვვარაუდობ, რომ ზურა მოიშორეს და არა მარტო რომელიმე საკითხის გამო, ზურა მოიშორეს იმის გამო, რომ ის ძალიან სერიოზულ წინააღმდეგობად იქცა სააკაშვილისთვის.
2004 წლის მოვლენებზე ოქრუაშვილი არაა პასუხისმგებელი? ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო მაშინ სააკაშვილის ხელისუფლებაში...
- ისევე, როგორც კახა ლომაია. ე.წ. ჰუმანიტარული შტურმი რომელიც წინ უძღოდა ამ სამხედრო ავანტურას, ამის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი იყო ლომაია. განხვავებით სხვებისგან ოქრუაშვილი თავის დამოკიდებულებას ცხინვალის მიმართ არ მალავდა. წარმოშობით ცხინვალიდან იყო, შურისძიების პირადი ინტერესი და მოტივები ჰქონდა. ეს გასაკვირი არ იყო და არასოდეს არ მიკვირდა ოქრუაშვილის ეს პოზიცია.
მისი სიმტკიცე და აგრესიულობა გარკვეულწილად მოლაპარაკების პროცესში, რომელშიც მე ვმონაწილეობდი, გარკვეულწილად ხელს უწყობდა საქმეს. იმიტომ, რომ რუსები ძალიან ხშირად ეუბნებოდნენ ცხინვალის და ვლადიკავკაზის წარმომადგენლებს მოლაპარაკების დროს, ჯობია ხაინდარავასთან იპოვოთ საერთო ენა, თორემ ხანდრავას თუ გაწევენ, მერე ოქრუაშვილი გამოჩნდებაო. ოქრუაშვილი იყო საფრთხობელა და ეს გარკვეულწილად პოზიტიურ როლს თამაშობდა. მაშინ, როდესაც აგრესიულობა ზღვარს გადადიოდა, ეს ქვეყნისთვის არ იყო სასარგებლო.