ბესელია მთავარ პროკურორს მიმართავს ნაციონალთა ბიზნესაქტივობით დაინტერესდეს

ბესელია მთავარ პროკურორს მიმართავს ნაციონალთა ბიზნესაქტივობით დაინტერესდეს

„ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ნეპოტიზმში სდებს ბრალს და თამაზ თამაზაშვილის „მსხვილი კორუფციული სქემის“ შესახებ აპელირებს. უმცირესობის ბრალდებებს თამაზაშვილის ოჯახის წევრები „სისულელეს“ უწოდებენ, უმრავლესობა კი, მთავარ პროკურატურას მიმართავს ნაციონალთა ბიზნესსაქტივობით დაინტერესდეს.

კორუფციული სქემების თაობაზე, პოლიტიკურ წრეებში ურთიერთბრალდებები დღეს მას შემდეგ გაისმა, რაც წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრის ოჯახი კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულეს.

ოპოზიციონერი დეპუტატის, ლევან ბეჟაშვილის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილისა და თამაზ თამაზაშვილის მსხვილი კორუფციული სქემა გამოვლინდა.

კერძოდ, მისი ინფორმაციით, ნათესაური კონტროლის ქვეშ  მოექცა ტენდერის გამომცხადებელი სტრუქტურა, შემსრულებელი ფირმა და შემმოწმებელი კომპანია.

კანონმდებელის განცხადებით, პრემიერის მეუღლის ნუნუკა თამაზაშვილის ბიძაშვილი იოსებ ქადაგიშვილი დანიშნულია ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ და შემდგომ სატენდერო კომისიის თავმჯდომარედ.

„კომპანია „სერპანტინის“ 51 პროცენტიანი წილის მფლობელია თამარ ჯანყარაშვილი, რომელიც შს მინისტრის მოადგილის, გიორგი ზედელაშვილის დედა და შს გენინსპექციის უფროსის, თამაზაშვილის დიშვილის ახლო ნათესავია. ერთი წლის განმავლობაში, საგზაო მშენებლობაში გამოცხადებულ ტენდერებში აღნიშნულმა კომპანიამ ცხრაჯერ გაიმარჯვა და 15 მილიონი ლარის მოცულობის ტენდერები შეასრულა. გასულ რვა-ცხრა წელში კი, ამ კომპანიის მიერ შესრულებული ტენდერების რაოდენობა ექვს მილიონ ლარს არ აღემატებოდა. ოჯახურმა კლანმა ზეწოლის შედეგად დაგებული საფარის ერთადერთი შემმოწმებელი კომპანია აიძულა ქვეკონტრაქტორად აეყვანა შ.პ.ს. „ვილსფორტ მენეჯმენტი“, რომლის ტექნიკური დირექტორი ელდარ ხუცაიძეა, რომლის მამაც შპს „სერპანტინის“ 35%-იანი წილის მფლობელია და ინტერესთა კონფლიქტი ამაშიც იკვეთება“,- განუცხადა for.ge-ს ბეჟაშვილმა.

ოპოზიციონერი დეპუტატი თვლის, რომ აღნიშნული სქემით საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესდნენ.

„იმედია, ამ საკითხით პროკურატურა დაინტერესდება. ამ სქემაში აღსანიშნიავია ისიც, რომ „ვილსფორტ მენეჯმენტის“ 50 პროცენტიანი წლის მფლობელი კახა ბაინდურაშვილია, რომელიც „ტვ 3“-ის მფლობელი და ძმები ჩხენკელების ბიზნესპარტნიორია. ასევე აკაკი ჩხენკელი, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანია, რომელიც ამჟამად, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის რეგიონული სამსახურის უფროსია. ლევან ჩხენკელი კი „ტვ 3“-ის ერთ-ერთი მფლობელი“, - აცხადებს ბეჟაშვილი, რომელსაც საგანგებოდ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გამოეხმაურა, რომელმაც ერთის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილი დაიცვა, მეორეს მხრივ კი, „ნაციონალურ მოძრაობას“ წარსული გაუხსენა და ყოფილი ჩინოვნიკების ბიზნესაქტოვობაზე ისაუბრა.

ბესელიას მტკიცებით, „სერპანტინთან“ თამაზ თამაზაშვილსა და მის ოჯახს კავშირი არ აქვს.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული კომპანია 90-იანი წლებიდან არსებობს და მისი წლიური ბრუნვა რამდენიმე მილიონს აჭარბებდა.

„2007 წელს, ამ კომპანიის წლიურმა ბრუნვამ დაახლოებით 5 მლნ ლარი შეადგინა, 2008 წელს, 4 მლნ ლარი, ხოლო 2009 წელს,12 მლნ ლარზე მეტი. თამაზ თამაზაშვილს და მის ოჯახს ამ კომპანიასთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ეს ისეთივე ტყუილია, როგორც ის ბრალდება, როცა მას იარაღი ჩაუდეს და უკანონოდ ციხეში ამყოფეს. ამ კომპანიის ბიზნესსაქმიანობა ხელისუფლებაში რომელიმე კონკრეტული პიროვნების მოსვლას არ უკავშირდება. როცა საუბარია, გიორგი ზედელაშვილზე, როგორც ამ ბიზნესის მატარებელზე, ეს სრული სიცურეა, რადგან გიორგი ზედელაშვილის მამა ამ კომპანიის მფლობელი იყო, ხოლო მისი დედა ამ კომპანიის მფლობელი 2000 წლიდან გახდა“, - აცხადებს ბესელია და ყურადღებას ნაციონალების ლიდერების ბიზნესსაქმიანობაზე ამახვილებს.

კანონმდებელის ცნობით, გიგა ბოკერიას, გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილის, გიორგი თევდორაძის, გივი თარგამაძისა და გიორგი ბარამიძის ოჯახის წევრების მიერ დაფუძნებულმა კომპანიებმა მილიონობით ლარის ბრუნვა აწარმოეს.

„უმცირესობის ბრალდებების საპირისპიროდ გაჩვენებთ, 2003 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თუ როგორ გახდნენ ნაციონალები მილიონერები და როგორ ხდებოდა მილიონების დასაგროვებლად ხელისუფლების გამოყენება. კერძოდ, გიგი უგულავასთან დაკავშირებულ კომპანიებს 13 მლნ ლარზე შემოსავალზე მეტი აქვს მიღებული, მათ შორის, მისმა სიდედრმა კომპანია „მანი“ დააფუძნა. ამას გარდა, გიორგი ბარამიძესთან დაკავშირებულ კომპანიებს მიღებული აქვთ 23 მლნ ლარზე მეტი, თავად ბარამიძეს უძრავი ქონების რეალიზაციით კი, მიღებული აქვს 2 მლნ ლარამდე. ასევე ბიზნესით იყო დაკავებული გივი თარგამაძის ძმა, რომელმაც 2003 წელს 20 ნოემბერს, კომპანია „პაულშულრუნდიროგრუპი“ დააფუძნა, რომელსაც 60 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი აქვს. საბოლოო ჯამში კი, გივი თარგამაძესთან დაკავშირებულ კომპანიებს 85 მლნ ლარამდე აქვს მიღებული. ამასთან, კომპანიები დააფუძნეს გიგა ბოკერიას მამამ და ცოლის დამ, რომელთაც დაახლოებით 45 მლნ ლარის შემოსავალი აქვთ. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, მასთან დაკავშირებული კომპანიების ნუსხა ძალიან დიდია. კერძოდ, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრთან 22 კომპანია არის დაკავშირებული და კოლოსალურ თანხებზეა საუბარი“, - აცხადებს ბესელია.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ახალ პროკურორს, გიორგი ბადაშვილს მიმართავს ნაციონალების ბიზნესაქტივობით დაინტერესდეს.

„ნაციონალები ურცხვად და უტიფრად ამბობენ, რომ თამაზაშვილი გარკვეულ ინტერესებს ლობირებს, მაგრამ საინტერესოა, საპირისპირო მაგალითები, თუ როგორ გახდნენ „წარმატებული“ ბიზნესმენები და მილიონერები ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების ოჯახის წევრები. მთავარ პროკურორს მივმართავ, ამ მასალებით დაინტერესდეს, როგორ ხდებოდა ნაციონალების ლიდერების მილიონერებად ქცევა. პროკურატურამ ერთი მოვლენაც უნდა შეისწავლოს და მეორეც და გამოჩნდება, სად არის ჭეშმარიტება. ძალიან მაინტერესებს, როგორ გამდიდრდნენ ნაციონალები მაშინ, როცა ბევრი კომპანია კოტრდებოდა“, - განაცხადა ბესელიამ for.ge-ს კითხვის საპასუხოდ.

აღსანიშნავია, რომ ნაციონალების ბრალდებებს დღესვე საავტომობილო გზების დეპარტამენტი გამოეხმაურა, მაგრამ საკითხზე ვრცელი საუბარი არ ისურვა თამაზ თამაზაშვილის შვილმა, ლექსო თამაზაშვილმა, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრია.

for.ge-სთან საუბარში ლექსო თამაზაშვილი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ ნაციონალების მიერ გაჟღერებული ბრალდებები, მხოლოდ „სისულელეა“.

გზების დეპარტამენტში კი, გამოცხადებულ ტენდერებში ვინმეს მიერ ზემოქმედების შესაძლებლობას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ სიცრუეა, თითქოს, „სერპანტინს“ ტენდერების დიდი რაოდენობა აქვს მოგებული.

„ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, მოიპოვოს ან გადაამოწმოს ინფორმაცია ელექტრონული ტენდერების ნუსხაში და ნახოს, რომ 2013 წელს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ შვიდ ტენდერში კომპანიამ უარყოფითი შედეგი მიიღო, ხოლო ოთხ ელექტრონულ ტენდერში გაიმარჯვა“, - აცხადებენ გზების დეპარტამენტში, რომლის მსგავსად, ნაციონალების ბრალდებებს გამოეხმაურა თავად იოსებ ქადაგიშვილი.

მისი მტკიცებით, მას არანაირი ნათესაური კავშირი არ აქვს თამაზ თამაზაშვილთან და მის ოჯახთან.

„მათი განცხადება სიცრუე და ცილისწამებაა. თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დედა დედისერთაა და ვერავის მამიდაშვილი ვერ ვიქნები. ჩემს ადვოკატს უკვე ვესაუბრე, რომელიც სარჩელს ამზადებს და „ნაციონალური მოძრაობის“ ავანტიურას და თავგასულობას სასამართლო გამოაშკარავებს“, - აცხადებს ქადაგიშვილი.