"ტექნიკური მარილის" სკანდალი - კორუფციული გარიგება და გზებზე გაფლანგული 322 000 ლარი?!

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შპს "თბილსერვის ჯგუფის" ფინანსურ დოკუმენტაციას სწავლობს. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება "ტექნიკური მარილის" სკანდალით დაინტერესდა, მაგრამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში "ვერსიას" განუცხადეს, რომ მათ "თბილსერვის ჯგუფიდან" აბსოლუტურად ყველა სახის ფინანსური დოკუმენტები ამოიღეს. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება და შესაბამისად, საგამოძიებო სამსახურში არ აკონკრეტებენ, უშუალოდ, რა ტიპის დარღვევებს სწავლობენ "თბილსერვის ჯგუფში". გამოძიების შედეგებსა და "თბილსერვის ჯგუფის" შესაძლო ფინანსურ დარღვევებზე ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური რამდენიმე დღეში გაავრცელებს.

გამოძიების ოფიციალური ვერსია

საინფორმაციო გამოშვება "მოამბეს" ინფორმაციით, თბილისის მერიის შპს "თბილსერვის ჯგუფს", კომპანია "ნენემ" სასამართლოში უჩივლა. გავრცელებული ინფორმაციით, "ტექნიკური მარილის" შეძენაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია "ნენეს" "თბილსერვის ჯგუფმა" მოულოდნელად კონტრაქტი შეუწყვიტა, რის გამოც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სარჩელი სასამართლოში შეიტანა.

ტენდერი 2013 წელს, 7 000 ტონა "ტექნიკური მარილის" შეძენაზე გამოცხადდა. გამარჯვებულ კომპანიაში შპს "ნენეს" 1 ტონა მარილი 114 ლარად უნდა მიეწოდებინა. "მოამბის" ინფორმაციით, კომპანიამ "თბილსერვის ჯგუფს" "ტექნიკური მარილი" ერთი დღის დაგვიანებით, ანუ 2013 წლის 5 დეკემბრის ნაცვლად, 6 დეკემბერს მიაწოდა.

ამის შემდეგ, "თბილსერვის ჯგუფმა", პირდაპირი შესყიდვის წესით, კონტრაქტი ორ კომპანიასთან - PSP 40-სა და ინდმეწარმე ჯემალ ბერიძესთან გააფორმა, რომლებმაც 1 ტონა "ტექნიკურ მარილში", 114-ის ნაცვლად, 160 ლარი მოითხოვეს. შპს "ნენეს" წარმომადგენლების ინფორმაციით, საქმეში კორუფციული ინტერესები იკვეთება, რადგან ახალ კონტრაქტორს ჯემალ ბერიძეს, მარილის მიწოდების დაგვიანების გამო, "თბილსერვის ჯგუფმა" მხოლოდ ჯარიმა დააკისრა და ახალი მიმწოდებლებისთვის კონტრაქტები არ შეუწყვეტია. გავრცელებული ინფორმაციით, ამ საქმით შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული დეპარტამენტიც დაინტერესდა. გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის მუხლით მიმდინარეობს.

შპს "ნენეს" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ "ტექნიკური მარილის" შესყიდვის ტენდერი კომპანიამ დაბალი ფასის შეთავაზების შედეგად მოიგო. მათივე ინფორმაციით, ტენდერის საერთო ფასი 800 000 ლარი იყო და "ნენეს" 7 000 ტონა "ტექნიკური მარილი" უნდა შემოეტანა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მიწოდება 2013 წლის დეკემბრიდან, 2014 წლის თებერვლის ჩათვლით უნდა განხორციელებულიყო. როგორც უკვე აღვნიშნეთ, შპს "ნენემ" "ტექნიკური მარილის" მიწოდება ერთი დღით დააგვიანა. მართალია, კომპანიის 10 მანქანა დანიშნულების ადგილზე გამოცხადდა, მაგრამ დაცვამ უკან გამოაბრუნა. "ნენეს" ხელმძღვანელებმა კი "თბილსერვის ჯგუფის" უფროსის, თორნიკე შიოლაშვილის წერილი მიიღეს, სადაც აღნიშნული იყო, რომ ხელშეკრულება ვადის გადაცილების გამო გაწყვიტეს. რამდენიმე დღეში, "თბილსერვის ჯგუფმა" პირდაპირი მიყიდვის წესით, ხელშეკრულება ორ კომპანიასთან ისევ 7 000 ტონა "ტექნიკური მარილის" შესყიდვაზე გააფორმა. თუ "ნენეს" 1 ტონა მარილი 114 ლარად უნდა მიეწოდებინა, ორ კომპანიას "თბილსერვის ჯგუფი" 160 ლარზე გაურიგდა. საერთო ჯამში, ფასებს შორის სხვაობა 322 000 ლარი დაფიქსირდა.

"ტექნიკური მარილი" ძირითადად თურქეთიდან, ირანიდან და ეგვიპტიდან შემოაქვთ და დიდთოვლობის დროს, გზების გასაწმენდად იყენებენ. ორიოდე დღის წინ, თბილისის სხვადასხვა უბანში, მხოლოდ ერთ ღამეში, გზებზე 600 ტონა "ტექნიკური მარილი" დაყარეს. მიუხედავად ამისა, ერთ ღამეში დაახლოებით, 75-მდე ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა.

5 000 000 ლარი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებისთვის

"თბილსერვის ჯგუფის" საქმიანობით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ჯერ კიდევ ორი წლის წინ, 2012 წლის შემოდგომაზე 

დაინტერესდა. "ვერსიაში" დეტალურად ვწერდით ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების დასაქმების სკანდალის შესახებ. შეგახსენებთ, რომ 2009 წლის 31 დეკემბერს, შპს "თბილსერვის ჯგუფის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი ხუჭუამ, მერიის დასუფთავების სამსახურის უფროსის, ტარიელ ხიზანეიშვილის (მოგვიანებით, ვიცე-მერად დაინიშნა) დავალებით, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მატერიალური უზრუნველყოფის მიზნით, ფორმალურად შექმნა საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება, სადაც ორი წლის მანძილზე, ყოფილი მმართველი პარტიის 764 აქტივისტი ფიქტიურად დაასაქმეს. თბილისის ბიუჯეტიდან კი ხელფასის სახით 5 245 945 ლარი გამოუყვეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ამ საქმის მოკვლევა 2012 წლის ნოემბერში დაიწყო, 2013 წლის თებერვალში კი დაკითხვაზე დაიბარეს "თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელი თორნიკე შიოლაშვილი, ყოფილი უფროსი გიორგი ხუჭუა და თბილისის ვიცე-მერი, ტარიელ ხიზანეიშვილი. გამოძიება დედაქალაქის ბიუჯეტიდან 5 245 945 ლარის გაფლანგვის ფაქტზე დაიწყო და გაირკვა, რომ 2010 წლის 6 აგვისტოს, "თბილისერვის ჯგუფის" საშტატო განრიგი და სახელფასო ფონდი, თბილისის მერმა, გიგი უგულავამ დაამტკიცა. შესაბამისად, გიგი უგულავას, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით წარუდგინეს, რაც 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.

შპს "თბილსერვის ჯგუფი" 2006 წლის 18 დეკემბერსაა რეგისტრირებული მისამართზე: თბილისი, კახეთის გზატკეცილი 67. საქმიანობის სფერო დასუფთავებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევაა, შპს-ს დამფუძნებელია თბილისის მერია. 2010 წლის 22 ნოემბრამდე, "თბილსერვის ჯგუფს" გიორგი ხუჭუა ხელმძღვანელობდა. ხოლო აღნიშნული თარიღიდან დღემდე კი ამ სამსახურის უფროსი თორნიკე შიოლაშვილია.

როგორც ჩანს, "თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელების უკვე გახმაურებულ ძველ და ახალ ცოდვებს სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი დარღვევებიც დაემატება. ამას არც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში უარყოფენ, რადგან საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა "თბილსერვის ჯგუფიდან" ყველა სახის ფინანსური დოკუმენტები ამოიღეს. მეტიც, საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ საქმე მხოლოდ "ტექნიკური მარილის" სკანდალს არ ეხება. საუბარია სხვა სახის ფინანსურ დარღვევებზეც, რის შესახებაც დეტალურ ინფორმაციას უმოკლეს ვადებში გაავრცელებენ.