ვინ არის პროკურატურაში

ვინ არის პროკურატურაში "სიკვდილა", რომელიც სააკაშვილთან უშუალო კავშირზეა

"ალია" რამდენჯერმე წერდა, ვინ აწვდის პროკურატურიდან ინფორმაციას ზურაბ ადეიშვილს და მიხეილ სააკაშვილს, რატომ ხდება, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ დანიშნული პროკურორები უწყებაში "ინახავენ" იმ კადრებს, რომელთა საშუალებითაც ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ოპერატიულ რეჟიმში მისდით ინფორმაცია? ვინ არის "სიკვდილა", რომელსაც პროკურატურაში "ადეიშვილის ყურს" ეძახიან? "ალიას" წყაროს ინფორმაციით, პროკურატურის თანამშრომელი, ვინმე სოსო არჩვაძე დღეს "ნაციონალური მოძრაობის" აგენტია პროკურატურაში და მისი წყალობით ზურაბ ადეიშვილი პირდაპირ იღებს ინფორმაციებს. ამის შესახებ იციან პროკურატურის სხვა თანამშრომლებმაც, თუმცა ხმას არავინ იღებსო", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით ვინ არის პროკურატურაში "სიკვდილა", რომელიც სააკაშვილთან უშუალო კავშირზეა.

"სოსო არჩვაძე ამჟამად ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა. მისი ეს თანამდებობა კი საშუალებას აძლევს ქვეყნიდან გაქცეულ თავის ბოსებს ოპერატიულად მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, ვინ რა პოზიციაზეა პროკურატურაში, ვინ არიან ახალი კადრები, რა საქმეებზე მიდის აქტიურ რეჟიმში გამოძიება და ა.შ. "როგორც "ალიას" წყარო აცხადებს, მისთვის უცნობია, რატომ დატოვა თავის დროზე არჩილ კბილაშვილმა არჩვაძე პროკურატურაში, შემდეგ კი ოთარ ფარცხალაძემ. რამდენად დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, "სიკვდილა" მართავდა არჩილ კბილაშვილს, მან დაარწმუნა კბილაშვილი, რომ საჭირო თანამშრომელია. ყველასთვის არის ცნობილი, რომ არჩვაძის ადეიშვილის კადრია და მისი დატოვება უწყებაში ნიშნავს, რომ ზურაბ ადეიშვილი პირდაპირ იღებს ინფორმაციებს პროკურატურიდან", - აღნიშნავს გამოცემა. 

"თუ "ქართულ ოცნებასაც" არ აწყობს ასე, მაშინ რატომ ჰყავთ "სიკვდილა" უწყებაში, თან მაღალ თანამდებობაზე? მეტსაც გეტყვით - სულ მიდის საუბარი, რომ პროკურატურაში ძველ კადრები მუშაობენ, მაგრამ საუბრების მიუხედავად მათ არავინ ეხება, - ცივ ნიავს არ აკარებენ. იმ პროკურორებს, რომელთაც საქმეები დამთავრებული უდევთ თაროზე, რატომ ამუშავებენ, რატომ აღიზიანებენ?" - აცხადებს წყარო. როგორც "ალიამ გაარკვია, პროკურატურაში შესული საჩივრები მოქმედი პროკურორების წინააღმდეგ განხილულია, მტკიცებულებებიც მოპოვებულია, თუმცა არავინ აპირებს ამ საქმეებს გადახედოს. მეტიც -"ქართული ოცნების" ხელისუფლების დროს უწყებაში მისულ თანამშრომლებს არასტაბილურობის განცდა აქვთ და თავს ზედმეტად გრძნობენ, რასაც ვერ ვიტყვით ძველ კადრებზე - "ალიასთვის" ისიც გახდა ცნობილი, რომ ახალი ხელისუფლების მიერ პროკურატურიდან გაშვებულ კადრებს "სიკვდილამ" უთხრა, ძველი მოწმობები არ გადაეყარათ, კარგად გაფრთხილებოდნენ, რადგან ხელისუფლების სატავეში ისევ ძველები მოვიდოდნენ", - დასძენს გამოცემა. 

"სიკვდილა" ახლაც ადეიშვილის დავალებებს ასრულებს პროკურატურაში. ის არის ადამიანი, რომელიც ძალადობდა თანამშრომლებზე, აწერინებდა მათ განცხადებებს ადეიშვილის დავალებით თუ ვინ წასულიყო სამსახურიდან. ასევე წინასაარჩევნო პერიოდებში პოლიტიკურ ზეწოლას ახორციელებდა პროკურატურის იმ თანამშრომლების მიმართ, ვისზეც ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ნეიტრალურად იყვნენ განწყობილი. არა მხოლოდ არჩვაძეს გააქვს ინფორმაცია, იქ სხვა კადრებიც არიან, თუმცა არჩვაძე არის მოწინავე მათ შორის, ვინც აწვდის დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, რა ხდება პროკურატურაში", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ადვოკატი მამუკა ნოზაძე.

"სიკვდილა" კადრების სამმართველოს უფროსად მუშაობდა წლების განმავლობაში და მან ზეპირად იცის ყველა იქ დანიშნული პირის თაობაზე ვისზე რა კომპრომატი არსებობს. გარდა ამისა, მას საგამოძიებო მასალებზეც მიუწვდება ხელი იმ პიროვნებებისგან, ვინც მისი ხელშეწყობით არის დანიშნული თანამდებობაზე. ეს ადამიანები დავალებული არიან და ამიტომ არ ათავისუფლებენ. არა მხოლოდ სოსო არჩვაძეა ასეთი, თვითონ მთავარი პროკურორი ვინც არის - გიორგი ბადაშვილი, ისიც "ნაციონალური მოძრაობის" კადრი არ არის? ის არ არის ნეიტრალური პიროვნება, რომელიც ობიექტურობით ან სამართლებრივ საკითხებში დიდი განსწავლულობით გამოირჩევა. პროკურატურაში არაფერი შეცვლილა - მხოლოდ სახელები და გვარები შეიცვალა. სწორედ ამიტომ დადგა ის შედეგი, რაც ვნახეთ კეზერაშვილის საქმესტან დაკავშირებით. საქმეში არ იყო საკმარისი მტკიცებულებები - არ იყო კი არა, არ ჩადეს, რადგან ისევ ადეიშვილისა და სააკაშვილის ხალხი მუშაობს პროკურატურაში", - დასძენს ადვოკატი.

"აქვს ვინმეს იმედი, რომ რამე შედეგის მომტანი იქნება პროკურატურის მუშაობა ამ პირობებში? სოსო არჩვაძის შესახებაც ინფორმაცია პროკურატურის თანამშრომლებიდან ვიცი - პირადად არ ვიცნობ და არც ვიცოდი "სიკვდილა" ერქვა თუ "სიცოცხლე". ყველანაირი სიბინძურე, რაც ადეიშვილს სურდა, სწორედ "სიკვდილას" ხელით კეთდებოდა, თუმც ამას ფინანსურ დავალებებსაც აძლევდნენ. როგორც ჩანს, ახალ ხელისუფლებას აწყობს, ეს ადამიანი დღეს ისებ პროკურატურაში იყოს", - დაასკვნის მამუკა ნოზაძე.