საქართველოს ახალმა მთავრობამ საკუთარ თავს პროევროპული კურსი განუსაზღვრა და იმედოვნებს, რომ „ყველაზე გვიან“ 2014 წლის აგვისტოში მოაწერს ხელს ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან, რომლის პარაფირებაც ვილნიუსში, გასულ ნოემბერში მოხდა. ამის შესახებ ორშაბათს (3 თებერვალს) საქართველოს ახალმა, ძალიან ახალგაზრდა (31 წლის) პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაბრიუსელში თავისი პირველი ვიზიტის დროს განაცხადა, სადაც ის ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუს და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფიულეს შეხვდა. მართალია, შეთანხმების ხელმოწერის თარიღი თითქოს ზედმეტად ოპტიმისტურია (ბაროზუმ კვლავ გამოიყენა მისი საყვარელი ზედსართავი: „ისტორიული“ შეთანხმება), განწყობა დღეს ბრუსელში საქართველოს განვითარების უახლოეს პერსპექტივებთან დაკავშირებით აშკარად უფრო ოპტიმისტურია.
2013 წლის სექტემბერში, მაშინდელმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც პრომოსკოვურ ფიგურად აღიქვამდენენ, განაცხადა, რომ საქართველო შეიძლება შეუერთდეს რუსეთის დაფინანსებულ ევრაზიულ კავშირს „თუკი ეს ქვეყნის ინტერესებს წაადგება“. მეზობელმა სომხეთმა უკვე არჩია პუტინის საბაჟო კავშირი ევროკავშირთან შეთანხმებას. საქართველოს პოლიტიკური და სოციალური სტაბილურობა მყიფედ გამოიყურება, და ევროკავშირი ღელავდა, რომ თბილისი უკრაინის გზას დაადგებოდა. ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის კაბინეტში შინაგან საქმეთა მინისტრად მუშაობდა 2012-2013 წლებში. ივანიშვილმა ღარიბაშვილი პრემიერმინისტრის პოსტზე თავის მემკვიდრედ დაასახელა. ივანიშვილი საკუთარი სურვილით გადადგა 2013 წლის ნოემბერში.
ახლა, მას შემდეგ, რაც ერთმანეთის მოსისხლე მტრები - ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი - გადადგნენ, ახალი მთავრობა როგორც ჩანს ცალსახად იზიარებს პროევროკავშირულ კურსს. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორშაბათს დაგმო კიდეც რუსეთის მხრიდან „გახანგრძლივებული ზეწოლა“ და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი დატოვებს თავის მონიტორინგის მისიას საქართველოს ტერიტორიაზე. ბაროზუმ დაარწმუნა იგი, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს „საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, რითაც საქართველოსგან გამოყოფილ იმ ორ რეგიონზე - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე - მიანიშნა, სადაც დღეს რუსეთის არმიაა დისლოცირებული.
საქართველოსთან შეთანხმების გარდა, ევროკავშირი იმედოვნებს, რომ წელს ანალოგიურ შეთანხმებას ასოცირების შესახებ მოლდოვასთანაც მოაწერს ხელს (შემდეგ ამ შეთანხმებების რატიფიცირება პარლამენტებმა უნდა მოახდინონ). ორივე ქვეყანას, საქართველოსაც და მოლდოვასაც აქვს ისეთი პრობლემა, როგორიცაა „გაყინული კონფლიქტები“, კერძოდ, ორივეს აქვს სეპარატისტული რეგიონები, სადაც რუსეთის ჯარია განთავსებული. ორივე ქვეყანაში პოლიტიკური კლასი პროევროპულ და პრორუსულ მხარეებად იყოფა. მოლდოვას მართავს კოალიცია, რომელის სახელწოდებაა „ალიანსი ევროპული ინტეგრაციისათვის“, მაგრამ საქართველოს შემთხვევა გაცილებით რთულია.
საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ყველა დეტალი უნდა გაითვალისწინოს იმისთვის, რომ არ გაფანტოს ნდობის ის კაპიტალი, რომელიც ახლა გააჩნია. მით უფრო, რომ ამ ხელისუფლების მოსვლით, პირველად საქართველოში რეჟიმი სოციალური აჯანყების გარეშე შეიცვალა. ახალგაზრდა პრემიერ ღარიბაშვილთან საუბრისას, ბაროზუმ სთხოვა მას, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა დარჩეს თავისუფალი პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნისაგან, რაც ერთგვარი მინიშნება იყო ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბედზე, რომელიც ოქტომბერში ბრიუსელში დახმარების სათხოვნელად ჩამოვიდა. ის შეშფოთებული იყო, რომ ახალ რეჟიმს თბილისში შეიძლება რეალურად დაეწყო მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა. მაგრამ საქართველოს ახალი მთავრობა, აშკარად არ არის დაინტერესებული იმით, რომ სააკაშვილი უკრაინის დაპატიმრებული ექსპრემიერმინისტრის იულია ტიმოშენკოს ეკვივალენტად აქციოს.
კავკასიური თამაში ბრუსელისთვისაც გამოწვევაა. თუკი ბრიუსელი ზურს შეაქცევს საქართველოს სააკაშვილის პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლად ქცევის შემთხვევაში, არსებობს შანსი, რომ საქართველო რუსეთს ჩაუვარდება ხელში. არადა ამ ქვეყანას ევროკავშირისთვის უზარმაზარი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ის სატრანზიტო ქვეყანაა, რომლის გავლით დასავლეთი აზერბაიჯანულ გაზს იღებს.
პოლიტიკური ეშმაკობისა და თანმიმდევრული პოლიტიკის დეფიციტის გამო, ევროკავშირი დამარცხდა „მილსადენების ომში“, რომლიც 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. ევროკავშირს უნდოდა, რომ მთავარ აზერბაიჯანულ მილსადენს ევროპისკენ საქართველოზე, შავ ზღვაში გაევლო. ამის ნაცვლად, ბაქომ ბრიტანულ-ამერიკული კონსორციუმი აირჩია, რის შედეგადაც მთავარი მილსადენი აზერბაიჯანიდან საბოლოოდ აშენდა საქართველოს და თურქეთის გავლით ხმელთაშუაზღვისკენ, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა უამრავი ფული გაიღო საქართველოს და აზერბაიჯანის საავტომობილო და სარკინიგზო ქსელის აღდგენის პროექტებისათვის ისეთი პროგრამების ფარგლებში, როგორიცაა TRACECA და INOGATE.
foreignpress.ge