„მაგ კაცმა ქვეყანა გადაგვირჩინა და მის ორგანიზაციასთან ვითანამშრომლებთ“

„მაგ კაცმა ქვეყანა გადაგვირჩინა და მის ორგანიზაციასთან ვითანამშრომლებთ“

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია „მოქალაქე“ პოლიტიკურ წრეებში დიდ ინტერესს იწვევს. მმართველი ძალა არასამთავრობო ორგანიზაციას წარმატებულ მომავალს უწინასწარმეტყველებს, ოპოზიცია კი, ყოფილი პრემიერის სამოქალაქო სექტორში „გადასვლას“ სკეპტიკურად უყურებს და მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი მთავრობაზე კვლავ მართვის სადავეებს ინარჩუნებს.

მილიარდერი ივანიშვილის ორგანიზაციის პრეზენტაციას პოლიტიკურ ძალებში შეფასებები უკვე მოჰყვა.

ნაციონალი პავლე კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის პირდაპირ დავალებებს ასრულებს, რაც დღეს დადასტურდა.

კანონმდებელის განცხადებით, ორგანიზაციის დღეს გამართულ პრეზენტაციაზე ივანიშვილმა განაცხადა, რომ „მოქალაქე“ ეკონომიკაზე, უსაფრთხოებასა და სოციალურ საკითხებზე იმუშავებს.

„თუ ბიძინა ივანიშვილის მიზანი ამ სფეროებზე მუშაობა იყო, ამისთვის ყველაზე კარგი სარბიელი პრემიერ-მინისტრის პოსტი იყო. ის, რომ დღევანდელ ხელისუფლებასთან მას არ აქვს კითხვები არც ეკონომიკასთან, არც სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით და არც სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის თაობაზე, ეს კიდევ ერთხელ იმას ადასტურებს, რომ ეს მთავრობა ბიძინა ივანიშვილის პირდაპირ დავალებებს ასრულებს. მეშინია, რომ ბატონმა ხადურმა დავალებად არ მიიღოს ის, რომ ინფლაციის წამახალისებელი ღონისძიებები შეიმუშავოს, რადგან ბატონმა ბიძინამ თქვა, რომ თურმე, ინფლაცია ეკონომიკისთვის კარგია. მართალი გითხრათ, ბატონი ბიძინას დღევანდელ გამოსვლაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება მიჭირს“, - განუცხადა for.ge-ს კუბლაშვილმა, რომლის თანაგუნდელი გიორგი თევდორაძე ორგანიზაციის მომავალს ცინიკურად უყურებს.

დეპუტატის მოსაზრებით, საქართველოში, რიგი ადამიანებისთვის ახალი წელთაღრიცხვა უკუღმა 1-ელი ოქტომბრიდან დაიწყო, თუმცა, ახალი წელთაღრიცხვა ისევ თავიდან „მოქალაქის“ დაფუძნების შემდეგ დაიწყება.

„ბატონო ბიძინასთვის არ მომისმენია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მისი საუბარი საინტერესო იქნებოდა. პირადად მე, ამ ორგანიზაციისგან კარგს არაფერს ველი გარდა ერთისა, რომ ქართულ ზეპირსიტყვიერებას კიდევ ისეთი გამონათქვამები შეემატება, რომლის უშრეტი წყაროც ბატონო ბიძინა გახლავთ“, - აცხადებს თევდორაძე.

აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო ოპოზიციის მსგავსად, ორგანიზაცია „მოქალაქეს“ არასაპარლამენტო ოპოციზიაც აკრიტიკებს.

„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია ამბობს, რომ ის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით გაოცებულია, რომ მთავრობასთან შენიშვნები არ აქვს.

„ნებისმიერ ქვეყანაში, ასე მყარად დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია, მთავრობის კრიტიკისთვის იქმნება და არა მედიის კონტროლისთვის. გაოცებული დავრჩი, როცა ბატონო ბიძინას გეგმებში ორი მთავარი მიმართულება გამოიკვეთა. კერძოდ, მან თქვა, რომ მთავრობასთან შენიშვნები არ აქვს, რასაც აბსოლუტურად არ ვეთანხმები, რადგან ხელისუფლებას შეცდომების კასკადი და უცოდინარობის ფოიერვერკი აქვს. ამას გარდა, ბატონმა ბიძინამ ასევე თქვა, რომ მედიას კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარება, მაგრამ თან გააკონტროლებს, რაც არცერთი პოლიტიკოსის და ლიდერის საქმე არ არის. მედია რამენაირად, საზოგადოების მიერ გაკონტროლდება. მთავარია, ხელისუფლების კონტროლი, რომელმაც საკუთარი უცოდინარობა უხვად წარმოაჩინა“, - განუცხადა for.ge-ს ბაღათურიამ, რომლის მსგავსად, ბიძინა ივანიშვილს რჩევით მიმართავს „ქრისტიან-დემოკრატი“ ლევან ვეფხვაძე.

ვეფხვაძის განცხადებით, ოპოზიციას იმედი ჰქონდა, რომ „მოქალაქე“ ყველა იმ ორგანიზაციას შეუერთდებოდა, რომლებიც „საარჩევნო კოდექსის“ შეცვლას ითხოვენ.

„ბატონმა ბიძინამ გამოგვიცხადა, რომ თურმე, რა სისტემაც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ის იდეალური ყოფილა. ივანიშვილს შევახსენებ, რომ ის მაჟორიტარულ ოლქებს ებრძოდა და გვპირდებოდა, რომ საკუთარი ფულით ბიომეტრიული სიის გაკეთებას დააფინანსებდა, მაგრამ ახლა გვუბნებიან, რომ ბიუჯეტში ფული არ არის და ბიომეტრიული სიის მომზადებას ვერ ვასწრებთო. სჯობს, ივანიშვილმა ეს საქმე გააკეთოს, თორე, ამ კოდექსს სააკაშვილ-ივანიშვილის კოდექსი დაერქმევა და ის მხოლოდ სააკაშვილის კოდექსი აღარ იქნება“, - განუცხადა for.ge-ს ვეფხვაძემ.

ოპონენტებისგან განსხვავებით, „მოქალაქის“ მომავალს იმედის თვალით შეჰყურებს საპარლამენტო უმრავლესობა, რომლის ლიდერებიც აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის საქმიანობა ნაყოფიერი სამოქალაქო სექტორშიც იქნება.

ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილი ხალხთან ერთად დგას და ის საქმიანობას გააგრძელებს, რაც ქვეყნისთვის იქნება კარგი.

„ძალიან გამიკვირდებოდა, რომ ნაციონალები ორგანიზაციის დაფუძნებას მისალმებოდნენ. ნაციონალების შეფასებებზე კომენტარის გაკეთებას სულ არ ვაპირებ. ისინი ყოველთვის საფრთხეებს ხედავენ და ყველაფრის გაკრიტიკებას ცდილობენ, მაგრამ ივანიშვილი საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პირია და მისი აქტიურობა მისასალმებელია. დრო გვაჩვენებს იმას, ამ ადამიანმა თუ რამდენი კარგი რამ გააკეთა როგორც პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, ასევე მანამდეც. დარწმუნებული ვარ, ის სექტორი წარმატებული იქნება, სადაც ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდება“, - აცხადებს აბაშიძე, რომლის პათოსსაც ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური იზიარებს.

კონსერვატორი თვლის, რომ ივანიშვილის საზოგადოებრივი აქტივობა ქვეყანას წაადგება.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბატონი ბიძინას სამოქალაქო სექტორში მუშაობა ისეთივე ნაყოფიერი და წარმატების მომტანი იქნება ქვეყნისთვის, როგორც ეს მისი მეცენატობის პერიოდში ხდებოდა. მოვლენებს დაველოდოთ და დავაკვირდეთ, ის თუ რა საქმიანობას წარმართავს, რადგან წინასწარ რამის თქმა არ შემიძლია, რადგან მარჩიელი არ ვარ. მაგ კაცმა ქვეყანა გადაგვირჩინა და მის ორგანიზაციასთან ისევე ვითანამშრომლებთ, როგორც სხვა ყველასთან“, - აღნიშნავს ძიძიგური.

თუ რა როლს ითამაშებს სამოქალაქო სექტორის განვითარებისთვის ყოფილი პრემიერის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია, ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი დაპირება შეასრულა და სამოქალაქო სექტორში „გადავიდა“. რაც შეეხება თავად ორგანიზაციას, მისი აღმასრულებელი დირექტორი გიორგი საბანაძეა, ხოლო ორგანიზაციის პრეზენტეცია დღეს გაიმართა.