„თავისუფალი მოქალაქეობაა ამქვეყნიური ყველზე დიდი ბედნიერებაც და ყველაზე დიდი ტვირთიც. ამისთვის დავაფუძნე „მოქალაქე“, - აცხადებს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი. მის მიერ ახლადშექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციის პრეზენტაცია „რედისონში“ შედგა.
ივანიშვილმა პრეზენტაციაზე სიტყვა „მოქალაქის“ მნიშვნელობაც განმარტა და აღნიშნა, რომ მოქალაქე ნიშნავს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ინდივიდს, რომელსაც პასუხისმგებლობა მათზეც აქვს, ვისაც არ იცნობს, ან -სულაც არ მოსწონს.
„მოქალაქეს“ დღეისთვის დამფუძნებლის ჩათვლით 7 თანამშრომელი წარმოადგენს. მათგან რამდენიმე შერჩევის ეტაპს გადის და ჯერ ხელშეკრულება გაფორმებული არ აქვთ, რის გამოც მათი გვარ-სახელები არ ხმაურდება. ორგანიზაციის წლიური ბიუჯეტი, შესაძლოა, 3 მილიონ ლარამდე განისაზღვროს.
არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებლსა და ჟურნალისტებს შორის კითხვა-პასუხი დაახლოებით 4 საათს გაგრძელდა. ივანიშვილის პრესკონფერენცია მხოლოდ მას შემდეგ დასრულდა, რაც დარბაზში მყოფ ჟურნალისტებს კითხვები სრულად ამოეწურათ.
ივანიშვილი განმარტავს, რომ ქართველმა საზოგადოებამ ხელისუფლების დაქირავება და მისი კონტროლი უნდა ისწავლოს.
„გზის დაგება უნდა შევამოწმოთ არა მაშინ, როდესაც ასეული კილომეტრები დაიგება, არამედ, უნდა გავაკონტროლოთ პირველი 100 მეტრის დაგების პროცესი“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
„მოქალაქეს“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი მედიას აკისრია, ამიტომ ორგანიზაციის ერთ-ერთ პრიორიტეტად დამოუკიდებელი და პასუხისმგებლიანი მედიის დახმარებას ასახელებს. დახმარება მედიის წარმომადგენლებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების ჩატარება იქნება, რაც საზოგადოებისთვის სრულყოფილი და ობიექტური ანალიზის მიწოდებას შეუწყობს ხელს. გრანტები ასევე გამოიყოფა ანალიტიკოსების მომზადებისთვის. მედიის ობიექტურობისა და ხარისხის კვლევის მიზნით კი საქართველოში მოქმედი და უცხოური ორგანიზაციებიც იმუშავებენ. ივანიშვილი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, თუ რა კრიტერიუმებით შეირჩევა მედია, რომელსაც „მოქალაქე“ ტრენინგებითა და ანალიტიკოსების გადამზადებით დაეხმარება.
ბიძინა ივანიშვილისთვის ასევე გაურკვეველია მისი ოჯახის კუთვნილი ტელეკომპანიის „მეცხრე არხის“ ბედი. მისი თქმით, ია ანთაძის, ვასილ მაღლაფერიძისა და ცოტნე გამსახურდიას მიერ შეთავაზებულ სააქციო საზოგადოებაზე ახალი აღარაფერი თქმულა. „არ ვიცი, რა ვუყო, საერთოდ, „მეცხრე არხს“. რა თქმა უნდა, არავითარი სურვილი არ გამაჩნია“, - განმარტა ივანიშვილმა.
„მოქალაქე“ მედიის გარდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობასაც გეგმავს და სიმბოლურად, წელიწადში 50 ათასი ლარის ფარგლებში რამდენიმე ახლადშექმნილ არასამთავრობო ორგანიზაციასაც დააფინანსებს, მათ შორის, სავარაუდოდ, იქნება ყოფილი მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის „ევროპული არჩევანი“. ივანიშვილის განმარტებით, არასამთავრობოებთან თანამშრომლობის მთავარი კრიტერიუმი ევროპული სტანდარტები და ევროპული სივრცისკენ სწრაფვა იქნება. მან ამ კონტექსტში არჩილ კბილაშვილის ორგანიზაცია დაასახელა და მის ევროპულად მოწყობილ ოფისზეც გაამახვილა ყურადღება.
„მოქალაქის“ დამფუძნებელს პრესკონფერენციაზე ბევრი პოლიტიკური კითხვა დაუსვეს და ხელისუფლებაში მის მიერ მოყვანილ გუნდსა და 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ გაცემული დაპირებებიც შეახსენეს. დაპირებებზე საუბრისას ბიძინა ივანიშვილსა და კონკრეტულ ჟურნალისტებს შორის ცხარე კამათიც გაიმართა. ყოფილი პრემიერი მედიის წარმომადგენლებს მათ მიერ დასმული კითხვების დაზუსტებას და არგუმენტებით გამყარებას სთხოვდა.
ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, რომ მედიასთან ხშირი შეხვედრა აღარ ექნება და საკუთარ აქტივობებს გაკეთებული საქმეებით წარმოაჩენს. მანამდე კი პოლიტიკაში მოსვლიდან პოლიტიკაში წასვლამდე პერიოდს შაბათს, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, დავით მაღრაძის გადაცემაში - „შეხვედრები მწერალთა სახლში“ შეაჯამებს.
„თუ სერიოზული კითხვები დაგრჩათ, დათო მაღრაძეს მიაწოდეთ“, - უთხრა ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილმა.
„მოქალაქეს“ დამფუძნებელმა პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის სახელწოდების შერჩევაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავდაპირველად სურდა სახელწოდებაში სიტყვა „ევროპული“ ან „ საზოგადოება“ ყოფილიყო. მოგვიანებით კი დავით უსუფაშვილის რჩევას დასთანხმდა და ერთსიტყვიანი სახელწოდება „მოქალაქე“ შეარჩია. საჯარო რეესტრში მისულმა კი აღმოაჩინა, რომ ამ სახელწოდებით ორგანიზაცია უკვე რეგისტრირებული იყო. ივანიშვილის განმარტებით, უკვე დარეგისტრირებული ორგანიზაციის წარმომადგენლებს არჩილ კბილაშვილი დაუკავშირდა და მათ სახელწოდება დაუთმეს.
„სახელწოდება „მოქალაქე“ ისე მომეწონა და შემიყვარდა, როცა კბილაშვილმა მითხრა ის ხალხი თანახმაა, ეს სახელი დაგვითმოსო, უარი არ მითქვამს“, - განმარტა ივანიშვილმა.
For.ge-ს ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“ თავდაპირველად 2013 წლის 17 სექტემბერს ლევან კანთელაძემ და ნანა თხელიძემ დააფუძნეს. კანთელაძის მიერ დაარსებული ორგანიზაციაც არასამთავრობო იყო და მისი მთავარი მიზანი - ადამიანის უფლებების დაცვა და პატიმართა და ყოფილ პატიმართა უფლებებზე ზრუნვა იყო. ბიძინა ივანიშვილისთვის სახელწოდების დათმობის შემდეგ ლევან კანთელაძის ორგანიზაციას „გახდი მოქალაქე“ ჰქვია.