პრემიერ-მინისტრმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღო მონაწილება. ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა სესიაზე - „გლობალური ძალაუფლება და რეგიონალური უსაფრთხოება“. ღარიბაშვილმა კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეძლევა ბრწყინვალე შესაძლებლობა საერთაშორისო თანამეგობრობას მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებზე მოუთხროს. პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა ევროკავშირსა და ნატო–ში ინტეგრაციის საკითხებზე. გამოთქვა იმედი, რომ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებით საქართველო ახალ გვერდს გადაშლის საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობებში.
ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს და გამოთქვა შეშფოთება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესის გამო. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის დასასრულს პრემიერმა ღარიბაშვილმა მედიისთვის კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, რუსეთისა და საქართველოს შეთანხმების მთავარი საკითხი ოკუპირებული ტერიტორიებია.
„აშშ და ევროპა მიესალმება რუსეთთან პირდაპირი დიალოგის ფორმატს. წინა ხელისუფლების რადიკალური მიდგომა რუსეთთან მიმართებაში აბსოლუტურად დამაზიანებელი იყო. ევროპელი ლიდერები ამას წუხილით იხსენებენ. მათგან გვაქვს რუსეთთან მიმართებაში ახალი პოლიტიკის სრული მოწონება და ისინი მხარს უჭერენ ჩვენს მიდგომას. რუსეთმაც დაიწყო კონსტრუქციული ნაბიჯების გადმოდგმა საქართველოსთან მიმართებაში.
ჩვენ უნდა მოვახდინოთ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალურ ჩარჩოებში დაბრუნება. რა თქმა უნდა, ყოველთვის დავრჩებით პრინციპულები მთავარი საკითხში – ეს არის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები და ეს არის მთავარი საკითხი, რაზეც ჩვენ და რუსეთი უნდა შევთანხმდეთ. ამ მოლაპარაკებაში, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის და აშშ-ის როლს და მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით წინ უნდა წავიწიოთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მიუნხენის კონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა განსაკუთრებით იმ კუთხით, როდესაც პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს გადაუჭრელი პრობლემები აფხაზებთან და ოსებთან. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგლის, დავით ზალკალიანის განცხადებით პრემიერის აქცენტები იყო ძალიან სწორი იმასთან მიმართებაში, რომ 2008 წელს საქართველოს კონფლიქტი ჰქონდა რუსეთის ფედერაციასთან.
„ამაზე არავინ დავობს. პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლაში და ორმხრივ შეხვედრებზე არაერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ რუსეთის მხრიდან კვლავაც ადგილი აქვს პროვოკაციულ ქმედებებს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დარღვევას და საერთაშორისო სამართლის ნორმების პრინციპების დარღვევას. სწორედ ყველა ის ორმხრივი შეხვედრა თუ საჯარო გამოსვლა ემსახურება იმას, რომ ჩვენ მოვახდინოთ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია და მხარდაჭერა დეოკუპაციასთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს მცდელობა, გაგრძელდეს საუბარი და დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან, ჩვენ ამას ვაკეთებთ კიდეც ჟენევის ფორმატში“, - აცხადებს დავით ზალკანიანი.
უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნისთვის კი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, როცა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მიუნჰენში არ უპასუხა შტეფან ფულეს შეკითხვას, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივას ეხებოდა. გიგა ბოკერია არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ირაკლი ღარიბაშვილმა, უბრალოდ, ვერ გაიგო ან ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ ფაქტია, რომ მან არ დააფიქსირა საქართველოს პოზიცია.
„რუმინეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ იმ რთულ ვითარებაში, რომელიც უკრაინაშია შექმნილი, ძალიან მნიშნელოვანია, რომ სწრაფად დაიწყოს უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების პროცესი. ამ საკითხს აჰყვა დისკუსიის მოდერატორი ფულე, რომელმაც კითხვა დაუსვა ჩვენს პრემიერს, იზიარებს თუ არა ამ იდეას, მაგრამ შოკისმომგვერლი იყო ის, რომ საქართველოს პრემიერმა ან ვერ გაიგო ტექსტი და შეკითხვა, ან არ ჩათვალა საჭიროდ და საერთოდ აუარა გვერდი, ანუ არ დააფიქსირა საქართველოს პოზიცია, რომ ჩვენი ამოცანა, ჩვენი ლობირების საგანი ამ კონკრეტულ ეტაპზე არის ეროკავშირის წევრობა.
უნდა ვივარაუდოთ, რომ კამერების გარეშეც, ორმხრივ შეხვედრებზე ის არ აყენებს ამ საკითხს, ანუ, არ ამბობს, რომ ჩვენ გვჭირდება ჩვენი მეგობრებისგან უფრო აქტიური ჩარევა იმ პრობლემებში, რომელიც გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში. ამის შემდეგ მან გაახმოვანა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით პოზიცია და არათუ ძალადობაზე პასუხისმგებლობაზე არ ისაუბრა, არამედ უფრო შორს წავიდა და თქვა, რომ უკრაინის ბედი უნდა გადაწყვიტონ მეზობელმა ქვეყნებმა, მათ შორის რუსეთმა და ევროკავშირმა“, - აცხადებს გიგა ბოკერია.
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აგრესიულ, პოპულიზმზე ორიენტირებულ, დემაგოგიური განცხადებების ნაცვლად, რომელმაც ქვეყნის კონფლიქტური ტერიტორიების დროებითი დაკარგვა და, რაც ყველაზე მტკივნეულია, ადგილობრივი მოსახლეობის კიდევ უფრო შეზღუდვა და ჩანასახში არსებული სახალხო დიპლომატიის მოშლა გამოიწვია.
„ჩვენ ავირჩიეთ თანმიმდევრული დიალოგის რეჟიმი. ფაქტია, რომ რუსეთთან კონტაქტის ახალ ეტაპზე გადასვლის პროცესში ვიმყოფებით და მიუხედავად ჩვენი შიდაპოლიტიკური ურთულესი ერთი წლისა, ამ მიმართულებით რაღაც მცირედი მაინც გაკეთდა!
ირაკლი ღარიბაშვილმა, ახალი მთავრობის პოზიცია მყარად დააფიქსირა – ჩვენ უარს ვამბობთ აგრესიულ რიტორიკაზე, პოლიტიკურ დემარშებზე, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ მეზობელთან ასეთი მიდგომა დააზიანებს არა მარტო ჩვენს ინტერესებს, არამედ მთლიანობაში სიტუაციას რეგიონში და იწვევს შეშფოთებას საერთშორისო არენაზეც. ჩვენი განწყობაა – დიალოგი. ჩვენი მოლოდინია, რომ რუსეთის მხრიდანაც განწყობა იქნება ადეკვატური. არსებული მდგომარეობა ქვეყნებს შორის არც მათთვის არის კომფორტული და მისაღები. ჩვენი ურთერთობები ჩიხიდან მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით გამოვა და ჩვენ ამის მზაობას ვაფიქსირებთ“, - აცხადებს კახი კალაძე.
ირაკლი ღარიბაშვილს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლას წარმატებულს უწოდებს, აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი. როგორც რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ, ევროპელ და ამერიკელ ლიდერებთან უმაღლესი დონის შეხვედრებზე მოისმინა მხარდაჭერა და ერთგულება საქართველოს მისწრაფებებისადმი.
„ჩვენ ვიცით, რამდენად დიდია ქართველი ხალხის მოლოდინი იმ შედეგებისადმი, რომელსაც ასოცირების ხელშეკრულებაზე, ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა მოიტანს. ამ შეთანხმებების ხელმოწერა უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს საქართველოს, ასევე მის მოქლაქეებს საშუალებას მისცემს თავისუფლად გადაადგილდნენ ევროპაში. ქართველ ხალხს აქვს ამის მოლოდინი“, - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
ამერიკის ელჩის ინფორმაციით, ამერიკული ბიზნესკომპანიები უკვე წარმოდგენილია საქართველოს ბაზარზე და აშშ მომავალშიც განაგრძობს საქართველოს ეკონიმიკური განვითარების მხარდაჭერას.
„საქართველოში საკმაოდ ცივი იანვარი იყო, თუმცა ამ წლის ეკონომიკური პროგნოზები ძალიან კარგია. შესაბამისად, გზავნილი, რომელიც უნდა გავაჟღეროთ, არის ის, რომ საქართველო ღიაა ბიზნესისთვის“, - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.
მიუნხენის კონფერენციაზე პრემიერის გამოსვლის ანტიპროპაგანდა გაუგებარია ვიქტორ დოლიძისთვის. უმრავლესობის წევრის განცხადებით, ღარიბაშვილის სიტყვაში საქართველოს ყველა პრობლემა ასახული იყო და კრიტიკა, რომელიც მის გამოსვლას ოპონენტების მხრიდან მოყვა, არამართებულია.
„თუკი ერთ ფრაზას მაინც, წარმოთქმულს პრემიერ-მინისტრის მიერ, ამოვიღებთ ისეთს, რომელიც ჯეროვნად, სრულად არ ეხმაურებოდა ჩვენს პრობლემებს თუნდაც რუსეთთან, დეოკუპაციათან ან უკრაინასთან მიმართებაში, მაშინ დავთანხმდები კრიტიკას. გარდა სიტყვით გამოსვლისა, პრემიერს ჰქონდა ორმხრივი შეხვედრები საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან.
ამ შეხვედრებიდან გამოვყოფდი იმას, რომ ძალიან ერთსულოვანი იყო მხარდაჭერა საქართველოს როგორც ევროპული, ისე ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ. განიხილეს უსაფრთხოებისა და დეოკუპაციის, რუსეთთან ურთიერთობების საკითხები და რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლიდით უკრაინის საკითხს, რაზეც პრემიერმა თავისი შეხედულებები და ხედვები მოახსენა დამსწრე საზოგადოებას. ვფიქრობ, აქცენტები ძალიან სწორად იყო დასმული.
ჩვენ ამ ვიზიტისთვის ვემზადებოდით და მართალი გითხრათ, სრულიად გაუგებრად მიმაჩნია ჩვენი ოპონენტებისა და ზოგიერთი მასმედიის საშუალებებისგან, თუ რატომ მოხდა ერთგვარი ანტიპროპაგანდა ამ გამოსვლის. პრემიერის ვიზიტი უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს ფორუმზე იყო ძალიან წარმატებული. ხელისუფლების ანტიპროპაგანდა შეიძლება, იყოს, მაგრამ ის არ უნდა გადაიზარდოს ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდაში“, - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.
ყოფილი მმართველი გუნდისგან განსხვავებით, პრემიერის სიტყვას მოზომილს უწოდებენ პოლიტოლოგები. სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ საქართველოს ახალი პრემიერის გამოსვლა იყო სრულიად პომპეზური ნათლობა საერთაშორისო საზოგადოების მიერ. ცისკარიშვილის განცხადებით, ჩვენი ამოცანა იმაში უნდა მდგომარეობდეს, რომ ასეთივე ნათლობა პრემიერ-მინიტრმა საკუთარ სამშობლოშიც მიიღოს.
„ერთი დეპუტატის ტაშის დაკვრა რაიმე ანალიზის საფუძველი რომ იყოს, მაშინ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთის დუმა მთელი შემადგენლობით დღემდე ტაშსს უკრავს „ნაციონალურ მოძრაობას“, რომლის მოუფიქრებელი ქმედების შედეგად, დღეს რუსეთს აქვს იმის ფუფუნება, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადოს. დარწმუნებული ვარ, რა თემაზეც და რა გამოთქმებითაც არ უნდა ესაუბრა ბატონ ღარიბაშვილს მიუნხენში, თელავივში თუ ბრიუსელში, წინასწარ განწირულია „ნაციონალური მოძრაობის“ თავკაცებისგან წყევლა-კრუვლის პასუხის მოსასმენად“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, კატასტოფაა ის ფაქტი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ტრიბუნა დღემდე აქვს. მისი თქმით, ყოფილი მმართველი ძალა ყველანაირად ცდილობს, რომ ყევლაფერი კატასტროფა გახადოს.
„თუ ღარიბაშვილის გამოსვლა კატასროფაა, ე.ი. უკეთესი იყო სააკაშვილის ხელისუფლება. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რა კურსს ადგა სააკაშვილის ხელისუფლება - ეს იყო კონფრონტაციული კურსი რუსეთთან მიმართებაში - მაშინ გავიხსენოთ შედეგიც - ეს არის 2008 წელი და ყველაფერი რაც მას მოჰყვა. „ნაციონალური მოძრაობის“ დაჟინებული მოთხოვნა იმისა, რომ მეტი კონფრონტაციული ელემენტი იყოს რუსეთთან დაკავშირებით, ეს არის პროვოცირება, რომლის მიზანია კონფლიქტი ისევ რუსეთთან.
ამ კონფლიქტის ხარჯზე აკეთებდა თავის თავის პიარს „ნაციონალური მოძრაობა“. დღემდე მათი გულშემატკივარი ამბობს, რომ რუსეთს ებრძოდა და იმიტომ ვუჭერ მხარსო, მაგრამ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მიიღო რუსეთმა საქართველოში, იმდენი არასოდეს მიუღია. მიიღო ბიზნესის დიდი ნაწილის კონტროლი, ტერიტორიები და ბაზები. სააკაშვილის გარდა რომელმა ხელისუფლებამ აჩუქა ამდენი რამე რუსეთს? თუკი ვინმე უკეთებდა რუსეთს კარგ საქმეს, ეს იყო სააკაშვილის ხელისუფლება“, - აცხადებს საყვარელიძე.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის გამოსვლას, პოლიტოლოგი თვლის, რომ იგი გათვლილი იყო სწორედ იმაზე, რომ ყოფილიყო არაკონფრონტაციული რუსეთის მიმართ.
„რაც მთავარია თვითონ დასავლეთი და აშშ-ი დაინტერესებული არიან, რომ რუსეთთან ურთიერთობაში საქართველო მათთვის არ იყოს სირთულეების შემქმნელი ქვეყანა. სირთულეების თავიდან მოსახსნელად, თვითონ დასავლეთს აწყობს, რომ საქართველო არ იყოს კონფლიქტში რუსეთთან და მინიმუმადე იყოს დაყვანილი კონფრონტაცია. ამიტომ არის დასავლეთი ამ კურსის მომხრე.
ამ გამოსვლით გამყარდა პოზიცია, რომ საქართველოს კურსი არის დასავლეთი, მაგრამ ამ პოზიციის გამყარებას არ შეეწირა რუსეთთან ურთიერთობის პრობლემები. არ გაიზარდა რუსეთთან ურთიერთობის პრობლემები, ამ მიმართულებით ეს იყო კორექტული გამოსვლა. ამ პოლიტიკურ ხაზს მიჰყვება ხელისუფლება, რაც ალბათ, არ აწყობს ყოფილ მმართველ გუნდს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.