„არჩევნები კვლავ გოგორიშვილი-მაჭავარიანის გემოვნებით ჩატარდება“

„არჩევნები კვლავ გოგორიშვილი-მაჭავარიანის გემოვნებით ჩატარდება“

არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას საარჩევნო საკითხებზე პოზიციას უწუნებს და „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალურ მოძრაობის“ კურსის გაგრძელებაში ადანაშაულებს. ოპოზიციის წარმომადგენელთა მტკიცებით, თუ მოქმედი ხელისუფლება საარჩევნო საკითხებზე მხოლოდ წინა ხელისუფლების მოსაზრებებს გაიზიარებს, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები კვლავ ხათუნა გოგორიშვილისა და მიხეილ მაჭავარიანის გემოვნების შესაბამისად ჩატარდება.

„ახალი მემარჯვენეების“, „თავისუფალი საქართველოს“, „ქრისტიან-დემოკრატებისა“ და „ქართული დასის“ წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების კუთხით სამი მთავარი საკითხი უნდა გაითვალისწინოს - მერებისა და გამგებლების ასარჩევად 50%-იანი ბარიერის დაწესება, მრავალმანდატიანი ოლქებისა და საკრებულოებში მაჟორიტარული და პროპორციული წესით არჩეული დეპუტატების თანაფარდობის შეცვლა.

თვითმმართველობის არჩევნების წინ საარჩევნო საკითხების ახლებურად დასარეგულირებლად პარლამენტში შექმნილი ინტერფრაქციული ჯგუფი თვეზე მეტია მუშაობს. ჯგუფის მომდევნო შეხვედრა 4 თებერვალს გაიმართება და, სწორედ, ამ შეხვედრაზე გაცხადდება ოფიციალურად, რას გაითვალისწინებს და რას არ გაითვალისწინებს პარლამენტი არასპარლემენტო ოპოზიციის მიერ შემუშავებული წინადადებათა პაკეტიდან.

„ახალი მემარჯვენეების“ წევრი მამუკა კაციტაძე for.ge-სთან საუბრისას ინტერფრაქციული ჯგუფის გადაწყვეტილების კრიტიკას თავად ჯგუფის დაკომპლექტების საკითხით იწყებს. კაციტაძე აცხადებს, რომ საარჩევნო საკითხებზე წლების განმავლობაში ინტერპარტიული ჯგუფები მუშაობდნენ და პროცესში არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიც აქტიურად იყვნენ ჩაბმულები, დღეს კი იმავე საკითხებზე მსჯელობის უპირატესი უფლება მხოლოდ პარლამენტში მყოფ ორ პოლიტიკურ ძალას - „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს მინიჭებული.

„ეს არის რეგრესული ფორმატი. ახალმა ხელისუფლებამ პროცესი შეიტანა პარლამენტში, ჩაკეტა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ სივრცეში და ამ ყველაფერს ყველა დანარჩენს სტუმრების სტატუსით გვაყურებინებს,“- აცხადებს მამუკა კაციტაძე და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას დღემდე უპასუხოდ აქვს დატოვებული არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ შემუშავებული ინიციატივები.

„ჩვენი წინადადებების პაკეტი 6 მსხვილ თემას მოიცავს, ესაა: საარჩევნო სისტემა, საარჩევნო ადმინისტრაცია, ამომრჩეველთა სიები, პარტიების დაფინანსება, წინასაარჩევნო კამპანია (მედიაწვდომა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვა) და საარჩევნო დავები. ინიციატივების პრეზენტაცია ჯერ კიდევ კაჭრეთში გამართულ გასვლით სხდომაზე მოვაწყეთ. ორი კვირის შემდეგ შეხვედრა ქობულეთში გაიმართა. ექვსი მთავარი საკითხიდან ხელისუფლებას 5-ზე არავითარი პასუხი არ გაუცია. საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხზე კი ხელისუფლებამ ჩვენი წინადადებები უგულებელყო. ერთგულნი დარჩნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ თავის დროზე შემუშავებული კოდექსისა. უნდა გენახათ, ქობულეთის შეხვედრაზე რა ბედნიერები იყვნენ ხათუნა გოგორიშვილი და მიხეილ მაჭავარიანი, როდესაც აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ მათ პრინციპებს იზიარებს საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით და, ფაქტობრივად, ტოვებს ერთმანდატიან ოლქებს, ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესს, რაოდენობრივად მაჟორიტარების პრიმატსა და პრიორიტეტს საკრებულოებში, არ იზიარებს სამართლიან 50%-იან ბარიერს პირველ ტურში გამარჯვებასთან დაკავშირებით და 33%-მდე წევს გამგებლების არჩევნების და 40%-მდე მერების არჩევნების ბარიერს,“- აცხადებს მამუკა კაციტაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კი განმარტავენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის განსახორციელებელი რამდენიმე ცვლილება, სწორედ, არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერესს ემსახურება.

„ინტერფრაქციულმა ჯგუფმა გაითვალისწინა მათი მოსაზრებები. მინდა გითხრათ, რომ პროპორციული და მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატების თანაფარდობა იცვლება პროპორციულის სასარგებლოდ. საარჩევნო ბარიერი პროპორციული არჩევნებისთვის იყო 5%-ანი, ისინი 3-ს ითხოვდნენ და 4%-ზე შევთანხმდით. თბილისის მერის არჩევნებზე, ერთადერთ არჩევით თანამდებობაზე, ბარიერი იყო 30%, ჩვენ მთელს საქართველოში მერებისა და გამგებლების პირდაპირ არჩევითობას ვუჭერთ მხარს და ბარიერი არის გამგებლების შემთხვევაში - 33%, მერების შემთხვევაში კი - 40%. თუ 40%-იანი ბარიერი არასაკმარისად მიაჩნიათ არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს, არჩევნების შედეგები როცა გახდება ცნობილი, მაშინ ვნახოთ, რამდენი მათი კანდიდატი გადალახავს 40-პროცენტიან ბარიერს,“- აცხადებს for.ge-სთან პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური, რომელიც იმავდროულად საარჩევნო საკითხებზე შექმნილ ინტერფრაქციულ ჯგუფს ხელმძღვანელობს.

მისივე თქმით, მრავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებით საარჩევნო სისტემაში ძირეული ცვლილებაა საჭირო და დღეს გაუმართლებელი იქნებოდა, რომ საზღვრისპირა სოფლებისთვის ხელისუფლებას მაჟორიტარის არჩევის უფლება არ მიეცა და მათთვის მხოლოდ მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში არჩეული დეპუტატი შეეთავაზებინა.

ზვიად ძიძიგურის განცხადებით, მაჟორიტარებისა და პროპორციული წესით არჩეულ დეპუტატებს შორის თანაფარდობის შეცვლის მიზანია, პარტიებს, რომლებსაც დიდი წარმატების იმედი არ აქვთ, საკრებულოებში წარმომადგენლების ყოლის შესაძლებლობა ჰქონოდათ.

მამუკა კაციტაძე კი მიიჩნევს, რომ თუ ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომაზე აღარაფერი შეიცვალა, თვითმმართველობის არჩევნები მხოლოდ ხელისუფლების მოსაწონი საარჩევნო კოდექსის პირობებში ჩატარდება.

„ასეთ შემთხვევაში 2014 წლის არჩევნებსა და მის შედეგებთან დაკავშირებით ლეგიტიმაციის ხარისხი და ნდობა ძალიან დაბალი იქნება, რაც ქართული სახელმწიფოსთვის, მისი იმიჯისა და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციისთვის ცუდი გზავნილია,“- აცხადებს კაციტაძე და აღნიშნავს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოსავალი ბოიკოტის გამოცხადება არ არის და „ახალი მემარჯვენეები“ ამას არც აპირებენ, ხელისუფლებასთან ბრძოლის მექანიზმად მათ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ქართული და საერთაშორისო საზოგადოების მიერ პოზიციის გამოხატვა მიაჩნიათ.

ზვიად ძიძიგური კი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ არასაპარლამენტო ოპოზიციას ამ ეტაპზე საკმარისად დაუთმო.

„ყველაფერი რომ გაგვეთვალისწინებინა, რაც მათ უნდათ, პრეტენზიები მაინც დარჩებოდათ. ოპოზიციის საქმე ის არის, რომ პრეტენზიები ჰქონდეთ ხელისუფლებასთან და მეტ დათმობებს მიაღწიონ. მე ვფიქრობ, საკმაო დათმობებს მიაღწიეს ჩვენი მხრიდან და უფრო მეტი დათმობა თუ უნდათ, ეს დროში გაწერილი პროცესია - ყველაფერი წინ აქვთ მათაც და ჩვენც“, - აცხადებს ძიძიგური.