1 დეკემბრიდან ევროკავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობა იცვლება და 3 ახალი სახე იქნება. რა შეიცვლება საქართველოსთვის და როგორი იქნება ევროკავშირის შეცვლილი ხელმძღვანელობის ახალი პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის მიმართ?
ევროკავშირის სამ უმაღლეს პოსტზე, ურსულა ფონ დერ ლაიენის გვერდით, სამი ახალი სახე იქნება. ანტონიუ კოშტა, პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე შარლ მიშელს ჩაანაცვლებს. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოზიციას ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი დაიკავებს, რომლიც ჯოზეფ ბორელს შეცვლის, ის მეოთხე ადგილზე გასული პარტიის „განაახლე ევროპის“ წევრია.
ყოფილი სლოვენიელი დიპლომატი და ჟურნალისტი მარტა კოსი კი გაფართოების და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში მომავალი ევროკომისარია. როგორც დასავლური მედია იუწყება, მოსმენის დასრულების შემდეგ მან ევროპარლამენტარების სულ მცირე 2/3-ის მხარდაჭერა მოიპოვა და, დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე პოსტზე ოლივერ ვარჰეის ჩაანაცვლებს და მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში გაუძღვება ბლოკის გაფართოების და სამეზობლო პოლიტიკას.
რაც შეეხება ურსულა ფონ დერ ლაიენს მან პირველი მანდატი ევროკომისიის პრეზიდენტის როლში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის და კორონავირუს პანდემიის დროს მიიღო. ურსულა ფონ დერ ლაიენი ბლოკის უმაღლესი თანამდებობის კანდიდატებს შორის უდავო ფავორიტი გახლდათ, ამიტომ ის ამ თანამდებობას კიდევ 5 წლით დაიკავებს.
ევროკავშირის ლიდერებს შორის ერთადერთი, ვინც მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანია. ვიქტორ ორბანის თქმით, ურსულა ფონ დერ ლაიენმა „კანონის უზენაესობა, მნიშვნელოვანი ევროპული ღირებულება, უნგრეთის წინააღმდეგ პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენა“.
„ასოშიეთიდ პრესის“ ინფორმაციით, ხმის მიცემისგან თავი შეიკავა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ და ბლოკის უმაღლესი თანამდებობების დაკომპლექტების პროცესი გააკრიტიკა. მისი თქმით, იტალიის მთავრობა განაგრძობს მუშაობას, რათა ქვეყანას დამსახურებული ადგილი მიენიჭოს.
ბორელის გეგმა საქართველოს წინააღმდეგ დაიბლოკა
საინტერესოა როგორი პოზიცია ექნება საქართველოსთან დაკავშირებით ჯოზეფ ბორელის შემცვლელს. თავად ბორელის ბოლო განცხადებები კი საქართველოსთან დაკავშირებით მწვავე და საკმაოდ ხისტი იყო. ბორელს კონკრეტული გეგმაც კი ჰქონდა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნების გამო „ქართულ ოცნებას“ და ქვეყანას „სათანადო პასუხი“ მიეღო. ის ასევე ითხოვდა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირს გაეყინა 120 მილიონი სახის დახმარება და ეს თანხები არასამთავრობო ორგანზიაციებისთვის და ოპოზიციური პარტიებისთვის გადაერიცხათ. თუმცა მისი გეგმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, 18 ნოემბრის შეხვედრაზე დაბლოკეს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებასა და საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებას უნგრეთი და სლოვაკეთი ეწინააღმდეგებიან, ეჭვს გამოთქვამენ ბულგარეთი და იტალიაც.
თავის მხრივ, გერმანია წინააღმდეგია, რომ ევროკავშირმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს.
„(საქართველოს) საკითხზე ცალსახა გადაწყვეტილება არ მიღებულა. იყო ფართო დისკუსია“, - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ.
ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოავლინა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარეკ ეშტოკის კომენტარმაც:
„ჩვენ მივიღეთ ქართველი ხალხის გადაწყვეტილება. ეს ლეგიტიმური გადაწყვეტილებაა. გვესმის, რომ იყო გარკვეული პრობლემები, მაგრამ ამას საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიხედოს“, - განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შარლ მიშელის პოზიცია საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით
ასევე, ჯერ არ ვიცით, რა პოზიციას დაიკავებს არჩევნებთან დაკავშირებით მიშელის შემცვლელი ანოტონიუ კოშტა. მიშელმა განაცხადა, რომ არსებობს სერიოზული ეჭვები არჩევნების გაყალბების შესახებ, რასაც საფუძვლიანი გამოძიება სჭირდება. მისი თქმით, საჭიროა სიცხადე ამ პროცესის შესახებ.
„პირველ რიგში, მე ვიცი ქართველი ხალხის გულწრფელი სწრაფვა ევროკავშირის წევრობისკენ. ჩვენ ევროკავშირის მხრიდან მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ. რაც შეეხება ჩატარებულ არჩევნებს, არსებობს სერიოზული ეჭვები გაყალბების შესახებ, რასაც საფუძვლიანი გამოძიება სჭირდება. ჩვენ გვჭირდება სიცხადე ამ პროცესის შესახებ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდა. ამის თაობაზე ეჭვები არსებობს არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. მე და პრემიერ-მინისტრს შესაძლებლობა გვქონდა, განგვეხილა ეს თემა“, – განაცხადა შარლ მიშელმა.
რა შეიძლება ევროკავშირის ახალი პოლიტიკური ხელმძღვანელობის ფონზე საქართველოსთვის შეიცვალოს, ამ თემაზე მედია პოლიტიკის ექსპერტი გიორგი ახვალედიანი for.ge-სთან ამბობს, რომ ევროკავშირის მხრიდან რადიკალურად შეცვლილ პოზიციებს ჯერ არ ელის. თუმცა ფიქრობს, რომ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, სიტუაცია ევროკავშირშიც შეიცვლება და მიიჩნევს, რომ პარალელურად საქართველოს მხარდამჭერი და მომხრე ქვეყნების რაოდენობა გაიზრდება.
„ახლა ევროკავშირშიც ისტერიულად ელოდებიან იანვრის მოსვლას და ტრამპის პოლიტიკას ევროკავშირის და საერთოდ, ევროპის მიმართ. სიტუაცია რომ ყველა მხრივ შეიცვლება და საქართველსოთან მიმართებაშიც დამოკიდებულება სხვა გახდება, ეს ფაქტია. ეს ასევე 18 ნოემბრის მინისტერიალმაც აჩვენა, სადაც ბორელის გეგმამ სრული კრახი განიცადა და საქართველოს მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობა უფრო გაიზარდა.
18 ნოემბერია იმ დიდი ცვლილებების დასაწყისი ევროკავშირშიც, რომელიც უკვე დაიძრა და მალე უფრო სხვა სახეს მიიღებს. ვხედავთ უნგრეთის, სლოვაკეთის, ბულგარეთის, იტალიის სახით როგორი ძლიერი ჯგუფი ჩამოყალიბდა. სწორედ ამ ქვეყნებმა არ დაუჭირეს საქართველოსთან დაკავშირებით რადიკალური ნაბიჯების გადადგმას მხარი. მალე ამ ქვეყნებს ფინეთი და სხვა რამდენიმე ქვეყანა დაემატება. საინტერესო იყო ასევე გერმანიის პოზიციაც, რომელმაც ვიზალიბერალიზაციის საქართველოსთვის შეჩერებას მხარი არ დაუჭირა. ეს ის ულტარამემამრჯვენე ძალები არიან, რომლებმაც ევროპარლამენტის არჩევნებზე გაიმარჯვეს და საკმაოდ წარმომადგენლობითი შემადგენლობით შევიდნენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ცოტა დრო დარჩა ამ ფსევდოლიბერალებს, რომლებიც ცდილობენ, საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერიონ და ქვეყანაში ხელი დესტაბილიზაციას შეუწყონ. ერთი თვე დარჩა იმისთვის, რომ იანვრიდან ყველაფერი კიდევ უფრო ნათელი გახდეს“, - ამბობს ახვლედიანი.
მისივე თქმით, სამარცხვინოა საქართველოში გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის მუქარა, რომ ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას გერმანიის პარლამენტი თანხმობას არ მისცემსო, რადგან გერმანიაში მთავრობა საერთოდ ჰაერშია დარჩენილი და თებერვალში ახალი არჩევნებია დაგეგმილი. ამიტომ ახვლედიანის თქმით, როგორც კი გერმანიაშიც მთავრობა შეიცვლება, საქართველოსთან დაკავშირებით, იქაც სიტუაცია რადიკალურად განსხვავებული იქნება.
„გერმანიის პოზიციამ 18 ნოემბერს უკვე აჩვენა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით იქაც ბევრი რამ გადაიხედება. როგორც უკვე აღვნიშნე, ის ულტრამემრაჯვენე ძალები, რომლებიც ახლა ევროპარლამენტში არიან, მალე კიდევ უფრო გაძლიერდებიან და პოზიციები საქართველოსთან გადაიხედება. ასეთი სამარცხვინო ელჩი, რომელიც ახლა საქართველოშია, ჯერ არ ყოფილა. თებერვლის არჩევნების და შოლცის ჩამოშლილი მთავრობის მერე (რომელიც პიდაპირ ბაიდენის ადმინისტრაციის შლეიფად შეგვიძლია მოვიხსენიოთ), იქაც ბევრი რამ გადაიხედება, ამიტომ ეს ელჩიც მალე სულ სხვა ენაზე აჭიკჭიკდება და ვნახავთ ამ სიტყვებს უკან როგორ წაიღებს“, - ამბობს ახვლედიანი.