„ვცდილობ, რომ საქართველომ იქნებ მოახერხოს რუსეთის კეთილგანწყობის მოპოვება“

„ვცდილობ, რომ საქართველომ იქნებ მოახერხოს რუსეთის კეთილგანწყობის მოპოვება“

„საქართველო, რომელსაც ტერიტორიული პრობლემები, ჩამორჩენილი ეკონომიკური სისტემა გააჩნია, არ უნდა აცდეს ევრაზიულ სივრცესაც“, - ასეთია უშიშროების ყოფილი მინისტრის დასკვნა. ვალერი ხაბურძანია ამბობს, რომ დღევანდელი ევროპა ბევრი მონაცემებით, ღირებულებით და ფასეულობით, ჯობია დღევანდელ რუსეთს, თუმცა, ამის მიუხედავად, თვლის, რომ საქართველოს ჯერ კიდევ არარსებული ევრაზიული კავშირი გადაარჩენს.

გასულ კვირას პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა for.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისთვის მეტად საფრთხის შემცვლელია რუსეთის მე-5 კოლონა. მისივე განმარტებით, უკვე არსებობს ლეგიტიმური არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლის მკაფიო ამოცანაა საქართველის დამკვიდრება ევრაზიულ კავშირში. For.ge-ს კითხვაზე ეს ორგანიზაციები არალეგიტუმურად უკვე მოქმედებენ თუ არა ქვეყანაში, პოლიტოლოგმა განმარტა, რომ ეს კითხვა უნდა დავუსვათ რუსეთის ლეგიტიმურ წარმომადგენელს, ვალერი ხაბურძანიას.

For.ge ვალერი ხაბურძანიას ესაუბრა.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ საფრთხის შემცველია რუსეთის მე-5 კოლონა, რომელიც ღიად საუბრობს რუსეთთან მიმართებაში ურთიერთობის დათბობის თემაზე. თქვენ ხართ მე-5 კოლონის წარმომადგენელი?

- არავითარი მე-5 კოლონის ფუნქციის შესრულებას მე არ ვაპირებ. არ ვაპირებ არც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. 2016 წლამდე არ ვაპირებ პარტიული ფორმის პოლიტიკურ აქტივობას. ბატონი სოსო ჭარმაგი კაცია და მისი გამოცდილება მეტი სწორი ანალიზის საფუძველი უნდა იყოს. სამწუხაროა, რომ მოდურ პრიმიტივიზმთან გვაქვს საქმე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გადავიტანოთ ემანდ რუსული ფული არ შემოგვეპაროსო, ამას სერიოზული ექსპერტი არ უნდა ამბობდეს. რაც შეეხება ჩემს გულწრფელობას, უშიშროების მინისტრობის დროსაც ჭარბად ვგულწრფელობდი და ახლა მითუმეტეს.

მოკლედ, რომ ჩამოვაყალიბო ჩემი ხედვა, მე მსურს საქართველო რომელიმე დიდ რეგიონალურ გაერთიანებაში ვიხილო, ევროპა ამ თვალსაზრისით კარგია, მაგრამ რეალობაში მიუწვდენელი და ჩვენი პრობლემების ვერ გადამწყვეტი. საქართველო, რომელსაც ტერიტორიული პრობლემები, ჩამორჩენილი ეკონომიკური სისტემა გააჩნია, არ უნდა აცდეს ევრაზიულ სივრცესაც, რომელიც ჯერ კიდევ არ არსებობს, თუმცა ტერიტორიული სუვერენიტეტის აღდგენის და თანაბარი ეკონომიური განვითარების შანსს იძლევა. ამაზე მზად ვარ საგნობრივად ვიკამათო, ოღონდ იარლიყები არ გვინდა ბატონებო.

ბატონი სოსოს პოზიცია, ლაშა ბუღაძის სტატიას მაგონებს, რომელშიც მოუწოდებს ყველას, ვისაც ევროპული ინტეგრაცია არ მოსწონს, ჩეკისტი უწოდონ. ჩემთვის გაუგებარია რატომ არის უკრიტიკო ევროინტეგრაცია? ერთი ადამიანი მითხრან, რომელმაც ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით დაასაბუთა ევროინტეგრაციის საჭიროება. სამწუხაროდ, ევროპული ინტეგრაცია იქცა სატყუარად. დღევანდელი ევროპა ბევრი მონაცემებით, ღირებულებით და ფასეულობით, ჯობია დღევანდელ რუსეთს, ამაზე არავინ დავობს, მაგრამ ჩვენთვის ჯობია კი?

რუსეთს ევროპა ჯობია, - ამას აღიარებთ, მაგრამ ქვეყნის ევროიგრაციის მომხრე არ ხართ. სწორედ, ამიტომაც გიწოდებენ რუსეთის პოლიტიკის გამტარებელ ადამიანს...

- ეს არაა სწორი მიდგომა. მე ვამბობ, რომ საქართველო ორიენტირებული უნდა იყოს რუსეთზე, ან ევრაზიულ სივრცეზე. იმიტომ, რომ ამ სივრციდან გამოსვლა ცუდ შედეგებს მოგვიტანს. ჩვენ ვერ და არ შევდივართ ევროპულ სივრცეში, რადგან, არავინ ჩვენ იქ არ გვიღებს. საქართველოს ისეთი პირობები აქვს წაყენებული, მისი მიღწევა დამოუკიდებლად შეუძლებელა. ამ კრიტერიუმების მიღწევაში, ევროპა არ გვეხარება. ევროპა გვეუბნება, რომ მიაღწიეთ ამ კრიტერიუმებს და ჩვენ მიგიღებთ. ეს კრიტერიუმებია მაღალი სტანდარტები ეკონომიკაში, დემოკარატიაში და ამის შემდეგ მიგიღებთო, მაგრამ ამის შემდეგ გვჭირდება ჩვენ ევროპა?

იმ სივრციდან გასვლა, რასაც რუსული სივრცე ჰქვია, საბოლოოდ გვაკარგინებს სეპარატისტულ რეგიონებს. მე ასე ვფიქრობ და საპირისპირო დამიმტკიცოს ვინმემ. ევოპა კარგია, იქ ცხოვრებაც კარგია, მაგრამ არ გვღებულობენ. ამიხსნას ვინმემ, რა ლოგიკა იყო უკრაინის უფრო წინ წაწევა ვიდრე საქართველოსი, მარტო პარაფირებაზე რატომ დაგვაჯერეს, მაშინ, როცა საქართველო ბევრი მონაცემებით და კრიტერიუმებით, წინ უსწრებს უკრაინას? ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. საქართველო პოლიტიკური თვალსაზრისით ევროპას არ სჭირდება.

საქართველო ასოცირების ხელშეკრულებას აგვისტომდე აწერს ხელს...

- მერე რა? შემდგომში რა ხდება? ხელშეკრულება გულისხმობს რაღაცა ვალდებულებებს, ვინმემ იცის რა ვალდებულებეზეა ლაპარაკი?

საინტერესოა, თქვენ თუ იცით ამ ვალედულებების შესახებ? ალბათ, წაიკითხული გაქვთ ეს დოკუმენტი...

- დააახლოებით ვიცი, რომ ეს ვალდებულებები გულისხმობს ბევრ შეზღუდვებს საქართველოსთვის ეკონომიკაში, რომელიც ახლა თავისებური განვითარების გზას ადგას. ეს გულისხმობს ისეთ სტანდარტებს და შეზღუდვებს, რომელიც გაანადგურებს სოფლის მეურნეობს. ისეთ სტანდარტებს, რომელსაც ჩვენ ელემენტარულად ვერ შევასრულებთ. ეს გულისხმობს საქართველოს პოლიტიკური სივრცის უფრო გახსნილობას. მაგრამ იმის გარანტიებს, რომ ევროპა გახდება გარანტი მომავალში დემოკრატიული არჩევნების, ამას არავინ არ იძლევა, იძლევა მხოლოდ ვალდებულებებს.

რაც შეეხება წაკითხული მაქვს თუ არა, ესეც საქართველოს ხელისუფლების ბრალია. ეს დოკუმენტი ქართულ ენაზე ვერავინ ნახა. ინგლისური კი ისე ღრმად არ ვიცი, რომ დეტალებში ჩავწვდე ამ დოკუმეტს.

ასოცირების ხელშეკრულეზე ხელი ევროპასთან მოწერილი აქვს სამხრეთ აფრიკასაც. ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება გულისხმობს, რომ ევროპა მათ ამზადებს თავის ბაზრად ქცევისათვის და მეტი არაფერი. რამდენიმე ათეული წელია თურქეთსაც აქვს ხელი მოწერილი, რომელიც ყველანაირად ცდილობს ევროპაში შევიდეს, მაგრამ არ ღებულობენ. აჩქარებენ უკრაინას, იმიტომ, რომ პოლიტიკურად სჭირდებათ, სჭირდებათ როგორც ბაზარი. ჩვენი ევროინტეგრაციისთვის კი, ევროპა ერთ ცენტს არ ხარჯავს.

ევროინტეგრაციისთვის საჭიროა, ჩვენი ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის მოდერნიზება და ევროპამ ამაში უნდა ჩადოს ფული, მოახდინოს ჩვენი მოდერნიზება და ამის მერე მოახდინოს მის სივრცეში ჩვენი ინტეგრაცია. ეს არ ხდება და რა ალტერნატივაზეა საუბარი? მთელი უბედურება ისაა, რომ ავცდებით ევრაზიულ სივრცესაც, ვერ შევალათ ვერც ევროპულ სივრცეში და დავრჩებით რეგიონალური გაერთიანების გარეშე, რაც მომავალში არაა ჩვენთვის სასურველი და მისაღები. გლობალური ეკონომიკური სივრცის გარეშე დარჩენა ნებისმიერ პატარა ქვეყანას კატასტროფას უქადის. ამაზეა ლაპარაკი და არა იმაზე, რომ სადღაც საბჭოთა კავშირში გვტენის ხაბურძანიაო.

რუსეთის ლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში, გამოკვთილია - ქვეყანა არ უნდა გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, ანალოგიურია თქვენი პოზიციაც. ბატონო ვალერი, თქვენ ხართ რუსეთისთვის დასაყრდენი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც მეშვეობითაც შეეცდება საქართველოში საკუთარი ინტერესების გატარებას?

- სამწუხაროდ, უნდა გითხრათ, რომ მოცემულ ეტაპზე რუსეთს საქართველოში არავითარი პოლიტიკური ინტერესი არ აქვს. სამწუხაროა, რომ რუსეთს ჩამოყალიბებული და განსაზღვრული არ აქვს საქართველოსთან მისი პოლიტიკა, იმიტომ, რომ მან მაქსიმუმს მიაღწია საქართველოსთან მიმართებაში, როგორც გეოგრაფიული ერთიანობის მიმართ. საქართველოს ტერიტორიაზე აქვს ორი სამხედრო ბაზა, აიკიდა ორი ჯუჯა სახელმწიფო, რომელიც უნდა არჩინოს. აბსოლუტურად არ აქვს სურვილი, რომ ეს მესამე სახელმწიფო იყოს საქართველო, რომელიც მოსთხოვს ამ ორი სახელმწიფოს თავისთან ინტეგრირებას. დღეს რუსეთისთვის საქართველო არის პრობლემა. პირიქით, ვცდილობ, რომ საქართველომ იქნებ მოახერხოს რუსეთის კეთილგანწყობის მოპოვება და მოვხვდეთ ევრაზიულ სივრცეში.

ეს თქვენი არჩევანია ევრაზიული სივრცე. საქართველოს მოსახლეობის არჩევანია გახდეს ევროპული ოჯახის წევრი...

- ევრაზიული სივრცე მარტო რუსეთი არაა. ევრაზიული სივრცე არის დიდი ყაზახეთი, ბელორუსია. იგივე უკრაინაში ახლა რა პროცესებიც არის, თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ევროინტეგრაციის მიზეზით ხდება? სამწუხაროდ, იანუკოვიჩმა დაუშვა თავის ხელისუფლებაში შეცდომები. მე ვფიქრობ, რომ ევრომაიდანზე მყოფთაგან 50 პროცენტი არის ევროინტეგრაციის მიმხრე, 50 პროცენტი იანუკოვიჩის ხელისუფლების წინააღმდეგი. რაც შეეხება საქართველოს, ვფიქრობ, რომ მოსახლეობის 40 პროცენტი არის აქტიური ევროინტეგრატორი, პასიური მომხრეა დააახლოებით 40 პროცენტი, ხოლო 20 პროცენტი იქნება წინააღმდეგი.