ვინ გახდება საქართველოს მე-6 პრეზიდენტი

ვინ გახდება საქართველოს მე-6 პრეზიდენტი

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კვლავ ირაკლი კობახიძე იქნება, პარლამენტის თავმჯდომარედ კი ფრაქცია ისევ შალვა პაპუაშვილს წარადგენს. ამ ეტაპზე სხვა საკადრო ცვლილება არ იგეგმება, თუმცა კობახიძის სამთავრობო კარუსელი დეკემბერში დატრიალდება, მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ დაასახელებს საპრეზიდენტო კანდიდატს. არსებული ინფორმაციით, საკადრო ცვლილება შეეხება თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს. სამთავრობო ცვლილება შეეხება ეკონომიკურ გუნდსაც.

რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, ვინ გადავა ორბელიანების სასახლეში, ანუ ვინ გახდება საქართველოს მე-6 პრეზიდენტი? პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩაინიშნოს პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ, თუმცა ამის კონკრეტული ვადა განსაზღვრული არ არის, მაგრამ მომდევნო დღეებში „ქართული ოცნება“ განსაზღვრავს თარიღს. იანვრის პირველი ნახევრისთვის პროცედურები უკვე დასრულებული იქნება. როგორც ცნობილია, მომავალ პრეზიდენტს პარლამენტში 300 ხმოსანი აირჩევს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების დაგეგმვა არის კანონით გაწერილი და სწორედ ამ კანონის მიხედვით მოხდება ყველაფერი. ეს არ არის ვიღაცის ნება-სურვილზე დამოკიდებული, ამიტომ პარლამენტი როდესაც შეიკრიბება, ის დაადგენს საპრეზიდენტო არჩევნების კონკრეტულ დღეს.

„პრეზიდენტის კანდიდატურის დასახელება შეუძლია 300 ხმოსნიდან 30-ს, ოღონდ მხოლოდ ერთი კანდიდატურის წარმოდგენა შეუძლია. კანდიდატმა პირველ ეტაპზე უნდა მიიღოს ხმების 2/3, ვერმიღების შემთხვევაში იქნება მეორე კენჭისყრა, სადაც უბრალო უმრავლესობით მოხდება მისი არჩევა. ეს პროცედურები დაახლოებით იანვრის პირველი ნახევრისთვის უკვე დასრულებული იქნება“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ვინ იქნება „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, ამის შესახებ მმართველ გუნდში ამ ეტაპზე არ საუბრობენ, თუმცა კულუარებში უკვე სახელდება სავარაუდო კანდიდარები - ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი; სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის და მე-10 მოწვევის დეპუტატი კახი კახიშვილი; ყოფილი პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ღარიბაშვილი და ასევე იუსტიციის და კულტურის ყოფილი მინისტრი, დეპუატატი თეა წულუკიანი.

„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში საქართველოს მოსახლეობამ ორი პრეზიდენტი აირჩია და ორივე „ქართული ოცნების“ მიერვე იყო მხარდაჭერილი. მაგრამ არჩევიდან მალავე ორივე პრეზიდენტი მმართველი გუნდის ოპოზიციაში გადავიდა. ამ მხრივ გიორგი მარგველაშვილს დიდად გაასწრო სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც სათავეში უდგას სახელმწიფო გადატრიალებას. ზურაბიშვილს ორბელიანიების სასახლის დატოვება დეკემბერში მოუწევს. საქართველოს პრეზიდენტი - ეს არის თანამდებობა, რომელსაც დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი და ლობიერებული კადრი იკავებდა. ამჯერად როგორ კანდიდატზე შეჩერდება „ქართული ოცნება“ და გაუწევს თუ არა დასავლეთს ანგარიშს, ამას უკვე დეკემბერში ვნახავთ.

უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, შეეცდებიან, რომ სერიოზული ხარვეზი აღმოფხვრან და პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დაასახელონ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, გუნდის შიგნით უკვე ბევრი კანდიდატის შესახებ იმსჯელეს.

„ჩვენ უკვე მართლა ბევრი კანდიდატის შესახებ გვიმსჯელია გუნდის შიგნით. შეიძლება უფრო ადრე გავახმოვანოთ საბოლოო გადაწყვეტილება საპრეზიდენტო კანდიდატურასთან დაკავშირებით, ვიდრე ეს თქვენ წარმოგიდგენიათ. შევეცდებით, რომ თარიღის გამოცხადებასთან ძალიან ახლო და შემჭიდროებულ ვადებში ვისაუბროთ ჩვენს კანდიდატზეც“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის კანდიდატურასთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა ის იქნება „ქართველი პატრიოტი“. მისივე თქმით, პრეზიდენტის არჩევნები და ინაუგურაციაც საკანონმდებლო ორგანოში გაიმართება.

„ერთი რამის თქმა შემიძლია, ეს იქნება ქართველი პატრიოტი. ეს არის, როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მთავარი კრიტერიუმი. პატრიოტიზმი ეს არ არის მხოლოდ გულში მჯიღის ცემა, ეს არის საკუთარი სამშობლოს და სახლის წინაშე პასუხისმგებლობის გააზრება, რომელიც აღმოვაჩინეთ, რომ წინა პრეზიდენტებს არ ჰქონდა, განსაკუთრებით მოქმედს, რომელიც ვერ შედგა ქართველად. ეს არის მთავარი პრობლემა, რასაც ჩვენ წავაწყდით. რაც შეეხება კანდიდატურას - ჯერ ჩვენ დავასახელებთ არჩევნების თარიღს და ყველაფერი პროცედურის მიხედვით იქნება. ქართველ ხალხს ეყოლება ღირსეული პრეზიდენტი. გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ გვაქვს,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვინ იქნება ის ღირსეული, რომელიც ზურაბიშვილის შეცვლის, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს, მაგარამ ამბობს, რომ კრიტერიუმი უნდა იყოს სტაბილურობის ნიშანი - რამდენად სტაბილურია პოლიტიკური თვალსაზრისით და რამდენად მოსალოდნელია, რომ სტაბილური იქნება იმ პოლიტიკურ გარემოცვაში, რასაც ქმნის „ქართული ოცნება“ და არ მოუწევს პოლიტიკური თამაშები ოცნებასთან, რასაც ვაკვირდებოდით სხვა შემთხვევაში.

„მე, მგონია, რომ უკვე ჩამოთვლილი ყველა ფიგურა ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, ერთი მეორეზე უფრო მეტად. გია ვოლსკიც და ირაკლი ღარიბაშვილიც ისეთი სიხშირით ჩანან ოცნების გვერდით, ღარიბაშვილი სხვადასხვა რგოლში და მუდმივად მყარად ოცნების მხარეს, რომ ეჭვს არც ერთი არ იწვევს ამ მხრივ. კახი კახიშვილს ასეთი სიხშირე არ ჰქონია გამოსვლებში, მაგრამ სრულიად გაწონასწორებული, წყნარი ფიგურა არის, რომლისგანაც სურპრიზებს არ უნდა ელოდო. ყველა ერთმანეთს ჯობია. თუმცა სოციალურ ქსელში გამოჩნდა თეა წულუკიანის სახელიც“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

პოლიტოლოგის განცხადებით, საპარლამენტო მმართველობაში, პრეზიდენტს, რომელსაც ძალა არ აქვს და მარტო საკვანძო მომენტებში უნდა გამოჩნდეს, ამ ტიპის პრეზიდენტად ხშირად ნიშნავენ იმ ადამიანს ვინც უკვე პასიურ რეჟმშია.

„მასე დაინიშნა თავის დროზე პრეზიდენტად პერესი, რომელიც ძალიან აქტიური საგარეო საქმეთა მინისტრიც იყო და ადრე ფინანსთა მინისტრი. ასევე არის გერმანიაში პრეზიდენტად ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი. თუ ასეთი მიდგომით ვიხელმძღვანელებთ და არის ლოგიკა ამაში, რომ ენერგიულს და სიცოცხლით სავსე ადამიანს რომ დანიშნავ მაგ თანამდებობაზე, თავისი პოზიციების განმტკიცებისთვის მოუწევს რაღაცა მანევრირება. ამიტომ სასაურველია, რომ იყოს ადამიანი, რომელსაც ამოცანად აღარ უდგას თავისი თავის გაძლიერება და უკვე ნანახი ჰყავს საკუთარი თავი სხვადასხვა სტრუქტურაში. ამიტომ, უფრო ასაკიანი, წონიანი, გამოცდილებიანი, თავისი პოლიტიკური როლით კმაყოფილი ადამიანის არჩევა იქნება უპრიანია და არა იმათი, ვისაც მიუხედავად ძალიან კარგი თვისებებისა, შეიძლება უფრო ზედმეტი სურვილები და ამბიციები ჰქონდეთ, ვიდრე ამ თანამდებობას შეეფერება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოსის დავით ზარდიაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდი არჩეული ორივე პრეზიდენტი უღირსი გამოდგა. შესაბამისად, თვლის, რომ მომავალი პრეზიდენტი უნდა იყოს ავტორიტეტი ადამიანი და მას ავტორიტეტი უნდა ჰქონდეს არა მარტო „ქართულ ოცნებაში“, არამედ თავისი პოლიტიკური მოღვაწეობით სახელოვანი ადამიანი უნდა იყოს.

„აუცილებელი არ არის, რომ პოლიტიკური მოღვაწეობით ჰქონდეს სახელი მოხვეჭილი. შეიძლება სხვა სფეროს ადამიანი იყოს. მომავალი პრეზიდენტი უნდა იყოს წარმოსადეგი, იმიტომ რომ მისი ძირითადი ფუნქცია არის წარმომადგენლობითი. ის არის ცერემონიალური ფიგურა. ძირითადად, მისი მთავარი დანიშნულება ეს არის და რატომ არის ეს ცერემონია საჭირო? იმის ხაზგასასმელად, რომ ყველაფერი ხდება ისე, როგორც უნდა მოხდეს, რაც დაკავშირებულია პოლიტიკის და მმართველობის განხორციელებასთან.

ამავდროულად, პრეზიდენტი არის კონსტიტუციის გარანტი და თუ რამე პრობლემა იქმნება კონსტიტუციასთან, ის რასაკვირველია, ცერემონიას არ შეასრულებს და რასაკვირველია, ეს არის ნიშანი იმისა, რომ შეიქმნა რაღაცა პრობლემა და შესაბამისი გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული“, - აცხადებს ზარდიაშვილი.

რაც შეეხება კანდიდატებს, დავით ზარდიაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე, ძალიან გაუჭირდება კონკრეტულ კანდიდატებზე მსჯელობა, თუმცა ისურვებდა, რომ მომავალი პრეზიდენტი პარტიული ნიშნით არ იქნეს არჩეული.

„ზეპარტიული ფიგურა უნდა იყოს, ნაკლებად პარტიული ინტერესით. ნაწილობრივ ამბიციურიც უნდა იყოს. იმიტომ, რომ თუ ადამიანი ამბიციური არ არის, სახელოვანი ვერ გახდება, შეუძლებელია. უსაფუძვლოდ ამბიციური არის სალომე, რომელმაც რა ვითარებამდე მიგვიყვანა, ვნახეთ და ეს მისი ტრაგედიაა. საქართველოს ის ვერაფერს ვერ დაუშავებს, მისი უსაქციელობის გამო არაფერი არ მოხდება. მართალია, გარკვეული პრობლემები შექმნა, მაგრამ დიდი არაფერი. იმდენად დაიზიანა თავი, რომ მის წინაპრებს მიაყენა რეპუტაციული ზიანი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ზარიდიაშვილი.

amo დავით მაღრაძე, თუ დათანხმდება რა თქმა უნდა.
2 საათის უკან
amo ვიგულისხმე თუ აქვს ამ ხელისუფლების იმედი, რომ ქმედით საჭირო ნაბიჯებს გადადგამენ.
2 საათის უკან
Aburjga Tasmanieli პრეზიდენტი? სდაქართველოში? რა ვიცი, რა ვიცი?! იმნაირი პირი ჩანს, რომ ვინმე კარგა ხნის გარდაცვლილსაც თუ აირჩევენ მაინც პრობლემებს შექმნის!
1 საათის უკან