„ელჩებს მოლოდინი ჰქონოდათ, რომ მოსაწვევებს მიიღებდნენ? მადლობა თქვან, საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტებისთვის არ დაიბარეს“

„ელჩებს მოლოდინი ჰქონოდათ, რომ მოსაწვევებს მიიღებდნენ? მადლობა თქვან, საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტებისთვის არ დაიბარეს“

„ქართული ოცნება“ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ელჩების გარეშე ჩაატარებს. როგორც მმართველ გუნდში განმარტავენ, ეს არის სახალხო ზეიმი და მათ შორის უცხოელების არასწორი გავლენის მინიმიზების მიზნით, ელჩებისა თუ სხვა ქვეყნების ჩართულობა ამ პროცესში აუცილებელი არ არის. ასევე, ეს არის მხოლოდ კეთილი ნება და ხელისუფლებას ელჩების სხდომაზე მიწვევის ვალდებულება არ აქვს. 

მიუხედავად ამ განმარტებისა, ოპოზიციაში მაინც ცდილობენ, რომ ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური სარჩული დაედოს. როგორც ოპოზიციაში ამბობენ, ელჩები ისედაც არ აპირებდნენ ამ სხოდმაზე დასწრებას, ამიტომ „ოცნება“ ტყუის, როდესაც ამბობს, რომ მათი დაპატიჟება არ უნდოდათ.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქართველმა ხალხმა უნდა იზეიმოს საკუთარი პარლამენტის პირველი სხდომა.

„მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე ელჩები არ მომიწვევია. მოწვევები უკვე დავგზავნე გუშინწინ. პარლამენტის პირველ სხდომაზე მოწვეულები არიან მთავრობის წევრები და კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები. რაც შეეხება ელჩებს, ისინი პირველ სხდომაზე არ არიან მოწვეულები. ეს გახლავთ ჩვენი შიდა, სახელმწიფოებრივი საკითხი და მათ შორის უცხოელების არასწორი გავლენის მინიმიზების მიზნით, ელჩებისა თუ სხვა ქვეყნების ჩართულობა ამ პროცესში აუცილებელი არ არის.

ჩვენ ქართველებმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს არის ქართული საქართველოს პარლამენტი, რომელშიც ახლად არჩეული პარლამენტის წევრებთან ერთად, წარმოდგენილები იქნებიან მთავრობა და კონსტიტუციური ორგანოები. ეს არის ზოგადი მიდგომა, რაც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, პარლამენტს ჰქონდეს. ეს არის ქართველი ხალხის ზეიმი და ქართველმა ხალხმა უნდა იზეიმოს საკუთარი პარლამენტის პირველი სხდომა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ „ქართული ოცნებისგან“ ეს გადადგმული ნაბიჯი პოლიტიკური მანევრია, რადგანაც მმართველმა გუნდმა, როგორც ჩანს, ისედაც იცოდა, რომ ელჩების დიდი ნაწილი სხდომაზე არ აპირებდა მისვლას, ამიტომაც ისინი ოფიციალურად აღარ მიიპატიჟა.

„აქ ადგილი პოლიტიკურ მანევრს აქვს და, ალბათ, „ოცნების“ მხრიდან სწორიც არის, რადგან მათ კარგად იციან და კულუარული ინფორმაციებიც აქვთ იმის შესახებ, რომ ელჩების დიდი ნაწილი არ მივიდოდა. ამიტომაც მათ დაასწრეს და არ მიიწვიეს. ანუ არ გამოვა ისე, რომ ოპოზიციას ჰქონდეს საბაბი სასაუბროდ, აი, ელჩებიც კი არ მივიდნენ და ამ პარლამენტს არც დასავლეთი არ აღიარებს. ამიტომ მოსაწვევებიც არ გაუგზავნეს. მეორე მხრივ, ალბათ, ახლა ყველაზე მეტად სურს „ოცნებას“ რომ ელჩები მისულიყვნენ ამ სხოდმაზე და არჩევნების ერთგვარი აღირების საჩვენებელი ფაქტი ყოფილიყო, მაგრამ ფაქტია, აქვთ ინფორმაცია, რომ ისინი არ მივლენ.

თუკი სხდომას ამერიკის, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის ელჩები არ დაეწსრებიან, ამას ძალიან დიდი პოლიტიკური სახე მიეცემოდა. ამიტომ მმართველმა გუნდა ჩათვალა, რომ სჯობს საერთოდ არც არავინ დაეპატიჟა. ახლა მათ არჩევნების აღიარების სერიოზული პორბლემა უდგათ. მოლოდინის რეჟიმშია ყველა და ვხედავთ, რომ მაინც ევროპა თავს იკავებს რაიმე მკვეთრი განცხადებისგან და ნაბიჯების გადადგმისგან. ამიტომ არავის უნდა, რომ სიტუაცია დამატებით გამწვავდეს. შესაბამისად, მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ლოგიკურად რომ დავფიქრდეთ, სწორიც არის“, - ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, ახლა იმის თქმა, რომ ამას რაიმე კატასტროფა მოჰყვება და ქვეყნის შიგნით მოსახლეობა დიდად ინერვიულეს, ნაკლებად მოსალოდნელია. ალბათ, ყველაზე მეტად ეს საკითხი „ოცნების“ ამომრჩეველს არ ადარდებს. მეორე მხრივ კი მმართველი გუნდი ამას შეფუთავს ისე, რომ აი, იმდენს გვლანძღავდნენ ეს ელჩები და ისე ერეოდნენ ჩვენს შიდა საქმეებში, რომ დაპატიჟების ღირსები არც იყვნენ. მისი ამომრჩევლისთვის კი ეს საკამრისია. თუმცა ამაზე არც მოსახლეობის უმეტესობა შეწუხდება.

„სიტუაცია იმდენად არის დაძაბული და ისე შეეჩვია ჩვენი მოსახლეობაც უკვე ამ დასავლეთთან დაპირისპირებას, რომ ალბათ, ეს მათთვის ძალიან უმნიშვნელო ამბავი იქნება. კი ბატონო, ოპოზიცია შეეცდება ამ ფაქტის პოლიტიკურად გამოყენებას, დაიწყებს მანიპულაციას, რომ აი, ელჩებიც კი არ იყვნენ ამ სხდომაზე მიწვეულები. ეს რა ლეგიტიმური პარლამენტია, როცა არც ოპოზიცია ესწრებოდა, არც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩები და არც სასულიერო პირები. თუმცა ამას საზოგადოებისთვის არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ყველა რაღაცას ელოდება და ეს რაღაცა არის ამერიკა და ტრამპის მოქმედებები. ამიტომ როგორც უკვე ვთქვი, „ოცნება“ თავის დღის წესრიგს მიჰყვება და ისიც იანვრის შემდეგ მოვლენებს დაელოდება. თუ მანამდე გაძლო ოპოზიციამ ამ რეჟიმში და ცდუნებას არ აჰყვნენ, პარლამენტში არ შევიდნენ, ხომ კარგი. თუ შევლენ, მაშინ პოლიტიკურად გაბანკროტდებიან და იმ მხარდამჭერებსაც დაკარგავენ, რაც ახლა არჩვენებში ჰყავდათ. მთელი 4 წელი კი „ქართული ოცნების“, ბოდიში და, „საღადაოები“ გახდებიან“, - ამბობს ძაბირაძე.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი კი for.ge-სთან ამბობს, რომ ელჩების დიდი ნაწილი, პირდაპირ ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართულები და ხელისუფლებას ხან რუსეთუმეს უწოდებდნენ და ხან რუსეთის პოლიტიკის გამტარებელს. შესაბამისად, თავმოყვარეობა ხელისუფლებასაც აქვს და ამიტომ სულაც არ ჰქონდა ვალდებულება ელჩების მოწვევის. შესაბამისად, მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც პოლიტიკურად ყველაზე მეტად წაადგებოდათ.

„ჩამოყალიბდნენ ვისთან აქვთ საქმე, - იმ ხელისუფლებასთან, რომელმაც ქართველი ხალხის მეშვეობით გაიმარჯვა, თუ პრორუსულ ხელისუფლებასთან. მოდი, ჯერ, თავად ეს ელჩები ჩამოყალიბდნენ და მერე შეიძლება სხვა რამეებზეც იყოს საუბარი. ძალიან სწორად იქცევა დღეს ხელისუფლება, რადგან ამ ბულინგის, შეურაცხყოფის, ცილისწამების ფონზე, რაღაცა ჯენლტმენობის თამაში არასწორი და არასერიოზულია. ეს ხალხი, რომელიც ქუჩა-ქუჩა დადის და არანაირი გეგემა არ გააჩნია, ხომ დაინახეს ამ ელჩებმაც, რომ ხალხი ამათ არ მიჰყვება. თუ გაყალბებულ არჩევნებზეა საუბარი და იმაზე, რომ ხალხი გაბრაზებულია, მაშ სად არის ეს ხალხი? ამას ეს ელჩები ვერ აანალიზებენ? თუკი ეს სახელმწიფო და ხელისუფლება რუსულია, მაშინ ოპოზიციასაც მოუწოდონ, რომ ის ფული, რომელიც მათ პარტიებს ბიუჯეტიდან დაფინანსების სახით ეკუთვნით, არ აიღონ. აქ მილიონობით ლარებზეა საუბარი. აბა, ვნახოთ, 25 ნოემბრის შემეგ, როცა მათი ლეგიტიმაციის ცნობა მოხდება, რას იზამენ - ჩახსნიან სიებს? თუ არადა, მაშინ, იქნებ, ამის შემდეგ მაინც მოიხადონ ამ ელჩებმა ბოდიში, რომლებიც პირდაპირ საარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართულები“, - ამბობს ქართველიშვილი.

მისივე თქმით, ამის გამო არც „ოცნების“ ამომრჩეველი ინაღვლებს ელჩები პარლამენტში იქნებიან თუ არა დაპატიჟებულები და არც ოპოზიციის მომხრეები მოიკლავენ თავს. ფაქტი სახეზეა, რომ ბოლო დროს ისინიც მიხვდნენ ოპოზიციის რეალურ სახეს და მიზნებს, თუ ქუჩაში რის გამო დაატარებდნენ.

„მთელი რიგი საელჩოების წარმომადგენლები და ელჩები მხარეს წარმოადგენდნენ და მათი წაქეზებით და პირდაპირი მოქმედებებით მიმდინარეობდა ქვეყანაში ანტისახელმწიფოებრივი პროცესები. რა სახის განცხადებებს აკეთებდნენ თავად ეს ელჩები, ოპოზიციის ლიდერებისგან ვეღარ განასხვავებდით. კარგით რა, რისი მოლოდინი უნდა ჰქონოდათ მათ, რომ მოსაწვევებს მიიღებდნენ? მადლობა თქვან, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტებისთვის არ დაიბარეს“, - ამბობს ქართველიშვილი.

არაგველი641 ძაან მაგარი სვლა გააკეთა ვინც გააკეთა
1 საათის უკან
დეა ბიძინამ ჩაუტარათ ისევ? ჰა ჰააა, მერამდენედ უნდა შეუსრულოთ 🤣🤣🤣
47 წუთის უკან
Gami საღადავოები, სათრევები და საფურთხებლები დიდი ხანია არიან.
21 წუთის უკან
Gami რატომ არ იბარებენ ამ ელჩებს საგრეო საქმეთა სამინისტროშუ ახსნა- განმარტებისთვის გაუგებარია. ეს არის ხელისუფლების სისუსტე. ბოლომდე საჭიროა პრინციპულობა. ელემენტარულად, დიპლომატიური ეტიკეტი უნდა შესრულდეს!
14 წუთის უკან