„მოსახლეობამ იცის, თუკი ოცნებას გადააგდებენ ქუჩის პროცესებით, ხელში შერჩებათ ის სააკაშვილი, რომელმაც 7 ნოემბერი მოუწყო“

„მოსახლეობამ იცის, თუკი ოცნებას გადააგდებენ ქუჩის პროცესებით, ხელში შერჩებათ ის სააკაშვილი, რომელმაც 7 ნოემბერი მოუწყო“

ოპოზიციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ოფისში შეკრებილებს შორის არ იყო გიორგი გახარია, რომელიც რადიკალური ოპოზიციის გვერდით დიდი ხანია არ ჩნდება. პარტიის წევრი ბერდია სიჭინავა კოლეგებს სარკაზმით მიმართავს: ზოგიერთები რომ „ვირტუალურ კანცელარიაში“ ისხდნენ, თავად უწყვეტ პროტესტში იბრძოდნენ.

დღეს, „გახარია საქართველოსთვის“ დამოუკიდებლად მოქმედებს და არ იზიარებს ე.წ. ქართულ ქარტიაზე ხელმომწერი პარტიების პოზიციას ქუჩის პროცესთან დაკავშირებით. პარტიაში მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია შევიდნენ პარლამენტში და უკვე საპარლამენტო ტრიბუნიდან დაუპირისპირდნენ ხელისუფლებას. რატომ გამოეთიშა გახარიას ოპოზიციას - ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სამდღიან აქციას არ შეუერთდა გიორგი გახარია. არა მხოლოდ ახლა, არამედ გახარია არჩევნებამდეც გამოეთიშა ამ ოპოზიციურ ერთიანობას, რომლის ლიდერი სალომე ზურაბიშვილია, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. ქარტიას მოაწერა ხელი. ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ იმ მოთხოვნებს, რა მოთხოვნებსაც აყენებს რადიკალური ოპოზიცია, როგორც ჩანს, გახარია არ იზიარებს. როგორ შეიძლება აიხსნას ეს ნაიბიჯი, მისი გზა მიდის პარლამენტამდე და სამიზნე არის თვითმმართველობის არჩევნები? რა პოლიტიკა აქვს გახარიას, რომელიც არ ჯდება ოპოზიციური ძალების გეგმაში?

რამაზ საყვარელიძე: ან შეიძლება ჯდება და თვითონაც ვერ ხედავენ. მოგეხსენებათ, გავრცელდა ინფორმაცია და სულ ტრიალებს ეს ინფორმაცია, რომ ყველას უნდა შესვლა პარლამენტში, მით უმეტეს ანა დოლიძემ სოციალურ ქსელში თავის სახელს და გვარს მიაწერა - პარლამენტის დეპუტატი. ე.ი. ტრიალებს ეს თემა - ვინ შევა, ვინ არ შევა. გახარია თავიდანვე არ იყო ქუჩის პოლიტიკის მომხრე თავისთვის, თორემ კამათი არც დაუწყია სხვა პარტიებთან, რომ ქუჩაში არ გასულისყვნენ. ეტყობა, თავისთვის ეს საკითხი თავიდანვე გადაწყვიტა.

გავიხსენოთ, რომ ადრეც დებატებში გამოწვევას ქადაგებდა გახარია და ამბობდა, რომ პარლამენტი არის დებატების ადგილი. პრინციპში, დებატებისთვის პარლამენტში უნდა შევიდეს, თორემ ქუჩიდან დებატები არ არსებობს. ქუჩაში მყოფ პოლიტიკოსთან სადებატოდ არც არავინ დაჯდება. ასე რომ, პრინციპში, რამდენიმე ასეთი ფრაგმენტიდან იკვრება ის სურათი, რომ გახარია თავიდანვე თავის თავს მოიაზრებდა საპარლამენტო პროცესებში ჩართულ პოლიტიკურ ფიგურად და არა ქუჩის პროცესებში ჩართულ პოლიტიკოსად.

უკვე დღეს, როგორი იქნება გახარიას როლი ამ ოპოზიციურ გაერთიანებაში? როგორც ვიცით, ზურაბიშვილის გარშემოც ვერ შედგა ის ერთობა, რაზეც იყო ლაპარაკი და რატომაც ხელი მოაწერს ე.წ. ქარტიას...

- სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციაზეც არ ტოვებს სერიოზულ შთაბეჭდილებას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გამოაცხადა, რომ გადავიდეთ წარსულში და მე ისევ ვიქნები პრეზიდენტიო. ამით ზურაბიშვილმა მოახერხა ის, რომ ყველასგან გარიყული აღმოჩნდა. რაც შეეხება გახარიას, გეთანხმებით, მასთან ხშირად არის ასეთი ფრაგმენტები, რომ ერთ ნაბიჯს აკეთებს ერთი მიმართულებით, მეორეს - მეორე მიმართულებით. როცა წავიდა თანამდებობიდან, ერთ-ერთი პირველი, ვისაც ინტერვიუ მისცა, ოპოზიციური არხები იყო, მერე გამოაცხადა, რომ ნაცების მიმართაც კრიტიკული ვარ და ოცნების მიმართაცო.

თუ კრიტიკული იყავი, შე კაცო ჟურნალისტები ვერ შეარჩიე ისე, რომ თანაბრად ყოფილიყვნენ? პრესკონფერენცია მოგეწვია და ა.შ. მაგრამ ხშირად დგამს იმ ტიპის ნაბიჯს, რომელიც წინა ნაბიჯს თუ შეადარებ, გაუგებრობას იწვევს. ასე რომ, მისი ქცევის სტილში ასეთი სპონტანური და სტიქიური ნაბიჯები ბევრია, მით უმეტეს, რომ ის თავიდანვე ძალიან კარგად ერგებოდა შუაში მყოფი პარტიის როლს. ვიცით, რომ მესამე ძალის ძებნაზე და აღმოჩენაზე ბევრი პოლიტიკოსი იყო ორიენტირებული, ასევე ამომრჩეველიც, მაგრამ ეს მესამე ადგილი მკაფიოდ ვერ დაიკავა. მანდაც ქანაობდა ხან ჟურნალისტების არჩევის დროს, ხან კრიტიკული მოსაზრებების ჩამოყალიბების დროს.

როგორ ფიქრობთ, გახარიას გუნდს აქვს კონცეპტუალური საყრდენი?

- ნაკლებად. პარლამენტში თუ შევა, ასეთ შემთხვევაში, გახარიას გუნდმა შეიძლება იმუშაოს პროგრამებების ჩამოყალიბებისთვის. ჯერჯერობით, მე მგონია, რომ ამ გუნდის  მკაფიო სურათიარ არის შექმნილი. ვფიქრობ, თვითონაც არ აქვთ ეს სურათი. უნდათ ოპოზიციაში ყოფნა და საქართველოში ოპოზიციონერობა, ძირითადად, იმას ნიშნავს, რასაც სამი დღეა ვუყურებთ, მაგრამ თან ასე, ქუჩაში ყოფნაც არ უნდა. ეტყობა, ვერ იპოვა მკაფიო ადგილი. თუ არ გინდა ქუჩაში ყოფნა, მაშინ უნდა თქვა, რომ წავედი პარლამენტში, მაგრამ, როგორც ჩანს, მაგის თქმის გაბედულებაც არ ყოფნის, რადგან ეშინია ოპოზიციისგან ბულინგის და ბუნებრივია, თუკი გახარიამ ასეთი განცხადება გააკეთა, იქნება ოპოზიციისგან ბულინგი.

რაც შეეხება ოპოზიციის გადაწყვეტილებას, აანონსებდნენ, რომ პროტესტი იქნებოდა გამარჯვებამდე, მაგრამ მელიქიშვილის გამზირიდან ოპოზიცია ისევ საკუთარ ოფისებში დაბრუნდა. როგორ ფიქრობთ, აქციის დაშლის მიზანი იყო ზურაბიშვილის ორაზროვანი განცხადება?

- ვერ ვიტყვი. იმიტომ, რომ იქ მობილიზებული ხალხის და განცხადებების შემხედვარე, მასეთი პოლიტიკური სიღრმეები მე მგონია, რომ არც ამ ხალხს ჰქონდა და არც განცხადებების ავტორს. ბევრი რამ სტიქიური იყო და ახალგაზრდებზე ორიენტირებული, რომლებიც პოლიტიკოსებს ყურს არ უგდებენ. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ზურაბიშვილი ამდენად ძლიერი ფაქტორი შეიძლება ყოფილიყო უკანასკნელ დღეებში მიმდინარე პროცესებისთვის.

მაშინ როგორ ხსნით აქციის დაშლას, რატომ არ აჰყვა ოპოზიციას ხალხი?

- ეს კითხვა ტრილებს სოციალურ ქსელში და პარალელი კეთდება 7 ნოემბერთან, რომ მაშინ ხალხი ორჯერ მეტი გამოვიდა პოლიციის გამოჩენის მერე, ახლა იგივე არ მოხდა. ჩვენ სულ გვავიწყდება, რომ მაშინ ჯერ კიდევ პროტესტი ძალიან ძლიერი იყო, თუნდაც იმიტომ, რომ არ ელოდნენ სააკაშვილისგან ისეთ მმართველობას, როგორიც მიიღეს და ამიტომ იყვნენ გაბრაზებულები და ქუჩაში გამოსულები. სააკაშვილისგან ელოდნენ და ასე ერქვათ სააკაშვილი-ჟვანიას - რეფორმატორები და რეფორმატორობის მაგივარად მიიღეს მკაფიო დიქტატურა, აგრესიული დიქტატურა, არ ელოდნენ ამას.

დღეს იცის მოსახლეობამ და ჯერ ერთი, რომ ოცნებასთან არ არის დაკავშირებული არც ძალიან დიდი მოლოდინები და არც მოლოდინების იმედგაცრუება და მეორეც, იციან, რომ თუკი ოცნებას გადააგდებენ ქუჩის პროცესებით, ხელში შერჩებათ ის სააკაშვილი, რომელმაც 7 ნოემბერი მოუწყო. სააკაშვილზე ვამბობ, როგორც განზოგადებულ სახეზე ნაციონალებისა და არა პიროვნულად მიხეილ სააკაშვილზე. ამიტომ არის სიფრთხილე და ამიტომ თავს იკავებენ მხარდაჭერისგან. მით უმეტეს, რომ ძალიან გამაღიზიანებელი სახე იკვეთება უკვე დასავლეთის მხრიდან. ფაქტობრივად, დასავლეთი გიბიძგებს ძალით შეცვალო ხელისუფლება და მოიყვანო სააკაშვილი. როცა გიბიძგებენ, გაძალებენ და უნდათ, რომ თავისი ნება თავს მოგახვიონ, მაშინ ადამიანს უჩნდება სურვილი, არ გააკეთოს ის, რასაც აძალებენ. მეჩვენება, რომ არჩევნების შედეგების და მერე უკვე, ეს დამოკიდებულება საპროტესტო აქციების მიმართ, გამოწვეული არის იმით, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს არ უნდა გააკეთოს ის, რასაც აძალებენ დასავლეთიდან.

მარბიელი ეშლება ბატ ქოცანალიტიკოსს - გახარიამ გადადგომისთანვე და მერეც არაერთხელ ითხოვა ეთერი 'იმედზე' და პასუხიც არ გასცეს!
იქნებ ისიც თქვას, რაც მდინარაძემ - 4 საკრებულოში გახარია ნაცებთანაა სეკრულიო; იმ ოღხიდან ერთში რუსთავში ნაცებმა და ქოცებმა ერთობლივად გადააყენეს გახარიელი თავ-რე და ნაცი თავ-რე აირჩიეს ერთობლივად (?)
იქნებ ისიც თქვას მდინარაძესავით, რომ გახარია აგენტი რომ იყო იმტავითვე ვიცოდით, მაგრამ "ხარკი გადავუხადეთ გარკვეულ ძალებს" და პრემიერად დავნიშნეთო; აგენტს ვიღაცის გავლენით რომ ნიშნავს ქვეყნის პირველ თანამდებობაზე, ის მართლა აგენტი არაა?
22 საათის უკან