„ეცადო, მართო ქვეყანა დემოკრატიული მეთოდებით, როცა ოპოზიციაში გყავს ფაშისტები, ეს იგივეა - სახლში გყავდეს სკუნსი და ფრანგულ სუნამოებს ისხამდე“

„ეცადო, მართო ქვეყანა დემოკრატიული მეთოდებით, როცა ოპოზიციაში გყავს ფაშისტები, ეს იგივეა - სახლში გყავდეს სკუნსი და ფრანგულ სუნამოებს ისხამდე“

25 ნოემბერს პარლამენტს ნდობის გამოსაცხადებლად მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა წარედგინება. პრემიერ-მინისტრმა მიმართა ყველა სამინისტროს, რომ დაიწყონ მუშაობა სამთავრობო პროგრამის საბოლოოდ დაზუსტებაზე. როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ხელისუფლებას აქვს ამბიციური ამოცანა, რომელიც არის ასახული სამთავრობო პროგრამაში და ახლა მთავარია ყოველდღიური მუშაობა იმისთვის, რომ ყველა ამოცანა სათანადოდ შესრულდეს.

ირაკლი კობახიძის მთავრობის ახალ შემადგენლობაში ძირითადი ცვლილება არ იგეგმება, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე მოქმედი მინისტრები თანამდებობას ინარჩუნებენ. მთავრობას ჰყავს ორი ახალი სახე - განათლებისა და კულტურის მინისტრები. მთავრობა სამთავრობო პროგრამის ამუშავებას იწყებს და ამავე დროს, საქართველოს პრეზიდენტი კრიზისზე საუბრობს და პოლიტიკურ პარტიებს, ხელისუფლებას და საზოგადოებას არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მიზნით საკუთარ ხედვას სთავაზობს. როგორც სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აუცილებელია ახალი არჩევნების ჩატარება, ახალ არჩევნებამდე კი 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობის შენარჩუნება.

„ამ თითქოს და გარდაუვალ, ღრმა და საშიში კრიზისისგან გამოსავლის გზა ერთად უნდა მოვძებნოთ. უნდა შევთავაზო საზოგადოებას, პოლიტიკურ ძალებს, ჩვენს პარტნიორებს და მე მგონი, ეს უნდა მოისმინოს არსებულმა ხელისუფლებამაც, როგორც ერთადერთი სტაბილური და მშვიდობიანი გამოსავალი. გეგმა როგორია, რას ვთავაზობ?! პირველი - ცხადია, ახალი არჩევნები. არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, რომ განმეორდეს ეს არჩევნები უმოკლეს ვადაში, მაგრამ ეს ვადა თავისთავად დამოკიდებულია შემდეგი საკითხების გადაწყვეტაზე, რის გარეშეც აზრი არ აქვს ახალი არჩევნების ჩატარებას“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტთან ერთად დაუმორჩილებლობას აანონსებს რადიკალური ოპოზიცია. „კოალიცია ცვლილებებისათვის“ თავმჯდომარე ნიკა გვარამია ოპოზიციის სამოქმედო გეგმას ახმოვანებს. კერძოდ, პროტესტი იშლება მთელი ქალაქის მასშტაბით. გვარამიას თქმით, ქართველმა ხალხმა უნდა აჩვენოს „ქართულ ოცნებას“, რომ გაყალბებული არჩევნები არ იქნება აღიარებული ქართველი ხალხის მიერ.

„ეს ქვეყანა არის ჩვენი გადასარჩენი, ჩვენ თავებს არ ვითვლით, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ბევრნი. ჩვენ არ ვართ ვაკე-საბურთალოს პროტესტი, ჩვენ არც მხოლოდ თბილისის პროტესტი ვართ, ჩვენ ვართ მთელი საქართველოს პროტესტი და არა მარტო დღევანდელი თაობების, ჩვენი წინაპრების და ჩვენი მომავალი თაობების პროტესტი. ამიტომ მოვიდეთ, შევიკრიბოთ, გავიშალოთ და მთელი ქალაქის ტერიტორიაზე ვაჩვენოთ „ქართულ ოცნებას“, რომ არ იქნება გაყალბებული არჩევნების შედეგად მიღებული პარლამენტი აღიარებული.

გელოდებით ყველას, ვიშლებით მთელი ქალაქის მასშტაბით და ნებისმიერ ვითარებაში არ ვაძლევთ განძრევის საშუალებას „ქართულ ოცნებას“. ჩვენ მივდივართ ევროპაში. მივდივართ ვარაზისხევის, გმირთა მოედნის, სანაპიროების, ქუთაისის, ბათუმის, ყველა იმ გზის გავლით, რომელიც ამ ქვეყანაშია. ეს ქვეყანა ჩვენია, ყველა გზას დავიჭერთ ჩვენ, არ გაგატარებთ, არ მიგიშვებთ არცერთ მიმართულებამდე, რომლითაც ქვეყანას წაიყვანთ რუსეთში“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

სალომე ზურაბიშვილის გეგმას იზიარებს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომლის განცადებით, ბრძოლა იქნება ბოლომდე - პროტესტი საქართველოს უნდა მოედოს.

„სრულად ვიზიარებთ პრეზიდენტის პოზიციას - არჩევნებს არ აქვს აღიარება არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ, არც საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, არც ოპოზიციის მხრიდან. საქართველოს აბსოლუტურად თვითმარქვია ადამიანები მართავენ, ამიტომ, ბრძოლა იქნება ბოლომდე, რომ გაიმარჯვოთ თქვენ - ქართველმა ხალხმა და იცოდეთ, ყოველთვის ყველა ნაბიჯს ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდებით.

არ არის მარტივად მისაღები გადაწყვეტილება, მაგრამ, როგორც აქ ითქვა, ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები ისევე, როგორც თქვენ და თქვენს ნდობას ჩვენ ძალიან ფრთხილად ვეკიდებით. ნელ-ნელა ეს პროტესტი სრულიად საქართველოს უნდა მოედოს. ძალა ერთობაშია, ძალა ხალხშია და საბოლოოდ აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მაშ ასე, პრეზიდენტის ბრიფინგის შემდეგ რადიკალურმა ოპოზიციამ სამოქმედო გეგმაც გაახმოვანა - ქალაქის პარალიზება. ხელისუფლება გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. პროფესორი თემურ მაისურაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას ყოველთვის აქვს ერთი გზა და ეს არის კანონის ფარგლებში მოაქციოს სისტემა. ანუ, ნებისმიერი კანონდარღვევა იქნეს ადგილზე აღმოფხვრილი. მისი თქმით, სახელმწიფოს აქვს იარაღის ექსკლუზიური გამოყენების უფლება და თუ დასჭირდება ესეც უნდა გამოიყენოს იმ შემთხვევაში, თუ ვიღაცები გავიდნენ კანონის ჩარჩოდან.

„ამ რადიკალების მოქმედებას ზღვარი არ აქვს, მათ აქვთ იმის იმედი, რომ მთავრობა სუსტია და ვერაფერს უზამს, მაგრამ მთავრობა არ არის სუსტი და როდესაც კანონის ფარგლებში იმოქმედებს, კერძოდ მყარი მტკიცებულებების საფუძველზე დააკავებს კანონდამრღვევებს და აჩვენებს რისთვის და რატომ დაიჭირა, ასეთ შემთხვევაში დამთავრდება ყველაფერი. მთავარია მათი დაჭერა გამართლებული იყოს საზოგადოების თვალში და ევროპამ იყვიროს რამდენიც უნდა. ის ევროპაც მიხვდება, რომ ამ ქვეყანაში განცხადებებით არ ლაგდება ვითარება. ის, რომ იქ ვიღაცა ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომელიც აქ წყალს მიმღვრევს, ყველაზე დიდი უკანონობაა. ანუ, რა უფლება აქვს დასავლეთს მოწოდებები გაუკეთოს პოლიტიკურ ძალებს, რომელიც მომართულია სახელმწიფოს წინააღმდეგ?! დიახ, ამაზეც უნდა მქონდეს რეაქცია! უნდა მოვიწვიო იმ ქვეყნების ელჩები, გემრიელად ავტუზო და გადავუარო როგორც წესი და რიგია და მორჩა. ახლა აუცილებელია სიხისტე.

საუბრები, რომ საქართველო სუსტია და გამომიცხადებენ სანქციებს, კი ბატობო, ასეთ შემთხვევაში ვერ ვითანამშრომლებ სახელმწიფოსთან, რომელიც სანქციებს მიცხადებს და ეგრევე გადავერთები „ბრიკსის“ მიმართულებით. „ბრიკსის“ ქვეყნებს გავუკეთებ სერიოზულ განცხადებას, ვეტყვი, რომ საქართველოს წინააღმდეგ იწყება ასეთი ქმედებები და გთხოვთ იმოქმედოთ, რომ საქართველოს ეკონომიკაზე არ მოახდინონ უარყოფითი გავლენა.

მერწმუნეთ, რომ ამას გააკეთებენ დიდი სიამოვნებით, იმდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ადგილი და როლი „ბრიკსის“ ქვეყნებში. იმედი მაქვს, რომ ჭკვიანი ადამიანები, რომლებიც არსებობენ, მაგრამ არ ჩანან, ასეთ მოლაპარაკებებში ჩართული არიან. ყველას გაუკვირდა როგორ მოასწრო საქართველომ ჩინეთთან ისეთი ურთიერთობის დალაგება, რომ უცებ საქართველო სტრატეგიულ პარტნიორად აღიარა. ე.ი. ჩანს, რომ ვიღაცა მუშაობს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თემურ მაისურაძე.

პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძის განცხადებით, ეცადო, მართო ქვეყანა დემოკრატიული მეთოდებით, როცა ოპოზიციაში გყავს ფაშისტები, ეს იგივეა - სახლში გყავდეს სკუნსი და ფრანგულ სუნამოებს ისხამდე. ეს სკუნსი აუცილებლად აგაქოთებს, გამოაფრქვევს რა თავისი ჯირკვლებიდან შესაბამის ხსნარებს.

„ამ დემოკრატიის თამაშმა გამოიწვია ის, რომ უამრავი ადამიანი მიეჩვია პოლიტიკური სკუნსის მიერ ამ საინფორმაციო სიმყრალის ფრქვევას და ერთგავრი ნარკოტიკული დამოკიდებულებაც გაუჩნდა. ზოგიერთებმა ჩათვალეს, რომ რახან ეს სკუნსობა დაუსჯელია, ამიტომ თვითონაც გარდაიქმნან ამ სკუნსებად და აფრქვევენ ამ ინფორმაციულ სიმყრალეს ყველა საინფორმაციო საშუალებიდან.

რა უნდა გაკთდეს? - უნდა გაკეთდეს ის, რომ ამ სკუნსს ამოეკვეთოს მისი სიმყრალის გამომამუშავებელი ჯირკვლები და იგულისხმება მედია ჯირკვლები, რომლებიც არიან ტყუილის, დეზინფორმაციის და საზოგადოების მოწამვლის ინსტრუმენტები. რას გვეუბნებიან - სანამ არ გაიმარჯვებს გვარამია, ხაზარაძე და ჯაფარა, მანამდე არჩევნები არ იქნება ცნობილი არც მათი მხრიდან, არც ევროკავშირის და არც ამერიკის მხრიდან! ამას გეუბნებიან და ასევე გვეუბნებიან, რომ არჩევნების აღიარების წინაპირობა აუცილებლად უნდა იყოს აქ ლგბტ პროპაგანდა. ბავშვები უნდა გავზარდოთ ლგბტ სულისკვეთებით, აი, ამას გვეუბნებიან! საერთოდ, მათი აგენტურა უნდა იყოს წმინდა ძროხა - ხელშეუხებელი და რაც უნდათ, ის აკეთონ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.