ოპოზიცია, ლამის, ერთი თვეა ცდილობს ქვეყანაში არეულობის და დაპირისპირების გამოწვევას, თუმცა ქვეყნის მოსახლეობა ვერ აიყოლია. 18 ნოემბერს, როცა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობდა, მათ საპროტესტო მუხტის საჩვენებლად, ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაგისტრალი გადაკეტეს. რადიკალები საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას და საქართველოსთან ყველა დონეზე ურთიერთობის შეჩერებას მოითხოვენ.
წერილში, რომელიც მათ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს გაუგზავნეს წერია: გადაიდოს საქართველო-ევროკავშირის ასოცირებული საბჭოს შეხვედრები, შეჩერდეს ყველა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი, გაიყინოს ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმები, შეჩერდეს 120-მილიონი ევროს ოდენობის ყოველწლიური ფინანსური დახმარების გამოყოფა საქართველოსთვის და ეს თანხები გადანაწილდეს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ე.წ. დამოუკიდებელ მედიაზე, შეიქმნას სამოქალაქო ორგანიზაციების პირდაპირი დაფინანსების მექანიზმი.
ამ ანტისახელმწიფოებრივ წერილში, ისინი მოუწოდებენ ევროკავშირს 30 დღის განმავლობაში დაასანქცირონ სპეციალური მისია.
მათ წერილს იმავე დღესვე გამოეპასუხა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი და ოპოზიციას პირობა მისცა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე დააყენებს საკითხს, რათა „გაიყინოს 100 მილიონ ევროზე მეტი ფინანსური დახმარება და მთავრობის ნაცვლად, ეს თანხები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს გადაეცემა“.
პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ რადიკალური ოპოზიცია ყოველდღიურად ავლენს საკუთარ სახეს, რაც არის ძალიან კარგი, ვინაიდან ამას საზოგადოება ხედავს.
პრემიერის შეფასებით, ის 785 000 ადამიანიც, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ რადიკალურ ძალებს, თანდათან გადააფასებს საკუთარ არჩევანს.
„გახსოვთ, საუკუნის წინ ცნობილი გზავნილი, რომელიც სერგო ორჯონიკიძემ გაუგზავნა მოსკოვს, ეს არის სერგო ორჯონიკიძის გზავნილი საუკუნის თავზე, ოღონდ არა მოსკოვში, არამედ ამ შემთხვევაში ბრიუსელში“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, საზოგადოება შეწუხებულია ოპოზიციის ამ აქტივობებით, თუმცა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ყველაფრის ჯეროვნად მართვა და კიდევ ერთხელ მადლობა შსს-ს, რომელიც სათანადოდ წარმართავს ამ პროცესებს და, რა თქმა უნდა, მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, სტაბილურობა ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება.
ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე for.ge-თან ამბობს, რომ ოპოზიციის ყველა ქმედება, საკუთარ პატრონებთანაა შეთანხმებული. შესაბამისად, ვარაზისხევის გადაკეტვა და ქალაქის პარალიზება, 18 ნოემბერს ევროსაბჭოში საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომას უკავშირდება. ამით ოპოზიცია შეეცადა სანახაობა შეექმნა.
„ის მოთხოვნები, რაც ევროკავშირში ოპოზიციამ გაგზავნა, მოღალატეობრივია. ეს არის სახელმწიფოს და ხალხის ღალატი. ისინი ითხოვენ ყველა მოლაპარაკებების შეჩერებას, ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დასავლეთის მხრიდან კომუნიკაციის შეწყვეტას, ასევე დაფინანსების შეჩერებას. ეს რა არის თუ არა ღალატი?! რა თქმა უნდა, ისინი თბილისში მოქმედებენ მხოლოდ იმისთვის, რომ დასავლეთს შეუქმნან ილუზია, თითქოს ხალხი ქალაქის პარალიზებას ახდენს. არადა სულ რამდენიმე აქტივისტი ჰყავთ გამოყვანილი და კარვებით ქალაქი ჩახერგეს. ისინი კომუნიკაციაში არიან თავის პარტნიორებთან და ამიტომ რა დირექტივებსაც იქიდან იღებენ იმას აკეთებენ.
რაც შეეხება ბორელის განცხადებას, 100 მილიონის ამ მავნებლებისთვის დახმარების გამოყოფაზე, სწორედ ეს იყო ის წითელი ხაზი, რის გამოც ქართველმა ხალხმა უარი მეოთხედ უთხრა ამ ოპოზიციას. ეს არის თავში წამორტყმის, დამცირების, მეპატრონის პოზიციიდან საუბარი, რასაც ევროკავშირი დღემდე აგრძელებს. ეს არის ის პოლიტიკა, რითაც არჩევნები ისევ წააგეს. რას ამბობს ბორელი? ანუ ქვეყანა თუკი ომში არ ჩაერთო და ეს „ოცნებამ“ არ დაუშვა, მაშინ ომს საკუთარ სახლში მიიღებთ! ანუ ომს იწყებენ თბილისში. აბა, ამ მავნებლებისთვის ამხელა თანხით დახმარება და ქვეყნისთვის ამ ფულის წართმევა რას ნიშნავს? ესენიც სწორედ ამიტომ ახდენენ თბილისის პარალიზებას, რომ უფრო მეტი ფული მიიღონ“,-ამბობს ქადაგიძე.
მისივე თქმით, ბორელს და მისნაირებს ის ეშლებათ, რომ ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, ხალხის დამყაჩაღებელ ხაზარაძეს, ვაშაძეს, რომელიც ადეიშვილის ყურმოჭრილი მონა იყო, ხალხი რევოლუციას არ მოაწყობინებს. ქადაგიძე ფიქრობს, რომ ეს არის როგორც ოპოზიციის, ასევე ევროკავშირის ზოგიერთი პოლიტიკოსის ბოლო გაფართხალება. არჩევნები ჩატარებულია, ქართველი ხალხის არჩევანი ყველასთვის ნათელია.
„არ ვიცი ქართველმა ხალხმა საკუთარი განწყობა და დამოკიდებულება როგორღა შეიძლება დააფიქსიროს. როგორ შეიძლება დასავლეთი დააჯეროს იმაში, რომ ეს ოპოზიცია ხალხისთვის არის მიუღებელი. 26 ნოემბერს პარლამენტი შეიკრიბება, დამტკიცდება მთავრობა და ქვეყანა გააგრძელებს ჩვეულებრივ ცხოვრებას. თუ ვინმე აქ ეცდება რევოლუციის მოწყობას, ქვეყნის პარალიზებას და დაუმორჩილებლობას, კანონის შესაბამის პასუხსაც მიიღებს. გვარამია, ხაზარაძე, მელია და მათი ამფსონები აქ რევოლუციას ვერ მოახდენენ. მაშინ გამოდის, რომ ეს ქვეყანა აღარ ყოფილა. ხალხს უცბად ამნეზია დამართვნია და ეს მარგინალები, სამშობლოს გამყიდველები, აგენტები, ისევ ხელისუფლების საჭესთან მიუყვანია. ალბათ, ამ სიზმრებს ნახულებენ, რაც რეალობაში არ გამოვა. ასი მილიონი კი არა, ორჯერ მეტიც რომ დაურიცხონ, გვარმია ვერასდროს შეძლებს ქართველი ხალხის ლიდერი იყოს“, - ამბობს ქადაგიძე.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი კი ამბობს, რომ ოპოზიციის მოქმედებების შეფასება მარტივია, რადგან ახლა ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოში რაღაცა სახით არეულობა და დაპირისპირება მოხდეს. ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ შეიძლება ითქვას, ეს არის საქართველოში უკანასკნელი კუდის მოქნევა, რადგან ოპოზიცია იმდენად არის გაკოტრებული, რომ არაფრის თავი არ აქვთ.
„ეს მოღალატე ძალა როგორ შეიძლება ქართველ ხალხს უნდოდეს, როცა ჩუმად, ფარულად აგზავნიან წერილებს, რომელშიც საკუთარი ამომრჩევლის, ქართველი ხალხის და ქვეყნის დასჯას ითხოვენ. იმას კი არ წერენ, რომ ჩვენს ურთიერთობებში რაღაცა ინოვაციებს ჩაეყაროს საფუძველი, ახლა გადატვირთვაზე გადავიდეთ ევროკავშირთან, არამედ ითხოვენ, რომ ზიანი მიაყენონ ქვეყანას ამ დარჩენილ პერიოდში. დარწმუნებული ვარ, ამერიკის ახალი ადმინისტრაციაც გაუმკლავდება, სხვა ქვეყნებიც და მათ შორის საქართველოც, რომელთაც აღარ შეუძლიათ ამ ფსევდოლიბერალიზმის ატანა. პენსიაზე გასასვლელად მომზადებული „გლობალურ ომის პარტიის“ ლაქია ჯოზეფ ბორელი ჩვენს მარგინალურ ოპოზიციას 100 მილიონს შეჰპირდა. არ ვიცი რაში შეიძლება ამ წყალწაღებულებს ეს ფული დაეხმაროს. კი ბატონო, შეიქმნება ერთი-ორი ენჯეო. ეს არ არის ის თანხა, რომლითაც საქართველოში ჩვენს მოსახლეობას არარსებული საბაბით ქუჩაში გამოიყვანენ, აბსოლუტურად დალაგებულ, მშვიდობიან ქვეყანაში მოსახლეობას ქაოსი და დაპირისპირება სურდეს. ეს რომ არ უნდოდა ხალხს, ამიტომაც აირჩიეს ისევ „ოცნება“. როცა ქართველი ხალხი ხედავს უკრაინის ომის შედეგებს, მოტყუებულ უკრაინელებს, რომელთა უმრავლესობა ან დევნილია, ან იბრძვის, ან კიდევ ყოველ დღე ჯოჯოხეთში ცხოვრება უწევს. ჩვენი მოსახლოების უდიდესი ნაწილის დაკვეთაა ქვეყანაში მშვიდობა. ამიტომ ვარაზისხევს დაკეტავენ, თავისუფლებას თუ სხვა ქუჩებს, ამით მხოლოდ ხალხის რისხვას დაიმსახურებენ და არა მხარდაჭერას. რამდენიც უნდათ იმდენი მისცენ ამ პოლიტიკურად და მორალურად გაკოტრებულ ოპოზიციას, ხალხი მათ არ გაჰყვება“, - ამბობს ქართველიშვილი.