„პრეზიდენტის განცხადება არის წმინდა წყლის პოლიტიკური ხასიათის, აქ სამართლებრივი ნორმები არ არსებობს“

„პრეზიდენტის განცხადება არის წმინდა წყლის პოლიტიკური ხასიათის, აქ სამართლებრივი ნორმები არ არსებობს“

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს. როგორც 18 ნოემბერს ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სამი კვირა გავიდა და არც ერთ მთავარ დემოკრატიულ პარტნიორს არ აქვს ეს არჩევნები აღიარებული, პირიქით, ხაზს უსვამენ დარღვევებს და სხვადასხვა ზეწოლის ზომებს განიხილავენ. შესაბამისად, მისი შეფასებით, განაჩენი გამოტანილია - ეს არჩევნები არ შედგა. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი ყველა პარამეტრის მიხედვით კარზე გვადგას, რასაც ის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი არ დაუშვებს.

ამ სიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყანა ძალიან სერიოზულ მდგომარეობაში იმყოფება და მეტსაც ვიტყვი, ქვეყანას სერიოზული საფრთხეები ემუქრება, ერთი ასეთი საფრთხე დესტაბილიზაციაა, რომელიც შეიძლება ორხელისუფლებიანობას და პოლარიზაციის გაღრმავებას მოჰყვეს, რასაც ყოველდღიურად როგორც ვხედავთ, ხელს უწყობს უაღრესად აგრესიული ხელისუფლების და მისი მხარდამჭერების ორგანიზებული პროპაგანდა. პოლიტიკურ არასტაბილურობას შესაძლოა, ასევე მოჰყვეს გარე დესტაბილიზაცია გარე ფაქტორებიდან გამომდინარე. ამგვარი დესტაბილიზაციის საფრთხე იზრდება, როცა ქვეყანა პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობების ნაცვლად, იზოლაციას ირჩევს, რაც დღევანდელ ხელისუფლებას ახასიათებს, ამავე დროს, ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი, რომელიც ყველა პარამეტრების მიხედვით, კარზე გვიდგას. როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტს, არ მაქვს უფლება ეს დავუშვა და ამას ვერ და არ დავუშვებ. ამიტომ, ამ თითქოს და გარდაუვალ, ღრმა და საშიში კრიზისიდან გამოსავლის გზა უნდა ერთად მოვძებნოთ. საზოგადოებას უნდა შევთავაზოთ, პოლიტიკურ ძალებს, ჩვენს პარტნიორებს შევთავაზე და მე მგონი, ეს უნდა მოისმინოს თუნდაც, არსებულმა ხელისუფლებამ, როგორც ერთადერთი, სტაბილური და მშვიდობიანი გამოსავალი ამ არსებული მდგომარეობიდან“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტი 19 ნოემბერს, საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელს შეიტანს. ზურაბიშვილის თქმით, სარჩელი ეხება არჩევნებზე ორი კონსტიტუციური პრინციპის დარღვევას, რომელსაც ფარულობა და საყოველთაობა ჰქვია. მისივე განცხადებით, მას არ აქვს სასამართლოს იმედი, თუმცა, მაინც ფიქრობს, რომ ყველა გზა უნდა სცადოს.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ჩვენთან ინტევიუში აღნიშნავს, რომ ზურაბიშვილის განცხადება არჩევნების არალეგიტიმურად ცნობის შესახებ, წმინდა წყლის პოლიტიკურია და არა სამართლებრივი.

არჩევნებთან მიმართებაში კონსტიტუციაში მხოლოდ ერთი რამ წერია, რომ პრეზიდენტი ნიშნავს არჩევნების თარიღს მას შემდეგ, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას და საბოლოო შედეგს გამოაცხადებს. 10 დღის ვადაში პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს პარლამენტის პირველი სხდომა. პრეზიდენტის განცხადება არის წმინდა წყლის პოლიტიკური ხასიათის, აქ სამართლებრივი ნორმები არ არსებობს.

იურიდიული თვალსაზრისით, სახეზე გვაქვს როგორც ფარულობის დარღვევის მაგალითები, რაც საკმაოდ დიდი რაოდენობითაა, ასევე საყოველთაობის პრინციპის დარღვევა - ყველას გვახსოვს, რომ ოპოზიციის მხრიდან იყო შეტევა ხელისუფლებაზე, რომ უბნები გაეხსნა საზღვარგარეთ და ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა - აქ, პრეზიდენტს აქვს უფლება და ის ამ ნაბიჯს გადადგამს, - განაცხადა ძაბირაძემ.

ანალიტიკოსი თვლის, რომ ქართული ოცნება საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებაზე არ წავა, თუმცა აქვე არ გამორიცხავს, რომ 2015 წლის გაზაფხულზე მივიღოთ რიგგარეშე არჩევნები:

ხელახალი არჩევნების ჩატარებას არ ველოდები, ვფიქრობ, რომ ქართული ოცნება ამ ნაბიჯს არ გადადგამს. ჯერჯერობით ყველაფერი იქნება ისე, როგორც ქართული ოცნება ფიქრობს. 2025 წელს შედგება პარლამენტის სხდომა და პარლამენტი ცნობს უფლებამოსილებას მთლიანი პარლამენტის, 150 წევრის. ოპოზიცია, ალბათ, ჩახსნის სიებს და გამოვა პარლამენტიდან და კრიზისი გაგრძელდება. ასევე, დიდი მნიშვნელობა ექნება რა პოზიციას დაიჭერს ჩვენი დასავლელი პარტნიორები იმ პროცესების მიმართ, რა პროცესზეც არის საუბარი. თუ იქნება მხოლოდ განცხადებები და არა ნაბიჯები, ეს პროტესტი შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ დიდი შედეგის მომტანი ვერ იქნება.

თუ ჩვენი პარტნიორები სერიოზულად დაიწყებენ ფიქრს იმაზე, თუ რა პროცესებია საქართველოში და როგორ უპასუხობ იმ პროპაგანდას და პირველ რიგში, პოლიტიკურ კურსს, რასაც ქართული ოცნება ახორციელებს, მაშინ გაზაფხულზე უნდა ველოდოთ სერიოზულ კრიზისს ხელისუფლებაში. თუ აქაც ოპოზიცია შეძლებს და მთელი ამ ხნის განმავლობაში იქნება პროტესტის რეჟიმში, მაშინ შესაძლოა გაზაფხულზე მივიღოთ რიგგარეშე არჩევნები, მანამდე, დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნებზე არ წავა, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ლაზი 1. არჩევნების შედეგაბს გარედან არ აღიარებენ, მაგრამ ვერც იმა ამბობენ გაყალბდაო, რადგან მამტკიცებელი საბუთები არ აქვთ. რაღაც ეგზეკუციებით იმუქრებიან, რითაც ხელისუფლების ძალებს ცდიან გამძლეობაზე;
2. ამას რა უნდა, ამათ მიმხრობილ ე.წ. პარტნიორებს, 54%-მა კუდი უქიცინოს და გამონალოცივით მობოჭილი 38% თავზე დაივას?! ისწავლეთ წაგება და იზრუნეთ (კი არ იჩხუბოთ) ხალხისაგან მხარდაჭერილი მოგებისათვის.
3. თუ ვინმე პოლიტიკური არასტაბილურობის შექმნას ცდილობს, ეს სწორედ ქალმატონი ზურაბიშვილია. მოსწრებაზეა, მალე ვადა გასდის და იქნებ რაიმე სტატუსი გაინაღდოს;
4. ისევ ახსენებენ საზღვარგარეთ უბნების გახსნის საკითხს. მე არ ვიცი რა წესით რეგულირდება უბნის გახსნის პროცედურები, მაგრამ საერთოდ რატომ აქვს, 20 წლის წინათ წასულ, თუნდაც თავგადაკლულ პატრიოტს, ჩემთვის ხელისუფლების დანიშვნის პრეტენზია.
საზღვარგარეთ უბნები უნდა გაიხსნას მხოლოდ საელჩოების თანამშრომლებისთვის, დროებით (ერთ წლამდე) სამუშაოდ გასულ-მიწვეულებისთვის, რომლებიც არ არღვევენ სავიზო რეჟიმს და რეგისტრირებული არიან საკონსულოებში, სასწავლებლად (სწავლის პერიოდში), სამკურნალოდ მყოფ და მათი თანმხლები პირებისათვის;
5. ვიღაც, მთელი ცხოვრება, გუგულივით სხვაგან დებს კვერცხს, იქედან ტრაბახობს, (ღმერთმა მოახმაროს, ვიცი როგორაც ცხოვრობენ და ნამდვილად არ მშურს. პირიქით ვუთანაგრძნობ) მე კი აქ რაღაცებს მავალდებულებს. ეს ორმაგი მოქალაქეობა, კიდევ რა სისულელეა.
10 საათის უკან