ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში მომხდარი ფაქტის შემდეგ, ექსპერტთა ნაწილი აცხადებს, რომ ოპოზიცია პროცესების რადიკალიზებას ცდილობს. როგორც ცნობილია, 16 ნოემბერს, არჩევნების შემაჯამებელი სხდომის დროს, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს მელანი შეასხა. აღნიშნულთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ანალიტიკოსების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ფაქტზე მნიშვნელოვანია დროული სამართლებრივი რეაგირება, სხვა შემთხვევაში, არსებული ვითარება მეტად დამძიმდება და შესაძლოა მოვლენები საკმაოდ არასასურველი სცენარით განვითარდეს უახლოეს მომავალში.
ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის შეფასებით, დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, არა მხოლოდ დავით კირთაძეს, არამედ სხვა კიდევ ბევრ ადამიანს დააპატიმრებდნენ. მისი თქმით, ნაცმოძრაობის მმართველობის დროს რომ ეს მომხდარიყო, მათ აწრიალებული ექნებოდათ ყველაფერი.
„არა მხოლოდ კირთაძე იქნებოდა დაპატიმრებული, არამედ იმ ქარხნის დირექტორიც, სადაც მელანი იქნა დამზადებული - ყველა იქნებოდა დაჭერილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ.
ასეთი საქციელი არ მიკვირს მათი მხრიდან, რადგან ეს არის გაკეთებული იმათ მიერ, ვინც ცოცხებით აწამებდნენ ადამიანებს ციხეებში, ხალხს ქუჩაში კლავდნენ - ამათაგან რა გასაკვირია ის, რაც 16 ნოემბერს გააკეთეს?! ეს არის ის უსაშინლესი ძალა, რომელიც ზუსტად 100 წლის წინ საქართველოში ბოგინობდა და ისინი ისტორიაში შევიდნენ, როგორც ტროცკისტები, ესენი კი არიან ნეოტროცკისტები.
ეს იყო ვანდალური ფაქტი და ქართველი ხალხის დიდი შემართება რომ არა და ესენი მოსულიყვნენ ხელისუფლებაში, ხომ წარმოგიდგენიათ რას იზამდნენ?! ახლა რას აკეთებენ და მაშინ, ალბათ, მთელს საქართველოს გადაასხამდნენ კუპრს და კუპრში ამობუგავდნენ მთელს ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.
ანალიტიკოსი For.ge-სთან ინტერვიუში არც იმას გამორიცხავს, რომ აღნიშნული წინასწარ იყო დაგეგმილი, რათა შემდეგ დასავლეთის მხრიდან გარკვეული განცხადებები და გამოხმაურებები ყოფილიყო.
„ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს კანონის მიხედვით, ვინც დამნაშავეა, აუცილებლად უნდა დაისაჯოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი ძალიან ცუდად წავა. ხალხი აღშფოთებულია და თუ ამაზე დროულად არ იქნება რეაგირება, დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანებს, ვინც ასეთ საშინელ ვანდალურ აქტებს სჩადიან, ქუჩაში გაუსწორდებიან.
მივმართავ ვაშაძეებს, წითლიძეებს, ბოკუჩავებს, გუბაზებს და მათ შვილებს, ნუ გააკეთებენ იმას, რომ ქუჩაში მათ ლინჩის წესით გაუსწორდნენ. შეიძლება სპეციალურადაც კეთდებოდეს, რომ შემდეგ უცხოეთიდან გამოხმაურება იყოს. ეს არ დამთავრდება კარგად, ამიტომ აუცილებელია შესაბამისი სასჯელი, რომელსაც ითვალისწინებს კანონი და მნიშვნელოვანია ამ ღონისძიების გატარება, სხვა შემთხვევაში, ეს გამოიწვევს უფრო მეტ საშინელ პროცესებს და მომსწრე გავხდებით იმის, რომ ქუჩაში საზოგადოება ამ ნაბიძრალებს ლინჩის წესით გაუსწორდება“, - დასძინა ედიშერ გვენეტაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „მძიმე ინციდენტი“ უწოდა ცესკოში დავით კირთაძის მიერ ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილისთვის საღებავის შესხმის ფაქტს. პრემიერის თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და აქტივისტები „ძალადობრივი აქტის“ მიმართ აჟიტირებას გამოხატავდნენ.
„რაც შეეხება კალანდარიშვილის შემთხვევას, გუშინდელ მძიმე ინციდენტს, ვიხილე აჟიტირებული კომენტარები, როგორც „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი მედიის წარმომადგენლების მხრიდან, ასევე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, მათი აქტივისტების მხრიდან ძალადობრივ აქტზე.
რასაც თესენ, იმას ხანდახან იმკიან ხოლმე. გამოძიება ყველაფერზეა დაწყებული, ორმაგი სტანდარტი არის სწორედ ის, როდესაც ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე „იმედის“ ერთ-ერთ ჟურნალისტთან ტიროდა იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიებები არ არის დასრულებული, მეორე მხრივ კი ეს ადამიანები არიან აჟიტირებული ძალადობრივი აქტის გამო“,- აღნიშნა კობახიძემ.
მისივე თქმით, კიდევ ერთხელ აჩვენა ოპოზიციამ საკუთარი სახე, რაც საზოგადოებისთვის ახალი დასკვნების გამოტანის საფუძველი იქნება.
„ჩვენ უნდა დაველოდოთ ოფიციალურ სამართლებრივ კვალიფიკაციას. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, კიდევ ერთხელ აჩვენა ოპოზიციამ საკუთარი სახე, რაც საზოგადოებისთვის ახალი დასკვნების გამოტანის საფუძველი იქნება. მადლობას გადავუხდი ცესკოს გაწეული საქმიანობისთვის, იმისათვის, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უზრუნველყო არჩევნების ძალიან მაღალ დონეზე ჩატარება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.