ოქრუაშვილი „დიდი ბელადის“ ქალაქის მერობას აპირებს

ოქრუაშვილი „დიდი ბელადის“ ქალაქის მერობას აპირებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი პოლიტიკაში ბედს მესამედ სცდის. ირაკლი ოქრუაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში იყრის კენჭს. მისი სურვილია „დიდი ბელადის“ ქალაქის მერი გახდეს. ჯერ-ჯერობით უცნობია გეგმავს თუ არა რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან ალიანს, თუ მისი და თეო ტლაშაძის ამარა დარჩენილი „ქართული პარტიის“ სახელით აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, რადგან ირაკლი ოქრუაშვილი ქართული მედიისთვის კომენტარს არ აკეთებს.

კომენტარს არ აკეთებს არც პარტიის წევრი თეო ტლაშაძე. ჩვენ ტელეფონით დაუკავშირდით თეო ტლაშაძეს, თუმცა მან სატელეფონო ზარს არ უპასუხა. მასთან კომუნიკაცია სოციალური ქსელით დავმყარეთ, თუმცა როგორც აღნიშნა, ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს. კითხვაზე, გეგმავს თუ არა ირაკლი ოქრიაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას, ტლაშაძემ გვიპასუხა, რომ ეს კითხვა ოქრუაშვილს ეკუთვნის და თავად ვერ გააკეთებს კომენტარს. საქართველოში მყოფი ოქრუაშვილი ჯერ-ჯერობით დუმილის უფლებით სარგებლობს.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოქრუაშვილმა დაავალა მის ახლობლებს გაარკვიონ რა რეიტინგი აქვს მას შიდა ქართლის მოსახლეობაში და არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში შეძლებს თუ არა გამარჯვებას. ოქრუაშვილთან დაახლოებული პირები აცხადებენ, რომ კვირას დაგეგმილ შეხვედრაზე, ოქრუაშვილი მოისმენს ინფორმაციას რა გავლენა აქვს მას შიდა ქართლში.

როგორც ჩვენი წყარო ამბობს, შიდა ქართლში კოალიცია „ქართული ოცნების“ რეიტინგი საკმაოდ სუსტია და აქიდან გამომდინარე, გამორიცხული არაა ირაკლი ოქრუაშვილმა წარმატებას მიაღწიოს. განსხვავებულია პოლიტოლოგთა შეფასებები. ისინი თვლიან, რომ ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკურ იმიჯი იმდენად შელახულია, რომ ეჭვი ეპარებათ არჩევნებში წარმატებებს მიაღწიოს.

ირაკლი ოქრუაშვილზე საუბარი არ სურს საპარლამენტო უმრავლესობის წევრს გია ჟორჟოლიანს. For.ge-სთან საუბრისას ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ კოალიციას ეყოლება ძლიერი კანდიდატი.

„ჩვენ გვეყოლება ჩვენი კანდიდატურა და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. „ქართულ ოცნებას“ ძლიერი კანდიდატურა ეყოლება. ძალიან დიდი ალბათობა არსებობს და ვფიქრობ, რომ შემდგომშიც იარსებებს. გამომდინარე „ქართული ოცნების“ პოლიტიკიდან და იმ პერსპექტივიდან, რაც ამ პოლიტიკურ ძალას აქვს, ჩვენი კანდიდატი გაიმარჯვებს“, - აცხადებს გია ჟორჟოლიანი.

ვინ იქნება შიდა ქართლში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი, ეს პრაიმერის გზით გადაწყდება. როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ მიიღებს პრაიმერში მონაწილეობას, თუმცა თვლის, რომ შიდა ქართლში წარმატებას მიაღწევენ. რაც შეეხება ოქრუაშვილს, ვაშაძე მას კონკურენტად არ აღიარებს.

„ყველა რაიონში გვექნება პრაიმერი და ამ პრინციპით გავარკვევთ თუ ვინ უნდა იყოს კონკრეტულად გორში ჩვენი კანდიდატი. რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილს არა მგონია, რომ მას რაიმე რესურსი აქვს ქართულ პოლიტიკაში, ან რამე რეიტინგის მატარებელი იყოს. რეალობა ის არის, რომ ხან ერთს ამბობს და ხან მეორეს. ხშირად გვსმენია მისგან ინფორმაციები, რომელსაც მერე თვითონვე უარყოფს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გიორგი ვაშაძემ.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ ირაკლი ოქრუაშვილის ხასიათი, პოლიტიკისთვის და სერიოზული პოლიტიკური ბრძოლისთვის, არ გამოდგება. მითუმეტეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თუ მოსახლეობას მეხსიერება არ უღალატებს, მაშინ, როგორც პოლიტოლოგი განმარტავს, მისი ხასიათი კიდევ უფრო მეტ სირთულეებს გაუჩენს.

„როცა მას ძალაუფლების განცდა აქვს, თავის თავს უფრო მეტის უფლებას აძლევს, ვიდრე ეს კანონითაა გათვალისწინებული. ჩვენ გვახსოვს სატელევიზიო დაჭერები, სამხედროების გადამეტებული ვარჯიშები. ამავე დროს მესამე ასპექტი, რაც ხშირად ისმის კეზერაშვილის შემთხვევაშიც, - საიდან გაუჩნდა ოქრუაშვილს საკმაოდ დიდი რაოდენობის ფული, მას მერე რაც თანამდებობა დატოვა.

„ლაპარაკია კერძო იურიდიულ კომპანიაზე, რაც ძნელი წარმოსადგენია. დღეს ჩვენ ვხედავთ ადვოკატებს და არ ჩანს მათ უკან ამხელა თანხები. რა ანაზღაურება ჰქონდა მას თავის იურიდიულ პრაქტიკაში ასეთი, რომ თავისი თანხებით შეძლო ცარიელი ადგილიდან შეექმნა პარტია, დაეფინანსებინა და მერე ეცხოვრა საფრანგეთში. ეს ფინანსური შემოსავლები საკმაოდ ბუნდოვანია მასთანაც. ყველა ეს თვისება რომ შეკრიბო და წარმოიდგინო როგორ მოიქცევა თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სავარაუდოა, რომ იგი კვლავ იქნება საკმაოდ ცუდი ხასიათის ხელმძღვანელი რაიონისთვის. მეეჭვება, რომ გორელებისთვის ეს სასიამოვნო იყოს“, - აცხადებს საყვარელიძე.

როგორც პოლიტოლოგი ამბობს, პოლიტიკური პერსპექტივის მხრივ, მას ორჯერ ჰქონდა ასეთი მომენტი, პირველი, როდესაც მიეკედლა მიხელ სააკაშვილს და მის მატარებელს შეყვა ხელისუფლებაში და მეორე, როდესაც დაუპირისპირდა სააკაშვილს.

„მისი პოლიტიკური კარიერა ორივეჯერ სააკაშვილთან იყო დაკავშირებული. რაიმე პოლიტიკური პლატფორმის ავტორი იგი არაა. გარდა იმ შეცდომებისა, რომელიც საერთაშორისო დიპლომატიურ დონეზე სალაპარაკო გახდა რუსეთთან დაკავშირებით. ასე რომ, მას პოლიტიკური პოტენციალი არ გააჩნია. არის ერთი შანსი, რასაც ხშირად აკეთებს ოქრუაშვილი, იქ, სადაც ხარვეზი აქვს ხელისუფლებას, აი იმ ხარვეზზე თქვას მე გავაკეთებო, მაგალითად სამართლიანობის აღდგენა, მაგრამ, როგორც წესი, მას დაპირება შესრულებამდე არ მიყავს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი ფიქრობს, რომ ოქრუაშვილს შეიძლება გამოუჩნდეს მხარდამჭერები, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ იქნებს. პოლიტოლოგი განმარტავს, რომ, როგორც წესი, იმარჯვებს პოლიტიკური ძალა და ამის დასტურია საპარალამენტო არჩევნები.

„პოლიტიკაში უნდა შემოხვიდე პოლიტიკური ძალის სახით. ასე, მარტო, პოლიტიკაში შემოვიდეს ადამაინი და რაღაცა წარამატებას მიაღწიოს, ეს თითქმის წარმოუდგენელია, მითუმეტეს, ოქრუაშვილი, რომელსაც რეპუტაცია არ აქვს. დადანაშაულებული იყო კორუფციაშიც, გარკვეული ბიზნესების მხარდაჭერაში, ასევე სხვა პოლიტიკურ ინტრიგებში, რომელიც მაინც და მაინც სიმპატიურად არ გამოიყურება.

მეორე მხრივ, არსებობს იმიჯი მებრძოლი პოლიტიკოსისა, რომელიც თავისი სიმართლისთვის იბრძვის. ეს მის თვისებაში არ ჩანს. არ ჩანს შუალედური ხედვა მისი პოლიტიკურ კარიერაში, რომ მას ჰქონდა თავისი პროგრამა, იდიალები, რომელსაც მყარად მისდევდა. აქვს კიდევ პოტენციალი, წამოაყენოს ინოვაციური იდეები, იყოს მოქნილი, შემოიკრიბოს ხალხი და ა.შ. მაგრამ ასეთი შრე არ არსებობს მის პოლიტიკურ იმიჯში. ასე რომ, ეჭვი მეპარება წარმატებებს მიაღწიოს არჩევნებში“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას კახა გოგოლაშვილმა.