ბჟანია ტამიშში რჩება - სოხუმს არძინბას კლანი აკონტროლებს

ბჟანია ტამიშში რჩება - სოხუმს არძინბას კლანი აკონტროლებს

აფხაზეთი პროტესტმა მოიცვა. საპროტესტო ტალღა იქნება მანამ, სანამ პარლამენტიდან არ გაიწვევენ კანონს „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“. აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტს კანონი 15 ნოემბერს უნდა მიეღო, რაც ცნობილი გახდა ადგილობრივი ოპოზიციისთვის, რომლის ლიდერი არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აფხაზთა სახალხო მოძრაობის“ თავმჯდომარე და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ადგურ არძინბა. მან ოპერატიულად შეძლო მოქალაქეების მობილიზება და შესაბამისად, ე.წ. პარლამენტმა კანონი ვერ მიიღო, თუმცა ამ დრომდე სადავო კანონი გაწვეული არ არის.

როგორც ადგილობრივი მკვიდრი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, საფრთხე იმისა, რომ მოხდეს აფხაზეთში ბინების რუსეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვა და დოკუმენტების რატიფიცირება, ისევ დიდია.

„მოსახლეობა ეწინააღმდეგება რუსეთის შემოსვლას, რადგან ამ კანონით რუსეთს უფლება ეძლევა შეიძინოს უძრავი ქონება. ეს რას გამოიწვევს, ყველამ ვიცით: მასიურად მოხდება რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა და როგორც ჩვენ ვიცით, ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ აფხაზეთში უნდა დასახლდნენ რუსი სამხედროები და ძალოვნები.

ასევე, აფხაზეთში არის ინფორმაცია, რომ იგეგმება იმ სამხერდოების დასახლება, რომლებიც უკრაინაში ომობენ. ეს სერიოზული პრობლემაა ჩვენთვის და სწორედ ამიტომ გამოვიდა ხალხი ქუჩაში. აფხაზები რუსეთის ამ პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიან და ჩვენ არ დავუშვებთ, რომ აფხაზეთში აფხაზები აღმოვჩნდეთ უმცირესობაში“, - აცხადებს ადგილობრივი მკვიდრი.

ვითარება რთულია. დე-ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია, რომელმაც 15 ნოემბერს მთავრობის სასახლე დატოვა, დღემდე მშობლიურ ტამიშში რჩება. ბჟანია დაცვამ თავდაპირველად გულირიფშში ე.წ. სამთავრობო რეზიდენციაში გადაიყვანა, თუმცა უსაფრთხოების გათვალისწინებით, დე ფაქტო პრეზიდენტი ტყვარჩელში გადაიყვანეს. პოლიტიკური დაპირისპირება კლანებს შორის უმართავი ხდება. ბჟანიას მხარს უჭერს სოხუმი-ოჩამჩირის კლანი, ხოლო ადგურ არძინბას მხარს უჭერს გუდაუთის კლანი.

ამ ჯგუფის უკან დგანან როგორც რუსეთის, ასევე თურქეთის სპეცსამსახურები. არძინბას ჯგუფი ლობირებს აფხაზეთში თურქულ ბიზნესს, როგორიც არის სამშენებლო და ტურისტული ბიზნესი. ისინი ჭარბად არიან წარმოდგენილი აფხაზეთის ტერიტორიაზე. ცხადია, რომ მათ ინტერესში არ შედის აღნიშნული კანონის მიღება, რადგან ასეთ შემთხვევაში კარგავენ ბიზნესგავლენას აფხაზეთში. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურები (ФСБ), დაპირისპირებულნი არიან სამხედრო დაზვერვის სამმართველოსთან (ГРУ). აფხაზეთში ФСБ ლობირებს თურქულ ბიზნესებს და აფინანსებს არძინბას ორგანიზებით გამართულ საპროტესტო აქციებს. აქ მნიშვნელოვანია ისიც, რომ გუდაუთის კლანის საპრეზიდენტო კანდიდატი არის სწორედ ადგურ არძინბა, რომელიც მხარდამჭერებს უკვე ეძებს კრემლში. მისი წარმომადგენელი და ოპოზიციის წევრი, თემურ გულია აცხადებს, რომ თუკი „პრეზიდენტი“ არ გადადგება, უკვე დღეს საკოორდინაციო საბჭო დროებით მთავრობას შექმნის.

მხარდამჭერების ძიებაში მყოფი ადგურ არძინბა საოკუპაციო ხელისუფლებას მიმართავს, რომ გადაიდოს ყველა აქტუალური საკითხი, რომელიც ყოფს ხალხს და აღელვებს საზოგადოებას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გადადოს ყველა აქტუალური საკითხი, რომელიც ხალხს ყოფს და საზოგადოებას აღელვებს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც რამდენიმე თვეში უნდა ჩატარდეს. თუ ხელისუფლება ამას არ დათანხმდება, უახლოეს დღეებში მოსალოდნელ შედეგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება აფხაზეთის პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას და მის გარემოცვას“, - აღნიშნა ადგურ არძინბამ.

თავის მხრივ ტამიშში დაბანაკებული ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია მოქალაქეებს მოუწოდებს, პროვოკაციებს არ აყვნენ და არასანქცირებულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა არ მიიღონ. თუმცა, როგორც ჩვენი წყარო ამბობს, დიდი ალბათობით, კვირის ბოლომდე ბჟანია გააკეთებს განცხადებას გადადგომასთან დაკავშირებით. სოხუმში ელოდებიან რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელს და სწორედ ამ ვიზიტზეა დამოკიდებული როგორ განვითარდება აფხაზეთში პროცესები.

„მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, ყურადღებით მოუსმინონ ჩემს სიტყვებს. ძვირფასო თანამოქალაქეებო, ნუ აყვებით პროვოკაციებს. არ მიიღოთ მონაწილეობა უკანონო, არასანქცირებულ აქციებში. ახლა ეს არ გვჭირდება. ახლა არის დრო, როდესაც უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს სამშობლოზე, ის საფრთხეშია და ჩვენი სამშობლო ამ მდგომარეობაში იმ ადამიანების ქმედებების შედეგად აღმოჩნდა, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას შეეცადნენ. ჯერ კიდევ არ არის გვიან, ყველაფრის უკან დაბრუნება. კრიზისიდან გამოსავალი მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებია. არჩევნები აჩვენებს, თუ ვინ სურს პრეზიდენტად მრავალეროვან აფხაზ ხალხს. ეს არის გამოსავალი. არ არის გვიანი ამ ვარიანტის გამოყენება“, - აღნიშნა ასლან ბჟანიამ.

როგორ განვითარდება პროცესები აფხაზეთში ამის პროგნოზირება რთულია. აფხაზური პროტესტი რუსული ინვესტიციების წინააღმდეგ განსხვავებული რაკურსით დაინახეს თბილისში, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და რადიკალურმა ოპოზიციამ, რომლებიც საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს ქართული ოპოზიციის მსგავსად, აფხაზური ოპოზიცია რუსეთს უპირისპიდება.

„ის, რაც ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში, იქაც არის მცდელობა, რომ რუსული კანონი გაატაროს და რასაც სამოქალაქო საზოგადოება წინ აღუდგა. მინდა, მათ სოლიდარობა გამოვუცხადო“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სინამდვილეში, არძინმა და მისი კლანი ცნობილია ქართველების მიმართ რადიკალური განწყობებით და სიძულვილით. სალომე ზურაბიშვილის განცხადებას კი არძინბა მყისიერად გამოეხმაურა: „მინდა შევახსენო საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც თავის შეფასებებში ეროვნული მითოლოგიით ხელმძღვანელობს და არა რეალობითა და საღი აზრით. აფხაზეთის რესპუბლიკა არის თავისუფალი ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებლად განსაზღვრავს თავის ბედს, განვითარების მიმართულებებსა და ეროვნული ინტერესებს... ასე რომ, გაურკვეველია, ვის მიმართ არის სოლიდარული ქალბატონი ზურაბიშვილი, რომელთანაც აშკარად განსხვავებული შეხედულებები გვაქვს არა მხოლოდ სამშობლოს აწმყოსა და მომავალზე, არამედ ქვეყანაში ცხოვრებაზე, პოლიტიკაზე და, ალბათ, მორალზე“, - განაცხადა არძინბამ.

მან ასევე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აფხაზური ოპოზიციის ქმედებები არ არის ანტირუსული ხასიათის“.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ არავითი გრძნობა იმასთან დაკავშირებით, რა ბედი ელის აფხაზეთს და რა გეგმა უნდა განხორციელდეს რათა ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს, ქართულ ოპოზიციას და პრეზიდენტს არ გააჩნიათ. მისი თქმით, იმ ადამიანებს ერთადერთი მიზანი აქვთ - როგორმე ეს პროცესები გამოიყენონ სათავისოდ.

„ძალიან კარგად იციან, რომ იქ არაა ლაპარაკი იმაზე, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა არა მარტო საქართველოსაგან, არამედ რუსეთისგან იქნეს მიღწეული. უფრო მეტიც, არ არის განწყობა, რომ საქართველოსთან ერთობა არის მათი გადარჩენის ერთადერთი გზა. ასეც რომ იყოს, ეს განცხადება არ გაკეთებულა. ამას მუდმივი მუშაობა სჭირდება და ისეთი პროცესი, რომელიც შეიძლება ყოველთვის ზედაპირზე არ იდოს. ასეთ ვითარებაში, რასაკვირველია, ერთადერთი მიზანი სალომე ზურაბიშვილის და ნებისმიერი სხვა ადამიანის, რომელიც ამბობს, რომ აი, აფხაზები წინ აღუდგნენ რუსულ ექსპანსიას, რუსულ ოკუპაციას და საქართველოს ხელისუფლებასთან ავლებენ უარყოფით პარალელს, არის ერთადერთი მიზნისთვის -  როგორც ყოველთვის, ვიღაცას, ვისაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვს პროცესებთან დაკავშირებით, სიცრუე შესთავაზონ, თითქოსდა ჩვენი ხელისუფლების ოპოზიციურ მხარეს დგანან პატრიოტი ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს თემა არის სწორედ ის მომენტი, როდესაც უნდა ჩაერთოს საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთში არსებულ შიდა დაპირისპირებაში, რომელიც მართლაც გარკვეულ კლანებსა და ჯგუფებს შორის მიმდინარეობს“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

კითხვაზე, როგორ შეიძლება დასრულდეს აფხაზეთში დაპირისპირება, რომელიც კლანებს შორის მიმდინარეობს და რა როლი შეიძლება დაიკავოს ამ პროცესში რუსეთმა, ვოლსკი ამბობს, რომ ეს არის შემთხვევა, როდესაც წინასწარ პროგნოზები არ უნდა გაკეთდეს.

„უპასუხისმგებლო ადამიანები რასაც გინდა იმას იტყვიან. რასაკვირველია, არსებობს ოჩამჩირის კლანი, გუდაუთის კლანი, ასევე არსებობს სხვა მიმდინარეობებიც, მაგრამ ხელაღებით დაარქვა ამას მხოლოდ კლანური ბრძოლა და უგულებელყო ზოგიერთი გულწრფელი ადამიანების სწრაფვა იმისკენ, რომ მართლაც იყვნენ დამოუკიდებლები, იქნება ის, რაც მართლაც გააღიზიანებს ადამიანებს, ვისაც ადრე თუ გვიან, უნდა დაველაპარაკოთ. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, ისეთი, როგორიც არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, ყურადღებით მიადევნებს თვალს ამ პროცესებს და აქ შეჭრა ისეთი განცხადებებით, როგორიც სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა, არის კონტრპროდუქტიული. მით უმეტეს ძალიან უხეში და ხისტი პასუხი მიიღო ამასთან დაკავშირებით. უფრო მეტსაც გეტყვით, დღეს ყველაზე აქტიურია ჯგუფი, რომელიც უპირისპირდება დე ფაქტო ხელისუფლების პრეზიდენტის, ბჟანიას გუნდს რუსეთის ერთგულებაში, რამეთუ რუსეთმა არ წამოკრას ხელი ისე, რომ სერიოზული ზიანი მიაყენოს იმ მხარეს, რომელიც დღეს ოპოზიციურ რადიკალურ პლატფორმას იკავებს. ესენი ცდილობენ, რომ როგორმე გადარჩნენ. ამავე დროს იქ არის რამდენიმე მიმდინარეობა და არ არის მხოლოდ კლანური დაპირისპირება. არის გარკევული პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ ხელისუფლებაში მოვიდნენ. ზოგს პატრიოტიზმი ამოძრავებს, ზოგს ის მოსაზრება, რომ რუსეთის გარეშე ვერ გადარჩებიან. სხვადასხვა პროცესებია, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ არის ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ღიად გამოხატავენ საქართველოს ცენტრაალური ხელისუფლების ან, ზოგადად, საქართველოსთან გაერთიანებისადმი პოზიტიურ დამოკიდებულებას. არ არის ასეთი და თუ სადმე არსებობს, რასაკვირველია, ამასთან დაკავშირებით უფრო სიღრმისეული მუშაობაა საჭირო, ვიდრე ასეთი ხეპრული განცხადებების გაკეთება და ხშირ შემთხვევაში არა მარტო ხეპრული, არამედ ყეყეჩური განცხადებების კეთება და უფრო მეტიც, დამაზიანებელი განცხადებების კეთება, აბსოლუტურად ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე“, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.

მისი თქმით, ერთია რასაც ამბობენ ოპოზიციური ფლანგიდან და როგორ უნდათ გამოიყენონ კარგი გაგებით უცოდინარი, ინფორმაციის არმქონე ადამიანების ემოცია და როგორ უნდათ დააპირისპირონ საქართველოს ხელისუფლებას ეს ადამიანები, თითქოს ხელისუფლება ხელს აკლებს და არ მუშაობს ამ მიმართულებით.

„მე ვიტყოდი, ეს არის ჩვენი სერიოზული პრობლემა - ოპოზიციაში გყავდეს ადამიანები, რომლებსაც თავისუფლად შეიძლება უწოდო მავნებელი და უსამშობლო. მით უმეტეს ახლა არ შეიძლება ისეთი განცხადებების გაკეთება, რომელიც პირიქით, გაამწვავებს ვითარებას. იცით რა, არ უნდა მისცე საშუალება დე ფაქტო ხელისუფლებას თუ ოპოზიციურ ჯგუფს, მუდმივად აკეთებინო განცხადებები იმის თაობაზე, თუ როგორ სძულთ, როგორც ისინი ამბობენ, აგრესორი საქართველო.

აბსოლუტურად ეწიააღმდეგებიან ყველაფერ ქართულს თავის სამომავლო პერსპექტივაში, არ უნდა მისცე იმის საშუალება, რომ მუდმივად გააღვივო და საშუალება მისცე, რომ საქართველოს ლანძღვა გამოიყენონ, როგორც თავისი პოზიციის გაძლიერების იარაღი. მათი ერთადერთი მიზანი არის ის, რომ მეტი ზიანი მიაყენონ ხელისუფლებას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიორგი ვოლსკი.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, დღეს აფხაზეთში ჩვენთვის ნაცნობი ვითარებაა. როგორც ქართველებს არ გვინდა ცალი ფეხით ევროპაში შესვლა, ასევე აფხაზებსაც არ უნდათ რუსეთში ცალ ფეხზე ხტუნაობით შესვლა. ყოველ შემთხვევაში, რაღაც დიდ ნაწილს ეს სურვილი აქვს. რაც შეეხება იმას, საქართველოსთან მიმართებაში რა შეიძლება ხდებოდეს, პოლიტოლოგი მიესალმება იმას, რომ არაფერი არ ისმის ამ მიმართულებით და მიაჩნია, რომ ზედმეტი იყო ივანიშვილის განცხადება, რომელსაც მოჰყვა გაუგებარი ფრაზები ყველა მხრიდან: ქართული ოპოზიციის, აფხაზეთის და რუსეთის მხრიდან.

„თუ რამეს აკეთებენ ჩვენი უსაფრხოების სამსახურები და შეიძლება რომ აკეთებენ, გააკეთონ ჩუმად და არ არის აუცილებელი განცხადებების და ქულების დაწერა. ეს იმათ საყურადღებოდაც, ვინც ოპოზიციის მრიდან იძახის, არიქა გვითხარით რას აკეთებთ აფხაზეთთან და ოსეთთან მიამართებაშიო. არაფრის თქმა არ არის საჭირო და არც წინასწარი დაპირებები. ეს იმდენად ფაქიზი თემებია, რომ სიჩუმე ჯობია. რა ფორმით არის რუსეთის ჩარევა და რამდენად შესაძლებელია უკრაინის ომის ფონზე აფხაზეთში მიმდინარე პროცესები მიუშვას დინებაზე, - ალბათ, მაგ ტიპის ასპექტი იგულისხმებოდა, როდესაც ითქვა, რომ ჩვენ შეიძლება რაღაცა პერსპექტივა გაგვიჩნდეს აფხაზეთისა და ოსეთის რეგიონებზე კონტროლის. მე, ვისურვებდი, რომ პროცესები, ჯერჯერობით, წასულიყო თავისი დინებით. ჩვენ საერთოდ არ ვიცით მსოფლიო პროცესები როგორ და საით მიდის.

ითქვა, რომ უკრაინის ომი რაღაცებს გადაწყვეტსო, მაგრამ ეს ცოტა ძნელი სათქმელია. იმიტომ, რომ აქ კიდევ უფრო გართულდა სიტუაცია უკრაინის მიმართულებით და საერთოდ ბუნდოვანი გახდა არა მარტო ტრამპი რას აპირებს, პუტინიც რას აპირებს, ესეც არაა ბოლომდე გარკვეული. ბოლო დროს სულ უფრო მატულობს ინფორმაცია, რომ არც ისე უბედური და წამგებიანია რუსეთი ამ ომის შედეგად და ესეც ბუნდოვანია, რას უშვრება ეს ომი რუსეთს. ამიტომ დაველოდოთ პროცესებს, სანამ მთელი მსოფლიო დალაგდება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.