ოპოზიციური სპექტრი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, დეპუტატის მანდატებზე უარს ამბობს და ქუჩის პროტესტს განაგრძნობს. ამასთან, ოპოზიციონერი ლიდერები პარლამენტში შესვლის შესაძლებლობას კატეგორიულად გამორიცხავენ და აღნიშნავენ, რომ დღეს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა პოლიტიკური თვითვმკლელობა იქნება, რასაც გიორგი გახარიას თანაგუნდელები გამორიცხავენ და ამბობენ, რომ ამის გაკეთებას „გახარია - საქართველოსთვის“ არ აპირებს.
პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ წინ ბრძოლის ხანგრძლივი პროცესია, რაც უახლოეს კვირებში არ დასრულდება.
„წინ არის ძალიან დიდხნიანი პროცედურები და პროცესები. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ერთ ან ორ კვირაში დამთავრდება რაღაცა ტიპის წინააღმდეგობები, რაც არის არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ძალიან ცდება. ეს ხანგრძლივი პროცესია. ამ პროცესში რას დავგეგმავთ, რა სცენარები იქნება, როგორ განვითარდება, არ ვიცით. ერთი რამ, რაც მომწონს ახალ პარტიაში, სადაც ახლა ვარ, ყველა დეტალზე, ყველა, ერთი შეხედვით, მეორეხარისხოვან პოლიტიკურ საქმეზე არის ძალიან ხანგრძლივი მსჯელობა და განხილვა, რომ მაჯაზე ხელი გედოს მუდმივად. განვიხილავთ სხვადასხვა სცენარს და არ მინდა ამაზე საჯაროდ საუბარი. საჯაროდ რასაც ვაცხადებთ, არის ის, რომ ჩვენ არ მივცემთ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას. ამას ამბობს გიორგი გახარია, რომელიც იყო პრემიერ-მინისტრი და ამ თანამდებობიდან თავისი ნებით გადადგა, ამას გეუბნებით მე, რომელიც ვიყავი პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ჩემი ნებით გადავდექი თანამდებობიდან. გახარიას პარტიაში ვინც არის, ყველა თანამდებობის პირი იყო და ყველა წავიდა თანამდებობიდან და არც არის იმაზე საუბარი, რომ პარლამენტში შევალთ, ეს იქნება პოლიტიკური თვითმკვლელობა.
ძალიან ბევრი მიმართულებით არის წინააღმდეგობა გასაწევი, მათ შორის, სამართლებრივი თვალსაზრისით, მათ შორის, საერთაშორისო თვალსაზრისით, არის კიდევ უამრავი თემა, რომელზეც მუშაობს ჩვენი პარტია. რეგიონებში არის კიდევ მობილიზაცია იმისთვის, რომ ეს რესურსიც გამოვიყენოთ შემდგომში, როდესაც საჭირო იქნება. ქუჩის აქციებში არ ვართ ჩვენ ორგანიზატორები და წამყვანი როლი არ გვიკავია, თუმცა იქაც ვიღებთ მონაწილეობას, უბრალოდ, ჩვენი შეხედულებითა და ჩვენი გეგმებით, არ ვიზილებით სხვა პარტიებში“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
ანალიტიკოსი, ვახტანგ ძაბირაძე ჩვენთან კომენტარს აკეთებს, რომ ოპოზიციონერები, ვინც დღეს პარლამენტში შევლენ, საკუთარ პოლიტიკურ კარიერას დაასრულებენ.
„ახლა პარლამენტში შესვლა მართლაც იქნება პოლიტიკური თვითმკვლელობა. იყო ასეთი პრეცენდენტი საქართველოს ისტორიაში 2008 წელს, როდესაც უარი თქვა მაშინდელმა ოპოზიციამ პარლამენტში შესვლაზე, ერთ-ერთი პარლამენტარი, ყოფილი ოპოზიციონერი შევიდა და თავისი პოლიტიკური კარიერა ამით დაასრულა. დღესაც ასე მგონია, თუ ვინმე გადაწყვეტს პარლამენტში შესვლას, მისი პოლიტიკური კარიერა ნამდვილად დასრულდება“, - აღნიშნა ძაბირაძემ.
მისი შეფასებით, დღეს ოპოზიციის ქუჩის აქციები დიდი სიმძლავრის არ არის და ამ ეტაპზე, „ქართულ ოცნებას“ ვერ აიძულებენ, რომ რაიმე კომპრომისული ნაბიჯები გადადგას. თუმცა, იქვე არ გამორიცხავს, რომ 2025 წლის გაზაფხულიდან ვითარება იმდენად შეიცვალოს, რომ ხელისუფლებამ ვადამდელი არჩევნები დანიშნოს.
„დღეს ქუჩის პროტესტი ჯერჯერობით ისეთი სიმძლავრის არ არის, რომ ხელისფლებამ უკან დაიხიოს და რაღაც კომპრომისული ნაბიჯები გადადგას. თუ ოპოზიციიდან პარლამენტში არავინ შევა, პარლამენტი არასრულფასოვანი იქნება, მაგრამ იფუნქციონირებს. ხელისუფლება წავა ამ მიმართულებით და ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რა რეაქცია მოჰყვება ამ გადაწყვეტილებებს ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ასევე, მნიშვნელოვანია რა პოზიციას დაიჭერს არა მხოლოდ საქართველოსთან დაკავშირებით, არამედ უკრაინაში მიმდინარე პროცესების მიმართ ამერიკა და ზოგადად, დასავლეთი.
თუ ხელისუფლება დაინახავს, რომ მომავალი წლის გაზაფხულიდან ვითარება მწვავდება და ძალიან რთული გარემო ყალიბდება, მას თავისუფლად შეუძლია კონსტიტუციის ფარგლებში და არა ოპოზიციის მოთხოვნით, დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები. მთავრობას გამოუცხადოს უნდობლობა. ასე რომ, ოპოზიციამ თავისი ძალები უნდა გათვალოს - თუ ქუჩაში რჩება და ამ გზას მიჰვება, მან უნდა იცოდეს, რომ ეს ბრძოლა მინიმუმ გაზაფხულამდე მოუწევს. ასევე, შესაძლოა უფრო დიდხანსაც მოუწიოს ქუჩაში ყოფნა - ამიტომ, რესურსები ამ მიმართულებითაც უნდა იყოს გათვლილი“, - განაცხადა ანალიტიკოსმა.
ძაბირაძე ყველაზე ცუდ სცენარად სამოქალაქო დაპირისპირებას ასახელებს:
„ეუთო-ოდირის დასკვნაში იქნება ის, რომ დაირღვა ფარულობის პრინციპი და ასევე სხვა, მთელი რიგი დაღვევები იყო - მათგან ველოდები უარყოფით დასკვნას. ვფიქრობ, რომ ევროკავშირის ქვეყნები საქართველოსთან დაკავშირებით მიიღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და არც თუ ისე სასიამოვნოს. ეს ტანდემი, ოპოზიცია და ჩვენი მოკავშირეები, გარკვეულწილად, საკმაოდ ცუდ სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარემოს შექმნიან ქვეყანაში. თუ ამას შტატებიც დაემატა, მაშინ ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით.
დასავლეთს აქვს ძალიან ბევრი ბერკეტი იმისთვის, რომ ამ ქვეყანაზე ზეგავლენა მოახდინოს. ვგულისხმობ სანქციებს, ვიზალიბერალიზაციას, ევროპაში მყოფ არარეელაგებს და ა.შ. ამიტომ, თუ „ქართული ოცნება“ იმ პოლიტიკას გააგრძელებს, რა პოლიტიკასაც დღეს აწარმოებს, ისინი იძულებული იქნებიან ასეთი გადაწყვეტილებები მიიღონ, რის შედეგადაც იქნება ძალიან სერიოზული კრიზისი - მეტიც, შესაძლოა დავდგეთ სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ხელისუფლება გამოიყენებს ვადამდელი არჩევნების მექანიზმს“, - დასძინა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან.