„ჩვენი ნება ურყევია – გიგი უგულავას მიერ დანიშნული მთავრობა უნდა გადადგეს!“- აცხადებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი. მისი განმარტებით, დედაქალაქის მერიას დღეს კვლავ უფლებამოსლებაშეჩერებული პირი აკონტროლებს და ბიუჯეტის ფლანგვაში ბრალდებულ უგულავას საკრებულომ 800-მილიონიანი ბიუჯეტი აღარ უნდა ანდოს.
For.ge ირაკლი შიხიაშვილს დედაქალაქის ბიუჯეტის გარდა პოლიტიკური ბიოგრაფიის დეტალებსა და აფხაზეთის ომში მონაწილეობის საკითხზეც ესაუბრა.
თბილისის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა გახდა. შეუქმნის თუ არა ეს ფაქტი დედაქალაქის მოსახლეობას პრობლემებს და რას აკეთებს თბილისის საკრებულო საიმისოდ, რომ თბილისელები არ დაზარალდნენ?
- ქალაქს პრობლემები არ ექნება. 1/12-ის პრინციპით გაგრძელდება მუშაობა. კანონში გაწერილია, რომ არაორდინალურ და გარკვეულ კრიზისულ სიტუაციებში უნდა ამოქმედდეს მუხლი, რომელიც ბიუჯეტის 1/12-ის ხარჯვას ითვალისწინებს, რათა ქალაქმა შეძლოს ცხოვრების ნორმალური რიტმის შენარჩუნება. ასე რომ, საუბარი, თითქოსდა, 1/12-ით ცხოვრების რეჟიმი ქალაქის კალაპოტიდან ამოვარდნას ნიშნავს, გადაჭარბებულად მიმაჩნია. საზოგადოებაში მცდარი ინფორმაციის შეგნებულად გავრცელება „ნაციონალურ მოძრაობას“ ახასიათებს. არაერთი გამაოგნებელი ტყუილი გვაქვს მათგან მოსმენილი - ჩემს ბიოგრაფიაშიც აფათურებენ ხელს და ვერ ახერხებენ, ამბავი სწორად გაიგონ.
ბიოგრაფიაზეც გკითხავთ, მაგრამ მანამდე ბიუჯეტზე განვაგრძოთ საუბარი - თბილისის მერია უკვე აფრთხილებს მოსახლეობას, რომ თუ 2014 წლის ბიუჯეტი არ დამტკიცდა, თებერვალში 600 ათასი პირი მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეღავათით ვეღარ ისარგებლებს და პრობლემა შეექმნება საბავშვო ბაღებსაც.
- ეს არის მიზანმიმართული, შანტაჟის შემცველი ქმედება მოსახლეობის წინააღმდეგ და მათ დასაშინებლად. საზოგადოებრივ აზრზე ზეწოლის საშუალებით სურთ, საკრებულომ მიიღოს ბიუჯეტი, რომელიც მერიას აძლევს ხელს და კვალვ ჰქონდეთ საშუალება, აკონტროლონ ხარჯვითი ნაწილი. ეს დაუშვებლად მიმაჩნია. თბილისის მთავრობამ უკვე მისცა საშუალება არჩეულ მერს, გაეფლანგა ფული და ბიუჯეტი საკუთარი პარტიის დასაფინანსებლად გამოეყენებინა. დღეს ეს მთავრობა საკრებულოს წინაშე კი არ არის ანგარიშვალდებული, როგორც ამას კანონი მოითხოვს, არამედ, „ნაციონალური მოძრაობის“ წინაშე. ასეთი მთავრობის მიმართ კი, ბუნებრივია, გვაქვს ეჭვი, რომ ეცდებიან, ბიუჯეტში ხელი წინასაარჩევნოდაც აფათურონ.
რომ დავაზუსტოთ, თბილისის 600 ათას მცხოვრებს არ შეექმნება მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათის პრობლემა?
- თუ შეექმნება, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ საბოტაჟი. საბოტაჟის შემთხვევაში კი, ყველა იმ პირს, ვინც ხელოვნურად შეუქმნის თბილისელებს პრობლემას, კანონის მთელი სიმაკაცრით მოეთხოვება პასუხი.
რა არის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის მთავარი მიზეზი და რა გამოსავალს ხედავთ თქვენ შექმნილ სიტუაციაში?
- მიმაჩნია, გამოსავალი ჩვენს მიერ შეთავაზებული წინადადებაა - ერთობლივად, მრავალპარტიული საკრებულოს მთელი სპექტრის მონაწილეობით დავაკომპლექტოთ ახალი მთავრობა. ამ გზით დაკომპლექტებული მთავრობის მიმართ კი არც ერთ მხარეს არ გაუჩნდება ეჭვი, რომ ვინმე სათავისოდ გამოიყენებს ქალაქის ბიუჯეტს.
ამ შეთავაზებაზე, ალბათ, გაგიჭირდებათ ოპონენტების დათანხმება. თბილისის მერია, პრაქტიკულად, ერთადერთი მსხვილი უწყებაა ქვეყანაში, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ კიდევ აკონტროლებს.
- ჩემთვის კი ერთ-ერთი მექანიზმია ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა, რათა მათ ეს ნაბიჯი გადადგან.
საკრებულოს წევრი კახა კუკავა აცხადებს, რომ 11 მარტამდე საკრებულო ბიუჯეტს განგებ არ დაამტკიცებს და შემდეგ კანონით განსაზღვრული დროებითი მთავრობის პირობებში მერის მოვალეობას პირადად თქვენ შეასრულებთ. გამორიცხავთ პროცესის ამგვარ განვითარებას?
- სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ყველა თბილისელის წინაშე, უკანასკნელი გარეწარი მიწოდონ, თუ მე ამას დავთანხმდები, გამორიცხულია. ირაკლი შიხიაშვილი მერის მოვალეობის შემსრულებელი არ იქნება! მხოლოდ კახა კუკავას ტვინს შეუძლია, ეს მოიფიქროს. ირაკლი შიხიაშვილის ტვინს, გონებას, სინდისს, თავმოყვარეობას, თბილისელების წინაშე პასუხსიმგებლობას, ეს არ შეუძლია.
თუ დავუშვებთ, რომ დროებითი მთავრობა შეიქმნება თბილისში, მაშინ ვინ შეიძლება გახდეს მერის მოვალეობის შემსრულებელი?
- მერის მოვალეობის შემსრულებელი, მიმაჩნია, რომ იქნება სევდია უგრეხელიძე. ანუ, სევდიამ უნდა წარმოადგინოს ახალი მთავრობა, რომელსაც შეითანხმებს საკრებულო, მაგრამ წინასწარ იქნება კანდიდატურებზე მსჯელობა.
თუ კვლავ სევდია უგრეხელიძეს განიხილავთ მერის მოვალეობის შემსრულებლად და ახალი მთავრობის წევრებიც მანვე უნდა დაასახელოს, თქვენთვის რა შეიცვლება ამ შემთხვევაში?
- პირველ რიგში, შეიცვლება ის, რომ „ნაცმოძრაობის“ პარტიული „ბოსები“ აღარ იქნებიან გამგებლები. აღარ იქნება შემთხვევები, როცა გამგებლები ბიუჯეტის ხარჯზე, მაგრამ პირადი სახელით, დაურიგებენ საჩუქრებს და მილოცვებს, როგორც ეს საბურთალოს გამგებელმა გია ხუროშვილმა გააკეთა საახალწლოდ. დღემდე ასევე მოქმედებენ სხვა გამგებლებიც.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იმის გამოც გაკრიტიკებენ, რომ პოლიტიკურ ბიოგრაფიაში ამ პარტიის წევრობის შესახებ არ წერთ. საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ იყავით „მრეწველებისა“ და „ახალი მემარჯვენეების“ წევრი. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა „სამარცხვინო ლაქად“ მიგაჩნიათ?
- „ნაცმოძრაობის“ პარტიის წევრი არ ვყოფილვარ. რომ მქონოდა პარტიის მანდატი, ვიტყოდი, არც მაგის პრობლემა არ არის. მე არ მიყვარდა ეს პარტია.
მაგრამ, ფაქტია, თანამშრომლობდით ამ გუნდთან.
- არა, მე არ ვთანამშრომლობდი მათთან, ვთანამშრომლობდი ჩემს ამომრჩეველთან. რა შუაშია გუნდი? მე ვემსახურებოდი რაიონს. მიმაჩნია, რომ იქ თუ არ ვიქნებოდი მე, იქნებოდა სხვა. მაქვს პრეტენზია, რომ სადაც ვიყავი, იმის მაქსიმუმს ვაკეთებდი, რაც უნდა გამეკეთებინა ჩემი რაიონისთვის, ჩემი უბნელებისთვის. მე არ ვემსახურებოდი „ნაცმოძრაობას“. როგორც კი მომეცა საშუალება, საკუთარი წვლილი შემეტანა რეჟიმის წასვლაში, მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე - მზად ვიყავი, საკუთარი თავიც გამეწირა. ესენი უნდა წასულიყვნენ და ბოლომდე უნდა წავიდნენ. არ ვერჩი პიროვნებებს, ვერჩი სისტემას, მათ აზროვნებას.
ამბობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდის წევრი არ ყოფილხართ და მხოლოდ ამომრჩევლის ინტერესებიდან გამომდინარე საქმიანობდით საკრებულოში. გიგი უგულავას დღეს გამოძიება 50 მილიონამდე ლარის გაფლანგვას ედავება. თუ გქონიათ მცდელობა, იმ პერიოდშიც გაგეკონტროლებინათ მერიის მიერ ბიუჯეტის ხარჯვა? გამოგითქვამთ კრიტიკული აზრი უგულავას წინააღმდეგ?
- ბოლო რამდენიმე თვეში საზოგადოება იმდენად მიეჩვია აზრის თავისუფლად გამოხატვას, საერთოდ დაავიწყდა, რომ აზრის გამოხატვის შესაძლებლობა არ იყო ქვეყანაში. ოჯახის წევრები შინ რომ საუბრობდნენ, ტელეფონებს, ლამის მაცივარში ინახავდნენ. ტოტალური შიში და ტერორი იყო დამკვიდრებული. მეორე მხრივ, იყო ინფორმაციული ვაკუუმი, კონკრეტული ადამიანების იქით ინფრომაცია არ გადიოდა. ინფორმაციასთან წვდომა საკრებულოს წევრასაც არ გაააჩნდა, მოიკითხავდი და არ გეტყოდნენ. ზედმეტი დაინტერესების შემთხვევაში, შეიძლება, ციხეშიც ამოგეყო თავი. დღეს მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები გამოდიან და თავისუფლად გამოხატავენ პოზიციას, აკრიტიკებენ ხელისუფლებას. ასეთი რამ 6 თვის წინ ბუნებაში არ არსებობდა. ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით კი შეიქმნა სხვაგვარი გარემო და საზოგადოება თამამად ჩაერთო პროცესებში, ამან საკრებულოს ძალაუფლების გაზრდაც გამოიწვია. თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ უკვე ძალაში შევა კანონი, რომელიც საკრებულოს უფლებამოსილებას მნიშვნელოვნად გაზრდის.
საზოგადოებას დღემდე ახსოვს თქვენი განცხადება 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველზე საპროტესტო აქციის დარბევის შესახებ. საკრებულოს სხდომაზე აღნიშნეთ, რომ რუსთაველზე შეკრებილი ადამიანების მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნა იყო. თქვით, რომ შემდგარ სახელმწიფოში ცხოვრობდით და ხელისუფლებას მადლობაც გადაუხადეთ. დღესაც იმავეს ფიქრობთ 26 მაისის მოვლენებზე?
- განცხადებებს ჰაერზე არ ვისვრი. ნინო ბურჯანაძე და მისი პოლიტიკური ჯგუფი ახორციელებდა მიზანმიმართულ პროვოკაციას, რომ ქვეყანაში უმართავი, დესტაბილიზაციის შემცველი პროცესები განვითარებულიყო. მიმაჩნია, რომ არ იყო მხარდასაჭერი და ჩემი განცხადება, სწორედ, ამას ეხებოდა. მე ასევე ვთქვი, ფორმა, რომელიც იმ ადამიანების წინააღმდეგ გამოიყენეს, არ მიმაჩნდა სწორად. ეს გააკეთეს არა პოლიციელებმა, არამედ, იმ ზონდერჯგუფებმა, რომლებსაც პოლიციის ფორმა საკრებულოს შენობაში გადააცვეს და ხალხზე სანადიროდ გაუშვეს.
მე ვანო მერაბიშვილის დანაშაულს ვხედავ აქ. მან ხალხის დაშლა ხოცვა-ჟლეტად აქცია.
აღლუმის ჩაშლის მცდელობა კი, არა მიშა სააკაშვილის, არამედ, სახლმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული აქცია იყო, მე ასე დავინახე. ვერასდროს შემძულდება რომელიმე პოლიტიკოსი ისე, რომ ჩემი ქვეყნის სიყვარულს გადააჭარბოს. ვთქვი კიდეც მაშინ, ყველა ის ხელკეტი თავადაც მეტკინა-თქო. კარგად ვიცი, ეს რას ნიშნავს, მიცხოვრია იმ პერიოდში, როცა თბილისის ერთ ქუჩაში ორი მხარე ერთმანეთს ტყვიებს ესროდა.
სამოქალაქო ომის პერიოდი გაიხსენეთ და მაინტერესებს, იყავით თუ არა იმ პერიოდში არსებული „მხედრიონის“ წევრი?
- მე ვიყავი ეროვნული მოძრაობის წევრი!
ბიოგრაფიაში გიწერიათ, რომ 1992-93 წლებში აფხაზეთის ომში იბრძოდით. რომელ საბრძოლო მოქმედებებში მიგიღიათ მონაწილეობა და ვინ იყვნენ თქვენი თანამებრძოლები?
- სოხუმის ბრძოლების ისტორიაში ლეგენდად დარჩენილი ბრძოლაა იაშტუხაზე - ცუგროვკაზე მომხდარი ბრძოლა. ეს იყო პელნის სპეცრაზმთან, რომელიც სოხუმში ბილიკებით აპირებდა ჩამოსვლას. გენო ადამიამ და დათო გულუამ შეგვატყობინეს ამის შესახებ. ჩვენი სპეცრაზმი იმ პერიოდში დისლოცირებული იყო სოხუმის პირველ საშუალო სკოლაში. დილის 4 საათზე ჩვენ დავიწყეთ იაშტუხაზე ასვლა. პირველი ბრძოლები ვაწარმოეთ 35-მა კაცმა, მერე დამატებით შემოგვიერთდა 70. 105 კაცი ვიბრძოდით 7 დღის განმავლობაში. ამ პერიოდში პარალელურად ხდებოდა ტამიშის გარღვევა. ჯაბა იოსელიანი და ლოთი ქობალია ერთობლივი ძალებით შეერკინენ მოწინააღმდეგს, გაარღვიეს რკალი და სოხუმისკენ დაიძრნენ დასახმარებლად. ალყის გარღვევამდე დიდი მცდელობა ჰქონდა მტერს, რომ აეღო სოხუმი. იმ პერიოდში, სოხუმში, მხოლოდ, თვითმფრინავების მეშვეობით შემოდიოდა ტყვია-წამალი და საჭმელი. მოგეხსენებათ, რა საშინელ მდგომარეობაში იყო ქალაქი. ჩვენი დავალება იყო, რკალის გარღვევამდე დაგვეკავებინა პოზიციები და მტრისთვის არ მიგვეცა სოხუმში შემოსვლის საშუალება. მადლობა ღმერთს, მაშინ ეს დავალება პირნათლად შევასრულეთ. დაგვეღუპა ორი მეგობარი - ზურა გულაშვილი და ზაზა ჭოლოკავა, დაიჭრა ედუარდ მიკირტიჩიანი - თავში ესროლეს, მაგრამ, მადლობა ღმერთს, გადარჩა და დღეს სამი შვილის მამაა. ჩემთან ერთად იბრძოდა ჩემი ღვიძლი ძმა გიორგი შიხიაშვილიც.
დასასრულს აშშ-ში დაგეგმილ ვიზიტზეც გკითხავთ. ვიცი, რომ ხვალ მიემგზავრებით, რამდენ ხანს გაგრძელდება ვიზიტი და რა არის მისი მთავარი მიზანი?
- ვიზიტი გაგრძელდება 9 დღე, აქედან 2 დღე გზაში ვარ. შეხვედრები მექნება 7 დღის განმავლობაში - შევხვდები როგორც წარმომადგენლობითი, ისე აღამასრულებელი ორგანოს წევრებს. ასევე შევხვდებით ქართულ სათვისტომოს. ჩვენი მთავარი მიზანია, ამერიკელ კოლეგებთან სოციალურ პროექტებზე თანამშრომლობა და მძიმე სენით შეპყრობილი ბავშვების დახმარების პროგრამების ამოქმედება. საუბარია ლეიკემიითა და ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვებზე. გვაინტერესებს ასევე დეველოპერებთან შეხვედრები - ინვესტიციების განხორციელებისა და ახალი ურბანული დაგეგმარების შემთხვევაში, თბილისში განაშენიანების კუთხით. ვიზრუნებთ ბრუკლინთან ურთიერთთანამშრომლობისა და მეგობრობის შესახებ მემორანდუმის გაფორმებაზეც.