მზადება 2028 წლის არჩევნებისთვის

მზადება 2028 წლის არჩევნებისთვის

დღეს, 11:00 ცესკო საბოლოო ოქმს შეაჯამებს. შესაბამისად, რადიკალური ოპოზიცია და მხარდამჭერები ცესკოს წინ შეიკრიბებიან. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ამ არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სისტემურ, განგრძობად პროტესტს და მნიშვნელოვანია, მთელმა მსოფლიომ დაინახოს, რომ ამ არჩევნებს ხალხი არ ცნობს ლეგიტიმურად.

„ერთი რამ უნდა გვესმოდეს, რომ ამ ყველაფერს ხედავს როგორც საქართველო, ისე მთელი მსოფლიო, რომ ჩვენ ამ არჩევნებს არ ვცნობთ ლეგიტიმურად, დღეს ხელისუფლება არის თვითმარქვია და ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ბრძოლა მხოლოდ პირველ ეტაპზეა“, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი, რომლის განცხადებით, დღეს მისი როლი, როგორც პრეზიდენტის, არის ის, რომ იყოს კავშირში უცხოელ პარტნიორებთან, მაქსიმალურად გადასცეს გზავნილები და მოთხოვნები.

„ჩემი აზრით, მტკიცებულებების დრო დამთავრდა, მაგრამ თუ ჩათვლიან, რომ საგამოძიებო ქმედებები კიდევ საჭიროა, რათა რაღაც დროის მოგება უნდათ, ეს მათი გადასაწყვეტი იქნება. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად და თქვენ ხართ მზად, თუკი იქნება საერთაშორისო გამოძიება, თქვენ იყოთ ისინი, ვინც უპასუხებენ და არა - სახელისუფლო ვიღაც პირები. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, შიგნით მნიშვნელოვანია შემართება, რაც არ უნდა იყოს სირთულეები. ვიცით, რა არის პოლიტიკური სპექტრი, მე პირადად ძალიან კარგად ვიცი, რამდენად ძნელია მათი გაერთიანება სხვადასხვა კუთხით, თუმცა ეს გრძელდება. საზოგადოება არის ბევრად უფრო გაერთიანებული და საზოგადოება აჩვენებს გზას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პროგრამა მინიმუმს მიაღწიეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პატრონებმა, ეს პოლიტიკური ძალა 4 ნაწილად დაშალეს და 4 სუბიექტად შეიყვანეს პარლამენტში, რაც მათთვის მიღწევაა. ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ საბოლოოდ, ოთხივე პარტიას პარლამენტში შესვლის დავალებას მისცემენ.

„პროგრამა მინიმუმი რა იყო, რასაც მიაღწიეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პატრონებმა - მათ დაშალეს ოთხ ნაწილად ეს პოლიტიკური ძალა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ და საბოლოო ჯამში მოახერხეს ის, რომ ოთხი პარტია შეიყვანეს - რა თქმა უნდა, ეს ფიქტიური პარტიებია, საბოლოო ჯამში, ერთი პოლიტიკური ძალაა, მაგრამ ოთხ სუბიექტად შეიყვანეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში. მთლიანობაში ამ ოთხმა პარტიამ მიიღო 38 პროცენტი, ანუ ბარიერგადალახულმა პარტიებმა მთლიანობაში აიღეს 38 პროცენტი, როდესაც ერთი „ნაცმოძრაობის“ პირობებში 25 პროცენტით შევიდოდა ერთი პოლიტიკური პარტია პარლამენტში. ეს მათთვის არის შედეგი, მიღწევა და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მგონია, რომ საბოლოო ჯამში, პატრონები დავალებას მისცემენ ამ ოთხივე პარტიას, რომ ისინი ბოლოს შევიდნენ პარლამენტში, რადგან ეს არ არის დასაკარგი შედეგი მათთვის. პროგრამა მინიმუმი არის შესრულებული და შესაბამისად, ისინი ამ შედეგს აუცილებლად გაუფრთხილდებიან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გარე ძალებმა დაიწყეს მუშაობა იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა მაქსიმალურად ქვემოთ დაეწიათ და შედეგიც მიიღეს, ვინაიდან, ამ პარტიის ხმები სხვა პარტიებს გადაუნაწილეს. როგორც კალაძე აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობის“ ძირითადი ბირთვი გადანაწილდა და ხმები გვარამიამ, ხაზარაძემ და გახარიამ გაიყვეს, შესაბამისად, უცხოელ პატრონებს აქვთ მცდელობა, 2028 წლის არჩევნებისთვის სამი ახალი პარტია „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებელ და ახალ ძალად წარმოაჩინონ.

„როდესაც ჩვენ ვაფასებთ მტერს, მნიშვნელოვანია, სწორი ანალიზი გავაკეთოთ. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ გარე ძალებმა, ვინც დღეს მტრობს ჩვენს ქვეყანას, ძალიან მაგრად იმუშავეს, რაც გააკეთეს ამ ოპოზიციით და რეალურად, მზადება მიმდინარეობს 2028 წლისთვის. მათაც ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ამ არჩევნებზე არანაირი შესაძლებლობა არ ჰქონდათ და მცდელობა იყო, საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ რომ კი, „ნაციონალური მოძრაობა“ მძიმე წარსულის მქონე პარტიაა, მაგრამ აგერ არის ახალი პარტიები - გვარამიას პარტია, ხაზარაძის პარტია, მაგრამ ინდივიდუალურად კიდევ ერთხელ რომ გავყვეთ, ვინ არიან ამ პარტიის წევრები? - იმ ბოროტების მანქანის დროს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, გვარამიას, ხაზარაძეს, მელიას - ყველას თავისი ფუნქცია ჰქონდა. აი, ამ მოცემულობის წინაშე ვართ დღეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ანალიტიკოსის „ხალხის ძალის“ წევრის დავით ქართველიშვილის განცხადებით, 5 ნოემბერს აშშ-ში დონალდ ტრამპმა დაამარცხა ზუსტად ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც წლების განმავლობაში საქართველოში ფსონს დებდნენ „ნაციონალურ მოძრაობაზე“. პერიოდულად, ყოფდნენ მას, აერთიანებდნენ და მერე ისევ ყოფდნენ. ანალიტიკოსის შეფასებით, დღეს, ზემოდან რომ შევხედოთ სიტუაციას, გლობალურად, სტრატეგიულად დამარცხებულმა საერთაშორისო ძალამ უნდა რაღაცა სასწაული მოახდინოს და საკუთარი ძალის გადარჩენაზე კი არ იფიქროს, არამედ საქართველოში თავის ანასხლეტებით და მათი მომავალი ბედით იყოს დაინტერესებული.

„რა თქმა უნდა, ის შეეცდება, არ დანებდება ბოლომდე თავის მდგომარეობას და შეეცდება საკუთარი თავიც გადაარჩინოს, საქართველოში ეს ძალები წარმოაჩინოს ახალ ოპოზიციურ სპექტრად. მაგრამ ერთადერთი, რაც არასოდეს არ გამოუვა, იმ სამ, თუ გინდა ოთხი იყოს, ანასხლეტს „ნაციონალური მოძრაობისა“, ისაა, რომ ნაცმოძრაობასთან თავის კუთვნილებას, ანუ მიშიზმს ვერ ჩამოირეცხავენ.

მიხეილ სააკაშვილის 9-წლიანი მმართველობის რეჟიმი რომ ჩამოირცეხონ, ამ ჩამორეცხვას სჭირდება მონანიება თუ არა, ყოველ შემთხვევაში - აღიარება ყველა იმ დანაშაულის, რომელიც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმთან არის გაიგივებული. თუ შენ გაქვს სიტუაცია, რომ ჩამოირეცხო მიშიზმი და საკუთარი თავი წარმოაჩინო ახალ პროდასავლურ ე.წ. ოპოზიციურ ძალად და შენს რიგებში არის იმ რეჟიმის მსახური, ზოგი პროკურორის და ზოგი ბანკირის პოზიცია, ანუ ხართ თანამონაწილეები, ორგანიზატორები იმ დანაშაულისა, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ძალიან კარგად ახსოვს. ამიტომ, ამ მონანიების, აღსარების და აღიარების გარეშე მათი შანსი ოპოზიციურ სპექტრად ჩამოყალიბების 2028 წლისთვის არის აბსოლუტურად ნოლის ტოლი“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.

როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, აშშ-ის ხელისუფლებაში ისეთი პოლიტიკური ძალა მოვიდა, რომელიც დიდი ალბათობით, 2028 წლისთვისაც მაღალი ამბიცებით შეუდგება თავისი პოლიტიკური გზის გაგრძელებას არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ ყველა იმ ლოკაციაზე, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან, ანუ გლობალური ომის პარტიის მხრიდან კონტროლირდებოდა ამ მომეტამდე.

„2028 წელს საქართველოს დასჭირდება სულ სხვა ოპოზიციური სპექტრი, არა ქუჩაში მორბენალი, არადესტრუქციული, არა დეზინფომაციაზე აგებული, არამედ ხელისუფლების მიმართ კონსტრუქციულ ოპოზიციაში მყოფი ოპოზიციური ძალები, რომლებიც გამოააშკარავებენ ამა თუ იმ საზოგადეობრივ ცხოვრების სფეროში არსებულ ნაკლოვანებებს, რომლებიც შესთავაზებენ ხელისუფლებას ამა თუ იმ პრობლემის მიმართ ხედვას, პრობლემის გადაჭრის უკეთეს ვარიანტს.

დეზინფორმაციაზე და სიცრუეზე აგებული ძალები 2028 წლამდე საერთოდ გაქრებიან ჩვენი პოლიტიკური ველიდან. მე კიდევ მივცემდი მათ თეორიულ შანს და „ნაციონალურ მოძრაობას“ თავი დავანებოთ, ამ სამის - გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას ფრთას „კაცურად“ რომ ეღიარებინა საკუთარი როლი და ადგილი ამ შემდგარი არჩევნების შემდეგ და შესულიყვნენ პარლამენტში და გაძლიერებულიყვნენ, უპირველეს ყოვლისა, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და 2028 წლისთვის გაეოცებინათ ქართული პოლიტიკური სპექტრი თავისი ტრანსფორმაციით და კონსტრუქციული მეტამორფოზებით... მაგრამ - არაფერი ამდაგვარი. არც ძველბიჭობა ახასიათებს ამ პარტიაში შემავალ ლიდერებს და არც ქუჩა აძლიერებს მათ.

დღევანდელი მათი სამარცხვინო მცდელობა უნივრსიტეტი იქნება ეს, თუ სხვა ლოკაცია, უკვე ათასამდეც კი არ ადის, არამედ ასეულობით შენერგილ თანამიმდევრებს მოიცავს და ასე დარჩებიან არა მხოლოდ 2025 წლისთვის, არამედ 2028 წლისთვის. ღმერთმა ქნას, რომ ყველა ის დანაპირები, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მისცა ამომრჩეველს მათ პოლიტიკურ გასამართლებასთან დაკავშირებით, ასრულდეს და 2028 წლისთვის ჯანსაღმა პოლიტიკურმა ძალებმა დაიკავონ თავისი პოლიტიკური ადგილი ქართულ ოპოზიციურ სპექტრში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.

პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე აცხადებს, რომ 2028 წელი შორია, რადგან 2028 წლამდე არის მთელი რიგი პროცესები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და ამ პროცესებზე ფიქრია უფრო საშური და უპრიანი.

„2028 წელს რა იქნება, ევროკავშირში და აშშ-ში და გლობალური პოლიტიკური პასეანსი როგორ დალაგდება, ამის პროგნოზირება შეუძლებელია. ძალიან დრამატული ცვლილებები განხორციელდება უახლოეს მომავალში ყველაგან. დრამატულად შეიცვლება პოლიტიკური ველი. შესაბამისად, ისინი მოემზადებიან იმისთვის, რომ ხაზარაძეზე დადონ ფსონი 2028 წელს, არა მგონია, რომ ეს ჯანსაღი პოლიტიკის ნაწილი იყოს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძე.

amo ვერ დაგეთანხმებით სოსო ბატონო, მიუხედავად იმისა, რომ მრავალმა ათასმა ხმა მისცა ადამიანის პროვოკაციას გვარამიას, გამორიცხულია ქართველმა ხალხმა საკმარისი ხმა მიცეს მევახშე ხაზარაძეს. ბოლოს და ბოლოს ამას მიხვდებიან ვაშინქტონში.
1 საათის უკან