საქართველოში, საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის იანვრის დასაწყისში გაიმართება და ამჯერად საქართველოს პრეზიდენტს 300-კაციანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. ამის ფონზე კი აქტიურად დაიწყო განხილვა, თუ ვის წამოაყენებს „ქართული ოცნება“ ამ პოზიციაზე. ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატად „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სახელდება, რასაც ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი დადებითად აფასებს, ხოლო მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული საერთაშორისო ასპარეზზე, „ქართული ოცნების“ იმიჯზე უარყოფ ასახვას ჰპოვებს.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ ბევრი რამ არის დამოკიდებული გეოპოლიტიკურ ვითარებაზე, რაც ძალიან ხშირად იცვლება. მისი თქმით, თუკი „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურას წამოაყენებს, ამას დასავლეთის მხრიდან აუცილებლად მოჰყვება კრიტიკური შეფასება და იქნება განცხადებები იმის შესახებ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლება სრულად მიიტაცა.
„გეოპოლიტიკური მდგომარეობა ძალიან სწრაფად იცვლება, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული სიტუაციაც - გახშირდა მოთხოვნები მის დასანქცირებასთან დაკავშირებით. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული „ქართული ოცნება“ რამდენად მომგებიანად ჩათვლის ამ ნაბიჯს და ასევე, ბიძინა ივანიშვილი რამდენად ჩათვლის, რომ მისი ამ ფორმით, ოფიციალურ ხელისუფლებაში დაბრუნება, მისთვის ხელსაყრელი იქნება. თუკი ის პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს, ეს მას გარკვეულ სტატუსს შესძენს, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი საკმაოდ შეზღუდულია უფლებებში - ბიძინა ივანიშვილის როლიდან გამომდინარე, მას უკვე ექნება ლეგალურად გავლენის ბერკეტები ქართულ პოლიტიკაში.
თუმცა, მეორე მხრივ, ეს იქნება ერთგვარი გამოწვევა „ქართული ოცნებისთვის“, თუ რა კუთხით შეხედავს ამას დასავლეთი. თუ ივანიშვილი გახდება პრეზიდენტი, იტყვიან, რომ საბოლოოდ მოხდა ხელისუფლების მიტაცება. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, არათუ ბიძინა ივანიშვილი, არამედ ისეთი ადამიანი იქნეს წარდგენილი, რომელიც ღიად არ არის აფილირებული „ქართულ ოცნებასთან“, მაგრამ არც მკვეთრ დაპირისპირებაშია მასთან და მასში დარწმუნებული არიან, რომ ის სალომე ზურაბიშვილივით არ მოიქცევა, როდესაც პრეზიდენტის სავარჯელში ჩაჯდება. „ოცნებაში“, ალბათ, მიდის შესაძლო კანდიდატურებზე მსჯელობა“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
ოპოზიციის შესაძლო კანდიდატურასთან დაკავშირებით საუბრისას, ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ უმჯობესია თუკი ოპოზიციური სპექტრი საპრეზიდენტო კანდიდატს არ დაასახელებს, რადგან მისთვის მარცხი გარდაუვალი იქნება.
„რაც შეეხება ოპოზიციას, მასთან დაკავშირებით შეთანხმებებზე საუბარი ცოტა რთულია, იქიდან გამომდინარე, თუ როგორი კონფრონტაცია წარმოიშვა ოპოზიციური პარტიების რიგებში ამ ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებით. ოპოზიციას არავითარი რეალური ბერკეტი არ აქვს იმისთვის, რომ მან საკუთარი კანდიდატი გაიყვანოს. თუ წარადგენს, ეს იქნება მხოლოდ ფორმალურად, რადგან თვითმმართველობის სტრუქტურები, ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ არის, თუ პარლამენტის არჩევნების შედეგები ლეგიტიმურად იქნა აღიარებული. მე პირადად მათ ადგილზე, საერთოდ არ წარვადგენდი არავითარ კანდიდატს“, - დასძინა ზაალ ანჯაფარიძემ.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე მიესალმება შესაძლებლობას, ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურის წამოყენებასთან დაკავშირებით: „მივესალმებოდი, თუკი „ოცნების“ მხრიდან ბიძინა ივანიშვილი იქნებოდა დასახელებული საპრეზიდენტო კანდიდატად, რადგან ეს არის პიროვნება, რომელმაც შეძლო და შექმნა ისეთი გუნდი, რომელმაც ბეჭებზე დადო მთელი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ამ წლების განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ის, რომ შეიქმნა ისეთი გუნდი, რომელმაც არ დაკარგა არც ერთი სანტიმეტრი მიწა და ქვეყანას, ფაქტობრივად, აარიდა ის საშინელი ომი, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარეობს და რომელშიც გარკვეულ ძალებს უნდოდათ, ე.წ. გლობალური ომის პარტიას, საქართველოს ჩართვა. თუ ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურა იქნება წამოყენებული, უპირობოდ გავა ის.
რაც შეეხება ოპოზიციას, იქ არიან კოლექტიური როთები, რომელსაც ის მცირე ნაწილი აირჩევს, რომელიც როთს ტაშისკვრით ხვდებოდა რუსთაველის გამზირზე. ვინც არ უნდა წამოაყენოს ოპოზიციამ, „ქართულმა ოცნებამ“ რომელი კანდიდატურაც არ უნდა დაასახელოს პარტიიდან, უპირობოდ გამარჯვებული იქნება ამ არჩევნებში“, - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ For.ge-სთან საუბარში.
აქვე გეტყვით, რომ 300-კაციან საარჩევნო კოლეგიაში შედის: საქართველოს პარლამენტის ყველა წევრი (150 დეპუტატი), აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (20 დეპუტატი), აჭარის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (21 დეპუტატი) და 109 ადამიანი მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან.
მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან წარმომადგენლები შემდეგნაირად შეირჩევა - ყველა პარტიას, რომელმაც 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებში 1% მაინც მიიღო, შეუძლია, რომ საარჩევნო კოლეგიაში დელეგატი წარადგინოს, რაოდენობა კი მიღებული პროცენტების პროპორციულად ნაწილდება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მომავალი წლის დასაწყისში გაიმართება: „ყველაფერი არის მშვიდად, წყნარად, შეჯამდება არჩევნების შედეგები, აქედან მეათე დღეს გაიმართება პარლამენტის სხდომა. ამის შემდეგ საპარლამენტო ცხოვრება დაიწყება. აქედან ძალიან მალევე, სავარაუდოდ, იანვრის დასაწყისში პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება, შემდეგ შედგება პრეზიდენტის ინაუგურაცია.
„ქვეყანა ჩვეულებრივ აგრძელებს ცხოვრებას. არაერთი პროექტი ხორციელდება, ჩვენი 4-წლიანი პროგრამის შესრულებას ვიწყებთ. პასუხისმგებელი ვართ, რომ 4 წლის თავზე შესაბამის ანგარიშს ჩავაბარებთ ქართულ საზოგადოებას. ჩვეულებრივად, მშვიდად, წყნარად გრძელდება პროცესები, დანარჩენი არის ქარიშხალი ჭიქაში, რის დადგმასაც ახლა ოპოზიცია ცდილობს“, - განაცხადა კობახიძემ.