დღეს ქართული არასამათავრობო სექტორი ერთობ საქმიანი და დაკავებულია (იმდენად დაკავებული, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველოს” აღმასრულებელ დირექტორთან, ეკა გიგაურთან ინტერვიუს ჩასაწერად რამდენჯერმე მომიხდა ორგანიზაციის პიარსამსახურთან ურთიერთობა), მაგრამ ეს ვითარება შესაძლოა შეიცვალოს და წლების განმავლობაში სამოქალაქო სექტროში დამკვიდრებულ, სახელმოხვეჭილ არასამთავრობოებს ხელისუფლებამ აღარც აზრი ჰკითხოს, არც მოუსმინოს და ამგვარი დამოკიდებულებით მათ სიტყვას ფასი დაუკაგოს.
ამგვარი მოლოდინი და შეშფოთება ბიძინა ივანიშვილის სამოქალაქო სექტორში გადანაცვლებამ გააჩინა, რომლის მიერ შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“ რამდენიმე ენჯეოს წარმომადგენელმა უკვე კონკურენტად მოიხსენია. საინტერესოა, რაში შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული ორგანიზაცია დანარჩენი არასამთავრობოების კონკურეტი და, საერთოდ, რას ნიშნავს კონკურენცია ამ სფეროში? რა მოლოდინია სამოქალაქო სექტორში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენასთან დაკავშირებით, ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორს ეკა გიგაურს ვესაუბრე:
მას შემდეგ, რაც გავლენიანი ფიგურა ბიძინა ივანიშვილი არასამთავრობო სექტორში გამოჩნდა, სავარაუდოდ, თქვენთვის ახალი რეალობა შეიქმნება. მან არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხა, ასეთი დიდი საქმეებით კი ვერცერთი არასამთავრობო ვერ დაიკვეხნის.
- ამას პრობლემად არ აღვიქვამ. პირიქით მგონია, რომ ახალი მოთამაშის გამოჩენა არასამთავრობო სექტორში კარგია და კონკურენციაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. თუმც შეიძლება იყოს გარკვეული საფრთხეები. მაგალითად ის, რომ ბიძინა ივანიშვილის არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებული რეკომენდაციების შესრულება ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეიძლება სავალდებულოდ მიიჩნიონ ან უფრო მეტად მიაქციონ ყურადღება იმას, რას ამბობს ეს არასამთავრობო ორგანიზაცია და ნაკლები ყურადღება მიაქციონ სხვებს. სწორედ ეს შესაძლოა იყოს გარკვეული პრობლემა.
ამ არასამთავრობო ორგანიზაციამ თავისი საქმიანობით უნდა დაამტკიცოს, რომ მიუკერძოებელი იქნება და რეალურად შეაფასებს იმ მოვლენებს, რაც ქვეყანაში მოხდება. თავიდან აუცილებლად გაჩნდება კითხვა - რამდენად სანდოა ის, რასაც ეს ორგანიზაცია ამბობს. „საერთაშორისო გამჭვირვალეობისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი დაფინანსების წყაროები იმისათვის, რომ მაღალი სანდოობა გვქონდეს. როდესაც დაფინანსება მოდის იმ პირისგან, რომელიც დაახლოებულია ხელისუფლებასთან და ფაქტობრივად ხელისუფლებას წარმოადგენს (არაფორმალურად, მაგრამ მაინც), კითხვა გაჩნდება - რამდენად სანდოა ის, რასაც მისი არასამთავრობო ორგანიზაცია ამბობს? გააჩნია, რა დამოკიდებულება ექნებათ მათ სხვადასხვა მოვლენებთან დაკავშირებით და რამდენად ობიექტურად შეაფასებენ ისინი ამა თუ იმ ფაქტს. შეიძლება შეფასება სწორი იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ის ნეიტრალური და ობიექტურიც იყოს. ჯერჯერობით არ ვიცი პირები, ვინც ბიძინა ივანიშვილის არასამთავრობო ორგანიზაციაში იმუშავებენ და რა დამოკიდებულება ექნებათ მათ ამა თუ იმ მოვლენისადმი. „საერთაშორისო გამჭვირვალეობისთვის“ კონკურენტის არსებობა არ არის პრობლემა. თავიდანვე არავის აღვიქვამ კონკურენტად.
რამდენჯერმე ახსენეთ სიტყვა „კონკურენტი“. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია რაში შეიძლება იყოს თქვენი კონკურენტი?
- მართლაც, ნაკლებად შეიძლება აქ კონკურენციაზე ლაპარაკი. შეიძლება საერთოდაც არ ვიყოთ კონკურენტები იმიტომ, რომ აბსოლუტურად განსხვავებულ თემებზე ვიმუშაოთ ან კიდევ იმიტომ, რომ მათაც იგივე თქვან, რასაც ჩვენ ვამბობთ. შეიძლება ჩვენ ოპონენტები ვიყოთ ან არც ვიყოთ. ჯერ ძალიან ადრეა ამ მოვლენის დადებითად ან უარყოფითად შეფასება. ერთადერთი ისაა, რომ ახალშექმნილი ორგანიზაცია გაგებით უნდა მოეკიდოს იმას, თუკი გაჩნდება კითხვები - რამდენად ობიექტურები არიან. თავიანთი საქმიანობით ისინი, ალბათ, შეეცდებიან დაამტკიცონ, რომ დამოუკიდებელი მოთამაშეები არიან და ობიექტურად აფასებენ ყველაფერს. მაგრამ აქ ჩნდება ერთი საფრთხე - შეიძლება ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი გახდეს სწორედ „მოქალაქესთან“ თანამშრომლობა და მათი რეკომენდაციების გათვალისწინება. ძალიან ცუდია, თუკი ასეთი განწყობა ექნება მთავრობას. ხელისუფლებამ სხვა არასამთავრობოებსაც უნდა მოუსმინოს.
გაკეთდა პროგნოზი: ბიძინა ივანიშვილმა როგორც პოლიტიკაში გაკრიფა შუა, იმავეს იზამს არასამთავრობო სექტორშიც. ენჯეოსფეროში დარჩებიან „ნაციონალური მოძრაობისა“ და ხელისუფლების მომხრე არასამთავრობოები. შუა ანუ ნეიტრალური ველი გაიკრიფებაო.
- ჩვენთვის ნამდვილად რთულია შუაში ანუ ნეიტრალურ მდგომარეობაში ყოფნა. „საერთაშორისო გამჭვირვალეობა“ 13 წელია რაც არსებობს და გეხსომებათ, რა დასუსტებული იყო რევოლუციის შემდეგ არასამთავრობო სექტორი. ეს რთული პერიოდი იყო ჩვენი ორგანიზაციისთვის, რადგან როცა მთავრობის კრიტიკა დავიწყეთ, ოფისი დაგვიკეტეს. ასეთი რთული პერიოდი გავიარეთ და ამიტომაც დარწმუნებული ვარ, დამოუკიდებელო და ძლიერი ორგანიზაცია მაინც შეძლებს არსებობას. ერთადერთი საშიშროება ის არის, თუ მთავრობა ჩვენთან და სხვა ნეიტრალურ ორგანიზაციებთან ყველანაირ თანამშრომლობაზე იტყვის უარს და აქცენტს თავის მომხრეებზე გააკეთებს. თუ ასე მოხდა, ძალიან ცუდი იქნება.
წავიკითხე კახა კახიშვილის პოსტი facebook-ზე, რომ იგეგმება რიგი არასამთავრობოების დისკრედიტაცია და ცალკეულ ექსპერტებზე კომპრომატების გამოქვეყნება. ამის თაობაზე თქვენც თუ გაქვთ ინფორმაცია და კიდევ ვრცელდება ინფორმაცია, რომ საექსპერტო სივრცეში გამოჩნდებიან ახალი სახეები, რომელთაც ხელისუფლება მოუსმენს.
- მეც წავიკითხე კახა კახიშვილის პოსტი. ვერ გეტყვით, მართლაც ასე მოხდება თუ არა. ყველა თუ თავის როლს ნორმალურად ითამაშებს, მაშინ პრობლემა არ არის, რომ გამოჩნდნენ ახალი ექსპერტები და ახალი სახეები. ახალი სისხლი თუ შემოვა ენჯეო სექტორში და ახალი ექსპერტები წამოიწევიან, პირიქით კარგია, მაგრამ სხვაა თუ მთავრობა ერჩის განსაკუთრებით და კონკრეტულად რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას. ეს ძალიან დიდი პრობლემა იქნებოდა. თუმცა, ჯერჯერობით ვერ ვხედავ ასეთ ნიშნებს.
გასაგებია, რომ არცერთ ხელისუფლებას არ სიამოვნებს კრიტიკა და ზოგჯერ შეიძლება კრიტიკა მტკივნეულადაც აღიქვას. ვერ ვიტყვი, რომ დღეს გარკვეულ სიტუაციებში ხელისუფლება არ გველაპარაკება, მეორე საკითხია, რამდენად შეგვიძლია არასამთავრობოებს გავლენა მოვახდინოთ მთავრობის სხვადასხვა გადაწყვეტილებებზე. ახლახან ვესწრებოდი ფარულ მიყურადებასა და ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის სხდომას, რომლის წევრიც ვარ. ამ კომისიამ ჩვენი შეხედულებები გაიზიარა, მაგრამ ჩვენ არ დაგვიჯერეს, როდესაც საქმე ეხებოდა მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის გადავადებას, მთელი არასამთავრობო ორგანიზაციების სპექტრი ითხოვდა, რომ ეს გადავადება 2 წლით არ მომხდარიყო, რადგან ეს გავლენას მოახდენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვაზე, თუმცა - ამაოდ.
არის საკითხები, რომელთა გადაწყვეტაში ჩართულები ვართ და ასევე არის მნიშვნელოვანი საკიხები, სადაც ჩვენს პოზიციას არ იზიარებენ. თუკი არასამთავრობო სპექტრში ახალი მოთამაშე იმისთვის შემოიყვანეს, რომ შეიქმნას განცდა, - არასამთავრობო ორგანიზაციები ჩართულები არიან ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებაშიო, ეს სურვილი და მცდელობა არ დაიმალება.
რა მიზნით შექმნა არასამთავრობო ორგანიზაცია ბატონმა ბიძინამ - არ ვიცი. თუ მისი მიზანია, რომ დამატებით კიდევ ერთი დამოუკიდებელი ანალიზი მოვისმინოთ კონკრეტულ ფაქტეზე, რაც ქვეყანაში მოხდება, ეს ძალიან კარგია. ასევე კარგია, თუ ამ ორგანიზაციის მიზანი აღმასრულებელი ხელისუფლების დამატებითი მონიტორინგი იქნება, მაგრამ ძალიან ცუდია, თუ ბიძინა ივანიშვილის მიზანი ხელისუფლების მხარდამჭერი ენჯეოს შექმნაა. მოქმედებიდან დავინახავთ, რა იქნება „მოქალაქის“ მიზანი
ვინც იცნობს ბიძინა ივანიშვილის მართვის სტილს ამბობს, - ის სადაც მიდის, ცდილობს ვითარება გააკონტროლოს. ასე იყო ბიზნესში, პოლტიკაში და ამავეს გააკეთებს არასამთავრობო სექტორშიცო. გამოვა არასამთავრობო სექტორის გაკონტროლება?
- არ ვიცი, რას გულისხმობენ სიტუაციის კონტროლში. სხვა არასამთავრობოებში როგორ ხდება, არ ვიცი, მაგრამ ჩვენთან კონკრეტულ საკითხებს მკვლევართა ჯგუფი იკვლევს და მერე კეთდება ანალიზი. არასოდეს ვცვლი კვლევით მიღებულ შედეგს და არც შედეგზე ვახდენ გავლენას. რის თქმის საშუალებასაც მოპოვებული ინფორმაცია გვაძლევს, იმას ვამბობთ. ამით სწორედ იმას ვუსვამ ხაზს, რომ ნეიტრალურები ვართ. არასამთავრობო ორგანიზაციებს რიგ საკითხებზე თანხვედრა აქვთ, რიგზე - არა. კონკრეტულ საკითხზე ზოგჯერ ჩვენს პატრნიორ არასამთავრობოებთანაც არ გვაქვს თანხვედრა.
რთულია ეჯნეო სექტორის გაკონტროლება, რადგან ამ სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს გაუჭირდებათ უწინ გამოთქმული შეფასებებისგან რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებების გამოხატვა. სხვა მხრივ რა სახის კონტროლი შეიძლება? თუ ბიძინა ივანიშვილს ექნება მცდელობა, რომ დაფინანსების მიცემით გააკონტროლოს არასამთავრობო ორგანიზაციები, არ მგონია ეს შეძლოს. გამორიცხულია არასამთავრობოების უმეტესობა ასეთი დაფინანსების მიღებას დათანხმდეს, თუმცა არ გამოვირცხავ, მოიძებნონ ისეთები, რომლებიც ამას დათანხმდებიან და დაფინანსებას მიიღებენ ბატონი ბიძინასაგან. ეს ამ არასამთავრობოების სანდოობას დააზინებს. შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილმა ისე დააფინანსოს არასამთავრობოები, რომ მათზე გავლენა არ მოახდინოს, მაგრამ ამ მხრივ რომ არ იყოს რაიმე კითხვის ნიშანი, ასეთ დაფინანსებაზე „საერთაშორისო გამჭვირვალეობა“ უარს ამბობს.