„დასავლეთი გააგრძელებს ამ დამოკიდებულებას ჩვენს მიმართ და ჩვენც მოგვიწევს შემდეგ უკვე სხვა ტიპის მექანიზმების პოვნა“

„დასავლეთი გააგრძელებს ამ დამოკიდებულებას ჩვენს მიმართ და ჩვენც მოგვიწევს შემდეგ უკვე სხვა ტიპის მექანიზმების პოვნა“

როგორც ჩანს, ევროპაშიც გაჩნდა კითხვის ნიშნები საქართველოს საკითხთან დაკავშირებით - კრიტიკული დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების გარშემო გარკვეულ წრეებში შენარჩუნებულია, მაგრამ ბოლომდე ვერ მიდიან ჯერ კიდევ, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.

საქართველოს საკითხს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 18 ნოემბერს განიხილავენ. ამასთან მალე ცნობილი გახდება ეუთო-ოდირის დასკვნა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ. რა მოლოდინები გაქვთ თქვენ?

- აშკარად მაღალია ქაოტურობა მთელს მსოფლიოში და მგონია, რომ ყველაზე დალაგებული საქართველო გამოვა ამ ეტაპზე. ევროკავშირში ჯერ ბოლომდე არ აქვთ გადაწყვეტილი როგორი მიმართულებით წავიდნენ და ვხედავთ კიდეც განხილვის პროცესს. არიან მიხეილ სააკაშვილის მომხრეთა ჯგუფი და არიან ადამიანები, რომლებიც არ ემხრობიან, რომ გამკაცრდეს საქართველოს მიმართ დამოკიდებულება - სააკაშვილის მომხრეები მოითხოვენ, რომ გამკაცრდეს ამ ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულება, სხვები კი თვლიან, რომ ხელისუფლებასთან საერთო უნდა გამოინახოს.

ეს გაუგებარი ეტაპია, რადგან თითქოს ანალოგიური მდგომარეობა იყო ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის მხრიდან, მაგრამ ტრამპის არჩევის შემდეგ, სიტუაცია გაიყინა და არ იციან რა მიმართულებით წავა პროცესები. როგორც ჩანს, ევროპაშიც გაჩნდა კითხვის ნიშნები საქართველოს საკითხთან დაკავშირებით. თავად ის ფაქტი, რომ განხივლის საგნად აქციეს ქართული თემა, მიუთითებს იმას, რომ ეს კრიტიკული დამოკიდებულება ხელისუფლების გარშემო, გარკვეულ წრეებში შენარჩუნებულია, მაგრამ ბოლომდე ვერ მიდიან ჯერ კიდევ.

ერთი რამ ფაქტია, გაუჭირდებათ ცალსახად გადაწყვეტილების მიღება და ვფიქრობ, რომ შუალედური გადაწყვეტილება იქნება: არჩევნები უნდა იყოს გამოძიებული, შესწავლილი, შენიშვნები გათვალისწინებული და დანარჩენი, უფრო სერიოზული ნაბიჯებისკენ მგონია, რომ არ წავლენ, რადგან ასეთი ნაბიჯები თუ გადადგეს, შემდეგ გაჩნდება ის ვერსია, რომ შესაძლოა, ევროკავშირმა შეცდომები დაუშვას და ამ შეცდომების შედეგად თავად წააგოს გარკვეული თვალსაზრისით, პოლიტიკურ არენაზე. ამიტომ, მეეჭვება, რომ ძალიან ენერგიული პოზიცია გამოხატონ საქართველოს მიმართ.

რამდენად ელოდებით სანქციების ამოქმედებას კონკრეტული პოლიტიკოსების მიმართ ან ევროკავშირის მხრიდან უვიზო მომისვლის შეჩერებას? წავა დასავლეთი ასეთ რადიკალურ ნაბიჯებზე?

- რადიკალური ნაბიჯების გადადგმის ფონზე, იმედია იმასაც მოიფიქრებენ, ეს რადიკალური ნაბიჯები საქართველოს საით უბიძგებს?! - ცემა ვინმეს უბიძგებს იმისკენ, რომ ჩაეხუტოს იმას, ვინც ცემს?! გააგრძელებენ ამ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ და საქართველოსაც მოუწევს შემდეგ უკვე სხვა ტიპის მექანიზმების პოვნა.

აშშ-ში, ახალი ადმინისტრაციის პირობებში, რა იცვლება საქართველოსთან დაკავშირებით?

- ესეც ბუნდოვანია - ყველამ იცის ტრამპის კრიტიკული დამოკიდებულება ჩინეთის მიმართ და ახლა რა დანიშვნებიც გააკეთა, ფაქტობრივად, ყველა ანტიჩინური დანიშვნებია - ის ფიგურები შემოიკრი, ვისაც ჩინეთის მიმართ ასევე კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ. სავარაუდო ხდება, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში ჩინეთი იქნება ერთ-ერთი სამიზნე მსოფლიო მასშტაბით. ამის ფონზე, ჩვენი თემა ისევ ჰაერში რჩება გამოკიდებული. ამერიკა აქამდე სწორედ ჩინეთის გამო გვაკრიტიკებდა - მაშინ პომპეომ პირდაპირ გვითხრა, რომ ანაკლიაში ჩინეთი არ შემოუშვათო. როგორც კი ის წავიდა თანამდებობიდა, მაშინვე დავამყარეთ ჩინეთთან ურთიერთობები. სწორი იყო თუ არა, ეს სხვა საუბრის თემაა, მაგრამ ჩვენ ჩინეთისკენ გვაქვს გეზი აღებული და ისევე როგორც ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოგვიცხადა პოლიტიკური ომი, არ არის გამორიცხული, ტრამპმაც გამოაცხადოს ასეთივე ომი.

თუმცა, არის მეორე მხარე: ამავე პერიოდში, ტრამპმა წესით, უნდა იგრძნოს, რომ ის კონსერვატიულ მსოფლიოს პოლიტიკაში კონსერვატიული ძალების ლიდერი ხდება ისეთ ფიგურასთან ერთად, როგორიც არის ორბანი. ეს ლიდერობა აიძულებს, რომ კონსოლიდაცია მოახდინოს კონსერვატიულ პოლიტიკურ ძალებთან და ამაში მოიაზრება საქართველოც, როგორც ორბანის მეგობარი და ამერიკულ და ევროპულ განყობებთან აქტიური მებრძოლი. ვნახოთ, გეოპოლიტიკური მტრობა უფრო ძლიერი იქნება თუ წმინდა წყლის პარტიული პარტნიორობა. თუ პარტნიორობამ აჯობა გეოპოლიტიკას, ყოველ შემთხვევაში, აგრესია შეამცირა გეოპოლიტიკური მეტოქის მიმართ, მაშინ ჩვენ მეტ-ნაკლებად კარგი ტრამპლინი გვექნება, თუკი აგრესიული გეოპოლიტიკის მომხრე გახდა ტრამპი, ჩვენ შეიძლება ბევრი სირთულე შეგვხვდეს.