სანაია ევროპაში, შიხიაშვილი მერის სავარძელში, ანუ ბიუჯეტის გავლით მერის პოსტზე?!

სანაია ევროპაში, შიხიაშვილი მერის სავარძელში, ანუ ბიუჯეტის გავლით მერის პოსტზე?!

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი ხელისუფლების მხრიდან საკრებულოს წევრებზე ზეწოლაზე საუბრობს. კახა კუკავას განცხადებით თბილისის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებას მთავრობა ხელოვნურად აჭიანურებს, რადგან სურს შემოიღოს ფედერალური მმართველობა. როგორც კუკავა ამბობს, საკრებულოს უმცირესობის წევრებზე ზეწოლაც ამ მიზნით მიმიდნარეობს, რომ ქვორუმის შემცირება ხელოვნურად მოხდეს. კახა კუკავას განცხადებით სწორედ ამ ზეწოლის შედეგია საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხვიჩა სანაიას განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

For.ge. კახა კუკავას ესუბრა.

თქვენ ამბობთ, რომ ბიუჯეტის პროექტის ჩავარდნის ერთ-ერთი მიზეზია, რომ ირაკლი შიხიაშვილმა მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე გადაინაცვლოს. რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

- ამას ამბობენ პირად საუბრებში. საჯაროდაც გააკეთეს განცხადება, რომ ისინი ემზადებიან თბილის მთავრობის დასათხოვნად. არა მარტო შიხიაშვილმა გააკეთ ეს კომენტარი, არამედ ეს განცხადება გააკეთეს უმრავლესობის ლიდერებმა თინა ხიდაშელმა და დავით საგანელიძემ.

შეგიძლიათ შემახსენით როდის გააკეთეს უმრავლესობის წევრებმა ეს განცხადება, რომ თბილისის მთავრობა იმიტომ უნდა გადავაყენოთ, რომ შიხიაშვილი დაინიშნოს მერის მოვალეობის შემსრულებადო?

- ზუსტად ეს სიტვყები არ უთქვამთ, მაგრამ ჩვენთვის ცნობილია ვინ არის მათი ფავორიტი, ვინ წარადგინეს საკრებულოს თავმჯდომარედ. გარდა ამისა, ირაკლი შიხიაშვილი დანიშნულია „ქართული ოცნების“ თბილისის შტაბის თავმჯდომარედ. ასე რომ, ეჭვს არ იწვევს ვინ არის მათი ფავორიტი. უსუფაშვილმა, ხიდაშელმა და საგანელიძემ დაადასტურეს, რომ ემზადებიან თბილსის ცენტრალური მმართველობის შემოსაღებად.

საკუთრივ ბიუჯეტთან დაკავშირებით არანაირი შენიშვნები „ქართულ ოცნებას“ არ აქვს. მათი ამოცანაა წინასაარჩევნოდ გააკონტროლონ მთელი ადმინისტრაციული რესურსები. დღეს ისინი საქართველოში ადმინისტრაციული რესურსების 90%-ს აკონრტოლებენ. მათი ამოცანაა წინასაარჩევნოდ 100%-ით გააკონტროლონ ადმისტრაციული რესურსი.

საკრებულის თავმჯდომარის პოზიციაა, რომ ეს არაა თბილიელებისთვის გაკუთვნილი ბიუჯეტი. ის ამბობს, რომ ბიუჯეტს პოლიტიკური მიზნებისთის გამოყენების საშუალებას არ მისცემს მერიას...

- ამას ამბობს, მაგრამ ერთი შენიშვნა საჯაროდ მას არ უთქვამს. 200 ინტერვიუ რომ ჩაწეროთ „ქართული ოცნებიდან“ მაინც ვერ გაიგებთ რის დამატებას და რის მოკლებას ითხოვენ. არავითარი შენიშვნები არ აქვთ. ბიუჯეტი არაფერ შუაშია, ბიუჯეტი მათთვის პროცედურული ინსტრუმენტია იმისათვის, რომ თბილისის მთავრობა იქნას დათხოვნილი. ბიუჯეტთან შენიშვნები საკრებულოში გვაქვს ორ ადამიანს - მე და მამუკა კაციტაძეს. ეს წერილობით გამოვაქვეყნეთ. არც ერთი სხვა დეპუტატი რა შენიშვნები აქვთ ბიუჯეტზე, არ იძახის. როდესაც დახურულ კარს მიღმა შედგა სევდია უგრეხელიძესა და ირაკლი შიხიაშვილს შორის შეხვედრა, თითქოს, თბილისის ბიუჯეტან დაკავშირებით, სინამდვილეში საუბარი დაიწყო იმით, რომ დროა თბილისის მერიამ გადააყენოს რაიონის გამგებლები. ამ შეხვედრაზე ბიუჯეტის შესწორებაზე საუბარი არ იყო. როდესაც ამბობენ, რომ ბიუჯეტი პოლიტიკურად მოტივირებულია, ამას დაკონკრეტება სჭირდება, სად, რომელ მუხლში აქვთ შენიშვნები. კონკრეტულ შენიშვნებს იცით რატომ არ აყენებენ? ეშინიათ, რომ ეს შენიშვნები არ გაიზიარონ. მათი ამოცანა ბიუჯეტის ჩაგდებაა.

ამ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, მაშინ ბიუჯეტი არ დამტკიცდება...

- ერთი კორექტირება შევიდა. გამომდინარე იქიდან, რომ მეტისმეტი მოუვიდათ ხვიჩა სანაიასთან მიმართებაში, როცა ეს ადამიანი წამების გზით აიძულეს ხელი მოეწერა გადაგომის განცხადებაზე.

წამებაში რას გულისხმობთ?

- რვაჯერ რომ დაგიბარებენ პროკურატურაში და ვინც პროკურატურის ბნელ დერეფნებში ყოფილა, როგორ ელაპარაკებიან მოწმეებს, ვინც ეს იცის, მიხვდება რასაც ვამბობ. როცა შეგნებულად გიბარებენ ღამე და დილამდე გკითხავენ, მიხვდები რა ხდება. სწორედ ასეთი გზით აიძულეს სანაიას დაეწერა გადაგომის ბრძანება. მერე დასასვენებლად ევროპაში გააგზავნეს. გააგზავნეს იმიტომ, რომ შემთხვევით სადმე ქართველ ჟურნალისტებს თვალი არ მოგეკრათ და კომენტარი არ ჩაგეწერათ. ჩვენ ეს ინფორმაცია მივაწოდეთ დიპლომატიურ კორპუსს, რომლებიც დეტალურად დაინტერესდნენ ამ საკითხით. არაა გამორიცხული, რომ ამან გარკვეული კორექტირება შეიტანოს „ქართული ოცნების“ გეგმებში.

ამის მტკცებულება გაქვთ?

- თქვენ ითხოვთ იურიდიულ მტკიცებულებას. დამნიშნონ ერთი კვირით მთავარ პროკურორად და ვინც გააგზავნა სანაია ევროპაში დასასვენებლად, ციხეში ამოვაყოფინებ თავს. დღეს „ქართული ოცნება“ შედგება იმდენი დეპუტატისგან, რამდენი სისხლის სამართლის საქმე აღძრა პროკურატურამ მათ წინააღმდეგ. ჩვენ ხომ გვახსოვს როგორ იქმნებოდა „ქართული ოცნების“ პარტია საკრებულოში. აღიძრებოდა საქმე საკრებულოს დეპუტატის წინააღმდეგ, დაიბარებდნენ მას პროკურატურაში, როგორც ნაციონალს, იქიდან გამოდიოდა როგორც „ქართული ოცნების“ დეპუტატი და საქმეც შეწყდებოდა. ხვიჩა სანაია არაა პირველი შემთხვევა. რატომ ხდება ისე, რომ ერთი და იგივე საქმეზე დაკითხული ადამინები რომლებიც „ქართულ ოცნებაში“ გადავიდნენ, მათ მიმართ საქმე შეწყდა, ხოლი ვინც არ დატოვა „ნაციონალური მოძრაობა“ ეს საქმე გრძელდება?

შეგიძლიათ დააზუსტოთ ვინ გაუშვა სანაია ქვეყნიდან?

- შსს-ს სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტმა. როდესაც ადამიანი ჯერ კიდევ ორი დღის წინ არსად წასვლას არ აპირებდა, თავს კარგად გრძნობდა, მოულოდნელად დატოვა პარტია და წავიდა. ერთ სიტყვიანი განცხადება შემოაგდო საკრებულოში, ტელეფონი გამორთო და საზღვარგარეთ გაიქცა. ეს ყველაფერი ლოგიკურად გეჩვენებათ? ასეთივე განცხადება თბილისის საკრებულოში 2010 წელს დაწერა საბურთალოს მაჟორიტარმა და მაშინ ქალბატონი ხიდაშელი საუბრობდა იმაზე, რაზეც ახლა მე ვსაუბრობ.

დიპლომატებს ამ დეტალებზე ესაუბრეთ? როგორც წესი დიპლომატები ითხოვენ კონკრეტულ ფაქტებს...

- როდესაც წლების განმავლობაში ვსაუბრობდით ასეთ ფაქტებზე, არც ამის მტკიცებულება არ არსებობდა, პოლიტიკოსები ვიყენებდით ლოგიკურ მტკიცებულებებს. როგორც წესი, დიპლომატებს ჩვენი ინიციატივით ვხვდებით. ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე ასეთი მაღალი ინტერესის გამოხატვა, როდესაც საელჩოს წარმომადგენელი რეკავს და გეუბნება, რომ თუ შეიძლება თქვენთან მოვალ და მომაწოდეთ ინფორმაციაო. დიპლომატიური კორპუსი ჩაერთო ამ პროცესში. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი უხერხულობა შეექმნება საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც ყველაფერთან ერთად აკლია ინტელქტი და გამოცდილება, რამოდენიმეს გარდა.

დარწმუნებული ვარ სანაიას სკანდალი ძალიან ბევრი მაღალი თანამდებობის პირების მაგიდაზე დაიდება. ამას დავით უსუფაშივილი ხვდება და ცდილობს რამდენადაც შეუძლია მთავრობის შიგნით დაარეგულიროს ეს საკითხი. მიღებული იქნას ბიუჯეტი და შეწყდეს პროკურატურაში დეპუტატების დაბარება. როდესაც გლდანის გამგებელს იბარებ თბილისის ანძის გამორთვის საკითხზე, უკვე გასაგებია ყველა ელჩისთვის რასთან გვაქვს საქმე. მიზანი არის უმრავლესობის დატოვება. სანაიას განცხადება გადადგომის შესახებ, ისე ვერ ჩაივლის როგორც მათ უნდათ.