ენაბლუების და ჩლუნგების დადგმული ტრაგიკომედია - „ორი გვამი“

ენაბლუების და ჩლუნგების დადგმული ტრაგიკომედია - „ორი გვამი“

ვინ არიან ის ინკოგნიტო გრუ-ს თანამშრომლები, რომლებსაც ვანო მერაბიშვილი მისი დაბნეული თანაპარტიელების მდგომარეობიდან გამოსაყვანად ახსენებს? - ნაციონალებს თავსატეხი გაუჩნდათ, მუხროვანის სპეცოპერაციის კადრების გავრცელებამ ისინი გაურკვეველ მდგომარეობაში ჩააგდო. ორი დღეა ყოფილი მმართველი გუნდი ხან ერთ განცხადებას აკეთებს, ხან მეორეს და მერაბიშვილის მიერ ნახსენები „ორი გვამიც“ სხვადასხვა ინტერპრეტაციას იძენს.

გიგი უგულავასთვის „ორი გვამი“ მერაბიშვილის „დაღვარჭნილ“ ქართულს უნდა უკავშირდებოდეს, ოღონდ თეორიული გაგებით, გივი თარგამაძისთვის, პირველ ჯერზე, „ორი გვამის“ ცნება ორი ადამიანის დაკავებას გულისხმობს, ხოლო მეორე ჯერზე - იმას, რაც თურმე მერაბიშვილმა იგულისხმა, ანუ გრუ-ს თანამშრომლებს, რომლებიც წინააღმდეგობის შემთხვევაში, უნდა მოეკლათ. კაკო ბობოხიძისთვის ვანო მერაბიშვილის ნათქვამი საშინელებაა, თუკი ეს პირდაპირი მნიშვნელობით გაცხადდა. ისე კი, გივი თარგამაძეს, როგორც თავდაცვის კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს, მაშინვე უნდა სცოდნოდა, რომ თურმე, ორი რუსი გრუ-ს თანამშრომლის ლიკვიდაციას გულისხმობდა ვანო მერაბიშვილი 2009 წელს.

ასეა თუ ისე, მერაბიშვილმა ამოხსნა რებუსი და გამოსავალს სწრაფად მიაგნო - მას ორი რუსი მრჩევლის გვამი სჭირდებოდა! თუმცა უცნობია, ვინ იყვნენ ეს ადამიანები და აქამდე მათ შესახებ რატომ არაფერი დასცდენიათ ანტირუსული თემების მოყვარულ ნაციონალებს?!

ამის გასარკვევად და იმის გადასამოწმებლად, ნაციონალების დროს დაიწყო თუ არა გამოძიება გრუ-ს „დაკარგულ“ თანამშრომლებზე, შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს შოთა უტიაშვილს მივმართეთ. თუმცა მან გვითხრა, რომ რიკოთის უღელტეხილზე იმყოფებოდა და ერთ საათში დაგვერეკა, მოგვიანებით კი არ უპასუხა ტელეფონს. თუმცა ფაქტია, რომ ნაციონალური დაბნეულობა მასზეც აისახა და გივი თარგამაძის მსგავსად, მანაც „ორი გვამის“ შესახებ ორი ვერსია შემოგვთავაზა. ერთი, წინადღის ვერსია, რომ ვანო მერაბიშვილის მხრიდან ამბოხებულების ლიკვიდაციაზე იყოს საუბარი, ხოლო მეორე - დღევანდელი, აწ უკვე ვანო მერაბიშვილის მხრიდან გამყარებული ვერსია - გრუ-ს თანამშრომლების შესახებ.

For.ge ესაუბრა მუხროვანის საქმეზე დაკავებულ კობა კობალაძეს და მის ადვოკატს ემზარ პაქსაძეს, რომლებიც ადასტურებენ, რომ მუხროვანის საქმის მასალებში გრუ-ს თანამშრომლები საერთოდ არ ფიგურირებდნენ. შესაბამისად, მათი ვინაობაც უცნობია.

სამაგიეროდ, „ცამდე მართლია“ ორი გვამის შესახებ ბრძანების გამცემი ვანო მერაბიშვილი. „მე არ მრცხვენია, რომ ეს განცხადება გავაკეთე. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ მუხროვანის აჯანყებაში, გარდა იმ ადამიანებისა, ვინც საყოველთაოდ ცნობილია, მონაწილეობდა ორი რუსი მრჩეველი, ГРУ–ს თანამშრომლები, და ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ამ ფაქტის დაფარვის მიზნით, შეთქმულების მონაწილეებმა მოახდინეს მათი ლიკვიდაცია. ჩანაწერში ჩანს, რომ მე ვიძლევი ინფორმაციას ამ ორი ადამიანის პოვნის შესახებ, რათა ჩვენ დაგვემტკიცებინა კავშირი ამ აჯანყებასა და რუსეთს შორის“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

თუკი ვანო მერაბიშვილის ვერსიას მივყვებით, მაშინ კითხვები ჩნდება, რატომ არ აღიძრა საქმე „ამბოხში მონაწილე“ ორი რუსი მრჩევლის ლიკვიდაციის გამო, რომლებიც, თურმე, ამბოხის ორგანიზატორებმა კვალის დაფარვის მიზნით მოკლეს და, რომელთა გვამებსაც, თურმე, მერაბიშვილი ითხოვდა?!

2009 წელს „მუხროვანის ამბოხების“ საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული, გენერალი კობა კობალაძე For.ge-სთან საუბარში გრუ-ს თანამშრომლებს მერაბიშვილის ფანტაზიის ნაყოფს უწოდებს, რომელიც აღნიშნულ ვიდეოკადრებში თავისუფლად პოზირებს, რადგან ნაციონალები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ სამუდამოდ იქნებოდნენ ქვეყნის სათავეში.

მისი თქმით, ცხრა თვის საგამოძიებო პროცედურების დროს, სასამართლო განხილვისას არსად არ ფიგურირებდა და არც ბრალდების მხარე, არც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეები არ დაინტერესებულან ე.წ. გრუ-ს თანამშრომლებით, ანუ ორი პიროვნების გვამით, ან ცოცხალი ადამიანების ადგილმდებარეობით. მიზეზი მარტივია, ასეთი კითხვა ბუნებაში არ არსებობდა და უცებ მერაბიშვილის ფანტაზიის შედეგად დღეს წარმოიშვა. ესეც კიდევ ერთი მცდელობაა, გამოძიება არასწორი გზით წარიმართოს.

„ლანდებთან და ჩრდილებთან ომი ნაციონალთა ფანდი იყო ყოველთვის. ამათი ნებისმიერი ისტორია იქმნებოდა „რუსი მოდის“ პოზიციით. სინამდვილეში, გავლენის აგენტები იყვნენ საქართველოში მერაბიშვილი, სააკაშვილი და მათი ხროვა. მათი მოქმედებით უფრო დაზრალდა ეს ქვეყანა და არა - მათ მიერ გამოგონილი პიროვნებებით. უზენაესის ფუნქციაც შეითავსა მერაბიშვილმა, კაცს ორი გვამი უნდოდა და „ვსიო“, ჯილდო დიდი იქნებაო. თუ გრუ-ს ორი თანამშრომელი იყო, განცხადება რატომ არ გააკეთეს? მათი გვარ-სახელები ხომ უნდა იცოდნენ?! ბავშვთა სახლიდან იყვნენ გამოყვანილნი თუ პატრონი არ ჰყავდათ? ასეთი რამ არ ხდება. საყურადღებოა, რაც თქვა გიგი უგულავამ, რომ ვანო მერაბიშვილი სრულფასოვნად ვერ ფლობს ქართული ენის გრამატიკას. ადამიანი თავისი ხელისუფლების ყოფილ პრემიერ-მინისტრზე ამბობს, მას აქვს დარღვეული სინქრონიზაცია ტვინსა და ენას შორის და ამას თურმე საზოგადოება გაგებით უნდა მოექცეს, რომ გაუნათლებელი პრემიერ-მინისტრი ჰყავდათ. რაღაც კომედიის ჟანრში გადავიდა. თურმე საზოგადოების ბრალია, რომ ჩვენ ვერ გავუგეთ, ვანო მერაბიშვილი რას ცოდვილობს. ვისი გვამები, რა აბსურდის თეატრია?!“ - აინტერესებს კობა კობალაძეს.

კობა კობალაძის ადვოკატი ემზარ პაქსაძე ჩვენთან საუბრისას ადასტურებს, რომ გრუ-ს აგენტებზე, ან მრჩევლებზე მუხროვანის მასალების საქმეში საუბარი არ ყოფილა. მეტიც, მუხროვანის ამბოხება მთლიანად დაფუძნებული იყო გია ღვალაძის ჩვენებაზე, რომელიც, ადვოკატის აზრით, ტრაგიკული და ადვილად სამართავი პიროვნება იყო, რადგან ავტოავარიის შედეგად ტრავმა ჰქონდა გადატანილი და უამრავჯერ დაჭრილი გახლდათ ბრძოლისას. სხვა დანარჩენი მტკიცებულება კი არ არსებობდა.

მისი თქმით, ვანო მერაბიშვილის კომენტარი, ალბათ, ყველაზე ჭკვიანური იყო პასუხისმგებლობის ასაცილებლად, ვიდრე მისი თანაგუნდელების განცხადება.

„ცოტა არასერიოზული გამოდიოდა მისი თანაგუნდელების ნათქვამი, თითქოს, მერაბიშვილი გვამში ცოცხალ პიროვნებებს გულისხმობდა. ამიტომაც მერაბიშვილმა მოიფიქრა გვამები, თანაც, ეს უნდა ყოფილიყო ჩვენთვის საძულველი მტრის - რუსების, ანუ ცუდი ხალხის შემოგზავნილი. აღნიშნულ საქმეზე ჩემი ინტერესი თავის დროზე გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ სააკაშვილმა ჰკითხა ჯარისკაცებს, ვინ დაქოქა ტანკი? ამბოხებისთვის საჭირო იყო, საბრძოლო მზადყოფნაში მოეყვანათ სამხედრო ტექნიკა. ამ შემთხვევაში, მტკიცებულებად იყენებდნენ და აპელირებდნენ, რომ დაქოქილი იყო ტანკი, თუმცა როგორც შემდგომში პროცესებზე გაირკვა, ტანკი ამბოხების დროს არ იყო დაქოქილი, ეს იყო ამბოხების წინადღით და ისიც, გეგმიურად უწევდა დაქოქვა, როგორც სამხედრო ტექნიკას“, - აცხადებს ემზარ პაქსაძე.

რაც შეეხება გრუ-ს, ადვოკატი მიიჩნევს, რომ არცერთი ქვეყანა თავის აგენტებს ჰაერში არ ტოვებს. მათი ლიკვიდაცია რომ მომხდარიყო, დაუჯერებელია, რუსეთის ხელისუფლებიდან ვინმეს თავისი მოქალაქეები არ მოეძებნა. შესაბამისად, ამ ორი პიროვნების შესახებ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შვეიცარიის საელჩოთი მაინც რაიმე ინფორმაცია გაჟღერდებოდა.

 „ყოფილი შს მინისტრი ახლა კი არ უნდა ამბობდეს, გვამებს ვეძებდიო, გამოძიება მაშინვე უნდა დაწყებულიყო. თუ ასეთი ინფორმაცია ჰქონდათ, რომ ვინმეს გვამია გადამალული, ან მოკლულია საქართველოს ტერიტორიაზე, ვინც არ უნდა ყოფილიყო ის, თუნდაც ჯაშუში, პასუხი უნდა ეგო ვინმეს აგენტების მკვლელობისთვის, რადგან მკვლელობის უფლება არცერთ სახელმწიფოში არაა ლიცენზირებული. „ვაი შენს პატრონს“, - მივმართავ შოთა უტიაშვილს, მინისტრის მოადგილე იყავი და მარტივ რამეს გეუბნები, გამოძიება არ უნდა დაწყებულიყო ამ პირების მკვლელობასთან დაკავშირებით? თუ ისინი მოკლა ღვალაძემ, ამისთვის მას პასუხი უნდა ეგო. თუ მოკლა სხვამ, იმასაც პასუხი უნდა ეგო“, - აცხადებს ადვოკატი.

ყოფილი პოლიტპატიმარი, გენერალი ტრისტან წითელაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ არავითარი გრუ-ს აგენტები და რუსული სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი ოპერაცია არ ყოფილა. ეს იყო სააკაშვილ-მერაბიშვილის დადგმული სპექტაკლი, მერაბიშვილი კი ასეთი ლეგენდების შექმნის დიდოსტატია. თუმცა, მან ამჯერად ვერ მოახერხა ინფორმაციის შეთანხმება „ნაცმოძრაობის“ შტაბში.

„აგვისტოს ომის შემდეგ, როცა სააკაშვილმა იქ ჩაგვტოვა, უკმაყოფილება იყო შეიარაღებულ ძალებში. პარალელურად, ქვეყანაში იყო ოპოზიციური ფრთა. ამისთვის აუცილებელი იყო სიტუაციის განეიტრალება. ამიტომ დაიგეგმა მუხროვანის მოგონილი ამბოხი. იქ ჩასვეს აგენტურა. მანსურაშვილი, რომელსაც ვითომ ნინო ბურჯანაძის აქციების დროს მძღოლმა გადაუარა და დაიღუპა, ერთი კვირით ადრე ასული იყო იქ და მუხროვანის ბაზის მიმდებარე ტერიტორიასთან რამდენიმე მოსახლე, ანუ თავისი აგენტურა ჩასვა. ასევე, მაქვს ზუსტი მონაცემები, როგორ ადიოდნენ დათა და ბაჩანა ახალაიები და ახდენდნენ ტერიტორიების წინასწარ შესწავლას, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ძალთა გადაადგილება. მათ გადაიბირეს რამდენიმე სამხედრო ჩინოსანი და აგენტურის სახით გამოიყენეს. მერაბიშვილს მართლაც სჭირდებოდა ორი გვამი - კრიალაშვილი და ოთანაძე. კრიალაშვილი იმიტომ, რომ ის იყო უკრაინაში სამხედრო ატაშე და როდესაც სააკაშვილმა გაქანებული იარაღის ბიზნესი გააჩაღა უკრაინასთან და ამ იარაღით ვაჭრობდა სხვადასხვა ქვეყანაში, კრიალაშვილს ეს ინფორმაცია ჰქონდა, მან ორჯერ გააკეთა განცხადება, რომ ბულგარეთთან არასწორი შესყიდვები განხორციელდა საბრძოლო მასალებთან დაკავშირებით. ეს გულში ჩაიდო სააკაშვილმა და მოხდა კიდეც კრიალაშვილის ლიკვიდაცია. ამიტომ, გრუ-ს აგენტებიც თვითონ არიან და სპეცსამსახურების გამოჩენილი ლიდერებიც“, - გვითხრა ტრისტან წითელაშვილმა.

ჩვენ საპარლამენტო უმცირესობის წევრს, დავით დარჩიაშვილსაც ვესაუბრეთ. მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვანო მერაბიშვილმა რა სიტყვები თქვა სპეცოპერაციისას. მისი აზრით, ვანო მერაბიშვილს რომ დაებარებინა თანამებრძოლები და ებრძანებინა, ვისაც დაინახავთ, ესროლეთ, ტყვეები არ აიყვანოთ, მაინც დახვრიტეთო, ასეთი ჩანაწერი იქნებოდა სამხილი და არა ის, რომ ნანა და ირაკლი კაკაბაძეებმა იყვირონ და ხალხი შეცდომაში შეიყვანონ.

„მერაბიშვილს სისხლის დაღვრა რომ სდომოდა, როგორც ხიდაშელმა ილაპარაკა, ცოტა სხვანაირი შედეგი ექნებოდა ამ ოპერაციას. თავიანთ რიგებში მოიკითხონ მუქარები, როცა ბარამიძეს უთხრეს, შუბლს გაგიხვრეტო. რაც შეეხება გრუ-ს თანამშრომელთა გვამებს, მე როგორც პარლამენტის წევრს, იმ დროს შს მინისტრისგან ერთი რამ მინდოდა, კანონის ფარგლებში სახელმწიფოს წინააღმდეგ ამბოხი ჩახშობილიყო. დანარჩენი, ოპერატიული საქმიანობა მათი საქმე იყო და ამ დავალებას ასრულებდნენ ისე, როგორც არავინ ამ 25 წელიწადში. ვისაც უნდა იყოს ამირიძის მხარეს და ის ჩათვალოს გმირად, ხოლო მერაბიშვილი ვამპირად“.